შინაარსზე გადასვლა

ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი

ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი — საგანმანათლებლო დაწესებულება რუსეთის იმპერიაში. მდებარეობდა იმერეთის ოლქის ქალაქ ქუთაისში. დაარსდა 1821 წელს იმერეთის ეპისკოპოს სოფრონის ინიციატივით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუთაისის სასულიერო სასწავლებელმა არსებობა 1821 წლის 6 თებერვლიდან დაიწყო, მისი შექმნის ინიციატორი იმერეთის ეპისკოპოსი სოფრონი იყო. თავდაპირველად სამრევლო კლასის პირველი ჯგუფი ნაქირავებ ბინაში იყო განთავსებული. სასწავლებლის ზედამხედველად და რუსული ენის მასწავლებლად მიხეილ კოლოუბინსკი დაინიშნა. 1822 წლისათვის პირველ კლასში უკვე 82 მოსწავლე იყო, რომელთა უმეტესობა მაღალი მოსწრებით გამოირჩეოდა, ამიტომ დღის წესრიგში მეორე კლასის გახსნის საკითხიც დადგა. 1822 წლის 14 მარტის ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დანიელ გოლუბევი დაინიშნა, ხოლო კოლოუბინსკი მეორე კლასის რუსული ენის მასწავლებლად გადაიყვანეს. პირველი კლასი თბილისის სასულიერო სემინარიის სიტყვიერების კლასის მოსწავლე პანტელეიმონ წინამძღვრიშვილს ჩააბარეს. ქართული ენის მასწავლებლად სოფრონმა არქიდიაკონი ანტონი, ხოლო საღვთო სჯულის მასწავლებლად — დანიელ გოლუბევი დანიშნა. 1822 წლისათვის ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სულ 38 მოსწავლე ირიცხებოდა. ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ასწავლიდნენ დავით ფურცელაძე, იოვანე სავანელი და ანტონ დიაკონი.

1829 წლის 3 აგვისტოს განკარგულებით, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი თბილისის სასულიერო სემინარიის მმართველობაში გადავიდა. ამ დროს სასწავლებელს მიხეილ კანდელაკოვი ზედამხედველობდა. 1830 წელს არქიეპისკოპოსმა სოფრონმა და ზედამხედველმა გოლუბევმა თხოვნით მიმართეს სემინარიის მმართველობას, რომ საჭიროდ მიაჩნდათ, სასწავლებელთან გახსნილიყო მეოთხე კლასი, რომელშიც ეკლესიის მსახურთა შვილები მხოლოდ ქართულ ენაზე შეისწავლიდნენ საღვთისმეტყველო საგნებს. თბილისის სასულიერო სემინარიამ განცხადება უპასუხოდ დატოვა.

1841 წელს სასწავლებლის ზედამხედველად ივანე გონგესოვი დაინიშნა. მისი ინიციატივით იმავე წელს სასწავლებლისათვის „ბურსას“ მშენებლობა დაიწყო, რომელიც 1842 წელს დასრულდა. „ბურსა“ სასწავლებელთან მოწყობილი საერთო საცხოვრებელი იყო, რომელიც ძირითადად, სასულიერო პირთა შვილებისათვის იყო განკუთვნილი.

1847 წლის 24 აგვისტოს ონის სასულიერო სასწავლებლის გაუქმების შემდეგ, მთელი მისი ინვენტარი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელს გადაეცა. ასევე ქუთაისში გადმოიყვანეს მასწავლებლები — პოკროვსკი და კანდელაკი. სასულიერო სასწავლებელში მოსწავლეთა დიდი რაოდენობის გამო, ბევრჯერ დაისვა მეორე სასულიერო სასწავლებლის გახსნის საკითხი, მაგრამ ეს იდეა განუხორციელებელი დარჩა.

1853 წელს სასწავლებლის ზედამხედველად გიორგი ხელიძე დაინიშნა. ის სუსტი ხელმძღვანელი აღმოჩნდა და ცდილობდა, მოსწავლეთა ფიზიკური დასჯით დაეფარა საკუთარი ნაკლი. XIX საუკუნის 50-იან წლებში სასწავლებელში სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობა სათანადო დონეზე არ იყო. ამასვე ადასტურებდა თბილისის სასულიერო სემინარიის მიმართვაც. მდგომარეობა სასულიერო სასწავლებელში მხოლოდ მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც ეპარქიას სათავეში გაბრიელ ეპისკოპოსი ჩაუდგა. მან 1863 წელს, გაათავისუფლდა ზედამხედველი გიორგი ხელიძე და მის ადგილას კიევის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულმა გერასიმე კალანდარიშვილი დანიშნა. ამ პერიოდში ყურადღება ექცეოდა ქართული ენის მაღალ დონეზე სწავლებას და რუსი მასწავლებლებისათვის ქართული ენის აუცილებელ ცოდნასაც. სასულიერო სასწავლებელი ემორჩილებოდა საქართველოს ეგზარქატს და მისი მეშვეობით, უწმინდეს სინოდს. იყო ოთხკლასიანი სასწავლო დაწესებულება, ოთხწლიანი სწავლების კურსით. სასწავლებელს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ მიხეილ კოლოუბინსკი, დანიელ გოლუბევი, ივანე გონგესოვი, გიორგი ხელიძე, ალექსანდრე ფხაკაძე, ნიკოლოზ ტატიშვილი და სხვები.

მოსწავლეთა რაოდენობის სტატისტიკური მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასწავლებლის მოსწავლეები
წელი მოსწავლეების რაოდენობა
1892 551
1893 596
1894 623
1895 619
1896 617
1897 634
1898 619
1900 557
1901 550
1903 575
1905 207
1907 274
1908 209
1909 220
1911 262
1912 262
1913 288

ქუთაისის სასულიერო სასწავლებელმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული ენის სასწავლო სისტემაში დაბრუნებასა და განმტკიცების საქმეში. მოსწავლეთა აკადემიური წარმატების გაძლიერების მიზნით, ქართული ენის ცოდნა სავალდებულო გახდა რუსი ეროვნების მასწავლებლებისათვისაც.

XX საუკუნის 30 ან წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი ქუთაისის საერო მე-6 სკოლად გადაკეთდა.

ცნობილი კურსდამთავრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1900-1908 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ქართველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე სწავლობდა.