ფეხბურთი საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფეხბურთი საქართველოში წარმოადგენს სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობას. საქართველოში საფეხბურთო საქმიანობას წარმართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც წარმოადგენს ქართულ ფეხბურთს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ორგანიზებას უწევს ფეხბურთში ეროვნულ დონეზე ყველა რანგისა და ფორმის შეჯიბრებას, ასევე, ხელმძღვანელობს და ზედამხედველობას უწევს საფეხბურთო საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებებს, მათ შორის საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გუნდების ფორმირებასა და მომზადებას. დღეისათვის საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბია თბილისის „დინამო“, რომლის რიგებშიც სხვადასხვა დროს ქართული ფეხბურთის ღირსებას იცავდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ბორის პაიჭაძე, გაიოზ ჯეჯელავა, ავთანდილ ღოღობერიძე, გივი ჩოხელი, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, მურთაზ ხურცილავა, მანუჩარ მაჩაიძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია, გელა კეტაშვილი, შოთა არველაძე, გიორგი ნემსაძე, კახა კალაძე, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე და სხვები, რომელთაც საერთაშორისო აღიარება მოუპოვეს ქართულ ფეხბურთს.

„დინამო“ (ბაქო) 1–1 „დინამო“ (თბ.). 05.02.1926

საშინაო შეჯიბრებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში საშინაო საფეხბურთო შეჯიბრებები და გათამაშებები იმართება საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის მიერ. უმაღლესი საფეხბურთო შეჯიბრებაა ეროვნული ლიგა, მას მოსდევს ეროვნული ლიგა 2, შემდეგ ლიგა 3, ლიგა 4 და რეგიონული ლიგა. საფეხბურთო ჩემპიონატებთან ერთად იმართება ასევე საქართველოს საფეხბურთო თასისა და საქართველოს საფეხბურთო სუპერთასის გათამაშება.

სათავეებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთის თამაში საქართველოში XIX საუკუნის ბოლოს ჩაისახა, ერთი მხრივ, დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ნავსადგურებში,[კომ. 1] ხოლო, მეორე მხრივ, თბილისში. ფეხბურთის გავრცელების მთავარი ცენტრი კი თბილისი იყო. თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის 1896 წლის ანგარიშიდან ჩანს, რომ ტანვარჯიშის გარდა აქ ფეხბურთისათვის ყველა საჭირო ინვენტარი გააჩნდათ და პირობებიც ჰქონდათ. ტანვარჯიშის მასწავლებლად მუშაობდა ჩეხი ბოგდან კარლოს ძე პეტუჩეკი, რომელიც კარგად იცნობდა ფეხბურთს. ვაჟთა გიმნაზიაში ტანვარჯიშის საქმის სათანადო სიმაღლეზე დაყენებისათვის 1896 წელს ჩეხეთიდან საგანგებოდ ჩამოიყვანეს ანტონ ლუკეში — ჩეხეთის ტანვარჯიშული საზოგადოება „სოკოლის“ ერთ-ერთი გამოჩენილი წევრი. ლუკეშმა 1898 წელს ჩამოაყალიბა ტანვარჯიშის მოყვარულთა წრე, რომლის წევრები ვარჯიშობდნენ აგრეთვე მძლეოსნობაში და სავარაუდოდ ფეხბურთშიც.[1] თუმცა თბილისელებმა ფეხბურთზე ზოგი რამ უკვე იცოდნენ და ელემენტარული წარმოდგენაც ჰქონდათ, მაგრამ 1906 წლამდე სპორტის ამ სახეობას არავინ მისდევდა. ზოგჯერ ტანვარჯიშული საზოგადოება „სოკოლის“ წევრები გართობის ან ექსპერიმენტის სახით თუ შეეხებოდნენ ბურთს და მაღლა დარტყმაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.[2]

1906 წელს თბილისის „სოკოლის“ პრეზიდიუმის წევრის ადოლფ ადოლფის ძე ელზინგერის თაოსნობით ჩამოყალიბდა „ბურთის ფეხით მოთამაშეთა“ პირველი გუნდი. პირველ ხანებში ფეხბურთის თამაში შემთხვევითი ხასიათისა იყო და უფრო ხშირად გიმნაზისტების ექსკურსიების დროს ტარდებოდა. მაგალითად, 1906 წლის 28 მაისს თერთმეტმა „სოკოლმა“ და ერთმა სტუმარმა მოაწყვეს ექსკურსია ლისის ტბის მიდამოებში, სადაც გაერთნენ, იჭიდავეს, იხტუნეს, შუბი და ბადრო ტყორცნეს, იცურავეს. ბოლოს დაეშვნენ ტაფობში გზატკეცილისაკენ და მალაკანთა უბანში ფეხბურთიც ითამაშეს, რაც თბილისის „სოკოლის“ 1906 წლის ანგარიშშიცაა ასახული: „ვითამაშეთ ფეხბურთის ორი პარტია და დღის 4 საათისათვის თბილისში დავბრუნდით“.[3]

