ლილო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლილო — ისტორიული სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მოგვიანებით — თანამედროვე თბილისის მუნიციპალურ საზღვრებში შემავალი დასახლებების, დიდი ლილოსა და პატარა ლილოს საერთო სახელწოდება.

ლილო პირველად XVII-XVIII საუკუნეების წყაროებში იხსენიება, თუმცა ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა თანამედროვე თბილისის ტერიტორიაზე. 1962-1963 წლებში რკინიგზის სადგურ ლილოს მიდამოებში (ახლანდ. ლილოს დასახლება სამგორის რაიონში) სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ე. გოგაძე) გათხარა შუა ბრინჯაოს (დაახლ. ძვ. წ. XVII-XVI საუკუნეები) და შუადან გვიან ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალი პერიოდის (დაახლ. ძვ. წ. XVI-XIV საუკუნეები) გორასამარხები. 1971 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. კ. ფიცხელაური) სოფ. პატარა ლილოს ტერიტორიაზე შეისწავლა გვიანბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XIII–XII საუკუნეები) სამარხი. დაბა დიდი ლილოს მიდამოებიდან ცნობილია შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალებიც, მაგ., დაახლ. ძვ. წ. V საუკუნის ბრინჯაოს და რკინის ნივთები, ახ. წ. II საუკუნის სარდიონის ინტალიო და სხვ.

XVIII საუკუნის ქართველი სწავლული ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში იხსენიებს ორ ლილოს, შარობისა და ქვიტკირის. მისსავე შედგენილ რუკაზე, გარდა ამ პუნქტებისა, აღნიშნულია ბაგრატის, თბილელისა და კოდის ლილო. XVII-XVIII საუკუნეების ქართული სამართლის დოკუმენტებიდან ცნობილია ასევე სააკას ლილო და მაღალი ლილო. იოანე ბატონიშვილი ლილოს აშკარეთად მოიხსენიებდა. წყაროებში დაფიქსირებული ლილოებიდან დღეისათვის მხოლოდ ორია შემორჩენილი; ვახუშტისეული ლილოსა და ბაგრატის ლილოს უნდა შეესაბამებოდეს დღევანდელი დიდი ლილო და პატარა ლილო.

გვიან შუა საუკუნეებში ლილოზე გადიოდა ქართლისა და კახეთის სამეფოების საზღვარი. ის შედიოდა რუსთველი ეპისკოპოსის სამწყსოში, ადმინისტრაციულად ექვემდებარებოდა მარტყოფის მოურავს. ქართლის მეფე სიმონ I-ს (1556-1600) ლილოს ტბასთან დაუმარცხებია ოსმალები. 1612 წელს მოურავი გიორგი სააკაძე ლილოზე გავლით გაიხიზნა ირანში. ლილოში გადაუხდია ქორწილი ვახტანგ V-ის (1658-1675) შვილს ლუარსაბს. 1744 წელს აქ დაბანაკებული იყო თეიმურაზ II თბილისში შესვლის წინ, როცა ქართლის ტახტი დაიკავა. იოჰან გიულდენშტედტს საქართველოში მოგზაურობისას უნახავს ლილოს დანგრეული ციხე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლილო&oldid=4659147“-დან