ყირიმ-ნოღაის მონების რეიდები აღმოსავლეთ ევროპაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყირიმ–ნოღაის რეიდები აღმოსავლეთ ევროპაში
რუსეთ–ყირიმის ომების ნაწილი
Józef Brandt - Potyczka Kozaków z Tatarami
თარიღი 1441–1774 წწ.
მდებარეობა აღმოსავლეთ ევროპა, კერძოდ, ველური მინდვრები. რეიდების მიზანი ასევე იყო კავკასია და ცენტრალური ევროპის ნაწილები.
შედეგი
  • 3-5 მილიონზე მეტი აღმოსავლეთ ევროპელი, კავკასიელი, ცენტრალური ევროპის ხალხები წაიყვანეს გასაყიდად ყირიმის მონებით ვაჭრობის ბაზარზე.
  • რეიდების სამიზნე ადგილების განადგურება
  • კაზაკების განვითარება
  • კაზაკების რეიდები და ძალადობა ყირიმის სახანოსა და ოსმალეთის იმპერიაში
  • კონფლიქტი დასრულდა რუსეთის იმპერიის მიერ ყირიმის სახანოს ანექსიით
მხარეები
ყირიმის სახანო,

ნოღაის ურდო, ოსმალეთის იმპერია

მოსკოვის დიდი სამთავრო (1441–1547 წწ.)

ყირიმ-ნოღაის მონების რეიდები აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარეობდა დაახლოებით სამი საუკუნის განმავლობაში და ხორციელდებოდა ყირიმის სახანოს და ნოღაის ურდოს მხედრობის მიერ. თავდაპირველად, ეს ხდებოდა რუსეთისა და პოლონეთ-ლიტვის კონტროლირებად, ხოლო მოგვიანებით, ოსმალეთის იმპერიის სხვა ტერიტორიებზე.

მათი მთავარი მიზანი იყო ადამიანების შეპყრობა და შემდგომი მონათმფლობელობა,[1] რომელთა უმეტესობა გააგზავნეს ოსმალეთის მონების ბაზარზე კონსტანტინოპოლში ან ახლო აღმოსავლეთის გარკვეულ ნაწილებში შავი ზღვის მონების ვაჭრობის მეშვეობით. გენუისა და ვენეციელი ვაჭრები აკონტროლებდნენ ყირიმიდან დასავლეთ ევროპაში მონების ვაჭრობას. რეიდები ასუსტებდა ადამიანურ და ეკონომიკურ რესურსებს აღმოსავლეთ ევროპაში. მათი უმთავრესი სამიზნე იყო „ველური მინდვრები“ – სტეპები და ტყე-სტეპების მიწები, რომლებიც გადაჭიმული იყო დაახლოებით 800 კილომეტრზე შავი ზღვის ჩრდილოეთით და რომელიც ამჟამად მოიცავს თანამედროვე სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინისა და სამხრეთ-დასავლეთ რუსეთის მოსახლეობის უმეტესობას. ლაშქრობებმა, ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კაზაკების განვითარებაში.[2][3]

ხალხის რაოდენობა, რომელზეც ამ მოვლენებმა გავლენა მოახდინა: პოლონელი ისტორიკოსი ბოგდან ბარანოვსკი ვარაუდობდა, რომ მე-17 საუკუნის პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობამ (თანამედროვე პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა და ბელარუსი) დაკარგა საშუალოდ 20 000 ადამიანი წლიურად და იმდენივე, რამდენიც ჯამურად 1474-დან 1694 წლამდე.[4] მიხაილ ხოდარკოვსკი ვარაუდობს, რომ 150 000-დან 200 000-მდე ადამიანი მოიტაცეს რუსეთიდან მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში.

1468 წელს შედგა პირველი ძირითადი რეიდი და მიმართული იყო პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე.[1] პირველი რეიდი უნგრეთში განხორციელდა 1717 წელს.[5] 1769 წელს, თათართა უკანასკნელი ძირითადი რეიდი, რომელიც განხორციელდა რუსეთ-ოსმალების ომის დროს, 20 000 ადამიანის შეპყრობით დასრულდა.

კონტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეოგრაფიული ფაქტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ ევრაზიის სტეპები ჰორიზონტალურია და მისი საზოგადოების უმეტესი ნაწილი ან მომთაბარეა ან ნახევრად-მომთაბარე, ისინიც კი, როლებიც მდებარეობს საქალაქო ცენტრებში, როგორიცაა ყაზანი, ყირიმი და ასტრახანი.

მოცემულობა, რომ მიმდინარეობდა მომთაბარე ერების მობილობა, საომარი მოქმედებების და მონებით ვაჭრობის რეიდები, ვაჭრობასთან შედარებით, უფრო მომგებიანი იყო ღია და ფართო ტერიტორიებზე. გარდა ამისა, დეცენტრალიზებული და ფრაგმენტული ძალები, რომლებიც რუსეთში იჭრებოდნენ აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებზე, მზად იყვნენ ომისთვის, ტოვებდნენ აღმოსავლეთ სლავურ მიწებს მრავალი პოტენციური მტრის წინააღმდეგ მუდმივი საომარი მოქმედებების პირობებში. ისინი ძირითადად შეიარაღებული იყვნენ შუბებით, მშვილდებითა და საბერებით და მხედრებს შეეძლოთ ემოგზაურათ რამდენიმე ასეული კილომეტრი ღია სტეპებზე მთა-გორიანი წინაღობების გარეშე, თავს დასხმოდნენ სოფლებს გაუფრთხილებლად და შემდგომ, წაესხათ ტყვეები. მსუბუქად, ცხენების საშუალებით მგზავრობა და ცხენების საკმარისად გამოკვება თათართა მთავარი საზრუნავი იყო. ფერმერთა ნაკლებადმოძრავი საზოგადოებები, ძლიერი არმიის თანხლებით ან მის გარეშე, ადვილად მოსაპოვებელი ნადავლი იყო მაღალი მობილობის მქონე მხედრებისთვის.

სტეპების ფართო და ღია სივრცეებზე უსაფრთოხება არ იყო დაცული და მუდმივად იყო საშიშროება. მე-18 საუკუნის შუა პერიოდშიც კი, უსაფრთხო სამხრეთი საზღვრებით, იქ მყოფი რუსი გლეხები განაგრძობდნენ თავიანთი მიწების დამუშავებას და სრულად შეიარაღებას. ისინი ხშირად გარეგნულად განურჩევლები იყვნენ კაზაკებისგან.

ეკონომიკური ფაქტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეიდების უმეტესობა მიმდინარეობდა დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე და უკრაინაში – თავდაპირველად, მიწები, გაყოფილი იყო მოსკოვსა და ლიტვაში, თუმცა ზოგიერთი განხორციელდა მოლდავიასა და ჩერქეზეთში (ჩრდილოეთი კავკასია). ყირიმის მამრობითი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მონაწილეობას იღებდა ამ ლაშქრობებში.[6]

რეიდების მთავარი ეკონომიკური მიზანი იყო ნადავლი, ზოგიერთი მათგანი მატერიალური, ხოლო უმეტესობა - ადამიანური.[7] ადამიანებით უმეტესწილად ვაჭრობდნენ ოსმალეთის იმპერიაში, თუმცა ყირიმშიც იყო შემთხვევები. მონები და თავისუფალი ადამიანები შეადგენდნენ დაახლოებით ყირიმის მოსახლეობის 75%-ს.[8] ენციკლოპედია ბრიტანიკას თანახმად, „ცნობილია, რომ თითოეული მონა, რომელსაც ყირიმელი ჰყიდდა ბაზარზე, პირდაპირ კლავდნენ თავიანთი რეიდების დროს. თუმცა, ორჯერ უფრო მეტი იღუპებოდა მონების ბაზრისკენ მიმავალ გზაზე“.[8] მონების მთავარი ბაზარი იყო ფეოდოსია, რომელიც 1475 წლიდან იყო ყირიმის სანაპირო სექტორის ნაწილი, რომელიც ეკუთვნოდა ოსმალებს. 1570-იან წლებში. წლიურად, დაახლოებით 20 000 მონას ჰყიდნენ ფეოდოსიაში.[9]

პოლიტიკური ფაქტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყირიმის სახანო დაახლოებით 1600 წელს. აღსანიშნავია, რომ ყირიმის სახანოს პრეტენზია ჰქონდა პოლონეთისა და განსაკუთრებით, მოსკოვის მონიშნულ ტერიტორიებზე, მაგრამ მათ არ მართავდა. ეს ტერიტორიები მცირედ იყო დასახლებული.

