ელბაქიანის წისქვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელბაქიანის წისქვილიარქიტექტურული ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთში, მდინარე ძამის მარჯვენა ნაპირზე. მოსახლეობა ნიკოლოზ ელბაქიძის წისქვილს უწოდებს. წისქვილის (3X6 მ; ინტერიერის სიმაღლე 2 მ) საფუძველს შეადგენს ოთხი განივი ხის მორი, რომლებიც გადებულია ხის ხიმინჯებზე და ორი გრძივი კოჭითაა შეკრული. წისქვილის კედლები ფიცრისაა და კუთხეებში ჭდობითაა შეკრული. გადახურვა ხის ძელებზეა გამართული იატაკი და ჭერი ფიცრისაა. შესასვლელი განივი (სამხრეთი) ფასსადის მხრიდანაა. ინტერიერში, დასავლეთის კედელთან ხის ძელების კონსტრუქციაზე ორი ხვიმირია. დოლაბი მხოლოდ ერთი ხვიმირის ქვეშაა (გადმოცემით, წისქვილი თავდაპირველად სამდოლაბიანი ყოფილა). დოლაბის წინ, იატაკზე გრძელი ალოაა (ფქვილის შესაგროვებელი). წისქვილის ასამოქმედებლად მდინარე ძამიდან გადმოყვანილია ვიწრო ტოტი, რომელიც უერთდება პატარა საგუბარს. საგუბრიდან წყალი ხის ღარით მიემართება ბორბლისაკენ, რომელიც მსხვილი ხის ღერძით დოლაბთანაა დაკავშირებული. საგუბარს დასაცლელი ხის მეორე არხიც (სახეთქელა) აქვს. წისქვილი გადახურულია ყავრის ორფერდა სახურავით. წისქვილი მოქმედია. აგებულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]