ადოლფ ელზინგერი

თბილისელი კორესპონდენტი პ. ლოსოვსკი ფეხბურთის შესახებ წერდა: „1906 წლამდე ფეხბურთი თბილისში ნაკლებად იყო ცნობილი. მხოლოდ ადგილობრივი ტანვარჯიშული საზოგადოების აქტიური წევრები საზაფხულო არდადეგების დროს ქალაქგარეთ ერთმანეთში თუ გაითამაშებდნენ ერთ-ორ პარტიას, მაგრამ ორგანიზებულად ჩამოყალიბებული გუნდი არც მათ ჰყოლიათ“. მხოლოდ 1906 წლის ივნისში თბილისის ველოდრომზე, რომელიც კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის ტერიტორიაზე მდებარეობდა, ნ. ლგოტაკმა ჩამოაყალიბა პირველი, თუმცა არაოფიციალური, ბურთის ფეხით მოთამაშეთა პატარა წრე.[3] გუნდის ხელმძღვანელად და კაპიტნად აირჩიეს მ. ნ. ჰომერი. სპორტულ ფორმად მიღებული იყო წვივსახვევებში ჩატანებული ტილოს თეთრი შარვალი, პერანგის მსგავსი შავი მაისურები, ზემოდან სქელი, უსახელო ყვითელი წამოსასხამი მოძრაობას ზღუდავდა. ბუცების მაგივრობას ტლანქი წაღები, ხოლო საწვივეს — ტყავის პაჭიჭები ასრულებდნენ. ფეხბურთის მოყვარულთა წრის წევრები ყოველთვიურად ერთ მანეთს იხდიდნენ. სიცხის გამო თამაშებს კვირაში ორჯერ აწყობდნენ და იმასაც საღამოს 9 საათიდან ელექტრონის შუქზე. მ. ჰომერის გარდაცვალების შემდეგ წრეს სათავეში ჩაუდგა თბილისის ტანვარჯიშული საზოგადოება „სოკოლის“ წევრი ადოლფ ელზინგერი, რომელმაც ინგლისურიდან თარგმნა ფეხბურთის თამაშის წესები.[4]

1907 წლის 1 იანვრისათვის ფეხბურთის მოყვარულთა წრეში 18 წევრი და 5 დამსწრე ირიცხებოდა. მაგრამ ხელისუფლებამ მოითხოვა წრის ოფიციალური გაფორმება, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელებს აეკრძალათ არათუ ბურთის თამაში, არამედ თავშეყრაც კი. საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური ისტორიული არქივის ფონდში აღმოჩნდა საქმე რომელიც თბილისში ფეხბურთის პირველი ოფიციალური გუნდის ჩამოყალიბების ისტორიისათვის შეიცავს ზუსტ და საინტერესო ცნობებს. ეს საქმე ეკუთვნის თბილისის გუბერნატორის კანცელარიის საერთო განყოფილებას და ეწოდება — „კოლეჟის ასესორის ა. ა. ელზინგერისა და სხვა პირთა შუამდგომლობა თბილისში ფეხბურთის თამაშის მოყვარულთა წრის დაარსების შესახებ“. საქმეში ჩაკერებული მიმოწერა დაწყებულია 1906 წლის მიწურულში და დამთავრებულია 1907 წელს. როგორც ამ საქმიდან ჩანს, თბილისში ფეხბურთის მოყვარულთა წრის ჩამოყალიბების ორგანიზატორებს თბილისის გუბერნიის მმართველობისათვის მიუმართავთ განცხადებით, რომელშიც უთხოვიათ ფეხბურთის ოფიციალური გუნდის შექმნის ნებართვა.[5]

დღეისათვის არსებული მონაცემებით საქართველოდან მარგანეცის გატანა 1879 წელს დაიწყეს და ქართული ფეხბურთის დაბადების სავარაუდო თარიღადაც სწორედ ამ წელს მიიჩნევენ. დაზუსტებით უცნობია, რომელი გემი მოადგა პირველად ფოთის პორტს და რომელმა უცხოელმა ფეხბურთელმა გააგორა პირველად ბურთი ქართულ მიწაზე. ცნობილ სპორტულ ჟურნალისტს, ოთარ გაგუას ეს სავარაუდო ეპიზოდი ასე აქვს აღწერილი:

„მოდით, ასეთი სცენა წარმოვიდგინოთ: ფოთის ნავსადგურში ინგლისური გემი დგას. დგომა კი დიდხანს მოუწევს — არავინ იცის, რამდენ დღეს გაგრძელდება მარგანეცის ჩატვირთვა. ჰოდა ეს მეზღვაურებიც დროის მოსაკლავად უახლოეს მდელოზე ბურთს აგორებენ, რაც ადგილობრივი ბიჭების ყურადღებას იპყრობს. თამაში, რომელსაც ისინი თამაშობენ, ფოთელებს არასოდეს უნახავთ. თანდათან, ამ ცქერა-ყურებაში თამაშის არსიც გაიგეს: ორ ჯგუფად გაყოფილნი ცდილობდნენ ქვების გროვით მდელოს ბოლოში მინიშნულ მიზანში, ერთი კაცი რომ იცავდა, ბურთი გაეტანათ. ეს ახლაა ადვილი გასაგები „ბურთი“, თორემ მაშინ ეს ტყავის სფერო, რომელშიც კაცმა არ იცის როგორ იტუმბებოდა ჰაერი, უცნაურ ასოციაციებს იწვევდა, რადგან არაფრით შეესატყვისებოდა იგივე დასახელების საგანს, რომლითაც ქართველები ლელოს თამაშობდნენ.“

ფოთელი ვეტერანი ფეხბურთელი გრიგოლ ხორავა საქართველოში გამართულ ერთ-ერთ პირველ საფეხბურთო მატჩს შემდეგნაირად იხსენებს:

