ალექსანდრე დიდებულიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე იოსების ძე დიდებულიძე (დ. 4 დეკემბერი, 1882, თბილისი, — გ. 18 აპრილი, 1951, იქვე) — ქართველი ფიზიკოსი, ენერგეტიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), ტექნიკურ მეცნიერაბათა დოქტორი (1943), პროფესორი (1918), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1941).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე დიდებულიძე დაიბადა 1882 წელს თბილისში რუსეთის იმპერიის არმიის ოფიცრის იოსებ დიდებულიძის და სიმღერის მასწავლებლის მართა სულხანიშვილის ოჯახში. დაამთავრა რიგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტი (1911). 1910–1916 წლებში სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა იქვე. რიგაში სწავლისა და მუშაობის დროს იყო სწავლის პერიოდში იგი იყო სტუდენტური ტექნიკური საზოგადოების ხელმძღვანელი, რიგის სამუსიკო საზოგადოების თავმჯდომარე და ჟურნალ Фотографические новости-ის რედაქტორი. 1916-1917 წლებში დიდებულიძე მუშაობდა ოდესაში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის გამგე (1919-1933) და თსუ-ის პოლიტექნიკური ფაკულტეტის პირველი დეკანი (1922-1926). პარალელურად დიდებულიძე იყო თბილისის რუსული პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი (1919-1926) და რექტორი (1920-1921).

დიდებულიძე იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი (1928) და ამავე ინსტიტუტის ზოგადი და თეორიული ელეტროტექნიკის კათედრის გამგე (1928 წლიდან გარდაცვალებამდე). იმავდროულად, დიდებულიძე 1923-1925 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიას, 1932-1938 წლებში — ამიერკავკასიის ელექტროკავშირგაბმულობის ინჟინერთა ინსტიტუტის ელექტროტექნიკის კათედრას, 1936-1945 წლებში — საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის კათედრას, 1948-1951 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტს.

სამეცნიერო მუშაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდებულიძე ავტორია მნიშვნელოვანი კვლევებისა და გამოგონებებისა ტექნიკის დარგში (თერმოელემენტების დამზადების ახალი პრინციპი, სითბოს იზოთერმული აკუმულატორი და სხვ.). თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის ხელმძღვანელობისას მან მეცნიერული საფუძველი ჩაუყარა კავკასიონის მთავარი ქედის გეოფიზიკურ გამოკვლევებს. ამ მიზნით დიდებულიძის ხელმძღვანელობით 1923 წლის 3 სექტემბერს მყინვარწვერზე ავიდა თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის ექსპედიცია, რომელმაც გიორგი ნიკოლაძის ექსპედიციასთან ერთად სათავე დაუდო ალპინიზმის ისტორიას საბჭოთა კავშირში. 1930 წელს კონსტანტინე ამირაჯიბთან ერთად შექმნა სსრ კავშირში პირველი ელექტროტრაქტორი, 1932 წელს კი — ნათესების მოსარწყავი პირველი გრძელჭავლიანი საწვიმარი აპარატი.

დიდებულიძე დაინტერესებული იყო ფოტოგრაფიით, წერდა შრომებს ფოტოგრაფიის თეორიისა და პრაქტიკის საკითხებზე. რიგაში მოღვაწეობისას, 1913-1914 წლებში მან შეიმუშავა ფოტოგრაფიული ემულსიების ოპტიკური სტაბილიზაციის და ინტერფერენციის მეთოდები, რომლებიც აუმჯობესებდა ფერთა გადმოცემის სისუფთავეს და აძლიერებდა შუქმგძნობიარობას. 1920-იან წლებში იგი მუშაობდა ფერდაკარგული ძველი ხელნაწერების გადაღებისას კონტრასტულობის გაზრდის პრობლემებზე. ზოგიერთი წაუკითხავი ხელნაწერი იქნა გადაღებული ივანე ჯავახიშვილის თხოვნით და შესაძლებელი გახდა მათი შესწავლა.[1] დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორი ორდენით და მედლებით.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლები (სახელმძღვანელო), ნაწ. 1, ტფ., 1927.
  • ელექტრო და მაგნიტომეტრია (სახელმძღვანელო), ტფ., 1929.
  • Цветная фотография на солях серебра, Рига, 1915.
  • Фоторепродукция невидимого, Тб., 1948 (თანაავტ. Г. А. Дидебулидзе).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ. 399-413.
  • ალექსანდრე დიდებულიძე. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. გ. მგელაძე, თბ., 1985.
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 409.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გერსამია, გ. ალექსანდრე დიდებულიძე, ფოტოგრაფიის ქართული მუზეუმი.