ვლადიმირ მაცკევიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმირ მაცკევიჩი

ვლადიმირ ვლადიმირის ძე მაცკევიჩი (ბელარ. Уладзімір Уладзіміравіч Мацкевіч; დ. 14 მაისი, 1956, ჩერემხოვო, რსფსრ, სსრკ) — ბელარუსი ფილოსოფოსი, სოციალური და პოლიტიკური აქტივისტი. 2021 წლის 4 აგვისტოს ის ბელარუსის ხელისუფლებამ დააკავა. ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებმა ის პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ბელარუსი მშობლები იძულებით გადასახლებაში იმყოფებოდნენ ციმბირში, სადაც ვლადიმირი დაიბადა.[2] 1966 წელს მოხდა მათი რეაბილიტაცია და ბელარუსში დაბრუნდნენ.[2] დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგიის ხარისხით.[3] ვლადიმირზე ძლიერი გავლენა მოახდინა რუსმა ფილოსოფსმა გიორგი შედროვიცკმა და მოსკოვის მეთოდოლოგიურმა წრემ.[3][4]

1980-იანი წლების ბოლოს, ის ლატვიაში ცხოვრობდა და იქაურ პერესტროიკაში მონაწილეობდა.[2] 1994 წელს ბელარუსში დაბრუნდა.[2] 1990-იან წლებში მაცკევიჩი მონაწილეობდა სხვადასხვა საარჩევნო კამპანიაში, როგორც კანდიდატი და პოლიტიკური ტექნოლოგი..[2] კონსულტაციას უწევდა სამ პარტიას, რომლებიც გაერთიანდნენ და გაერთიანებული სამოქალაქო პარტია შექმნეს.[2] მისივე მონაწილეობით შეიქმნა პლატფორმა, სახელად „ქარტია 97“.[2] მაცკევიჩი ალექსანდრე ლუკაშენკოს დიდი ხნის კრიტიკოსია; 2011 წელს მან პოოლიტიკური სიტუაცია დაახასიათა, როგორც „პერსონალისტური დიქტატურა, რომელმაც დააწესა საომარი მდგომარეობა“.[2] მხარს უჭერდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიერ აგორებულ საპროტესტო აქციებს და ლუკაშენკოს „არალეგიტიმურ პრეზიდენტს“ უწოდებდა.[5] 2021 წლის თებერვალში, მაცკევიჩი მიესალმა ოპოზიციის გაერთიანების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიას, მაგრამ აკრიტიკებდა მისი შემადგენლობის დიდ ნაწილს.[6]

ტაციანა ვადალაჟსკაია და ვლადიმირ მაცკევიჩი

1994-1996 წლებში მაცკევიჩი მონაწილეობდა ბელარუსის განათლების სამინისტროს ორ საგანმანათლებლო რეფორმაში, მაგრამ ეს რეფორმები არასოდეს განხორციელებულა.[2] 2007 წელს, მაცკევიჩი მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაცია EuroBelarus-ის შექმნაში; ეს ორგანიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრია.[7] მან ასევე შექმნა ორგანიზაცია ჰუმანიტარული ტექნოლოგიების სააგენტო (რუს. Агентство гуманитарных технологий),[3] რომელსაც თავადვე მართავდა. სოციოლოგ ტაციანა ვადალაჟსკაიასთან ერთად შექმნა მფრინავი უნივერსიტეტი (რუს. Летучий университет), რომელიც ფოკუსირებულია კრიტიკულ აზროვნებაზე.[8]

2021 წლის 4 აგვისტოს, მაცკევიჩი დააპატიმრეს.[1] იმავე დღეს ასევე დააპატიმრეს ტაციანა ვადალაჟსკაია და მასთან კავშირის მქონე რამდენიმე სხვა აქტივისტი.[1] 6 აგვისტოს, რვა ბელარუსულმა ადამიანის უფლებათა ორგანიზაციამ ერთობლივ განცხადებაში ის პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა.[1] მას ბრალად დასდეს „ისეთ ქმედებათა ორგანიზება, რომლებიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის თანახმად.[9]

2022 წლის 4 თებერვალს, მაცკიევიჩმა შიმშილობა გამოაცხადა არა გათავისუფლების, არამედ გამოძიების დასრულებისა და სასამართლოს თარიღის დანიშვნის მოთხოვნით.[10] 15 თებერვალს მან უკვე მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.[10] 16 თებერვალს მას დაკითხვის მწარმოებელი ესტუმრა და შიმშილობა შეწყვიტა.[11]

2011 წელს მას 50-ზე მეტი ნაშრომი ჰქონდა გამოქვეყნებული.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]