რკინის პალო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რკინის პალოქართული მატიანის მიხედვით, ქვეყნის სასაზღვრო პუნქტის ზოგადი სახელი. რკინის პალო ცნობილია ისტორიულ ჭანეთში (არ არის საბოლოოდ ლოკალიზებული). არსებობს ვარაუდი, რომ რკინის პალო დღევანდელი გუმუშჰანეს პროვინციაში მდებარეობდა.[1]

ისტორიული წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1877 წლის გაზეთ „ივერიაში“ ჭანეთის სტატიაში იკითხება, რომ ბათუმის დასავლეთით ოთხმოცდაათ ვერსზე მდებარეობს საქართველოს უკიდურესი საზღვარი — რკინის პალო, რომელიც სოფელ ათინას დასავლეთით მდებარე მთის ცხვირზე სახელად ქემერზე იყო აღმართული[2].

დიმიტრი ბაქრაძე, რომელმაც 1873 წელს იმოგზაურა გურიასა და აჭარაში, თავის ნაშრომში წერს: „საკმაოდ რთულია რამის თქმა ჭანეთის დასავლეთის საზღვრის შესახებ. ზოგადად მიღებულია ხასან-აღას მიერ აზრი, რომელიც ემთხვევა ვახუშტის მოსაზრებას, რომ უკიდურეს დასავლეთ საზღვარს წარმოადგენდა რიზესთან მდებარე ადგილი სახელწოდებით „რკინის პალო“. მაგრამ არის კი ეს ასე? იმისათვის რომ აღნიშნული საკითხი გადაიჭრას, მხედველობაში უნდა მივიღოთ შემდეგი მონაცემები: ჯერ კიდევ ჰეროდოტესა და სტრაბონის დროს ლაზეთი ვრცელდებოდა შორს ვიდრე ტრაპიზონამდე, მდინარე გალისამდე ყიზილ-ირმაქამდე). ტრაპიზონი მდებარეობდა კოლხეთში (ლაზეთში). თავის მხრივ ქართლი წყაროები მას I-X საუკუნეებში მეგრულ დასახლებას ეძახდნენ. XVII საუკუნის თურქი გეოგრაფი გაჯი-ხალფა ტრაპიზონის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ლაზებად მიიჩნევს. ასევე შემდგომი მწერლები, მაგალითად ფონტანიე ლაზურ დასახლებებს ტრაპიზონიდან შორს დასავლეთით ხედავს ვიდრე ჩალდირამდე. თუმცა ზუსტად რომელ ცნობას ეყრდნობა აღნიშნული საზღვარი, უცნობია[3].“

1755 წელს ტიმოთე გაბაშვილი ბათუმიდან ტრაპიზონში ზღვით მოგზაურობისას საუბრობს საქართველოს ყოფლი საზღვარზე: „და ვლეთ ასორმოცდა ათი მილიონი დღე და ღამე და გამოვლეთ ირიზა, ძველთაგან თქმული საქართველოთა სამძღვარი, და მოვიწიენით ყოვლად ქებულსა ტრაპეზუნტას...“

ვახუშტი ბატონიშვილი 1745 წელს წერდა:

ბაიბურდისა და ფორჩხის სამხრით, ჭანეთის მთას იქით, არს ჭანეთი, და აწ უწოდებენ ლაზსავე. არს ესე შავი ზღვის კიდის წადევნებით გონიიდან ტრაპიზონის საზღვრამდე. ...არს ქალაქი მცირე რიზა ზღვის კიდეზედ... ხოლო ამის დასავლეთით ჩამოვარდების მცირე მთა, კნინღა ზღვამდე, ჭანეთის მთიდამ. და ესე არს საზღვარი საქართველოსი და საბერძნეთისა-ტრაპიზონისა... აქა არს რკინის პალო, აქავ არს სატყეპელა. აქ აღაშენა მეფემან არჩილ მოწამემან ციხე შემდგომად ყრუს შემოსვლისა. ...კაცნი არიან... სარწმუნოებით აწ სრულიად მოჰმადიანნი, გარნა მცირედნი ვინმე მოიპოვებიან ქრისტიანენი, არამედ იციან კვალად ქართული ენა ვიეთამე... არამედ არა არს ციხე, ანუ დაბანი, ანუ აგარნი, რომელსა შინა არა იდგეს საყდარი ანუ ეკლესია, თლილის ქვით ნაშენნი, ორი, ანუ სამი, დიდნი და მცირედნი, და ეგრეთვე ყოველთა საქართველოსა შინა, რომელნიცა აღვსწერეთ.

—საქართველოს გეოგრაფიული აღწერა, VI. გვ. 142-143

თეიმურაზ ბატონიშვილიც იხსენიებს ქართლის აღწერისას:

ხოლო სამზღვარნი ამა ზემო-ქართლისანი არიან ტფილისით და მცხეთით ვიდრე ტრაპიზონისა სამზღვრადმდე, სადაცა არიან სამზღვარნი ძველადვე ჟამთა ბერძენთა იმპერატორთათა სამანნი რკინისანნი და ზღვასა ზედა რკინის პალოდ ხმობილი სამზღვარი, განმრჩევი ბერძენთა და საქართველოისა მეფეთა, ესე იგი ივერიისა მეპატრონეთა მპყრობელთა მამულნი. ჯერჩინებითა ბერძენთა იმპერატორთა და საქართველოსა, ესე იგი ივერიისა მპყრობელთაგან არიან განრჩეულნი მეფეთაგან ჩვენთა და შიდა ქართლიდგან ვიდრე ბასიან არზრუმადმდე, სადაცა ეგრეთვე განსაზღვრილი არიან, ესე ყოველნი არიან ზემო ქართლისანი.

—თეიმურაზ ბატონიშვილი, „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა“, გვ. 22

ტრაპიზონტის მახლობლად აწცა ჟამსა ამას იხილვების სამანნი რკინისანი პონტიურისა ზღვისა პირსა შინა შთარჭმულნი ძველთაგან, რომელნიცა განჰყოფენ ივერიისა და საბერძნეთისა სამზღვარსა.

—თეიმურაზ ბატონიშვილი, „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა“, გვ. 27


რკინის პალო მოხსენიებულია გურიელი — ციციანოვის მიმოწერებშიც:

გამოცხადება საზღვართა გურიისათა, რომელიცა პირველად ჟამსა მეფისა თამარისასა იყო აღწერილ, არს მოთხრობასა შინა საქართველოსა წიგნისასა; პირველი საზღვარი, რომელსაც ოსმალნი ქემერ უხმობენ და ჩუჱნ გურულნი რკინის-პალოდ, მას აქეთ სოფლები ხოფა და ვიწე, ციხე და სოფელი გონიად სახელ-დებული, სოფელი და საბალახეზამთრით პირუტყუთ სამყოფი კახაბერი, რომელსა თჳს ერთს გურიის უფლის-წულს წილად ხვედრია და სახელიც ის რქმევია და თავის სოფლისათვისაც ის სახელი დაუძს კახაბერი, ბათუმი ქალაქი და ლიმენა სოფელი ჩაქვი, რომელს ჟამს დააკლდა გურიის საზღვარს, — რიცხვით წელიწადის მახსოვარი არა ვართ და ჟამი ესე ვიცით, რომ გურიელს გიორგის სჭერია მეორე მთავრობა მამის ჩუჱნისა, მესამე ჩუჱნი. ციხის ძირს აქეთი სოფელი ქობულეთი ხინო ოცი წელია, რომ მამა ჩუჱნს დააკლდა, არა თუ ხონთქრისაგან, არამედ მოხუცებულების უძლორებით შემოვლა და პასუხის მიცემა არ შეეძლო, ქრისტიანნი მეზობელნიც შეწევნის ნაცვლად ძალს გვატანდენ, ხალხიც უსჯულოებაზედ მიდრკა და ახალ-ციხის ფაშას სთხოვეს და თავეთი ბეგი დაისვეს პატრონად, რომელმაც აღაშენა მცირე ქალაქი კინტრიში ჩუჱნს სამკვიდრო ადგილში, ლიმენაც იქ არის, რომელსაც გურიელნი თავის ძლიერების ჟამშიდ თავის ხომალდს იქ ასაქმებდენ; ეს ადგილი რომ დაგვაკლდა, ექსვი წელიწადი არს.

აჭარა მაჭახეთი მთის ადგილებია; საზღვარი მისი სათაბეგოზე მიაწევს, — სწორებით არ ვიცით, სათაბეგოს ტახტისა არს თუ არა; მაგრამ ეს ვიცით, რომ გურიელებს მრავალ-ჯერ სჭერია, მთისგან პირ-უტყვის ბაჟსა და პურს, რომელიც ნაპირზე მსახლობელნი არიან, ახლაც მოგვცემენ ძველის დადებულობით. როდესაც იმერეთი ოსმალის ჴელთ იყო, იმ ჟამზე აიღებდენ სახვანთქროთ გურიიდამ კომლის თავზე თვითო აბაზის ტილოს, სხვა მოსავალი გურიელებისა იყო, რომ ხონთქრისაგან თავისი ჴელ-მოწერილი თავის-უფლების წერილიც გვაქუს. როდესაც ქუთაისი აიღეს, მეზობელთ ოსმალთაც მტერობა და ტაცება დაიწყეს, ჩვენც მსაგვსად პასუხს ვაძლევდით, დღესეც შფოთი და ურთიერთი მტერობა არის, თორემ მას მერეთ ხონთქარს გურიიდამ არაფერი მისცემია.

