შინაარსზე გადასვლა

ბელგრადი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბელგრადი
Београд / Beograd
დროშა გერბი

ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
დაქვემდებარება დედაქალაქი
ოლქი ბელგრადი
კოორდინატები 44°49′14″ ჩ. გ. 20°27′44″ ა. გ. / 44.82056° ჩ. გ. 20.46222° ა. გ. / 44.82056; 20.46222
ქალაქის მერი Aleksandar Šapić
დაარსდა ძვ. წ. 269
პირველი ხსენება ძვ. წ. III საუკუნე
ფართობი 3,222.68 კმ²
ცენტრის სიმაღლე 117
ოფიციალური ენა სერბული ენა
მოსახლეობა 1 711 800 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 488.42 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი (+381) 11
საფოსტო ინდექსი 11000
საავტომობილო კოდი BG
ოფიციალური საიტი beograd.rs
ბელგრადი — სერბეთი
ბელგრადი

ბელგრადი (სერბ. Београд, Beograd) — სერბეთის დედაქალაქი (2003-დღემდე). ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ევროპაში, დაფუძნდა ძვ. წ. III საუკუნეში კელტების მიერ, სანამ რომაელთა დასახლება (Singidunum) გახდებოდა. ამჟამინდელი სახელწოდება პირველად ნახსენებია 878 წლის წყაროში. ბელგრადი სერბეთის დედაქალაქი 1404 წლიდან, ხოლო იუგოსლავიისა კი 1918-1991 წლებში იყო.

ქალაქი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძია. მას დაახლოებით ქვეყნის 3,6% უჭირავს და მასში სერბეთის მოსახლეობის 15,8% ცხოვრობს (23% კოსოვოს გამოკლებით). ასევე, ქვეყნის დასაქმებული მოსახლეობის 31,2% ბელგრადში მუშაობს. ბელგრადი ქვეყნის კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრია. მასშია თავმოყრილი ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული მნიშვნელობის ინსტიტუტთა უდიდესი კონცენტრაცია.

ბელგრადს ცალკე ტერიტორიული სტატუსი აქვს სერბეთის სამხარეო სისტემაში და ჰყავს ავტონომიური საქალაქო მმართველობა. მისი ტერიტორია დაყოფილია 17 მუნიციპალიტეტად, რომელთაც ასევე საკუთარი ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ჰყავთ. ბელგრადი ყოფილი იუგოსლავიის უდიდესი ქალაქი იყო და მოსახლეობის სიდიდით მეოთხეა ბალკანეთში სტამბოლის, ათენისა და ბუქარესტის შემდეგ.

ქალაქი მდებარეობს მდინარეების, სავასა და დუნაის შესაყართან ჩრდილო-ცენტრალურ სერბეთში, 44.83° N 20.50° E გადაკვეთაზე. ბელგრადის რეგიონის მოსახლეობა შეადგენს 1 711 800 ადამიანს (2007).

ქალაქის საწყისი კელტების ეპოქიდან იღებს სათავეს, რომელთაც მდინარეების დუნაისა და სავას შესართავთან დასახლება სინგიდუნუმი დააარსეს. მჩქეფარე წარსულში, ბელგრადი 40 ლაშქრის მიერ იყო დაპყრობილი, 38-ჯერ კი ფერფლიდან ხელახლა იქნა აგებული. ქალაქის ძველი კედლები რომაელებისა და კელტების, გოთებისა და ფრანკების, სლავებისა და თურქების მნახველნი არიან.

სერბული დასახელებით ბელგრადი პირველად IX საუკუნეში იხსენიება. IX—X სს ბელგრადს ბულგარელები ფლობდნენ, XI—XII სს ბიზანტიას ექვემდებარებოდა, შემდგომ კი ისევ ბულგარელებს, უნგრელებსა და სერბებს. 1247 წლისთვის უნგრეთის სასაზღვრო სიმაგრეა, სადაც 1456 წელს უნგრელი მხედართმთავრის იანოშ ჰულიადის ჯარმა თურქეთის სულთნის ლაშქარი დაამარცხა. 1521 წელს ბელგრადს თურქები იპყრობენ. ავსტრია-თურქეთს შორის მომხდარი ომებისას ბელგრადი სამჯერ გადავიდა ავსტრიელთა ხელში (1688—1690, 1717—39, 1789—91). 1806 წელს თურქეთის მონობისგან გათავისუფლებული ბელგრადი სერბეთის სამთავროს (1882-დან კი სამეფოს) დედაქალაქი გახდა. 1813-1830 წწ თურქები აკონტროლებენ, რომლებიც ქალაქის ცენტრში მდებარე სიმაგრეში 1867 წლამდე რჩებიან. პირველი მსოფლიო ომის დროს ბელგრადი ავსტრიის ჯარებმა ორჯერ აიღეს (18 ნოემბერს—2 დეკემბერს 1914 და 26 სექტემბერს 1915—18 ოქტომბერს 1918). 1918 წლის 1 დეკემბერს ბელგრადი სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფოს დედაქალაქი გახდა. 1941 წლის 13 იანვარს ფაშისტურმა გერმანიამ დაიპყრო, 1944 წლის 20 ოქტომბერს საბჭოთა ჯარმა და იუგოსლავიის სახალხო-გამათავისუფლებელმა ჯარმა გაათავისუფლა. 1945 წლის ნოემბერში ბელგრადი იუგოსლავიის ფედერალური სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა.