„იმ დღეს ერთმანეთს გემბანისა და სამანქანო განყოფილების გუნდები ეჯიბრებოდნენ. პირველს გემის კაპიტანი მეთაურობდა, მეორეს — უფროსი მექანიკოსი. თამაში ხშირად წყდებოდა, ფეხბურთელები კამათობდნენ. სამანქანო განყოფილებამ გაიმარჯვა. გაბრაზებულმა კაპიტანმა უფროსი მექანიკოსი... კრივში გამოიწვია და მუშტის ძლიერი დარტყმით ძირს დასცა. ჩვენ გვეგონა ჩხუბსა და აყალმაყალს ასტეხდნენ, მაგრამ მათ ვაჟკაცურად ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს და ვითომც აქ არაფერიაო, ერთად გაეშურნენ გემზე.“

ფოთელებს თამაში თავიდანვე მოეწონათ და 1906 წელს ნიკო ნიკოლაძის ვაჟმა — გიორგი ნიკოლაძემ ქალაქში ფეხბურთელთა პირველი გუნდი შეკრიბა, რომლის ბაზაზეც ორ წელიწადში უკვე ოფიციალურად მოხდა საფეხბურთო გუნდის დაფუძნება — ინგლისური მარგანეცის კონცესიის წარმომადგენლისა და ყოფილი ფეხბურთელის ოსკარ ზივერტის ხელმძღვანელობით, რომელიც გუნდის მფარველისა და კაპიტნის ფუნქციებს ერთდროულად ითავსებდა.[კომ. 2]

თავიდან ფოთელები ხშირად აგებდნენ, შემდეგ კი მოგებებსაც გაუშინაურდნენ. ქართული ფეხბურთის „პირველ მერცხლებს“ შორის იყვნენ: ალექსანდრე კაჭარავა, ვიქტორ ყურუა, ვიაჩესლავ ობიანსკი, ვანიჩქა დიდია, ვლადიმერ პაიჭაძე, რუბენ ალხაზოვი, შურა ქავთარაძე, ვანიჩქა კვაჭაძე და სხვები, მათ შორის ორი იტალიელი — გლაჯო და ლუიჯი.

ოსკარ ზივერტმა მუხლის ტრავმის გამო სრულფასოვანი თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და იძულებული გახდა მწვრთნელობაზე გადართულიყო, გუნდის კაპიტნობა კი მისმა შვილმა — ედუარდმა ითავა. ახლა ფოთელები ხშირად ამარცხებდნენ ინგლისელებს — მოგებულს ჯილდოდ წაგებულის ფორმა რჩებოდა. გუნდს დაემატნენ: ლადო გაბუნია, გოგი გოგინავა, მეკარე შალიკო დარჩია, ეფრემ ლაითაძე, პეტია ლუკიანოვი, შალვა პაიჭაძე, გრიგოლ ღოღობერიძე, იონა ყურუა, ვალოდია ცომაია, გრიგოლ ხორავა.

1922 წელს მათ ვანო მიქაძე დაემატათ სოხუმიდან. გუნდს, რომელსაც „უნიტა“ დაერქვა, კოლია გოგინავა კაპიტნობდა. შემდეგ გამოჩნდნენ „ურანი“, „რემედასი“, ფოთის I და II გუნდები. „ურანში“ ედუარდ ნიკოლაიშვილი, ცაგუ ჭითანავა, მიშა ანთაძე, აკაკი ჟღენტი, ვალოდია შუბლაძე, მიშა ზემლიცკი, ვასიკო შუბლაძე, საშა ალიმონაკი, გიგა ლეჟავა, გრიშა იმნაძე, ანდრო გაბუნია, ვალია პაიჭაძე თამაშობდნენ. II გუნდის შემადგენლობაში: დუშა ვეკუა, მიტრო ასათიანი („მაკრატელას“ ოსტატი), პანაი კურჩიდი, კაკო აფხაზავა, კოტე გუნია, ფედია სეროპინასი, ფანტი კვანტალიანი, მაყა ხორავა და სხვები. I გუნდი კი თითქმის მთლიანად „უნიტას“ შემადგენლობა იყო ჯარჯი ნიკოლაიშვილით გაძლიერებული.

შემდეგ ბორის პაიჭაძის თაობა წამოვიდა, — ბავშვობაში ე.წ. „ჩხარტიშვილის მინდორზე“ რომ ისწავლეს ბურთაობა. ამ თაობის წარმომადგენელი კაკო იმნაძე იმ პერიოდის შესახებ იხსენებს:

