რეგიმანტას ადომაიტისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიმანტას ადომაიტისი

რეგიმანტას ადომაიტისი ფილმში „სერგეი ლაზო“
დაბადების თარიღი 31 იანვარი, 1937
შიაულიაი, ლიტვა
გარდაცვალების თარიღი 20 ივნისი, 2022 (85 წლის)
ვილნიუსი, ლიეტუვა
ეროვნება ლიტველი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ,
ლიეტუვა
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები სსრკ სახალხო არტისტი (1985)

რეგიმანტას ადომაიტისი (ლიეტ. Regimantas Adomaitis; დ. 31 იანვარი, 1937, შიაულიაი[1] [2] — გ. 20 ივნისი, 2022, ვილნიუსი) — ლიტველი და საბჭოთა თეატრის და კინოს მსახიობი. სსრკ სახალხო არტისტი (1985). გდრ-ის ნაციონალური პრემიის ლაურეატი (1981). ლიტვის სსრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1982).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიმანტას ადომაიტისი დაიბადა 1937 წლის 31 იანვარს (სხვა წყაროებით - 31 მარტს), შიაულიაიში, ლიტვის ჩრდილოეთში, ინჟინრის ოჯახში. ბავშვობა გაატარა სოფელ შიმონიაიში (პანევეჟისის მაზრა, ამჟამად პასვალისის რაიონი), ლატვიის საზღვართან. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად პასვალისში გადავიდა, სადაც ადომაიტისმა საშუალო სკოლა ვერცხლის მედალზე დაამთავრა.[3]

1954-1959 წლებში სწავლობდა ვილნიუსის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. პარალელურად, 1958 წელს სწავლა დაიწყო ვილნიუსის კონსერვატორიის (ამჟამად ლიტვის მუსიკისა და თეატრის აკადემია) სამსახიობო ფაკულტეტზე. 1962 წელს მსახიობის დიპლომი აიღო. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კაპსუკასის (ამჟამად მარიამპოლი) დრამატულ თეატრში, ერთი წლის შემდეგ კაუნასის დრამატულ თეატრში, სადაც მისი ხელმძღვანელი გახდა ჰენრიკას ბანციავიჩუსი. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მისი გზა ფართო ეკრანებისკენ. 1963 წელს შედგა ადომაიტისის დებიუტი ფილმში „ერთი დღის ქრონიკა“. 1967 წლიდან გადავიდა ლიტვის სახელმწიფო აკადემიურ დრამის თეატრში (ამჟამად - ლიეტუვის ეროვნული დრამის თეატრი).

საკავშირო პოპულარობა ადომაიტისმა მოიპოვა ვიტაუტას ჟალაკიავიჩიუსის ფილმით „არავის უნდოდა სიკვდილი“, სადაც გამოჩნდა მისი ხელოვნების სახასიათო ნიშნები: ნერვიულობა, იმპულსურობა, აშკარა ძლიერი ტემპერამენტი და გრძნობების მაქსიმალიზმი.[4] ფილმში ასევე თამაშობდნენ ცნობილი ლიტველი მსახიობები დონატას ბანიონისი და იუოზას ბუდრაიტისი, ასევე ლატვიელი მსახიობი ვია არტმანე. სურათი ჟურნალ „საბჭოთა ეკრანის“ გამოკითხის შედეგებით 1966 წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს.

თავისი 56 წლიანი კინოკარიერის განმავლობაში ადომაიტისმა 79 ფილმში და სერიალში ითამაშა, რომელთა შორისაა: „მწვანე ფურგონი“, „სერგეი ლაზო“, „ამერიკული ტრაგედია“, „მდიდარი, ღარიბი...“, „მირაჟი“ და სხვა. მსახიობმა იმუშავა საბჭოთა კავშირის ისეთ კინოსტუდიებთან, როგორიცაა: „მოსფილმი“, „ლენფილმი“, ლიტვის, რიგის, ოდესის, გორკის სახელობის კინოსტუდიები. მას თავის ფილმებში იღებდნენ ცნობილი რეჟისორები: გ. კაზინცევი („მეფე ლირი“), რ. ნახაპეტოვი („მტრები“), გ. ჩუხრაი („ცხოვრება მშვენიერია“), ნ. გუბენკო („დამსვენებელთა ცხოვრებიდან“) და სხვა.