ყირიმის სახანო გამოეყო ოქროს ურდოს 1441 წელს. როდესაც ურდომ არსებობა შეწყვიტა 1502 წელს, ყირიმსა და მის ჩრდილოელ მეზობლებს შორის ბუფერული მიწა გაუჩინარდა. ხანებმა ისარგებლეს ლიტვასა და მოსკოვს შორის გაჩაღებული კონფლიქტით, ჯერ ერთის მხარე დაიჭირეს, შემდეგ - მეორეს მხარე და ერთთან ალიანსი, მეორეზე თავდასხმის გასამართლებლად გამოიყენეს. 1500–1506 წლების რუსეთ-ლიტვის ომის დროს, ყირიმელები გაერთიანდნენ რუსეთთან და ღრმად შეიჭრნენ ლიტვაში. ურთიერთობები მალევე გაუარესდა. განგრძობადი რეიდები მოსკოვში დაიწყო 1507 წელს.[10]

ყირიმელი ხანი დევლეთ I გირეიმ მოსკოვი გადაწვა 1571 წლის ლაშქრობის დროს. თანამედროვეების ანგარიშის თანახმად, 1571 წლის თათართა ინტერვენცია 80 000 მსხვერპლს ითვლიდა. 150 000 რუსი კი მძევლად აიყვანეს. მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ყირიმის სახანოს არმია უახლოვდებოდა მოსკოვს, ივანე მრისხანე მოსკოვიდან გაიქცა კოლომნაში საკუთარ იპრიჩნიკებთან ერთად.[10]

მოსკოვის გადაწვის შემდგომ, ოსმალეთის იმპერიის მიერ მხარდაჭერილი დევლეთ გირეი ხანი რუსეთში კიდევ ერთხელ შეიჭრა 1572 წელს. თათართა და თურქთა გაერთიანეული ძალები ამჯერად რუსებმა მოიგერიეს მოლოდის ბრძოლაში. ივლის-აგვისტოში, რუსეთის არმიამ, ასევე დაამარცხა 120 000 თათარ-ოქროს ურდოს მეომარი, რასაც ხელმძღვანელობდა მთავარი მიხაილ ვოროტინსკი და მთავარი დმიტრი ხვოროსტინინი.[11]

1620 წელს, თათრებმა მონაწილეობა მიიღეს ცეკორას ბრძოლაში, სადაც დიდი წვლილი შეიტანეს თურქების მხრიდან პოლონეთ-ლიტვის გამანადგურებელ გამარჯვებაში.[12] 1672 წელს, სელიმ I გირეის დაევალა ოსმალეთის არმიასთან გაერთიანება პოლონეთ–ოსმალეთის ომში (1672–1676), რომელშიც მან წარმატებით დაიპყრო ბარი.[13]

სამხედრო ფაქტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი აბატის საზღვარი მაქს პრესნიაკოვის მიერ (2010 წ.). საზღვარი რუსეთმა შექმნა, რათა დაეცვა ის ყირიმ-ნოღაის თავდამსხმელებისგან, რომლებიც სწრაფად მოძრაობდნენ მურავსკის ბილიკის გასწვრივ და ანადგურებდნენ ქვეყნის სამხრეთ პროვინციებს.