„ჩემს ბავშვობაში ფოთის პორტში მსოფლიოს ყველა ქვეყნის გემს ნახავდით. გაჰქონდათ და გაჰქონდათ ქართული მარგანეცი. მაშინ მარგანეცს პირდაპირ გოდრებით ტვირთავდნენ. ამიტომ ბუნებრივია, გემები თვეობით რჩებოდნენ. ძირითადად ინგლისური გემები შემოდიოდნენ, თუმცა იყვნენ ფრანგები, იტალიელები და ბერძნებიც. პორტთან ახლოს ინგლისელმა მეზღვაურებმა სტადიონი მოაწყვეს და ყოველდღე, როცა თავისუფალი დრო ჰქონდათ, ფეხბურთს თამაშობდნენ. ის სტადიონი მეც კარგად მახსოვს, ისეთი დრენაჟი ჰქონდა, რაც არ უნდა ეწვიმა, გუბე მაინც არ დარჩებოდა მოედანზე. ნელ-ნელა მათგან ჩვენც ვისწავლეთ ფეხბურთის თამაში. ბურთი მაშინ ძნელი საშოვნი იყო და მე და ჩემი სიყრმის მეგობრები — გრიშა გაგუა, ვანიჩქა კინწურეიშვილი, საშა ელიავა, კაკო ყალიჩავა, ალბერტ კომახიანი, გვაჩი ჯორბენაძე, ბორია პაიჭაძე სასაკლაოში დავდიოდით, რათა ძროხის ან კამეჩის ბუშტი გვეშოვა. როგორც კი ბუშტს მოვიხელთებდით, ძველ ფეხბურთელთან, დუშა ვეკუასთან გავრბოდით, რომელიც სახელდახელოდ გვიმზადებდა ბურთებს. ხან ერთმანეთში ვთამაშობდით, ხანაც ინგლისელებს ვეპაექრებოდით. მოედნის გარშემო იმდენი მაყურებელი იყრიდა თავს, რომ ნემსი არსად ჩავარდებოდა. ფოთი მაშინ პატარა ქალაქი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, თამაშებს მაყურებელი არასდროს აკლდა. პატარები ვიყავით და ერთი სული გვქონდა, იმ ბრწყინვალე გაზონზე როდის გავაგორებდით ბურთს. მერე უფროსებმა ფორმები შეგვიძინეს და მოგეცათ ლხენა, როდესაც მოვიზარდეთ, თითქმის ყველა ჩვენთაგანმა თბილისის „დინამოს“ მაისური ჩაიცვა.“

ერთ-ერთი პირველი ქართველი ფეხბურთელის, ივანე (ღოღო) ხოფერიას ნაამბობიდან:

„ომამდე ხშირად მუსიკის აკომპანემენტით ვთამაშობდით. ძველი ფეხბურთელი კაკო ჟღენტი გვიკეთებდა რკინის ქაცვებს ბუცებზე, წვივსაფრებად კი ბამბუკის შუაში გახერხილ ღეროებს ვხმარობდით, თუმცა ტრავმები მაინც ძალზე იშვიათად იყო. მოედანი ახლა რომ წისქვილკომბინატია პორტში, იმის ადგილზე იყო. მახსოვს, უფროსები ინგლისელებს ფეხბურთის ფორმაზე ეთამაშებოდნენ. ჩვენების მოგების შემთხვევაში, რაკიღა ფორმის იქვე გადაცემა დიდ სირცხვილად და უხერხულად ითვლებოდა, ინგლისელები ზღვაში რომ გავიდოდნენ, ხის ყუთში აწყობდნენ ფორმებს და ზღვაში აგდებდნენ, ჩვენები კი შეცურდებოდნენ და ნაპირზე გამოჰქონდათ. არ მახსოვს ინგლისელებს ოდესმე სიტყვა გაეტეხოთ, მუდამ ჯენტლმენურად ასრულებდნენ წაგებულის პირობას. ომი რომ დაიწყო, მოხალისედ წავედი, ხარკოვთან ტყვედ ჩავავარდი. ომის დამთავრების შემდეგ ჰოლანდიაში და საფრანგეთში ვიყავი, სად აღარ მითამაშია ფეხბურთი. მერე ესტონეთში ვთამაშობდი, 1946 წელს კი ანდრო ჟორდანიამ ჩამომიყვანა. მერე რაკიღა მენისკი დამემართა, 1948 წლიდან 23 წელი ვიყავი ფოთის კოლხეთის სათავეში. გუნდს რომ უჭირდა, საკუთარი სახლიდან ვეზიდებოდი საჭმელ-სასმელს. ერთხელ ერთ მსაჯს საკუთარი მაცივარიც კი გავატანე, მაგრამ ვისაც კი ახსოვს, დამეთანხმება, რომ ცხონებულ დედაჩემზე დიდი ფეხბურთის გულშემატკივარი ფოთში არ ყოფილა — ეს მოხუცი ქალი გასვლით თამაშებზეც კი დაგვყვებოდა.“

თბილისის პირველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზღვისპირეთიდან ფეხბურთი სწრაფად გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მალე მისი განვითარების ცენტრად თბილისი იქცა. 1906 წელს თბილისში პირველი საფეხბურთო წრე („ბურთის ფეხით მოთამაშეთა“ ე. წ. „კრუჟოკი“) ჩამოყალიბდა. ამ საქმის თაოსანი იყო ტანვარჯიშული საზოგადოება „სოკოლის“ პრეზიდიუმის წევრი ადოლფ ელზინგერი. მანვე თარგმნა ინგლისურიდან ფეხბურთის წესები. პირველ ხანებში ფეხბურთის მატჩებს შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა და უმთავრესად გიმნაზიელთა ექსკურსიებზე ტარდებოდა, თუმცა მალე ვითარება შეიცვალა. 1907 წლის 23 თებერვალს თბილისის გუბერნიის საზოგადო საქმეთა საკრებულომ განიხილა ფეხბურთელთა პირველი ოფიციალური გუნდის, „კომეტის“ განცხადება და მცირე შეზღუდვებით მისი წესდებაც დაამტკიცა. ამის მიუხედავად, თბილისში საფეხბურთო მატჩის გამართვა კიდევ კარგა ხანს ვერ მოხერხდა, ვინაიდან „კომეტას“ მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.

1908–09 წლებში ფეხბურთელთა გუნდები შეიქმნა თბილისის სასწავლებლებში. 1909 წლის 22 ოქტომბერს ქუთაისში ექსკურსიაზე მყოფმა თბილისის ვაჟთა I და II გიმნაზიების გუნდებმა საქართველოში პირველი ოფიციალური საჩვენებელი მატჩი გამართეს. შეხვედრა ხოპელ კაზაკთა პოლკის მოედანზე მოეწყო და მას ქუთაისის გუბერნატორიც ესწრებოდა. 1912 წელს ჩატარდა თბილისის პირველობა, რომელიც I გიმნაზიის გამარჯვებით დამთავრდა. ამავე ხანებში ათეულობით გუნდი ჩამოყალიბდა სოხუმში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში. თუმცა, პირველი მსოფლიო ომის წლებში საფეხბურთო ცხოვრების რიტმი შესამჩნევად შეიცვალა, დამოუკიდებელ საქართველოში (1918–1921) ასამდე გუნდი მაინც არსებობდა. იმ დროს საქართველოში ვერ შეიქმნა ერთიანი საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც შეძლებდა ფიფას წევრი გამხდარიყო.

ამხანაგური შეხვედრების შემდეგ საფუძველი ჩაეყარა ქალაქების პირველობებს. იმ პერიოდში საფეხბურთო მატჩების უმრავლესობა დიდუბეში, იპოდრომზე, დღევანდელი „დინამოს“ სტადიონის ადგილას იმართებოდა. 1912 წელს, ელიზავეტას (ახლანდელ მიხეილ წინამძღვრიშვილის) ქუჩაზე, დაახლოებით, ყოფილი დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა თბილისურ სპორტსაზოგადოება „სოკოლის“ საფეხბურთო გუნდსა და ბაქოს საფეხბურთო გუნდ „ბრიტანულ კლუბს“ შორის. მატჩი ბაქოელებმა ანგარიშით 5–4 მოიგეს.

გასაბჭოების შემდეგ თბილისში რამდენიმე საფეხბურთო კლუბი თუ გუნდი ჩამოყალიბდა, მათ შორის: „ავტოკლუბი“, „ამირანი“, „არმ-კლუბი“ „არსენალი“, „არსრაიონი“, „დინამო“, „დურუჯი“, „თბილისის ქვეითთა პოლკი“, „ლენრაიონი“, „მელითონე“, „პოლიტეხნიკუმი“, „პროლეტარი“, „სობეზი“, „ტრიუმფი“, „ქართული პოლკი“, „ქართული სამხედრო სკოლა“, „ჯავშნიანი ნაწილი“, „წ.ა.ფ.ს.“ (წითელი არმიისა და ფლოტის სახლის გუნდი), „ჯავშნიანი ნაწილი“ და სხვ.

1923 წელს გაიმართა პირველი შეჯიბრება თბილისის პირველობაზე, რომელშიც მონაწილეობდა 27 გუნდი. საგაზაფხულო გათამაშებებში გაიმარჯვა არმიის კლუბის გუნდმა, რომელშიც გამოდიოდნენ ბ. სკოლზნევი, ლ. ფრეი, შ. ზუბიევი, ა. გონელი, ნ. ხრომოვი, კ. კრავჩენკო, დ. მდივანი, ვ. შერშოვი, ბ. კულვეცი, ნ. გოლუბევი. საშემოდგომო გათამაშებებში გაიმარჯვა „ავიაციამ“.[6]

1926 წლის 28 მარტს დაიწყო თბილისის საგაზაფხულო სეზონის პირველობის გათამაშება, რომლის მონაწილე გუნდები სამ კატეგორიად იყვნენ დაყოფილები. პირველში 6 გუნდი, მეორეში — 12, ხოლო მესამეში — 25 გუნდი იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წლისთვის საქართველოში უკვე 120 გუნდი იყო, თუმცა უმრავლესობას სავარჯიშოდ მუდმივი ადგილი არ ჰქონდა და არც მწვრთნელი ჰყავდა. 1925 წელს გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი 6 გუნდის მონაწილეობით. ფინალში თბილისის ნაკრებმა აფხაზეთის ნაკრებს 3–1 მოუგო.[7]

1920-იანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ჩემპიონატი 1927[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთხი წლის შემდეგ, 1927 წელს მოეწყო საქართველოს პირველი ჩემპიონატი, რომელშიც გამოდიოდა ოთხი ქალაქის — თბილისის, სოხუმის, ბათუმისა და ფოთის გუნდები. ამ ტურნირის შედეგები ასეთია:

ბათუმი 2–1 თბილისი, ბათუმი 2–1 ფოთი, ბათუმი 3–0 სოხუმი, თბილისი 3–1 ფოთი, თბილისი 3–0 სოხუმი, ფოთი 5–1 სოხუმი.[8][6]

გათამაშების ცხრილში ადგილები ასე გადანაწილდა:
გუნდი გბ მბ ბს შენიშვნა(1)
ბათუმი 3 3 0 0 7 2 +5 9
თბილისი 3 2 0 1 7 3 +4 7
ფოთი 3 1 0 2 7 6 +1 5
4 სოხუმი 3 0 0 3 1 11 -10 3
(1) შენიშვნა: გუნდებს გამარჯვებისთვის ერიცხებოდათ 3 ქულა, მატჩის ფრედ დამთავრებისთვის — 2, წაგებისთვის — 1, გამოუცხადებლობა — 0.

ამრიგად, საქართველოს პირველი ჩემპიონები გახდნენ ბათუმელი ფეხბურთელები.

