დინარ დედოფალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დინარა დედოფალი)

დინარიჰერეთის დედოფალი დაახლ. X საუკუნის 40-60-იან წლებში, ჰერეთის მეფის ადარნასე პატრიკის ცოლი, ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენლის, ადარნასე III-ის ასული და ერისთავთერისთავ გურგენ IV „დიდის“ და.

„მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ცნობით, დინარ დედოფალმა თავისი შვილის იშხანიკის ზეობის (დაახლ. 948-958 წლები) დროს ჰერეთის მოსახლეობა იქ გაბატონებული სომხური ქრისტიანობიდან „მართლ-მადიდებელად“, ე. ი., ქალკედონურ მრწამსზე მოაქცია, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ალბანეთის ამ ნაწილში ქართული ორიენტაციის გამარჯვებისთვის.[1]

იმავე მატიანეს მიხედვით გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-მ მის მიერ ჰერეთის მეორედ დაპყრობის (დაახლ. 1010 წ.) შემდეგ „დაიჭირა დინარ დედოფალი თჳსად“. ამ ცნობას იმეორებს ვახუშტი ბატონიშვილიც (XVIII ს.), რომელსაც დინარი ამ დროისთვის ჰერეთის ძველი სამეფო სახლის ერთადერთ ცოცხლად დარჩენილ წარმომადგენლად მიაჩნია (იშხანიკიც გარდაცვლილია). თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ ეს ცნობა გულისხმობს ბაგრატის მიერ გარდაცვლილი დინარის ნეშტის გადმოსვენებას.[2]

ზოგიერთი საეკლესიო ისტორიკოსის (ეპისკოპოსი კირიონი, ანანია ჯაფარიძე) აზრით დინარი უნდა იგულისხმებოდეს ძველი რუსული ლიტერატურიდან ცნობილ ივერიის დედოფალ დინარაში. დინარ დედოფალი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად [ხსენების დღე — 30 ივნისი (13 ივლისი)].[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პაპუაშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
  2. Toumanoff C., The Bagratids of Iberia from the eighth to the eleventh century, Le Muséon 74 (1961), pp. 5–42.
  3. მაჩიტაძე ზ., ბუკია მ., ბულია მ., ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი, თბ., 2005, – გვ. 158.