შინაარსზე გადასვლა

მერაბ კალანდაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერაბ კალანდაძე
სრული სახელი მერაბ კალანდაძე
დაბ. თარიღი 1952 წლის 18 ოქტომბერი
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

მერაბ კალანდაძე (1952 წლის 18 ოქტომბერი, თბილისი), ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერაბ კალანდაძე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დაიბადა 1952 წლის 18 ოქტომბერს, თბილისში. 1959 -1969 წელებში სწავლობდა მე-5 საშუალო სკოლაში, 1970-1975 წავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, 1970 წელს სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში ახალი და უახლესი ისტორიის განხრით. მისი მეცნიერხელმძღვანელები იყვნენ პროფ. გივი კიღურაძე და პროფ. კოტე ანთაძე. 1980-1986 წლებში ასწავლიდა უცხო ენების ინსტიტუტში ევროპის ცალკეული ქვეყნების ისტორიას საათობრივი ანაზღაურების წესით. 1986-1995 წლებში მუშაობდა ისტორიის ინსტიტუტში საქართველოს და ევროპის ქვეყნების ურთიერთობის ისტორიის განყოფილებაში მეცნიერ-მუშაკად, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფ. ილია ტაბაღუა. ამავე ხანებში ასწავლიდა ა.ს.პუშკინის (ამჟამად ილიას უნივერსიტეტში) საათობრივი ანაზღაურების წესით შუა საუკუნეების და ახალ ისტორიას და ისტორიოგრაფიას.

1988 წლის 9 მარტს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ფრიდრიხ შილერი და ახალი ისტორიის პრობლემები“. 1991 წელს პროფ. ილია ტაბაღუას, პროფ. კარლო მეშველიანის და პროფ. კოტე ანთაძის ძალისხმევით, ის დაბრუნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მუშაობდა ჯერ შუა საუკუნეების ისტორიის კათედრაზე, საათობრივი ანაზღაურების წესით, ხოლო 1992 წლის შემოდგომიდან ჩაირიცხა შტატში და მუშაობდა ევროპის და ამერიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის კათედრაზე.

1999 წლის 20 ოქტომბერს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების და ახალი ისტორიის შესწავლა საქართველოში XX საუკუნის პირველ ნახევარში“.

სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერაბ კალანდაძე არის ფართო დიაპაზონის ისტორიკოსი. მისი მეცნიერული ინტერესების სფერო მრავალფეროვანია. ამ მიმართულებით მან საკმაოდ ნაყოფიერად იღვაწა, დაწერა 23 წიგნი, 263 სამეცნიერო პოპულარული ნაშრომი, 160 საგაზეთო სტატია, მათ შორის 75 რეცენზია. მონაწილეობდა 52 ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, დაწერა 14 გამოხმაურება და რეცენზია სადისერტაციო შრომებზე. მის მეცნიერულ მემკვიდრეობაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ფრიად აქტუალურ საკითხს „მსოფლიო ისტორიის შესწავლა საქართველოში“. მან კვლევა რამდენიმე მიმართულებით წარმართა. ეს პრობლემატიკა სრულიად შეუსწავლელია. ქართული კონტექსტი გააჩნია, სიახლეს წარმოადგენს და ამ საკითხების გაშუქების პირველ მცდელობად გვევლინება. ამ თემატიკაზე მან 150-მდე ნაშრომი დაწერა მათ შორის 19 წიგნი.

მერაბ კალანდაძემ:

1.გადადგა პირველი ნაბიჯები ქართული ანტიკოლოგიის შესწავლის გზაზე.

2.შეისწავლა ქართული მედიევისტიკის ისტორია.

3.შეისწავლა საქართველოში ახალი ისტორიის შესწავლა. (ამ მიმართულების შემადგენელი კომპონენტებია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების და სკანდინავიის ქვეყნების ისტორიის შესწავლის გაშუქება).

4.დაინტერესდა საქართველოში ისტორიის ფილოსოფიის გაშუქების ტრადიციით. მან პირველმა ქართულ ისტორიოგრაფიაში და ერთ-ერთმა პირველმა პოსტსაბჭოთა სივრცეში, პროფ. კოტე ანთაძესთან და პროფ. კარლო მეშველიანთან ერთად კატეგორიულად უგულებელყო მსოფლიო ისტორიის მარქსისტული პერიოდიზაცია და აღადგინა ევროპული მიდგომა. შუა საუკუნეებს და ახალ ისტორიას შორის ზღვარი გადის XV საუკუნის დასასრულზე და XVI საუკუნის დასაწყისზე კონკრეტულად კი, დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებზე, რეფორმაციაზე, რენესანსზე. მან გააგრძელა დაწყებული კვლევა და გადასინჯა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების, ისტორიული აზროვნების, დიპლომატიის ისტორიის, საერთაშორისო ურთიერთობების, მარქსისტული პერიოდიზაცია და ის საერთაშორისო სტანდარტებთან შესატყვისობაში მოიყვანა. ამ საკითხზე მან 18 ნაშრომი დაწერა, მათ შორის ერთი წიგნი.

მერაბ კალანდაძე დაინტერესდა ისტორიულ-ლიტერატურული თემატიკით, რომელსაც ისტორიოგრაფიული დატვირთვა გააჩნდა, ამ საკითხს ეხება მისი საკანდიდატო დისერტაცია. „ფრიდრიხ შილერი ახალი ისტორიის პრობლემებზე“. ამ კონტექსტში ქართული რეალობის ჩასმა სიახლეს წარმოადგენს. ეს მიმართულება ამ პრობლემის შესწავლის მეცნიერული კვლევის და პოპულარიზაციის ნაზავია. ყურადღებას იპყრობს მისი წიგნი „ნაპოლეონი ქართულ სიტყვაკაზმულ ლიტერატურაში“.

მან თავისი წვლილი შეიტანა საქართველოში დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების და ახალი ისტორიის ისტორიოგრაფიის პოპულარიზაციის საქმეში. მან სცადა ამ კონტექსტში ქართული რეალობის ჩართვა. ეს მიმართულება ამ თემატიკის მეცნიერული კვლევის და პოპულარიზაციის ჰიბრიდს წარმოადგენს. პირველს შემეცნებითი დატვირთვა გააჩნია. მეორე მეცნიერულ კვლევასთან ასოცირდება. ამის საუკეთესო ნიმუშია მისი „ისტორიოგრაფიული ეტიუდების“ ორი წიგნი.

მერაბ კალანდაძემ ყურადღება გაამახვილა დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების და ახალი ისტორიის საკვანძო საკითხების პოპულარიზაციაზე. მას წმინდა შემეცნებითი დატვირთვა გააჩნია, სამეცნიერო-პოპულარულ ხასიათს ატარებს, კომპილაციას წარმოადგენს და დაეხმარება სტუდენტებს ამ საკითხების შესწავლის საქმეში. მან თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა საქართველოს ისტორიის საკითხების დამუშავების საქმეში. აღსანიშნავია მისი შრომები, საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციაზე, სადაც ის კატეგორიულად უგულებელყოფს საქართველოს ისტორიის მარქსისტულ პერიოდიზაციას, ფორმაციულ მოდელს. მან აღადგინა ევროპული მიდგომა, ივანე ჯავახიშვილის თეორიულ-მეთოდოლოგიურ შეხედულებებზე, თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებულ რთულ ვითარებაზე. საინტერესოა მისი მონოგრაფია ცნობილ ქართველ ისტორიკოსზე პროფ. უშანგი სიდამონიძეზე. ამ პრობლემატიკაზე მას დაწეილი აქვს 23 ნაშრომი, მათ შორის ოთხი წიგნი.

მერაბ კალანდაძე იყო სპორტის დიდი მოტრფიალე და ძალები სპორტულ ჟურნალისტიკაში გამოსცადა:1. ის იყო ქართული ფეხბურთის და კალათბურთის ერთ-ერთი საინტერესო მეისტორიე. 2.ის დიდ ყურადღებას უთმობდა მსოფლიო კალათბურთის პოპულარიზაციას. ის იყო პირველი, რომელიც ევროპული კალათბურთის პოპულარიზაციას ეწეოდა და ერთ-ერთი პირველი, ვინც პროფესიულ კალათბურთზე წერდა. 3.საინტერესოა მისი ტრაგიკული წერილები, რომელიც 80-იან წლებში ქართული ფეხბურთის და კალათბურთის კრიზისით გამოწვეული გულისტკივილითაა გაკეთებული. ამ სფეროში მან საკმაოდ ნაყოფიერად იღვაწა. დაწერილი აქვს 785 სტატია.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1.მ.კალანდაძე, „დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების და ახალი ისტორიის შესწავლა საქართველოში XX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1999, გვ. 298 გვ. (31,5 თაბახი).

2.მ.კალანდაძე, ნ.მამუკელაშვილი, ლ.ფირცხალავა, ისტორია X კლასის სახელმძღვანელო, თბ., 2001, 162 გვ.

3.მ.კალანდაძე, გერმანიის ისტორია, კულტურა, გეოგრაფია, თბ., 2002, 162 გვ.

4.Н.Дубровский, Труды, Тб. 2004. 282 გვ. (ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და რედაქტორია მკალანდაძე).

5.მ.კალანდაძე, პროფესორი უშანგი სიდამონიძე, თბ., 2004. 86 გვ.

6.კ.ანთაძე, მ.კალანდაძე, საფრანგეთის ისტორია, კულტურა, გეოგრაფია, თბ.,2005. 178 გვ.

7.მ.კალანდაძე, ინგლისის ისტორია, კულტურა, გეოგრაფია, თბ., 2005. 200 გვ.

8.მ. კალანდაძე, საფრანგეთის დიდი რევოლუციის აგრარული კანონმდებლობის შესწავლა საქართველოში, თბ., 2006. 178 გვ.

9.მ.კალანდაძე, მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაცია ქართულ ისტორიოგრაფიაში, თბ., 2007. 96 გვ.

10.მ.კალანდაძე, ნაპოლეონი ქართულ სიტყვაკაზმულ ლიტერატურაში, თბ., 2008. 140 გვ.

11.მ.კალანდაძე, ქართული მედიევისტიკის სათავეებთან, თბ., 2009. 96 გვ.

12.მ.კალანდაძე, ალექსანდრე ორბელიანი დასავლეთ ევროპის ახალი ისტორიის საკვანძო საკითხებზე, თბ., 2010, 60 გვ.

13.მ.კალანდაძე, ისტორიოგრაფიული ეტიუდები, ნაწილი პირველი, თბ., 2011. 380 გვ.

14.მ.კალანდაძე, პროფესორი კონსტანტინე ანთაძე, თბ., 2014. 196 გვ.

15.თ.ანთაძე, მ.კალანდაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ისტორიის კათედრის ისტორია, თბ., 2014. 121 გვ.

16.მ.კალანდაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ისტორიის შესწავლა საქართველოში, თბ., 2015. 262 გვ.

17.მ.კალანდაძე, დიმიტრი უზნაძე საფრანგეთის დიდ რევოლუციაზე და ნაპოლეონზე, თბ., 2016. 155გვ.

18. მ.კალანდაძე, ისტორიოგრაფიული ეტიუდები, ნაწილი მეორე, თბ., 2019. 262 გვ.

19.მ.კალანდაძე, ნაპოლეონის ეპოქის ქართველი მკვლევარი, თბ., 2020. 75 გვ.

20.მ.კალანდაძე, ყველა სიკეთე საბჭოთა რეალობას როდი უკავშირდება, თბ., 2021. 89 გვ.

21.მ.კალანდაძე, ნაპოლეონის კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესწავლა საქართველოში, თბ., 2021. 157 გვ.

22.პროფესორი გივი კიღურაძე, შემდგენლები თამარ ანთაძე და მერაბ კალანდაძე, თბ. 2022. 179 გვ.

23.მ.კალანდაძე, XX და XXI საუკუნის დასაწყისის ქართული ისტორიოგრაფიის ევროპული ორიენტირების ევოლუცია, თბ., 2023. 380 გვ.

წყაროები:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1.თ.ანთაძე, მ.კალანდაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ისტორიის კათედრის ისტორია, თბ., 2014. გვ. 96-99.

2.პროფესორი გივი კიღურაძე, შემდგენელი თამარ ანთაძე, მერაბ კალანდაძე, თბ., 2022. გვ. 152-163.

3.

თ.ანთაძე, პროფესორი გივი კიღურაძე - ახალგაზრდა მეცნიერების აღმზრდელი, ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, 26. თბ., 2022. გვ. 169-193.