საქართველოს ჩემპიონატი 1928[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომდევნო, 1928 წელს ამ ოთხეულს დაემატა გორის ნაკრები, რომელმაც სუსტად იასპარეზა. ბრძოლა უმთავრესად ისევ ბათუმისა და თბილისის გუნდებს შორის გაიმართა, რომელიც ამჯერად დედაქალაქის ფეხბურთელთა გამარჯვებით დამთავრდა.[6][9]

გათამაშების ცხრილში ადგილები ასე გადანაწილდა:
გუნდი გბ მბ ბს შენიშვნა
თბილისი 4 3 1 0 14 2 +12 7
ბათუმი 4 2 1 1 12 1 +11 5
სოხუმი 4 1 2 1 6 8 -2 4
4 ფოთი 4 1 2 1 3 6 -3 4
5 გორი 4 0 0 4 3 21 -18 0

1930-1950[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1927–1939 წლებში თბილისში არსებობდა ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლა, რომელიც პირველი და ერთადერთი საფეხბურთო სკოლა იყო საკავშირო მასშტაბით და რომელსაც სათავეში ედგა იმ პერიოდის ცნობილი თბილისელი ფეხბურთის სპეციალისტი, შემდგომში თბილისის „დინამოსა“ (1942–1945) და თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის უფროსი მწვრთნელი და ფეხბურთის თეორეტიკოსი ასირ გალპერინი. თბილისის ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლაში, რომელსაც ქართული ფეხბურთის ისტორიის მკვლევარები თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის წინამორბედად მიიჩნევენ — სულ ხუთი საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა: „აისი“, „ბეღურა“, „იმედი“, „მოლოტი“ და „სიხარული“. საწვრთნელი ვარჯიშები ვაკეში, მომავალი „ლოკომოტივის“ სტადიონის ტერიტორიაზე იმართებოდა.

საქართველოს ჩემპიონატი 1936[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს 1936 წლის ჩემპიონი თბილისის ზიი-ს სახელით მოასპარეზე ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის გუნდი გახდა. მეორე ადგილზე სოხუმის „დინამო“ გავიდა, მესამეზე — ბათუმის „დინამო“.[6]

საქართველოს თასი 1944[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1944 წლის შემოდგომაზე საქართველოს სსრ თასის გათამაშება გაიმართა, რომელშიც 12 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. სოხუმის „დინამოს“ გარდა,[კომ. 3] აფხაზეთიდან გათამაშებაში ოჩამჩირის საფეხბურთო ნაკრებიც მონაწილეობდა. სოხუმელმა ფეხბურთელებმა მთელი ტურნირი დამაჯერებლად ჩაატარეს. მათ ჯერ მახარაძის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით — 9–0, ხოლო შემდეგ თბილისის „შრომითი რეზერვების“ გუნდს მოუგეს — 6–1 და ფინალში ქუთაისის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ. გადამწყვეტი შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე შედგა და დიხამინჯიას და ვარდიმიადის გოლებს წყალობით კვლავ სოხუმელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 2–1 დასრულდა. სოხუმის დინამოელები პირველად გახდნენ საქართველოს სსრ თასის მფლობელები. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი მიღწევა კლუბის არსებობის ისტორიაში.[10]

საკავშირო ჩემპიონატი 1937[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937 წლის „А“ ჯგუფის საკავშირო პირველობაზე თბილისის „დინამომ“ 16 მატჩი გამართა, რომელთაგან 7 მოიგო, 5 დათმო, 4 ფრედ დაასრულა და საბოლოოდ გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილზე გავიდა. ბორის პაიჭაძე მოსკოვის დინამოელ ვასილი სმირნოვთან და მოსკოვის სპარტაკელ ლეონიდ რუმიანცევთან ერთად რვა გატანილი ბურთით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 1937 წლის სეზონის საჩემპიონატო შეხვედრებში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: ალექსანდრე დოროხოვი (16 მატჩი), ბორის პაიჭაძე (16 მატჩი, 8 გოლი), თენგიზ გავაშელი (16,4), გიორგი ჭუმბურიძე (15), ვლადიმერ ჯორბენაძე (15,1), შოთა შავგულიძე (15), მიხეილ ბერძენიშვილი (14,2), მიხეილ მინაევი (13,1), ვლადიმერ ბერძენიშვილი (12,3), ნიკოლოზ სომოვი (11,4), გრიგოლ გაგუა (11), მიხეილ ასლამაზოვი (9,4) არჩილ კიკნაძე (8), ლუარსაბ ლოლაძე (5), ედუარდ ნიკოლაიშვილი (3), გიორგი აფრიდონიძე (3), ბორის ფროლოვი (3), გაიოზ ჯეჯელავა (2).[11]

საქართველოს თასი 1947[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1947 წლის საქართველოს სსრ თასის გათამაშებაში სოხუმის „დინამომ“ მეორედ შეძლო ტურნირის ფინალში გასვლა. მათ თანამიმდევრობით დაამარცხეს ბათუმის „ბურევესტნიკი“ (7–0), მახარაძის (+–-), ოჩამჩირისა (4–2) და ზესტაფონის (4–2) საფეხბურთო ნაკრებები და ფინალში ბათუმის „დინამოს“ პირისპირ წარდგნენ. ბათუმელებმა, თავის მხრივ, ქუთაისის „დინამოსა“ და გუდაუთის ნაკრების გამოუცხადებლობის შემდეგ, მეოთხედფინალურ ეტაპზე ზუგდიდის ნაკრები დაამარცხეს — 5–1, ხოლო ნახევარფინალში, თბილისის 35-ე სკოლის ფეხბურთელთა გუნდი — 3–0. სოხუმისა და ბათუმის დინამოელთა ფინალური შეხვედრა ამჯერად ბათუმელთა გამარჯვებით — 2–0 დამთავრდა. ბათუმის დინამოელებმა კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვეს საქართველოს სსრ თასის მფლობელთა საპატიო ტიტული.

