ქართული დივიზიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართული დივიზიებისაბჭოთა არმიის ეროვნული ფორმირებები. საქართველოს სსრ მთავრობის 1921 წლის გადაწყვეტილებით შექმნილი ქართული ნაკრები ბრიგადის ბაზაზე კავკასიის ცალკე არმიის სარდლობის ბრძანებით 1922 წლის ივნისში ჩამოყალიბდა I ქართული მსროლელი დივიზია (შემდგომში ი. სტალინის სახელობისა). განლაგებული იყო დასავლეთ საქართველოში, შტაბი — ქუთაისში. დივიზიას სხვადასხვა დროს მეთაურობდნენ ს. ლევქთაძე, გ. თუხარელი, გ. ქუთათელაძე, ლ. აღლაძე, დ. ბაქრაძე. 1936 წელს დივიზია დაჯილდოვდა წითელი დროშის ორდენით. 1924 წლის აპრილში I ქართული მსროლელი დივიზიიდან გამოყოფილი ნაწილების, ქვეგანაყოფებისა და მეთაურთა კადრების ბაზაზე ჩამოყალიბდა II ქართული (ტერიტორიული) მსროლელი დივიზია, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში იყო განლაგებული, შტაბი — თბილისში 1926 წელს ეწოდა მიხეილ ფრუნზეს სახელი. მისი მეთაურები სხვადასხვა დროს იყვნენ: ნ. ენუქიძე, გ. ქუთათელაძე, პ. აღნიაშვილი, ვ. გიორგაძე, ს. ბუაჩიძე, კონსტანტინე ლესელიძე. 1936 წელს დივიზია წითელი ვარსკვლავის ორდენით დაჯილდოვდა და კადრის დივიზიად გარდაიქმნა. საბჭოთა შეიარაღებული ძალები ამ დროისათვის მთლიანად გადასული იყვნენ საკადრო სისტემასა და დაკომპლექტების ექსტერიტორიულ წესზე (ტერიტორიულის ნაცვლად). სკკპ ცკ 1937 წლიე მარტის დადგენილებით, ეროვნული ნაწილები, მათ შორის I და II ქართული დივიზიები, საერთო-საჯარისო შენაერთებად გადაკეთდნენ და ეწოდათ: I ქართული მსროლელ დივიზიას — „ 47-ე წითელდროშოვანი სამთო-მსროლელი დივიზია“. II ქართულ მსროლელ დივიზიას —„63-ე წითელი ვარსკვლავის ორდენოსანი სამთო-მსროლელი დივიზია“. დიდი სამამულო ომის (1941—1945) დასაწყისში მოქმედ არმიაში გაიგზავნენ. 1942 წლიდან დაიწყო მოქმედი არმიების შესავსებად ეროვნული ფორმირებების, მათ შორის ქართული ნაწილებისა და შენაერთების ჩამოყალიბება. 1941 წელს საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა: 224-ე მსროლელი დივიზია (მეთაური ვ. ძაბახიძე), რომელიც ქერჩ-ფეოდოსიის 1941—1942 წლების ოპერაციაში მონაწილეობდა; 242-ე სამთო-მსროლელი დივიზია (სხვადასხვა დროს მეთაურობდნენ გ. ყურაშვილი, ვ. ლისინოვი). შემდგომში ეწოდა ტამანის წითალდროშოვანი და კუტუზოვის II ხარისხის ორდენოსანი დივიზია. მონაწილეობდა კავკასიის დაცვაში, ყირიმისა და ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლებაში; 394-ე მსროლელი, შემდგომში — კრივოი-როგის წითელდროშოვანი დივიზია (სხვადასხვა დროს მეთაურობდნენ ვ. ძაბახიძე, ა.ლისიცინი, ი. ტიტოვი, ვ. ქანთარია), მონაწილეობდა კავკასიასთან ბრძოლებში, უკრაინის, ბულგარეთისა და რუმინეთის განთავისუბლებაში; 392-ე მსროლელი დივიზია (სხვადასხვა დროს მეთაურობდა ი. სილაგაძე, გ. ყუფარაძე), შედიოდა ამიერკავკასიის ფრონტის ჩრდილოეთის ჯგუფის შემადგენლობაში; 406-ე მსროლელი დივიზია (სხვადასხვა დროს მეთაურობდნენ გ. ყუფარაძე, ვ. ძაბახიძე, ვ. ჩხობაძე), რომელსაც სსრკ სახელმწიფო საზღვრის დაცვა ევალებოდა; 276-ე მსროლელი, შემდგომში — ტემრიუკის წითელდროშოვანი დივიზია, ჩამოყალიბდა მოსკოვის ოლქში (სხვადასხვა დროს მეთაურობდნენ გ. სევასტიანოვი, გ. გრინჩენკო), მონაწილეობდა ბრძოლებში ვლადიკავკასიიდან პრაღამდე; 349-ე მსროლელი დივიზია (სხვადასხვა დროს მეთაურობდნენ ფ. ბრალიანი, მ. რეზნიაევი, ა. შჩაგინი, ი. სილაგაძე), რომელიც ხანმოკლე ბრძოლების შემდეგ გადაეცა ამიერკავკასიის ფრონტს და სსრკ სახელმწიფო საზღვრების დაცვა დაევალა; 414-ე მსროლელი (შემდგომში — ანაპის წითელდროშოვანი) დივიზია, ჩამოყალიბდა დაღესტნის ასსრ-ში და სახელი გაითქვა კავკასიათან და ყირიმში გამართულ ბრძოლებში (სხვადასხვა დროს მეთაურობდნენ ი. ბაბალაშვილი, კ. სელიხოვი, მეტელნიკოვი, გ. ყურაშვილი, ვ. ძაბახიძე, გ. მიქელაძე). 1943 წელს შეიქმნა 296-ე მსროლელი დივიზია (მეთაური — ვ. ხუბულური), განლაგებული იყო დასავლეთ საქართველოში. 50-იანი წლების შუა ხანებში საბჭოთა შეიარაღებული ძალების ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, რაც სოციალიზმის მსოფლიო სისტემის წარმოქმნამ, სსრკ პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერების განმტკიცებამ განაპირობა. სსრკ-ის ერები და ეროვნებები კიდევ უფრო დაახლოვდნენ. ასეთ ვითარებაში ეროვნული სამხედრო ფორმირებების არსებობამ აზრი დაკარგა და ისინი დაშალეს, პირადი შემადგენლობა კი საბჭოთა არმიისა და ფლოტის მრავალეროვან ნაწილებსა და შენაერთებს შეუერთეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამშობლოს სადარაჯოზე, თბ., 1982
  • ქართული დივიზიები საბჭოთა ხალხის დიდ სამამულო ომში, თბ., 1965
  • ქედუხრელი კავკასიონი, თბ., 1969
  • Бабалашвили И. П., Вклад Грузии в общее дело победы над фашизмом (1941—1945), Тб., 1975
  • Краснознаменный Закавказский, М., 1981