ალექსანდრე ჯინჭარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე (საშა) დავითის ძე ჯინჭარაძე (ფრანგ. Alexander Djintcharadze; დ. 16 იანვარი, 1896, ხონი — გ. 17 აგვისტო, 1970, ნიუ იორკი) — ქართველი სამხედრო ოფიცერი, საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1914-1918). 1916-1917 წლებში რიგითად იბრძოდა კავკასიის ფრონტზე და დაჯილდოვდა წმ. გიორგის ჯვრით. 1919 წელს ჩაირიცხა ქართულ სამხედრო სკოლაში კაპიტან ხოშტარიას III მწყობრში. მონაწილეობდა ბრძოლებში საბჭოთა რუსეთის ჯარებთან კოჯორსა და ტაბახმელასთან (1921 წლის თებერვალი). გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა და 1921 წელს მივლენილი იქნა საფრანგეთში სამხედრო საქმის სასწავლებლად. 1922 წელს დაამთავრა სენ-მექსანის სამხედრო სკოლა უფროსი ლეიტენანტის წოდებით და ჩაირიცხა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. 1926 წელს დაასრულა სწავლა ფონტებლოს ცხენოსანი არტილერიის სკოლაში. უცხოური ლეგიონის შემადგენლობაში მსახურობდა მარაკეშში (1927-1929), მაროკოსა და ალჟირში (1930-1940). მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, 1940 წლის ივნისში ნორუაისთან ბრძოლაში კაპიტანი ჯინჭარაძე ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1946 წლამდე მაროკოშია. 1948 წელს მიიღო მაიორის ჩინი. 1948 წელს მაიორი ალექსანდრე ჯინჭარაძე, როგორც გაეროს სამხედრო დამკვირვებელი, მეთვალყურედ გაგზავნეს ახლო აღმოსავლეთში; მსახურობდა კაიროში, ბეირუთსა და იერუსალიმში. 1952-1954 წლებში მსახურობს ჩრდილო აფრიკული ათასეულის უფროსად ავსტრიაში. დაჯილდოებული იყო საპატიო ლეგიონის ორდენითა და საბრძოლო ჯვრით.

1954 წელს მაიორი ალექსანდრე ჯინჭარაძე გადადგა სამხედრო სამსახურიდან და სხვა ქართველ ოფიცრებთან (მიხეილ დადიანი, სიკო კობიაშვილი, ალექსი ჩხენკელი, დიმიტრი და დავით შალიკაშვილები) ერთად საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა. 1955-1962 წლებში იყო ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს მდივანი. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, თანამშრომლობდა ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებთან, იყო იუნკერთა კავშირის წარმომადგენელი აშშ-ში, აგრეთვე უცხოური ლეგიონის ამხანაგობის ხელმძღვანელი. გარდაიცვალა 1970 წლის 17 აგვისტოს, ნიუ-იორკში.

მისი მეუღლე იყო ცნობილი ფირმა „Prince Matchabelli“-ს დამაარსებლის გიორგი მაჩაბლის და ნინო, ქალიშვილი – ქეთევან ჯინჭარაძე ომის წლებში ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]