დიაკვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიაკვანი, დიაკონი (ბერძ. διάκονος — „მსახური“) — ქრისტიანული საეკლესიო იერარქიის სამი ხარისხიდან ერთ-ერთი, მასზე მაღლა დგას მღვდლის (პრესვიტერის) და ეპისკოპოსის ხარისხები.[1]

დიაკვნის მოვალეობაა ეპისკოპოსისა და მღვდლების თანამსახურება წირვის დროს და სხვა საიდუმლოთა (ნათლისღება, ქორწინება, მიცვალებულთა წესის აგება) აღსრულებისას. მას აქვს საკურთხეველში შესვლის, კვერექსების კითხვის, საკმევად საცეცხლურის ხელში პყრობის, ანუ კმევის უფლება.

„ახალ აღთქმის" („საქმე მოციქულთა", თავი VI) თანახმად პირველი დიაკვნების ხელდასმა თვით მოციქულებმა აღასრულეს. ცნობილია პირველი შვიდი დიაკვნის სახელები: სტეფანე, ფილიპე, პროხორონ, ნიკანორ, ტიმონა, პარმენ და ნიკოლაოზ ანტიოქიელი. ადრეული ქრისტიანობის ხანაში დიაკონი ეკლესიის სამეურნეო და საქველმოქმედო საქმიანობას უძღვებოდა. მოგვიანებით ეპარქიის მართვაში მღვდელმთავრის თანაშემწის ფუნქცია დაეკისრა.

შავი სამღვდელოების წარმომადგენელ დიაკონს იეროდიაკონი ანუ ბერდიაკონი ეწოდება. დიაკონის ხარისხის საპატიო წოდებებია არქიდიაკონი და პროტოდიაკონი. დიაკვნები არასაღმრთისმსახურო პერიოდში ატარებენ კაბას, ანაფორასა და სკუფიას, ხოლო ღმრთისმსახურებისას — სტიქარს, სამაჯურებსა და ოლარს. დიაკონისადმი მიმართვის ფორმაა „მამაო".

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]