ომის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ პერიოდის დასაწყისში, მოსახლეობით მეჩხრად დასახლებული საძოვრების თითქმის 1100 კილომეტრი - ე.წ. „ველური მინდვრები“ - ყირიმის სახანოს ჰყოფდა მოსკოვის სამთავროსგან. მდინარე ოკა, რომელიც მიედინება მოსკოვის სამხრეთით 65 კილომეტრში, ქალაქის თავდაცვის მთავარი ხაზი იყო ჩრდილოეთის მიმართულებიდან, რომელსაც სანაპირო დაცვის სამსახური იცავდა. ეს მცველები ადგილზე დარჩნენ სამხრეთისგან მოშორებით მდებარე ბელგოროდის ხაზის მშენებლობის შემდეგაც. ისინი იშვიათად კვეთდნენ ოკას იმ მიმართულებით, მაშინაც კი, როცა სამხრეთი ციხე-სიმაგრების კარიბჭე მასიურ შეტევებს განიცდიდა.

სამი მთავარი მარშრუტი, რომელსაც ბილიკებს უწოდებდნენ, მოსკოვსა და ყირიმს შორის გადიოდა. იმისთვის, რომ მდინარეებზე გადასასვლელები მოეჭრათ, ბილიკები ჩვეულებრივ მიჰყვებოდნენ მათ შორის არსებულ მაღალ ადგილს.

ყირიმსა და თურქეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეოდოსია, რომელიც 1475 წლის შემდეგ ოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდა, ყირიმისთვის მონებით ვაჭრობის მთავარი ბაზარი იყო. ქალაქს იცავდა არტილერია და იანიჩრების ძლიერი გარნიზონი. ყირიმული ქალაქები, როგორებიცაა კარასუბაზარი, ტუზლერი, ბახჩისარაი და ხაზლევე, ასევე ჩართული იყვნენ მონებით ვაჭრობაში. მონებით მოვაჭრეები იყვნენ თურქები, არაბები, ბერძნები, სომხები და ებრაელები, ხოლო ყირიმის ორივე ხანი და თურქი ფაშა ამ უფლების სანაცვლოდ მათ გადასახადს უწესებდნენ. ზოგჯერ ფეოდოსიას ჰყავდა 30 000 მონა, რომელთაგან უმეტესობა მოსკოვიდან და პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის სამხრეთ-აღმოსავლეთ მიწებიდან იყო წარმოშობით. ზიგმუნდ ფონ ჰერბერსტეინი, რომელიც იყო ჰაბსბურგელი დიპლომატი და მოსკოვში საღვთო რომის იმპერიის ელჩის თანამდებობა ეკავა, წერდა, რომ „მოხუც და დაუძლურებულ კაცებს, რომლებიც გაყიდვის სანაცვლოდ ბევრს ვერაფერს მოიტანდნენ, თათარ ახალგაზრდებს ჩუქნიდნენ. ახალგაზრდები მათ ფეხებით ქოლავდნენ, ან ზღვაში აგდებდნენ, ან ნებისმიერი ფორმით კლავდნენ, რაც მათ მოეწონებოდათ“.[14] ერთი ლიტველი 1630 წელს წერდა:[15]

ვიკიციტატა
„ამ უბედურთა შორის [სლავი მონები] ბევრია ძლიერი; თუკი [თათრებს] ჯერ არ მათთვის კასტრირება არ გაუკეთებიათ, მათ ყურები და ნესტოები მოაჭრეს, ლოყები და შუბლი ცეცხლმოკიდებული რკინით დაუწვეს, იმისთვის, რათა დღისით, ჯაჭვებითა და ბორკილებით ემუშავათ, ღამით კი ციხეებში ყოფილიყვნენ; ისინი იკვებებოდნენ მწირი საკვებით, რომელიც შედგებოდა მკვდარი, დამპალი, ჭიებით სავსე ცხოველების ხორცისგან, რომელსაც ძაღლიც კი არ შეჭამს. ყველაზე ახალგაზრდა ქალებს გარყვნილი სიამოვნებისთვის იტოვებდნენ.“

ალან ვ. ფიშერი მონების ბედს შემდეგნაირად აღწერდა:[16]

