ალიატესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალიატესი - ლიდიის მეფე მერმონიდების დინასტიიდან ძვ. წ. 610 - ძვ. წ. 560 წლებში. სადიატესის ვაჟი.

ჰეროდოტეს ცნობებით, როდესაც ალიატესმა სადიატესისგან მემკვიდრეობით მიიღო ტახტი, მან განაგრძო მამის მიერ დაწყებული ომი მილეტიელებთან. ლაშქრობებში იგი კაფავდა ტყეებს და ანადგურებდა ხორბალს, შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. ქალაქის ალყას აზრი არ ჰქონდა, რადგან მილეტიელები ზღვაზე ბატონობდნენ. სახლებს კი იგი არ ანგრევდა. ასე ომობდნენ ლიდიელები 11 წლის მანძილზე (აქედან 6 წელი სადიატესის მმართველობისას). ომის მე-12 წელს, როდესაც ლიდიელები წვავდნენ გემსაშენებს, ცეცხლი ათენას ტაძარზე გადავიდა და ტაძარი დაიწვა. ლიდიელებმა ამას თავდაპირველად მნიშვნელობა არ მიაქციეს. მაგრამ როდესაც ლაშქარი სარდებში ჩამოვიდა, ალიატესი უცებ ავად გახდა. მას ვერაფერმა ვერ უშველა და მეფემ ელჩები გააგზავნა დელფოსის ორაკულთან, დაავდების მიზეზის გასაგებად. პიფიამ უპასუხა, რომ ღმერთები არ აპატიებენ, სანამ მიდიელები არ აღადგენენ ათენას დამწვარ ტაძარს მილეტიელთა მიწაზე.

პერიანდრი, კორინთოს ტირანი მილეტის ტირანის ფრასიბულეს მეგობარი იყო, და წინასწარ შეატყობინა მას ორაკულის პასუხის შესახებ. ალიატესმა კი ორაკულის პასუხის მიღებისთანავე გაგზავნა მილეტში ელჩები ზავის დასადებად, სანამ ტაძარი არ იქნება აღდგენილი. რადგან ფრასიბულემ წინასწარ იცოდა ამის შესახებ, მან ასეთი ეშმაკობა მოიგონა: ბრძანა მთელი პური რაც ქალაქშია ბაზრის მოედანზე მიეტანათ და მოქალაქეებს უბრძანა, ნიშნის შემდეგ დაეწყოთ ქეიფი. როდესაც ელჩმა ეს დაინახა, დაბრუნდა და მოახსენა ალიატეს, რომ მილეტიელები, არა მხოლოდ არ არიან ომისგან გამოფიტულნი, არამედ ყველაფერი აქვთ და ქეიფობენ, ალიატესმა ზავი დადო ქალაქთან.

მეორე ომს ალიატესი აწარმოებდა მიდიელებთან და მათ მეფესთან, კიაკსართან. ამ ომის მიზეზი იყო, ის რომ, კიაკსარი წაეჩხუბა მის სამსახურში მყოფ სკვითებს, სკვითები ლიდიაში გაიქვნენ და ალიატესმა მათ გადაცემაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ომი 5 წელი გრძელდებოდა ისე რომ, გამარჯვებული არ იყო გამოკვეთილი. მეექსვსე წელს, ბრძოლის დროს მზის დაბნელება მოხდა. დაბნელებამ მიდიელებს და ლიდიელებს უბიძგა შეეწყვიტათ ბრძოლა და ზავი დაედოთ. ალიატესმა თავისი ქალიშვილი, არიენისი, გაათხოვა ლიაკსარის ვაჟზე, ასტიაგზე.

შემდეგ ალიატესმა განდევნა წინა აზიიდან კიმერიელები და აიღო სმირნა. დაიწყო ომი კლაზომენთან, რომელიც წარუმატებლად დამთავრდა.

ალიატესმა 50 წელი იმეფა და გარდაიცვალა. მის საფლავზე ყორღანი აღმართეს, რომლის ძირშიც ქვის ფილები იყო. იგი დიდი ხნის მანძილზე იყო ლიდიის ყველაზე დიდი შენობა.

  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6