მიუხედავად იმ ცნობადობისა და პოპულარობისა, რაც ადომაიტისს კინომ მოუტანა, ის თავის სახლად ყოველთვის თეატრს მიიჩნევდა. ამბობდა, რომ კინო არ იძლევა ისეთ შემოქმედებით თავისუფლებას, როგორსაც თეატრი. მხოლოდ სცენაზეა შესაძლებელი სრულად იცხოვრო გმირის ცხოვრებით, რაც რთული კინოგადაღებების პროცესში შეუძლებელია. მას ყველაზე რთული და არაერთგვაროვანი პერსონაჟების თამაში უყვარდა. ზოგჯერ იმდენად შედიოდა როლში, რომ თავსაც ივიწყებდა. ერთ-ერთი ასეთი იყო იმპერატორ კალიგულას როლი ა. კამიუს იმავე დასახელების პიესაში. ბევრი კრიტიკოსი, როგორც თავად მსახიობი, ამ როლს მის კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევდა.[5]

პენსიაზე გასვლის შემდეგ რეგიმანტას ადომაიტისი მუშაობდა კონტრაქტით, რაც, როგორც თვითონ აღნიშნავდა, საშუალებს აძლევდა ეთამაშა სხვადასხვა თეატრში სხვადასხვა რეჟისორთან.[6]

1988 წელს შედიოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან ლიტვის სსრ-ის გაყვანის საინიციატივო ჯგუფში „საიუდისი“. 1989-1991 წლებში იყო სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს სახალხო დეპუტატი.

დაქორწინებული იყო მომღერალსა და მსახიობ ეუგენია ბაიორიტეზე. ჰყავდა სამი ვაჟი: ვიტაუტასი, გედიმინასი და მინდაუგასი.

2020 წელს რეგიმანტას ადომაიტისს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მსახიობი ვაჟკაცურად ებრძოდა დაავადებას: გადაიტანა რამდენიმე ოპერაცია, გაიარა ქიმიათერაპიის რამდენიმე კურსი. ბოლო წლებში განმარტოებით ცხოვრობდა. დაავადების გართულებამ ფეხებზე იმოქმედა. მსახიობს გადაადგილება უჭირდა და იშვიათად ტოვებდა თავის სახლს.[7] გარდაიცვალა 20022 წლის 20 ივნისს. 23 ივნისს, კრემაციის შემდეგ, მისი ნეშტი დაკრძალეს მეუღლის გვერდით, ვილნიუსში, ანტაკალნისის სასაფლაოზე.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1973 : ლიტვის სსრ-ის დამსახურებული არტისტი
  • 1979 : ლიტვის სსრ-ის სახალხო არტისტი
  • 1981 : გდრ-ის ნაციონალური პრემია
  • 1982 : ლიტვის სსრ-ის სახელმწიფო პრემია
  • 1985 : სსრკ-ის სახალხო არტისტი
  • 2000 : დამოუკიდებელი ლიტვის მედალი
  • 2014 : ლიტვის ნაციონალური პრემია კულტურისა და ხელოვნების დარგში

ფილმოგრაფია (შერჩევით)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1963 : ერთი დღის ქრონიკა — პილოტი
  • 1967 : სერგეი ლაზო — სერგეი ლაზო
  • 1968 : გრძნობები — კასპარასი
  • 1970 : მეფე ლირი — ედმონდი
  • 1971 : ქვა ქვაზე — გრაფი
  • 1972 : ეს სანატრელი სიტყვა - თავისუფლება! — ფრანცისკო „პანჩო“ ვარდესი
  • 1974 : ეშმაკის საცოლე — გირდვაინისი
  • 1977 : იულია ვრევსკაიავასილი ვერეშჩაგინი
  • 1979 : ცხოვრება მშვენიერია — გამომძიებელი
  • 1980 : დამსვენებლების ცხოვრებიდან — ალექსეი პავლიშჩევი
  • 1981 : ამერიკული ტრაგედია — ორვილ მეისონი, პროკურორი
  • 1982 : მდიდარი, ღარიბი... — თეოდორ ბოილანი
  • 1983 : მწვანე ფურგონი — ალექსანდრე ერმაკოვი, ყოფილი ადვოკატი
  • 1983 : მირაჟი — ფრენკ მორგანი
  • 1993 : განხეთქილება — გიორგი პლეხანოვი
  • 2004 : მოსკოვური საგა — რესტონი, ჟურნალისტი
  • 2018-2020 : ორჯერ არაფერი ხდება — ლიდიას ქმარი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]