დიდი არტაანის სანჯაყი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდი არტაანის სანჯაყიოსმალეთის იმპერიის ჩილდირის (ახალციხის) ეიალეთის ერთ-ერთი სანჯაყი (ლივა). მისი ადმინისტრაციული ცენტრი იყო ფარავნის ციხის რაბათი. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ (1595) მიხედვით დიდი არტაანის სანჯაყის ფართობ 1 958 კმ² უდრიდა. ცხოვრობდა 3 507 კომლი.

სანჯაყში ყოფილა სამი ნაჰიე (მზვარე, ჩრდილი და ტყიანი), 209 სოფელი და დასახლებული პუნქტი, აქედან 38 სოფელი დაცარიელებული იყო. მოჰყავდათ მარცვლეული (ხორბალი, ქერი, ფეტვი), კარგად განვითარებული იყო მეფუტკრეობა (რეგისტრირებულია 8 705 სკა), მეცხვარეობა და სოფლის მეურნეობის სხვა დარგები.

სანჯაყში ოსმალებმა დანერგეს თიმარული მიწათმფლობელობა და თავიანთი საგადასახადო სისტემა. ამავე დროს 53 სოფელი არ იყო აღწერილი და დავთარში გატარებული. მათზე არ ვრცელდებოდა ოსმალური საგადასახადო სისტემა და მათი წესები. ქართველ ფეოდალთა ნაწილი ამ დროისათვის გამაჰმადიანებული იყო და ამ გზით ოსმალთა სამსახურში მყოფს შენარჩუნებული ჰქონდა მიწები. დავთარში მოხსენიებული იყვნენ ქრისტიანები, რომლებიც ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს და ომის დროს ლაშქრობაში მონაწილეობა ევალებოდათ. XVII საუკუნის I ნახევარში დიდი არტაანის სანჯაყში იყო 9 ზეამეთი და 86 თიმარი, სანჯაყბეგის ხასი კი 300 000 ახჩას შეადგენდა.

„ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთრის" (1694–1732) მონაცემებით, სანჯაყში იყო 10 ზეამეთი, რომელთა წლიური შემოსავალი შეადგენდა 252 127 ახჩას, 95 თიმარისა — 652 313 ახჩას, სანჯაყბეგის ხასისა — 240 000 ახჩას, ხოლო მთლიანად სანჯაყისა – 1144440 ახჩას. 1829 წელს, როდესაც რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად ახალციხის ეიალეთის სანჯაყების ნაწილი რუსეთს შეუერთდა, დიდი არტაანის სანჯაყი გაუქმდა. იგი ოსმალეთის შემადგენლობაში დარჩა არტაანის სანჯაყის სახელწოდებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამყრელიძე გ., „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი" როგორც დემოგრაფიულსტატისტიკური ძეგლი, «თსუ შრომები», 1948, ტ. 34.
  • სვანიძე მ., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობა XVI ს-ში, თბ., 1984.
  • სვანიძე მ., ფეოდალური მიწათმფლობელობის ზოგიერთი საკითხი სამცხე-საათაბაგოში ოსმალთა ბატონობის დროს, კრ.: ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, თბ., 1991.
  • სვანიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.