ილია გოპაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ილია ზურაბის ძე გოპაძე (დ. 20 იანვარი [ძვ. სტ. 8 იანვარი], 1853, ქუთაისი — გ. 29 მარტი, 1932, თბილისი) — ქართველი თერაპევტი, ფთიზიატრი, სამხედრო ექიმი. მედიცინის დოქტორი (1886). სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი (1917).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა რუსეთის არმიის მაიორის ზურაბ ივანეს ძე გოპაძის (გ. 1889) ოჯახში. 1878 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. 1888 წელს ბერლინში იმაღლებდა კვალიფიკაციას მასაჟისა და სამკურნალო ტანვარჯიშის დარგში. 1888–1894 წლებში მუშაობდა პეტერბურგის ჰოსპიტალურ თერაპიულ კლინიკაში.

1894–1909 წლებში იყო აბასთუმნის სამხედრო ჰოსპიტლის მთავარი ექიმი, 1898 წლიდან — აბასთუმნის მინერალური წყლების დირექტორი. აბასთუმნის, როგორც ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულების, დამაარსებელი, რუსეთის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრის, ნიკოლოზ II-ის უმცროსი ძმის, ტუბერკულოზით დაავადებული დიდი მთავრის — გიორგი ალექსანდრეს ძის პირადი ექიმი (ლაიბ მედიკოსი 1904 წლამდე). ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი (1913), საიდუმლო მრჩეველი (1917); მე-2 საარმიო კავკასიური კორპუსის ექიმი (1913), შემდეგ — კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო-სანიტარული ინსპექტორი. 1917 წელს თადარიგში გავიდა.

1921 წლიდან იყო კურორტ აბასთუმნის კონსულტანტი. აქტიურად მონაწილეობდა კურორტის კეთილმოწყობასა და მშენებლობაში. შეისწავლა მისი კლიმატური და ბალნეოლოგიური ფაქტორების როლი ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებათა მკურნალობაში. იყო კავკასიაში ტუბერკულოზის წინააღმდეგ მებრძოლი საზოგადოების გამგეობისა და ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სამეცნიერო ტერმინოლოგიის საექიმო წრის პირველი თავმჯდომარე.

მიღებული ჰქონდა წმ. ანდრიას, წმ. ანას და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენები. ცოლად ჰყავდა მარია სიმონის ასული მარიშევა-გოპაძისა, ჰყავდა რამდენიმე შვილი, მ. შ. ილარიონი (დ. 1899 — გ. 1962) და ლევანი (დ. 1902 — გ. 1972) 1922 წლიდან ემიგრაციაში იყვნენ აშშ-ში. ილარიონ გოპაძე მუშაობდა სამხედრო მისიაში ანკარაში, ემიგრაციაში დაამთავრა ვისკონსინის უნივერსიტეტი და მოღვაწეობდა ექიმად ფილადელფიაში. ლევან გოპაძე იყო აშშ საიდუმლო სამსახურის ოფიცერი, ხელმძღვანელობდა ნიკიტა ხრუშჩოვის უსაფრთხოებას მისი ამერიკაში ვიზიტის დროს (1959). ილია გოპაძის ქალიშვილი ქეთევანი ცოლად ჰყავდა ბიოქიმიკოსს ვლადიმერ ასათიანს.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Влияние массажа на азотистый обмен и усвоение азотистых веществ, СПб., 1886 (дисс.);
  • Абастуман как климатическая станция и бальнеологический курорт, Тфл., 1930.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წულუკიძე ა., მეცხრამეტე საუკუნის ქართველი ექიმები, თბ., 1961