ესეც მოიხსენეთ, რომ მეფის თამარის შემდგომ იმერეთის მეფეს გურიელის ოჯახი მონად არა ოდეს ჰყოლია; თუმც მეზობლობით და სიყვარულით ოდესმე მტერზე ჯარით მივეხმარებოდით, ან იარაღი რამ მოეწონებოდათ ითხოვდენ, მივართმევდით, სამაგიეროდ ისინიც ეგრეთ გვიმეზობლებდენ, თორემ სხვა გადასახადი მათი მისაცემელი არაოდეს ყოფილა, არამედ ვიყვენით თავისუფალ, სულის ჩუჱნის შეტყობით ვამტკიცებთ.

—გურიელი მამია. გურიელის ძე ქაიხოსრო[4].

ბერი ეგნატაშვილი „ახალ ქართლის ცხოვრებაში“ ასევე იხსენიებს რკინის პალოს:

ხოლო გურიელსა ეპყრა რიონს გაღმართი, საჯავახო, იმას-აქათი გამოსწურივ ღომისციხეს გარდმოღმართი, ერგე აჭარა, და ჭანეთი რკინის პალოს აქათი.

—ახალი ქართლის ცხოვრება[5]

ხალხური თქმულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი ვერსიით სამნების ქვეშ იგულისხმება სასაზღვრო პალოები. „თამარის ეპიტაფია“ მოყვანილი აქვს ვახუშტი კოტეტიშვილს[6].

თამარ დედოფალი ვიყავ

თამარ დედოფალი ვიყავ,

თავი ძირს აღარ დავიღე,

ზღვაში ჩავყარე სამნები,

ხმელეთი ჩემსკენ მოვიგდე,

ქაჯებსა დავდე იჯარა,

ისპაანს ხარჯი ავიღე,

სტამბულს ხმალი ვკარ, დარუბანდს,

შამს საბალახე ავიღე,

უსიერი მთა გავკაფე,

დიდი შარაგზა გავიღე,

ღადაღუდა ტყე ვიარე,

ქვაზე საყდარი ავიგე,

აქედან საქმის მომქმედმა,

ცხრა ადლი ტილო წავიღე.

თამარის ეპიტაფია
I

უბისს ავაგე საყდარი,

უწყლოსა წყალი ვადინე,

ზღვაში ჩავყარე სამნები,

ხმელეთი ჩემსკენ მოვიგდე,

ისპაჰანს დავდე ბეგარა,

სტამბულს ხარაჯა ავიღე,

ამდენი საქმის პატრონმა,

ცხრა ადლი ტილო წავიღე.

II

როს გავიზარდე, გავივსე,

თავი ცათამდის გავიღე,

მისრეთს ხმალი ვკარ, დარუბანდს,

მუნ საბალახე ავიღე.

დასავლეთს პალო მივწვადე,

რახსის წყალს გაღმა გავიღე.

ამდენი საქმის მოქმედმა

სული ვარძიას დავიღე.

ანალოგიური ხალხური თქმულება მოცემულია „ქართულ ხალხურ პოეზიაშიც“[7].

თამარ დედოფალი ვიყავ

თამარ დედოფალ ვიყავ,

თავი ზეცამდე ავიღე;

სტამბულს ხმალი ვკარ, დარუბანდს,

შამს საბალახე ავიღე.

უსიერი მთა გავკაფე,

დიდი შარაგზა გავიღე;

ღადაღუდა ტყე ვიარე,

ქედზედ საყდარი ავიგე.

აქედან საქმის მომქმედმა,

ცხრა ადლი ტილო წავიღე.


ბრძანებდა მამა უფალი —

თამარ განეფდეს ქალია,

დაიგდოს მამის სახელო,

შაირტყას მამის ხმალია,

სახელით გამარჯვებული

თამარი დედუფალია!

ზღვასა გადაჰკრა ჩიქილა,

გადააქანა ზღვანია;

შუა ზღვას ჩადგა სამანი,

სამანი, რკინის სარია,

ხმელეთი ჩვენკე დაიგდო,

— ღმერთო, მიმრავლე ყმანია!

ქრისტიანთ სალოცავია,

თვითონ ხმელგორზე ბრძანია...

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დუმბაძე მ. (1954). „„გურიის სამთავროს სოციალურ-ეკონომიური ვითარება XIX საუკუნის პირველ მესამედში““, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვეთი XXX. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, გვ. 5. 
  2. გაზ. „ივერია“, №23, 4 აგვისტო, 1877
  3. Бакрадзе Д., „Археологическое путешествие по Гурии и Адчаре“. СПб. ст. 28-29, 1878г.
  4. Акты, собранные Кавказской археографической комиссией т. 2, 539
  5. ახალი ქართლის ცხოვრება
  6. ვ. კოტეტიშვილი, ხალხური პოეზია, საბჭოთა მწერალი, თბ., 1961
  7. ა. ცანავა, „ქართულ ხალხურ პოეზია“, ტ. 1, თბ., 1991