ჰავა — ზომიერად კონტინენტური. იანვრის საშუალო ტემპერატურა −3-დან +9 °C-მდე, ივლისისა +18-დან +25 °C-მდე.

ჰავის მონაცემები — ბელგრადი (1981–2010, ექსტრემუმები — 1936–დღემდე)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 20.7 23.9 30.0 32.4 34.9 37.4 43.6 40.0 41.8 33.7 28.4 22.6 43.6
საშუალო მაღალი °C 4.6 7.0 12.4 18.0 23.5 26.2 28.6 28.7 23.9 18.4 11.2 5.8 17.4
საშუალო დღიური °C 1.4 3.1 7.6 12.9 18.1 21.0 23.0 22.7 18.0 12.9 7.1 2.7 12.5
საშუალო დაბალი °C −1.1 −0.1 3.7 8.3 13.0 15.8 17.5 17.6 13.5 9.0 4.2 0.2 8.5
რეკორდულად დაბალი °C −24.5 −20.5 −12.4 −3.4 0.4 4.6 8.3 6.7 0.6 −6.9 −8.3 −15.8 −24.5
საშუალო ნალექი (მმ) 46.9 40.0 49.3 56.1 58.0 101.2 63.0 58.3 55.3 50.2 55.1 57.4 690.9
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0,1 მმ) 13 12 11 13 13 13 10 9 10 10 12 14 139
თოვლიანი დღეები საშუალოდ 10 7 4 1 0 0 0 0 0 0 3 8 33
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 78 71 63 61 61 63 61 61 67 71 75 79 68
საშუალო თვიური მზიანი საათები 72.2 101.7 153.2 188.1 242.2 260.9 290.8 274.0 204.3 163.1 97.0 64.5 2 111,9
საშუალო UV ინდექსი 1 2 3 5 7 8 8 7 5 3 2 1 4
წყარო 1: სერბეთის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური[1]
წყარო 2: Weather Atlas (UV),[2] Meteo Climat (რეკორდულად მაღალი და დაბალი)[3]

ბელგრადს უმაღლესი დონის სატრანსპორტო მნიშვნელობა აქვს როგორც მსხვილ სარკინიგზო კვანძს და ძირითადი ავტომაგისტრალებისა და სამდინარო გზების გადამკვეთ ადგილს. აქვეა უდიდესი აეროპორტი.

ბელგრადი არქიტექტურულად მდიდარი ქალაქია, ერთიანობაში კი ცენტრალურ ევროპულ ქალაქს ჩამოჰგავს. ქალაქში ყველაზე ძველი შენობა XIX საუკუნით თარიღდება. მართალია, ბელგრადი ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, მაგრამ, ურიცხვმა ომებმა სერბეთის დედაქალაქს უძველესი იერი დაუკარგა. XIX საუკუნეში იწყება ბელგრადში დასავლური არქიტექტურის ჭარბად გამოჩენა და თურქული ბატონობის შემდეგ აღმოსავლური ტიპის ქალაქის „გადასავლურება“. ბელგრადში სწრაფად ჩნდება ნეოკლასიციზმი და აკადემიური ხელოვნება.

ბელგრადი — სერბეთის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების დედაქალაქია. ქალაქშია კონცენტრირებული ეროვნული მნიშვნელობის დაწესებულებები მეცნიერებისა და განათლების დანიშნულებისა. აქაა 1886 წელს დაარსებული როგორც სერბეთის სამეფო აკადემია — სერბეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემია; 1832 წელს გაჩენილი სერბეთის ეროვნული ბიბლიოთეკა. 1841 წელს დაფუძნებული ეროვნული მუზეუმი. 1869 წელს დაარსებული ეროვნული თეატრი. ქალაქშია 1808 წელს შექმნილი ბელგრადის უნივერსიტეტი, იმხანად „ველიკა შკოლა“ და ხელოვნების უნივერსიტეტი (რომ აღარაფერი ვთქვათ უამრავ კერძო სასწავლებელსა თუ ფაკულტეტზე.

  1. Monthly and annual means, maximum and minimum values of meteorological elements for the period 1981 – 2010-Belgrade (სერბული). Hydrometeorological Service of Serbia. ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი, 2018.
  2. d.o.o, Yu Media Group. Belgrade, Serbia – Detailed climate information and monthly weather forecast (ინგლისური). ციტირების თარიღი: 3 ივლისი, 2019
  3. Station Belgrade–Triche (ფრანგული). Meteo Climat. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2019.