შინაარსზე გადასვლა

დოსითეოზ II ნოტარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დოსითეოზ II ნოტარა (ბერძ. Δοσίθεος Β΄ Ἱεροσολύμων; დ. 1 მაისი, 1641, არახოვო, ახლანდ. აქაია, საბერძნეთი, — გ. 7 თებერვალი, 1707, კონსტანტინოპოლი) — იერუსალიმის ბერძენი პატრიარქი 1669-1707 წლებში.

დოსითეოზი იყო პატრიარქ პაისიოსის დიაკვანი (1657), პატრიარქ ნექტარიოსის არქიდიაკვანი (1661) და მისი უახლოესი და სანდო ადამიანი. 1666 წელს ეკურთხა კესარიის მიტროპოლიტად, ხოლო 1669 წელს — იერუსალიმის პატრიარქად. მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით 1672 მარტში მოწვეული იქნა იერუსალიმის საეკლესიო კრება. იერუსალიმის სიწმინდეების დასაცავად და შესანახად, ლათინებისა და სომხების წინააღმდეგ საბრძოლველად გამუდმებით უხდებოდა აუცილებელი თანხების მოპოვება, რისთვისაც მოგზაურობდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ქვეყნებში. 25 წლის განმავლობაში ებრძოდა სინას წმინდა ეკატერინეს მონასტრის დამოუკიდებლობისაკენ ლტოლვას. იყო ფრიად განსწავლული თეოლოგი, ლიტერატორი და ისტორიკოსი, კათოლიციზმის წინააღმდეგ დაწერილი მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორი, ქ. იასში ბერძნული სტამბის დამაარსებელი და გამომცემელი.

დოსითეოზ II ორჯერ — 1658 წელს პეპატრიარქ პაისიოსთან ერთად და 1681 წელს, როგორც პატრიარქი — იმყოფებოდა საქართველოში მოწყალების მოსაკრებად და იერუსალიმის ქართული მონასტრების ვალებიდან დასახსნელად აუცილებელი თანხის მოსაპოვებლად. გიორგი XI-სთან და ქართლის საერო და სასულიერო დიდებულებთან გააფორმა „პირობის წიგნი“, რომლითაც ქართველები უზრუნველყოფდნენ იერუსალიმის დავალიანებული ქართული ეკლესია-მონასტრების თანხის გადახდას. დოსითეოზმა მართლაც დაიხსნა ქართული მონასტრები, მაგრამ საბოლოოდ ისინი იერუსალიმის ბერძნულ-მართლმადიდებლური საპატრიარქოს საკუთრებად აქცია.

დოსითეოზს ეკუთვნის რამდენიმე საისტორიო თხზულება, მ. შ. „იერუსალიმის პატრიარქების ისტორია“, რომელიც გამოქვეყნდა ბუქარესტში ბერძნულ ენაზე 1715 წელს, მისი გარდაცვალებიდან 10 წლისთავზე.

XVII საუკუნის საქართველოს ისტორიის უძვირფასესი წყაროა მისი ეპისტოლეები ქართველი მეფეებისა (არჩილ II, ერეკლე I, ვახტანგ VI) და იმერეთის კათოლიკოს გრიგოლისადმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თაყაიშვილი ე., „საისტორიო მასალანი“ // ძველი საქართველო, ტ. II, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1913. — გვ. 28-80.
  • მამისთვალიშვილი ე., საქართველო–იერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI–XVII სს.), თბ., 2008.