გულუ ასკეროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გულუ რუსტამ ოღლი ასკეროვი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 18 დეკემბერი, 1928
დაბ. ადგილი სალიანი
გარდ. თარიღი 12 ივნისი, 1987 (58 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
ჟანრ(ებ)ი მუღამი, ოპერა
საქმიანობა კომპოზიტორი, მომღერალი

გულუ რუსტამ ოღლი ასკეროვი (აზერ. Qulu Rüstəm oğlu Əsgərov; დ. 18 დეკემბერი, 1928, სალიანი — გ. 12 ივნისი, 1987, ბაქო) — აზერბაიჯანელი ჰანენდე და საოპერო (ლირიკულ-დრამატული ტენორი) მომღერალი, კომპოზიტორი და პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გულუ ასკეროვი დაიბადა 1928 წლის 18 დეკემბერს, სალიანში.[1] ახალგაზრდობაში გამოდიოდა რაიონულ თეატრში, ჩამოაყალიბა ხალხური საკრავების ანსამბლი „არაზბარი“ და ხელმძღვანელობდა მას.

1952 წელს გადავიდა ბაქოში, 1953 წელს ახალგაზრდა ტალანტების რესპუბლიკური ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. 1953-1958 წლებში გულუ ასკეროვი სწავლობდა ასაფ ზეინალის სახელობის ბაქოს მუსიკალურ ტექნიკუმში (სეიდ შუშინსკის კლასი). ამავე წლიდან გამოდიოდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიის სცენაზე. 1961 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის თეატრალური უნივერსიტეტი.

1957-1978 წლებში ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი იყო. მან თეატრის სცენაზე განასახიერა მაჯნუნი, ზეიდი და იბნ-სალამი ოპერებიდან „ლეილი და მაჯნუნი“ (უ. ჰაჯიბეკოვი), ქერემი ოპერაში „ასლი და ქერემი“ (უ. ჰაჯიბეკოვი), შაჰ ისმაილი ოპერაში „შაჰ ისმაილი“ (მ. მაგომაევი), აშუღ გარიბი ოპერაში „აშუღ გარიბი“ (ზ. ჰაჯიბეკოვი).

მომღერლის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მუღამებს („შური“, „რასტი“, „ბაიათი-ქურდი“, „ბაიათი-კაჯარი“ და სხვა), ხალხურ სიმღერებს და მისსავე შექმნილ სიმღერებს. არის 40-ზე მეტი სიმღერის ავტორი, მათ შორის „Гетмэ ярым“ („არ წახვიდე, საყვარელო"), „Эзиз дост“ („ძვირფასო მეგობარო“; ტექსტი რ. ჰამზათოვისა და თ. ბაირამის), „Доланарам башына“ („თავზე შემოგევლები“; მისი სიტყვები) და ა. შ. გულუ ასკეროვის მუსიკაზე სიმღერები შეასრულეს სსრკ სახალხო არტისტმა ზეინაბ ხანლაროვამ, აზერბაიჯანის სახალხო არტისტებმა ისლამ რზაევმა, ზაურ რზაევმა და სხვებმა. ასკეროვის მიერ შესრულებული სიმღერებისა და მუღამების ჩანაწერები ინახება „აზერტელერადიო“-ს ოქროს ფონდში. მისი სიმღერები გრამფირფიტებზე ჩაწერა ფირმა „მელოდიამ“.

გულუ ასკეროვის მიერ შესრულებულ მუღამებს ახასიათებს დახვეწილობა ღაზელების არჩევისას, ხმის ოსტატურად კონტროლი. იგი გამოირჩეოდა ხმის მელოდიური, სულიერი ტემბრით და სიმღერების შესრულებაში შესამჩნევი იყო მისი მაღალი ლირიზმი. ოპერის თეატრის სცენაზე გამოსვლისას იგი ცდილობდა როლის განსახიერებას ისე, რომ რაც შეიძლება მეტად წარმოეჩინა პერსონაჟების ტემპერამენტის ყველა მახასიათებელი.

ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, 1960-იანი წლების ბოლოდან ასწავლიდა ბაქოს კულტურულ-საგანმანათლებლო კოლეჯში, 1978 წლიდან კი აზერბაიჯანის სახელმწიფო ხელოვნების ინსტიტუტში. მის სტუდენტებს შორის არიან აზერბაიჯანის სახალხო არტისტები ალიმ ქასიმოვი, მელექხანიმ ეიიუბოვა და სხვები.

გარდაიცვალა 1987 წლის 12 ივნისს ფილტვის კიბოთი. იგი დაკრძალეს ბაქოში, საპატიო დაკრძალვის ხეივანში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Əsgərov Qulu Rüstəm oğlu (азерб.) // Muğam ensiklopediyası. — Bakı: Musiqi dünyası, 2008.
  • Ruzə İbişova. Sənətin kərəmi (азерб.) // Palitra : qəzet. — 2010. — 14 aprel. — S. 13.
  • Tahir Abbaslı. Milli muğam-təsnif-mahnı aləmimizin çox uğurlu DÜNƏNLƏRindən, yaşarı SABAHLARından biri... (азерб.) // Mədəniyyət : qəzet. — 2018. — 12 dekabr. — S. 6.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]