ავრელიანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავრელიანე (ლათ. Lucius Domitius Aurelianus Augustus; დ. 9 სექტემბერი, 214 ან 215 — გ. სექტემბერი ან ოქტომბერი, 275) — რომის იმპერატორი 270–275 წლებში. იმპერატორობის დროს მან დაამარცხა ძველგერმანული ტომი ალემანები, აგრეთვე , გუთები, ვანდალები, თიურინგები, იუთნუნგები და სარმატები. დაასრულა მესამე საუკუნის კრიზისი და ხელახლა შემოიერთა სეპარატისტული ტერიტორიები — გალების იმპერია და პალმირის იმპერია, რითაც რომის იმპერია სრულყო. მიუხედავად ამ წარმატებებისა ის იძულებული გახდა, მიეტოვებინა და დაეცალა დაკიის პროვინცია, რომელიც იმპერიას აღარასდროს დაუბრუნებია. იმ წარმატებების გამო, რასაც მან მიაღწია, მან მოიპოვა სახელი „restitutor orbis“, რაც ნიშნავს „სამყაროს აღმადგენელს“.

იმპერატორობის წლებში ავრელიანემ გამოსცა ბრძანება სამონეტო მეურნეობასთან დაკავშირებით. ბარბაროსების შემოსევებმა და ხშირმა აჯანყებებმა სახელმწიფო ხაზინაში გამოიწვია ფულის გაუფასურება. სამონეტო სახლის გამგებლები ბოროტად იყენებდნენ თავინათ უფლებებს — ძვირფასი ლითონის ნაცვლად მონეტას ჭრიდნენ ნაკლები ხარისხის შენადნობით. ამის გამო დაეცა მონეტის ფასი, რასაც მოჰყვა პროტესტის დიდი ტალღა, რომელიც „მონეტარიების“ აჯანყების სახელით არის ცნობილი. აჯანყების ფართო რეზონანსზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მათთან ბრძოლაში დაიღუპა 7 ათასი ლეგიონერი.

ავრელიანეს დროს სენატმა დაკარგა ყოველგვარი ფუნქცია. დაკანონდა თვითმპყრობელობა. საფუძველი ჩაეყარა იმპერიის გადასვლას მმართველობის ახალ ფორმაზე, რომელიც დომინატის სახელწოდებით არის ცნობილი. იმპერატორის სამხედრო-ბიუროკრატიული სისტემა ემყარებოდა არმიას. ავრელიანე გარეგნული სამკაულებითაც განსხვავდებოდა წინამორბედებისაგან. ატარებდა მეფურ დიადემას. თავს უწოდებდა „ღმერთსა“ და „ბატონს“, სახელმწიფოს უმაღლეს ღვთაებად გამოაცხადა მზის ღმერთი. რომში მარსის ველზე აღმართა მზის ღმერთის ქანდაკება.

ავრელიანე მეომარი იმპერატორი იყო. იბრძოდა იმპერიის ყველა მხარეში, ზემოთ ნახსენებთა გარდა, მან ილაშქრა ალექსანდრიასა და გალიაში.

გატარებული რეფორმების მიუხედავად, რომის არმიამ ვერ დაიბრუნა ადრინდელი ბრწყინვალება.

რეფორმატორი და მეომარი იმპერატორი 275 წელს სპარსეთის წინააღმდეგ სალაშქროდ დაიძრა, მაგრამ მიზანი განუხორციელებელი დარჩა, აზიაში გადასული, ბიზანტიონთან ახლოს შეთქმულებმა მოკლეს. მის შემდეგ იმპერატორად აირჩიეს ხანდაზმული სენატორი მარკუს კლავდიუს ტაციტუსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • White, John F (2005). Restorer of the World: The Roman Emperor Aurelian. Tempus Publishing. ISBN 1-86227-250-6. 
  • ქავთარია გ., რომის ისტორია, ტ. II, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2020, გვ. 276–278.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: