ბნელეთის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბნელეთის ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის სამხრეთით 8-9 კილომეტრის მოშორებით, მდინარე სკრის ერთ-ერთ განშტოების მარცხენა ნაპირას, ტყეში მაღალ ფერდობზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაგებობა სამეკლესიიანი ბაზილიკაა (11,5 X 10,2), ნაგებია ნატეხი ქვით, პერანგი შირიმის ქვისაა. ეკლესია ახლა თითქმის მთლიანად მიწაშია ჩამჯდარი. თავდაპირველად აქ ერთი ეკლესია მდგარა. შემდეგ მისთვის ჩრდილოეთით და სამხრეთით მთელ სიგრძეზე თითო უფრო დაბალი, აფსიდიანი ეკლესია (ეგვტერი) მიუშენებიათ. შესასვლელი სამხრეთ კედელშია, აქედან შეიძლება ეკლესიის სამივე ნაწილში მოხვედრა. შუა დარბაზი მოზრდილია. აქ სარკმლები აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთითაა. გადახურვა კამაროვანია.

დარბაზის ჩრდილოეთის კედელში გაჭრილი კარი გადის ჩრდილოეთ ეკლესიაში, რომელსაც სარკმლები აღმოსავლეთითა და დასავლეთით აქვს. სამხრეთ ეკლესია უკეთაა შემონახული. აქ სარკმლები აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთითაა. ფასადებზე სარკმლები მოჩარჩოებულია. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის გვერდით შემორჩენილია წარწერიანი ქვა (გამოფიტულია და არ იკითხება).

მოხატულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარბაზში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. აფსიდის კონქის მხატვრობა განადგურებულია. შემორჩენილია მომდევნო ორი რეგისტრი. პირველში გამოსახულია 12 მოციქული ფრონტალურად, მთელი ტანით, მეორეში ეკლესიის მამათა 12 ფიგურაა. ყველა ფიგურა მოჩარჩოებულია დეკორატიული თაღით. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთში სულიწმინდის მოფენის ძნელად გასარჩევი ფრაგმენტებია, ხოლო მის ქვემოთ - 6 წმინდანის ფიგურა. დასავლეთ კედლის ქვედა ნაწილში წარმოდგენილია 10 წმინდანის დიდი ფრონტალური ფიგურა, რომლებიც ქვემოდან შემოსაზღვრულია ორმაგი ორნამენტული ზოლით. ძირითადად შემორჩენილია მოწითალო ფერის კონტურები. ფრაგმენტებზე გაირჩევა სუფთა ცისფერი, უნაბისფერი, ყვითელი ფერი. მხატვრობა სტილისტური ნიშნებით XII-XIII საუკუნეებით თარიღდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6664