ვიკიციტატა
„”[ტყვეების] პირველი განსაცდელი იყო გრძელი ლაშქრობა ყირიმამდე. ხშირად ჯაჭვებით და მუდამ ფეხით, რა დროსაც ბევრი ტყვე იღუპებოდა გზაზე. მას შემდეგ, რაც თათრების მხრიდან დარბევის და რეპრესიების ან, მეჩვიდმეტე საუკუნეში კაზაკთა ბანდების მიერ ტყვეების გაათავისუფლების მცდელობის მიმართ შიში გაიზარდა, მსვლელობები ნაჩქარევად მიმდინარეობდა. მეთექვსმეტე საუკუნის შუა ხანებში, ოსმალი მოგზაური ჩიოდა, რომ მონების მიმართ მოპყრობა იმდენად ცუდი იყო, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზედმეტად ზრდიდა მათ ფასს პოტენციური მყიდველებისთვის.“

უკრაინულ-კანადელი ისტორიკოსის, ორესტ სუბტელნის თანახმად, „1450-დან 1586 წლამდე, 86 რეიდი აღიწერა, ხოლო 1600-დან 1647 წლამდე - 70. თუმცა, ერთი რეიდის დროს დატყვევებული მონების რაოდენობა აღწევდა 30 000-ს. მხოლოდ პოდილიაში, ყველა სოფლის დაახლოებით მესამედი განადგურდა ან მიატოვეს 1578 და 1583 წლებს შორის“.[2]

მიჩალო ლიტუანუსი აღწერდა ფეოდოსიას, როგორც „დაუოკებელი და უკანონო უფსკრული, რომელიც სვამს ჩვენს სისხლს“. ცუდი საკვების, წყლის, ტანსაცმლისა და თავშესაფრის გარდა, ისინი იყვნენ დამქანცველი შრომისა და შეურაცხყოფის სუბიექტები. ლიტვინის თანახმად, „ძლიერ მონებს უტარებდნენ კასტრირებას, სხვებს კი აჭრიდნენ ცხვირსა და ყურებს და შუბლზე ან ლოყაზე ასვამდნენ დაღს. დღისით, ისინი განიცდიდნენ ტანჯვას იძულებითი შრომის გამო, ხოლო ღამით, გამომწყვდეულნი იყვნენ ქვესკნელში“. მუსლიმები, სომხები, ებრაელები და ბერძენი ვაჭრები ყიდულობდნენ სლავ მონებს ფეოდოსიაში.

ადამიანური დანაკარგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანური დანაკარგები რეიდების დროს უაღრესად შესამჩნევი იყო აღმოსავლეთ ევროპაში. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 1468-დან 1694 წლამდე პერიოდში ყირიმელმა თათრებმა დაახლოებით 2 მილიონი რუსი, უკრაინელი და პოლონელი დაიმონეს.[17] მხოლოდ მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში, დაახლოებით 150-დან 200 ათასამდე ადამიანი მონად აიყვანეს მოსკოვის სახელმწიფოს ტერიტორიიდან, მათ შორის, არ ითვლებოდნენ ის პირები, რომლებიც დაიღუპნენ შეტაკების დროს.[18]

მონები, ყველაზე დიდი რაოდენობით აიყვანეს დნეპრის, პოდილიის, ვოლგინიას და გალიციის რეგიონებიდან, კერძოდ, ამ მიწებიდან მილიონი ადამიანი შეიპყრეს 1500-დან 1644 წლამდე პერიოდში. მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში, ამ რეგიონებში მოხდა უამრავი ომი თათრების მონაწილეობით. განსაკუთრებით მაღალი იყო დატყვევებული იასირების რაოდენობა ამ პერიოდში. 1676 წელს, მაგალითად, 40 000 ადამიანი გადაიყვანეს ვოლგინიაში, პოდოლიასა და გალიციაში.

