არქეოლოგიური ყრილობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არქეოლოგიური ყრილობები (რუს. Археологические съезды) — რუსეთის არქეოლოგთა ყრილობები. ტარდებოდა მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების ინიციატივით. იწვევდნენ სხვადასხვა ქალაქში. წარმოდგენილ მოხსენებათა თემატიკა ძირითადად იმ მხარეს უკავშირდებოდა, სადაც ყრილობას იწვევდნენ. ამ მიზნით ტარდებოდა მოსამზადებელი მუშაობა, არქეოლოგიური კვლევა-ძიება, ეწყობოდა გამოფენები. სპეციფიკური არქეოლოგიური საკითხების გარდა, ყრილობებზე განიხილავდნენ ეთნოგრაფიის, ისტორიის, ლინგვისტიკისა და სხვათა საკითხებს. არქეოლოგიური ყრილობები გამოსცემდნენ „შრომებს“, სადაც იბეჭდებოდა მოხსენებები და ჩატარებულ არქეოლოგიურ სამუშაოთა ანგარიშები.

I არქეოლოგიური ყრილობა ჩატარდა ქალაქ მოსკოვში (1869), II — პეტერბურგში (1871), III — კიევში (1874), IV — ყაზანში (1877), V — თბილისში (1881), VI — ოდესაში (1884), VII — იაროსლავში (1887), VIII — მოსკოვში (1890), IX — ვილნოში (1893), X — რიგაში (1896), XI — კიევში (1899), XII — ხარკოვში (1902), XIII — ეკატერინოსლავში (1905), XIV — ჩერნიგოვში (1908), XV — ნოვგოროდში (1911).

არქეოლოგიურმა ყრილობებმა დიდი როლი შეასრულა არქეოლოგიური საქმის განვითარებაში.

საყურადღებოა თბილისში ჩატარებული V არქეოლოგიური ყრილობა. მის მუშაობაში 100-მდე სპეციალისტი მონაწილეობდა. ამ ყრილობასთან დაკავშირებით კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში არქეოლოგიისადმი ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. ყრილობის ნაყოფიერი მუშაობა ჩანს სპეციალურად გამოცემული ტომიდან (Труды V археологического съезда в Тифлисе 1881, Москва, 1887), რომელშიც ა. ავდეევის, დ. ბაქრაძის, ილ. ოქრომჭედლიშვილის, ნ. სულთანოვის, ნ. ლიხაჩოვის და სხვათა გამოკვლევებია დაბეჭდილი.

საბჭოთა კავშირში არქეოლოგიური ყრილობები ჩაანაცვლა სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის განყოფილების ყოველწლიურმა სესიებმა და სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური ინსტიტუტის პლენუმებმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]