ორმოცდაათიანელობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროტესტანტიზმი
რეფორმაცია

რეფორმაციამდელი მოძრაობები

ჰუსიტები  • ლოლარდები  • ვალდენსები  • ჩეხი ძმები


რეფორმაციის მოძრაობები

ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა


ახალი რეფორმაციული მოძრაობები

ადვენტისტები • ამიშები • ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კვაკერები • კონგრეგაციონალიზმი • მეთოდიზმი • მენონიტები • ორმოცდაათიანელობა • პიეტიზმი • პრესვიტერიანობა • პურიტანები • ხსნის არმია


XX საუკუნის პროტესტანტული მოძრაობები

პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია


ორმოცდაათიანელობა (ინგლ. Pentecostalism) — ქრისტიანული მიმდინარეობა, პროტესტანტიზმის ერთ-ერთი თავისუფალი ეკლესია, რომელიც ცნობილია სხვადასხვა სახელით. ეკლესიები, რომლებიც ამ სახელწოდებითაა ცნობილი, ორგანიზაციულად ზოგჯერ ეთმანეთისგან დამოუკიდებლები არიან. ამ ეკლესიებისთვის საერთოა წმინდა სულის ძალაზე ყურადღების გამახვილება და ქარიზმატული განწყობილება.ორმოცდაათიანელები საზოგადოებები სული წმიდის გარდამოსვლის გამოცდილებას უბრუნდებიან და ეკლესიის რელიგიურ გამოღვიძებას ესწრაფვიან.[1] მსოფლიოს მასშტაბთ ერთ-ერთ მზარდ ეკლესიად მიიჩნევა. მას მსოფლიოში 600 მილიონამდე მიმდევარი ჰყავს. მათგან ყველაზე მეტი სამხრეთ ამერიკაში, ფილიპინებსა და აფრიკაში ცხოვრობს. ორმოცდაათიანელია კენიის მოსახლეობის 33%, გვატემალის 20%, ბრაზილიის 15%, სამხრეთ აფრიკის 10%, აშშ-ის 5%. სახელწოდებაში სიტყვა ორმოცდაათი მიუთითებს სულთმოფენობაზე, რომელიც ქრისტეს აღდგომიდან 50-ე დღეს მოხდა. ამის გამო ორმოცდაათიანელების ეკლესიას ბევრგან სულიწმინდის მოფენის ეკლესია ქვია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოიშვა XIX საუკუნის დასასრულს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოცენებულ ცალკეულ პროტესტანტულ საზოგადოებათა საფუძველზე. ორმოცდაათიანელობას საფუძველი შეუმზადა მეთოდისტურმა ეკლესიამ, ახალსამოციქულო ეკლესიამ და „აღმატებულმა სიცოცხლემ“. ოფიციალური დაარსების თარიღად მიიჩნევა 1906 წლის 14 აპრილი, როდესაც ლოს-ანჯელესში პირველად გამართა „სულით ნათლობა“. დამფუძნებლებად მიიჩნევიან ჩარლზ ფოქს პარხამი და მისი მოსწავლე უილიამ ჯეიმზ სეიმორი. თავდაპირველად ეკლესიას ეწოდებოდა „სამოციქულო რწმენის მისია“. ევროპაში ორმოცდაათიანელების მამად მიჩნეულია ინგლისელი ტომას ბოლ ბარეტი, რომელმაც მშობლიურ ქალაქ ოსლოში დააფუძნა ორმოცდაათიანელების ეკლესია. ორმოცდაათიანელობის გავრცელებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს შვედმა ორმოცდაათიანელებმა, რომლებმაც მსოფლიოოს 48 ქვეყანაში 838 მისიონერი გაგზავნეს. 1907 წლიდან გაჩნდა ორმოცდაათიანელთა ეკლესიები რუსეთში, 1920-იან წლებში ორმოცდაათიანელთა ეკლესიები რუსეთში ფართოდ გავრცელდა, ამას ხელს უწყობდა ლენინი, რომელსაც ტრადიციულ ეკლესიებთან ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული. 1920-იანი წლების მეორე ნახევრიდან ორმოცდაათიანელთა ეკლესიები რუსეთში აიკრძალა და მისი აქტივისტები რეპრესიებიში მოხვდნენ.

1914-1916 წლებში მოხდა პირველი განხეთქილება ორმოცდაათიანელთა ეკლესიაში. აშშ-იში ცალკე გამოიყო ჯგუფი, რომელიც წმინდა სამებას უარყოფდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცალკე გამოიყო ორი ეკლესია. 1960-იან წლებში ცალკე გამოიყო „ქარიზმატების“ ჯგუფი, რომელსაც ღვთისმსახურების და სახელმწიფოსთან ურთიერთობის საკითხებზე რადიკალური პოზიციები ჰქონდა.

მოძღვრება და პრაქტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორმოცდაათიანელთა თეოლოგია არ განსხვავდება სხვა ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიების მოძღვრებისგან. საეკლესიო პრაქტიკაში მნიშვნელოვანი საიდნუმლოებებია ნათლობა და ზიარება. ორმოცდაათიანელები თვლიან, რომ ნათლობა სულიწმინდითა და წყლით სრულდება. ორმოცდაათიანელებს აქვთ ქრისტეს ათასწლოვანი სამეფოს დაარსების მოლოდინი.

