პეტრე ქავთარაძე (იურისტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქავთარაძე.

პეტრე ივანეს ძე ქავთარაძე (დ. 14 ივლისი, 1883, სოფ. ზოვრეთი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 3 ოქტომბერი, 1941, პოტმა, მორდოვეთის ასსრ) — ქართველი იურისტი, პოლიტიკური მოღვაწე, ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი.

1915 წ. დაამთავრა პეტროგრადის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. საქართველოში დაბრუნებისთანავე ნაფიც დამცველთა კოლეგიაში ჩაეწერა. დამოუკიდებლობის წლებში (1918-1921) პავლე საყვარელიძესთან ერთად ხელმძღვანელობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის „ალიონის“ ჯგუფს (მისი ბეჭდვითი ორგანო იყო გაზეთი „ალიონი“), რომელიც ოპოზიციაში ედგა ნოე ჟორდანიას მთავრობას. საქართველოს „გასაბჭოების“ შემდეგ კვლავ ადვოკატად მუშაობდა, გამოდიოდა დამცველად დიდ სასამართლო პროცესებზე.

ქავთარაძე იყო ლიტერატურული გაერთიანება „არიფიონის“ წევრი (1927–1928 წწ.), საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მონაწილეობა მიიღო 1937 წ. რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენაში, რედაქცია გაუკეთა მთელ ლექსიკურ მასალას და ითავა ფრაზეოლოგიისა და მაგალითების დამატება. იყო იურიდიული ტერმინოლოგიის ერთ-ერთი შემდგენელი (გამოვიდა 1963 წ.). ორიგინალიდან თარგმნა სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, „ანტიგონე“, პლატონის „სოკრატეს აპოლოგია“, „კრიტონი“, ციცერონის „პირველი სიტყვა კატილინას წინააღმდეგ“, ოვიდიუსის „ჰეროიდები“ და სხვ. რეპრესირებულია; შიმშილით გარდაიცვალა გადასახლებაში, „გულაგის“ ბანაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]