საქართველოს ჩემპიონატი 1948[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წლის საქართველოს სსრ საფეხბურთო ჩემპიონატის გათამაშებაში 44-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონის ტიტულის მთავარ პრეტენდენტებად სოხუმისა და ქუთაისის დინამოელები განიხილებოდნენ. განვლილ ჩემპიონატზე სოხუმელებმა შეძლეს ქუთაისელთა დამარცხება, თუმცა, ამჯერად ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მოახერხეს რევანშის აღება და სოხუმელ თანაკლუბელებს მიმდინარე ტურნირზე ერთადერთი მარცხი აგემეს (5–2), ხოლო თავის მხრივ ორ ფრეს დასჯერდნენ ბათუმისა (1–1) და ფოთის (2–2) დინამოელებთან შეხვედრებში. შედეგად, გათამაშების ბოლო ტურისთვის არსებული მაჩვენებლებით ორივე გუნდს, ქულათა თანაბარი რაოდენობა აღმოაჩნდა და ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი მატჩი დაინიშნა. გადამწყვეტ შეხვედრაში სოხუმელმა ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს (4–2) და ზედიზედ მეორედ მოიპოვეს ქვეყნის ჩემპიონის წოდება.

1950-1970[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკავშირო ჩემპიონატი 1964[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკავშირო სარბიელზე პირველ დიდ წარმატებას თბილისის დინამოელებმა 1964 წელს მიაღწიეს, როდესაც ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში 4–1 დაამარცხეს მოსკოვის „ტორპედო“ და საბჭოთა კავშირის ჩემპიონის წოდება მოიპოვეს. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (2), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. იმ დროს დინამოელთა მთავარი მწვრთნელი იყო ფეხბურთის ცნობილი რუსი სპეციალისტი გავრილ კაჩალინი, ხოლო გუნდის კაპიტანი — შოთა იამანიძე. ეს შეხვედრა „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. პირველ საჩემპიონო სეზონში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი. მათ გარდა ჩემპიონობისათვის განკუთვნილი ოქროს მედლები გურამ პეტრიაშვილსა და ალექსანდრე აფშევს გადაეცათ. იმ ჩემპიონატის მატჩებში მეკარე ნოდარ ლეჟავამ (10 მატჩი), მურთაზ ხურცილავამ (8), ელგუჯა ხუციშვილმა (5), ზაურ კალოევმა (1) და ნომადი მაისურაძემ (1) იასპარეზეს.

1970-1990[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკავშირო მეორე ლიგა 1977[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1977 წლის საფეხბურთო სეზონში სოხუმის დინამოელებმა მეორე ლიგის მეორე ზონაში იასპარეზეს საქართველოს გუნდების ლანჩხუთის „გურიას“, ზუგდიდის და ბათუმის „დინამოს“, სამტრედიის „ლოკომოტივის“, გორის „დილას“ და თბილისის „სპარტაკის“ პარალელურად, სოხუმის „დინამოს“ მეტოქეები იყვნენ ნალჩიკის „სპარტაკი“, მახაჩყალის „დინამო“, ლენინაკანის „შირაკი“, სამტრედიის „ლოკომოტივი“ და სხვა. 22 გუნდს შორის სოხუმის დინამოელებმა მე-14 ადგილი დაიკავეს, გუნდმა 42 შეხვედრაში 14 მოიგო, 11 დამთავრდა ფრედ, ხოლო 17 მატჩში განიცადა დამარცხება. ბურთების შეფარდება 47–62.

საქართველოს ჩემპიონატი 1977[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს 1977 წლის ჩემპიონი გალის „მზიური“ გახდა. მეორე ადგილზე ჭიათურის „მაღაროელი“, ხოლო მესამეზე ტყიბულის „მეშახტე“ გავიდა. პირველობის გამარჯვებულმა გუნდმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: მ. ანთია, ვ. ვენეცკი, ბ გუგუჩია, ა. ესიპოვი, ო. ზაქარაია, კ. ზარატიადი, ა. კალანდია, ა. კვეკვესკირი, ნ. ოსტროვსკი, ვ. ფიფია, მ. საჯაია, ბ. ხარაბაძე, ა. შონია. უფროსი მწვრთნელი — ა. გრძელიძე, მწვრთნელი — ჯ. ანჯაფარიძე.[12]

საკავშირო ჩემპიონატი 1978[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკავშირო პირველობაზე მეორე დიდ წარმატებას თბილისის დინამოელებმა 1978 წელს მიაღწიეს. იმ დროს დინამოელთა მთავარი მწვრთნელი იყო ნოდარ ახალკაცი, ხოლო გუნდის კაპიტანი — მანუჩარ მაჩაიძე. მეორე საჩემპიონო სეზონში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: მანუჩარ მაჩაიძე (30 თამაში), ვახტანგ ქორიძე (30), რამაზ შენგელია (28), ფირუზ კანთელაძე (26), ვლადიმერ გუცაევი (26), დავით ყიფიანი (25), ალექსანდრე ჩივაძე (25), დავით გოგია (25), გოჩა მაჩაიძე (23), შოთა ხინჩაგაშვილი (21), ვიტალი დარასელია (18), ნოდარ ხიზანიშვილი (15), დავით მუჯირი (15), თამაზ კოსტავა (14), რევაზ ჩელებაძე (12), ოთარ გაბელია (9), თენგიზ სულაქველიძე (8), ვახტანგ კოპალეიშვილი (6), ილია რუხაძე (4), ამირან მინაშვილი (4), ნოდარ ბაზაზაშვილი (3), ტარიელ დურდიაძე (3), გიორგი ჭილაია (1), დიმიტრი გოგოლაძე (1).

