ნაციონალ-კონსერვატიზმი — კონსერვატიზმის ნაციონალისტური ვარიანტი, რომელიც სხვა კონსერვატული მიმდინარეობებისგან განსხვავებით პრიორიტეტულ მდგომარეობაში აყენებს ეროვნული, ეთნიკური და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ნაციონალ-კონსერვატორებისათვის უცვლელი და პრიორიტეტული ღირებულებებია ოჯახი, რელიგია და ზნე-ჩვეულებები. ისინი მხარს უჭერენ ტრადიციულ საზოგადოებაში არსებული ნორმების შენარჩუნებას და ეწინააღმდეგებიან თავისუფალ მიგრაციას, რომელიც, მათი აზრით, ეთნიკური კონფლიქტების, საზოგადოებრივი უწესრიგობისა და სოციალური არასტაბილურობის წყაროა. ეკონომიკურ საკითხებში ნაციონალ-კონსერვატორების პოზიციები განსხვავდება, ზოგიერთი მათგანი მხარს უჭერს სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ მოდელს, ზოგიც – თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას.