ბანზაი შეტევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბანზაი შეტევა — ტერმინი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის მოკავშირე ქვეყნები უწოდებდნენ იაპონელ ქვეითთა დიდი მასის მტრის პოზიციებისკენ სირბილით პირდაპირი შეტევის ტაქტიკას. ტერმინი მომდინარეობს იაპონელთა საბრძოლო შეძახილიდან, როდესაც ისინი იერიშის განხორციელების დროს გაჰყვიროდნენ - „ტენო ჰეიკა ბანზაი“ (天皇陛下萬歲, რაც ნიშნავს, დიდხანს იცოცხლოს იმპერატორმა), რომელიც მოკავშირეებმა შეამოკლეს და უბრალოდ ბანზაის ეძახდნენ. შემოკლებული ფორმა კონკრეტულად იაპონელთა საიმპერატორო არმიის ამ სამხედრო ტაქტიკის აღმნიშვნელი სახელი იყო. იაპონელი მეთაურები ბანზაი შეტევებს მაშინ აწყობდნენ, როცა ხედავდნენ, რომ ბრძოლის წაგების პირას იყვნენ. ამგვარი შეტევა მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევის უკანასკნელი და თავზეხელაღებული მცდელობა იყო.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონელთა ბანზაი შეტევა ჩინური არმიის წინააღმდეგ, პლაკატის ავტორი: იკედა ტერუკატა

იაპონელთათვის ბანზაი შეტევა ღირსეულ თვითმკვლელობად მიიჩნეოდა, რათა მტერს ტყვედ არ ჩავარდნოდენ. მეიძის რესტავრაციისა და რუსეთ-ჩინეთთან ხშირი ომების დროს იაპონიის მილიტარისტულმა მთავრობამ ბუშიდოს (სამურაის მორალური კოდექსი) ცნებები გამოიყენა, რათა იაპონელი ერი იმპერატორისადმი ერთგული და მორჩილი გაეხადა. აღფრთოვანებული სამურაების წვრთნით, რომელიც ასწავლიდა მათ, რომ თუ მორალური დამცირება ახლოს იყო, მათ თვითმკვლელობა უნდა ჩაედინათ, მთავრობამ ჯარს ჩაუნერგა, რომ ტყვედ ჩავარდნა დიდი სირცხვილი და მეომრის დამცირება იყო, ამიტომ სიკვდილი უკეთესი გამოსავალი გახლდათ.

პორტ-არტურის ალყის დროს იაპონელებმა ბანზაი შეტევები განახორციელეს რუსული არტილერიისა და ტყვიამფრქვევების წინააღმდეგ. ეს იერიშები სხვა არაფერი იყო, თუ არა თვითმკვლელობა, იაპონელთა დანაკარგები უზარმაზარი იყო. წარუმატებელი შეტევის შედეგი თვითმხილველის მიერ აღწერილია შემდეგნაირად:

„გვამების სქელი, უწვეტი მასა ზეწარივით ფარავდა ცივ მიწას“.

თუმცა 1930-იანებში იაპონელები ბანზაი შეტევებს ეფექტურად იყენებდნენ ჩინეთში. რიცხობრივად მცირე იაპონური ძალები უპირატესი წვრთნისა და ხიშტების მეშვეობით გაცილებით დიდ ჩინურ ჯარებს ამარცხებდნენ ამ ტაქტიკით. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ამერიკელთა და რუსთაგან განსხვავებით, ჩინელებს არ ჰქონდათ ავტომატური იარაღები (ტყვიამფრქვევები და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები), ისინი გრძივმოძრავსაკეტიანი ხელით გადასატენი შაშხანებით იბრძოდნენ, რომლებსაც დაბალი საცეცხლე სიხშირე გააჩნდათ და შესაბამისად, ვერ აჩერებდნენ მაღალი სისწრაფით მომავალ იაპონელთა ქვეითთა მასებს.

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანზაის შეტევისას დაღუპული იაპონელი ჯარისკაცები სანაპიროზე, კუნძული გუადალკანალი, 1942.

ომის პერიოდში იაპონიის მილიტარისტულმა მთავრობამ დაიწყო პროპაგანდის გავრცელება, რომელიც ახდენდა თვითმკვლელური შეტევების რომანტიზებას და ომის წარმოჩენას, როგორც სულის გამწმენდ საშუალებად, სიკვდილს კი — მოვალეობად. 1944 წლის ბოლოსთვის იაპონიის მთავრობამ უკანასკნელი პროტოკოლი გამოაცხადა, რომელსაც არაოფიციალურად „იჩიოკუ გიოკუსაი“ (一億玉砕, სიტყვასიტყვით „100 მილიონი გატეხილი ბრილიანტი“) ეწოდებოდა, რითაც ისინი აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ იაპონიის მთლიანი მოსახლეობა, 100 მილიონი ადამიანი, შეეწირათ მტრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

1942 წლის 21 აგვისტოს, გუადალკანალის კამპანიისას პოლკოვნიკი კიონაო იჩიკი გაუძღვა 800 კაციან რაზმს მის მიერვე წამოწყებულ პირდაპირ შეტევაში ჰენდერსონის მინდვრის პოზიციების ასაღებად, რომელსაც ამერიკელები აკონტროლებდნენ ტენარუს ბრძოლის დროს. ჯუნგლებში მცირე შეტაკებების შემდეგ იჩიკის ჯარისკაცებმა ბანზაი შეტევა დაიწყეს, თუმცა ორგანიზებულ ამერიკულ დაცვის ხაზსა მის საცეცხლე შესაძლებლობებთან არაფერი გამოუვიდათ და მათი აბსოლუტური უმრავლესობა დაიღუპა, პოლკოვნიკმა იჩიკიმ კი თვითმკვლელობა ჩაიდინა.

ატუს ბრძოლის ბოლო ბანზაი შეტევისას დაღუპული იაპონელები, 1943 წლის 29 მაისი.

1943 წლის 29 მაისს, ატუს ბრძოლისას, პოლკოვნიკმა იასუიო იამასაკიმ ღამით ბანზაი შეტევა დაიწყო, თუმცა ამერიკელებმა იაპონელთა შემტევი ტალღები გაანადგურეს და ბრძოლის შემდეგ 2,600 იაპონელიდან ცოცხალი მხოლოდ 29 ჯარისკაცი იყო დარჩენილი, ამერიკელებმა კი 15,000 კაციდან მხოლოდ 549 დაკარგეს.

წარუმატებელი ბანზაი შეტევის შედეგი: იაპონელთა დიდი დანაკარგები.

ყველაზე დიდი ბანზაის შეტევა განხორციელდა საიპანის ბრძოლისას, როცა გენერალმა იოშიცუგუ საიტომ შეკრიბა 4,300-მდე ჯარისკაცი, მათ შორის დაჭრილები და სამოქალაქო პირებიც კი, რომელთაგან ბევრი უიარაღოდ იყო და მათ შეტევა უბრძანა. 1944 წლის 7 ივლისს ისინი აშშ-ს არმიის ასმეხუთე ქვეითთა პოლკის პირველ და მეორე ბატალიონებს შეასკდნენ, თხუთმეტსაათიან ბრძოლაში ამერიკელთა დანაკარგები თითქმის 2,000 კაცი იყო, თუმცა იაპონელთა მოგერიება მაინც მოხერხდა და თითქმის ყველა შემტევი იაპონელი დაიღუპა.

ბანზაი შეტევა ძირითადად მუდამ ერთი და იმავე შედეგით სრულდებოდა: მტერს მცირე დანაკარგები ადგებოდა, იაპონელთა შემტევი ძალები კი სრულად ნადგურდებოდა. ამიტომ ზოგი იაპონელი მეთაური, მაგალითად, ტადამიკი კურიბაიაში, თავის ჯარებს უკრძალავდა ამ ტაქტიკით შეტევას. ამერიკელები გაოცებული იყვნენ, როცა, მოლოდინის მიუხედავად, ივო ძიმას ბრძოლაში იაპონელებს ბანზაი შეტევები არ განუხორციელებიათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Robert B. Edgerton (1997). Warriors of the Rising Sun: A History of the Japanese Military. Norton.
  • Robert L. O'Connell; John H. Batchelor (2002). Soul of the Sword: An Illustrated History of Weaponry and Warfare from Prehistory to the Present. Simon and Schuster.
  • Carmichael, Cathie; Maguire, Richard C. (May 2015). The Routledge History of Genocide.
  • U.S. Marine Corps Andrew A. Bufalo (November 10, 2004). Hard Corps: Legends of the Marine Corps. S&B Publishing.
  • Harold Goldberg, D-Day in the Pacific: The Battle of Saipan, Indiana University Press, 2007.
  • Derrick Wright, The Battle for Iwo Jima, Sutton Publishing.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]