მე-18 საუკუნეში, პეტრე I დიდის აზოვური ლაშქრობების დროს, რეიდები შემცირდა და უმეტესად ხორციელდებოდა დნეპრის რეგიონში, აზოვის რეგიონში და დონში, თათრების და კაზაკების მხრიდან ორივე მიმართულებით.[19]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Kizilov, Mikhail (2007). „Slaves, Money Lenders, and Prisoner Guards: The Jews and the Trade in Slaves and Captives in the Crimean Khanate“. Journal of Jewish Studies (ინგლისური). 58 (2): 189–210. doi:10.18647/2730/JJS-2007.
  2. 2.0 2.1 Subtelny, Orest (2000). Ukraine: A History. University of Toronto Press, გვ. 105–106. ISBN 0802083900. OCLC 940596634. 
  3. Breyfogle, Nicholas; Schrader, Abby; Sunderland, Willard (2007) Peopling the Russian Periphery: Borderland Colonization in Eurasian History. New York: Routledge, გვ. 43. ISBN 978-1134112883. OCLC 182756807. 
  4. Yermolenko, Galina I (2010) Roxolana in European Literature, History and Culture. Ashgate Publishing, Ltd., გვ. 111. ISBN 978-1409403746. 
  5. Dávid, Géza; Fodor, Pál (2007) Ransom Slavery Along the Ottoman Borders: (Early Fifteenth – Early Eighteenth Centuries). BRILL, გვ. 203. ISBN 978-90-04-15704-0. 
  6. „Slavery“. Encyclopædia Britannica.
  7. Paul Robert, Magocsi (2010) A History of Ukraine: The Land and Its Peoples, Second Edition. University of Toronto Press, გვ. 184–185. ISBN 978-1442698796. 
  8. 8.0 8.1 „Slavery“. Encyclopædia Britannica.
  9. Halil Inalcik. "Servile Labor in the Ottoman Empire" in A. Ascher, B. K. Kiraly, and T. Halasi-Kun (eds), The Mutual Effects of the Islamic and Judeo-Christian Worlds: The East European Pattern, Brooklyn College, 1979, pp. 25–43.
  10. 10.0 10.1 Williams, Brian Glyn. (2013) The Sultan's Raiders: The Military Role of the Crimean Tatars in the Ottoman Empire. The Jamestown Foundation.
  11. Payne, Robert; Romanoff, Nikita (2002) Ivan the Terrible. Cooper Square Press. ISBN 9781461661085. OCLC 1054786811. 
  12. (2010) A global chronology of conflict / Vol. 2 1500-1774. Santa Barbara: ABC-CLIO. ISBN 9781851096671. OCLC 643904577. 
  13. Sevim, Ali; Yücel, Yaşar; Turkish History Association (1991) Türkiye tarihi Cilt III: Osmanlı dönemi, 1566-1730 (tr). Ankara: Türk Tarih Kurumu Basımevi, გვ. 168–169. ISBN 9751604303. OCLC 645656679. 
  14. Matsuki, Eizo. The Crimean Tatars and their Russian-Captive Slaves An Aspect of Muscovite-Crimean Relations in the 16th and 17th Centuries.
  15. Kizilov, Mikhail (January 1, 2007). „Slave Trade in the Early Modern Crimea From the Perspective of Christian, Muslim, and Jewish Sources“. Journal of Early Modern History. 11 (1–2): 1–31. doi:10.1163/157006507780385125 – წარმოდგენილია brill.com-ის მიერ.
  16. (1999) A Precarious Balance: Conflict, Trade, and Diplomacy on the Russian-Ottoman Frontier. Isis Press. ISBN 9789754281453. 
  17. Борьба Московского государства с татарами в первой половине XVII века » Информационно-аналитическая служба Белгорода на Беелгород.ру. Academy of Sciences of the Soviet Union. ციტირების თარიღი: 2023-04-03
  18. Eltis, David; Engerman, Stanley L.; Bradley, Keith R.; Cartledge, Paul; Perry, Craig; Drescher, Seymour; Richardson, David (2011-07-25) The Cambridge World History of Slavery: Volume 3, AD 1420-AD 1804 (en). Cambridge University Press. ISBN 978-0-521-84068-2. 
  19. ДОКУМЕНТЫ->КРЫМ->ПЕТР I->ИНСТРУКЦИЯ О ПРИНЯТИИ КРЫМСКОГО ХАНСТВА В ПОДДАНСТВО (1712)->ТЕКСТ. ციტირების თარიღი: 2023-04-03

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]