ღვთიისმსახურება მეტწილად ცეკვის, სიმღერის და მუსიკის ფონზე მიმდინარეობს, გამოიყენება მუსიკალური ინსტრუმენტები. ლოცვა საშუალეოდ 2 საათს გრძელდება, ქარიზმატებში უფრო მეტ ხანს. ხშირად იმეორებენ ამენ-ს, ალელუია-ს და ხელაპყრობას. სამარხვო დღეები დაწესებული არ არის, მარხულობენ ეკლესიის წინამძღოლის მოწოდების მიხედვით. მარხვის დროს თავზე ზეთს იცხებენ და იბანენ პირს, თავს იკავებენ სექსუალური ურთიერთობებისგან. მთავაი დღესასწაულებია შობა, აღდგომა და სულთმოფენობა. ძირითადი რიტუალებია ქორწინება, ბავშვის უფლისადმი მიძღვნა, ნალობა, რომელიც მოწიფულ ასაკში ხდება, ზიარება, დაკრძალვა და მსახურთა ხელდასხმა.

ორმოცდაათიანელები საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ორმოცდაათიანელთა წინამორბედის როლი შეასრულა შვედურმა მისიამ, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში საქმიანობდა კავკასიაში. ორმოცდაათიანელთა პირველი თემები 1918 წლის ახლო ხანს აბასთუმანსა და თბილისში ოსმალეთიდან გადასახლებული რუსების ბაზაზე ჩამოყალიბდა, მაგრამ მათ არ ჰყავდათ ხელდასხმით ნაკურთხი ხუცესი, რის გამოც წყლით ნათლისღება არ ხდებოდა. 1929-1930 წლებში დასავლეთ საქართველოში უკრაინიდან, ხერსონისა და ნიკოლაევის ოქლებიდან ჩავიდა ხალხი, რომელიც შიმშილობას გაურბოდა. მათ შორის იყვნენ ორმოცდაათიანელები, რომლებმაც ბათუმში, ოთში, ოზურგეთში, სენაკში, ნატანებში, მერიაში, ციხისძირში, სუფსაში და ქუთაისში პატარა დასახლებები შექმნეს. 1932 წელს მოხდა ორმოცდაათიანელთა მასობრივი დაპატიმრება. ფოთის ნავსადგურიდან 300 ორმოცდაათიანელი მორწმუნე გაგზავნეს უცნობი მიმართულებით.

თბილისში პირველი ნათლობა 1942 წელს შედგა, რაც უკრაინიდან ჩამოსულმა ხუცესმა, ვასილ ბიზიაევმა, შეასრულა. 1945 წელს გორში შეიქმნა ორმოცდაათიანელთა პირველი ქართულენოვანი ჯგუფი. 1951 წელს მოხდა ახალი მასობრივი დაპატიმრება. თბილისში დააპატიმრეს 87 აღრიცხული მორწმუნიდან 40. ხელმძღავენელბს მიუსაჯეს 25-წლიანი პატიმრობა, ხოლო სხვებს 8-10 წელი. 1953 წლიდან რეპრესიები შესუსტდა, მაგრამ 1961 წელს კვლავ განახლდა. ამ წელს თბილისში 14 ორმოცდაათიანელი დააპატიმრეს, მათი უმრავლესობა ხელმეორედ გაასამართლეს. ორმოცდაათიანელები მკაცრად ემიჯნებოდნენ კომუნისტურ ხელისუფლებას. მათ წინააღმდეგ მზადდებოდა პროპაგანდისტული ფილმები, გამოვიდა ჟურნალი „წყვდიადი“.

1970 წელს საქართველოს სსრ-ში ჩავიდა უკრაინელი ეპისკოპოსი ნიკოლაი კამინსკი. მან აკურთხა ქართულ და რუსულენოვანი ეკლესიების ხუცესები. 1980 წელს საქართველოში ორმოცდაათიანელთა ეკლესიების რაოდენობა გაიზარდა. 1981 წელს უკრაინიდან ჩამოსულმა ეპისკოპოსებმა ახალი ხუცესები აკურთხეს. 2000 წელს თბილისის ეკლესიის ბაზაზე გაიხსნა ერთწლიანი ბიბლიური კოლეჯი. 2001 წელს გაიხსნა ინსტიტუტი, რომელსაც ორწლიანი თეოლოგიური პროგრამა აქვს. 2003 წელს გაიხსნა სამწლიანი ხუცესთა სკოლა. 2002-2004 წლებში ხშირი იყო თავდასხმები ორმოცდაათიანელთა შეკრების ადგილებზე თბილისში.

ორმოცდაათიანელები საქართველოში სამ ჯგუფად იყოფიან: ტრადიციული ქართულენოვანი, ტრადიციული რუსულენოვანი და ქარიზმატები. ეკლესიის ცენტრი თბილისშია, მაგრამ წარმოდგენილი არიან რეგიონებშიც - გურიაში, კახეთში, ქართლში, აჭარასა და იმერეთში. საქართველოში ორმოცდაათიანელთა ეკლესიების რიცხვი 120-ს აღემატება. მორწმუნეთა რაოდენობა 10 ათასამდეა, მათაგნ აქტიური წევრია 7 ათასი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]