1990-იანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წლის დასაწყისში ეროვნული მოძრაობის დაჟინებული მოთხოვნით, საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის, პირველი ლიგისა და მეორე ლიგის გათამაშების მონაწილე ქართულ გუნდებს პროტესტის ნიშნად უარი უნდა განეცხადებინათ საკავშირო ჩემპიონატში მონაწილეობაზე, დაეტოვებინათ აღნიშნული პირველობა და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე გაეგრძელებინათ ასპარეზობა. საკითხის კატეგორიულად დასმამ საქართველოს საფეხბურთო საზოგადოების ორად გაყოფა გამოიწვია. ქართული ფეხბურთის მესვეურთა ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ ერთი მხრივ, ყველა ქართული კლუბის ერთიანად ჩამოცილება საკავშირო პირველობიდან და მეორე მხრივ, მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებისთვის აუცილებელი სათანადო პირობების მომზადების გარეშე, მათი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ნაჩქარევად გადართვა ბუნებრივად გამოიწვევდა, როგორც საკუთრივ კლუბების, ასევე, მთლიანად ქართული ფეხბურთის დონის გარდაუვალ და მკვეთრ დაცემას. ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის საზიანო, არასასურველი პროცესების განვითარებისა და მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მათი თვალსაზრისით, ქართული კლუბებიდან რამდენიმე მათგანს მაინც უნდა შენარჩუნებოდა საკავშირო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება. უმრავლესობა კი ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას ემხრობოდა.

1990 წლის 15 თებერვალს შეიქმნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომლის პირველ პრეზიდენტადაც ნოდარ ახალკაცი აირჩიეს. დამოუკიდებელი ფედერაციის პირველმა ყრილობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება — ყველა ქართულ გუნდს დაეტოვებინა საბჭოური შეჯიბრებები. იმავე წელს გაიმართა საქართველოს პირველი დამოუკიდებელი ჩემპიონატი და თასის გათამაშება. ორწლიანი იზოლაციის შემდეგ, 1992 წლის 25 თებერვალს, ფიფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჯერ დროებით წევრად მიიღო, იმავე წლის 3 ივლისს კი მუდმივი წევრის სტატუსიც მიანიჭა. მალე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას წევრიც გახდა. მას შემდეგ, 1993 წლიდან ქართული საფეხბურთო კლუბები ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობენ, 1994 წლიდან კი საქართველოს ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე გამოდიან.

2000-2020[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ლელო“
1949 · 1950 · 1951 · 1952
FootballFacts.ru
ДКА Тбилиси · ДО Тбилиси · «Крылья Советов» Тбилиси · ОДО Тбилиси · «Пищевик» Тбилиси · СКА Тбилиси · ТГУ Тбилиси · ТСПО Тбилиси

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოში ფეხბურთი ფოთის პორტიდან შემოვიდა, რომლის მშენებლობაც 1863 წელს დაიწყო. ამავე წელს ფეხბურთის სამშობლოში ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია დაფუძნდა (ინგლ. The Football Association, FA).
  2. იმავე პერიოდში (1906) საფეხბურთო გუნდი თბილისშიც დაარსდა — ჩეხი საზოგადო მოღვაწისა და პედაგოგის იაროსლავ იოსების ძე სვატოშის (Jaroslav Svatoš) ძალისხმევითა და დამსახურებით. მან XIX საუკუნის ბოლოს პრაღის სპორტსაზოგადოება „სოკოლიდან“ საქართველოში ტანვარჯიშის მწვრთნელები მოიწვია, რომლებმაც სპორტული სექცია „სოკოლი“ ჩამოაყალიბეს — 1906 წლიდან „შევარდენი“, რომლის ხელმძღვანელთა შორის იყვნენ ა. ლუკეში, ი. ნოვაკი და გ. ეგნატაშვილი.
  3. საქართველოს სსრ თასის 1944 წლის გათამაშებაზე სოხუმელი ფეხბურთელები სოხუმის ნაკრების სახელით გამოდიოდნენ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 12
  2. ცამციშვილი, ა., 1960, გვ. 4
  3. 3.0 3.1 ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 13
  4. ცამციშვილი, ა., 1960, გვ. 5
  5. ცამციშვილი, ა., 1960, გვ. 6
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 აკოფოვი, გ., 1975, გვ. 56–57
  7. ფეხბურთი // ქართული სპორტი
  8. აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 112
  9. რედ. (12 მაისი, 1928). „სრ საქ. ფიზკულტურის დღესასწაულისათვის · დღესასწაულის ჩატარების გეგმა“ (PDF). nplg.gov.ge. თბ.: „კომუნისტი“, № 108 (2151), გვ. 4. ციტატა: „ფეხბურთი — მონაწილეობენ თბილისი, აფხაზეთი, აჭარისტანი, ფოთი და გორი (13–13 კაცი).“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  10. «Динамо» Сухуми 2–1 «Динамо» Кутаиси // FootballFacts.ru
  11. Состав команды «Динамо» Тбилиси в сезоне 1937.
  12. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1978, გვ. 50