საქართველო IV საუკუნეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

საქართველოს ისტორია

წინაისტორიული საქართველო
საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში
საქართველო IV საუკუნეში
საქართველო V საუკუნეში
საქართველო VI საუკუნეში
საქართველო VII საუკუნეში
საქართველო VIII საუკუნეში
საქართველო IX-X საუკუნეებში
საქართველო XI საუკუნეში
საქართველო XII-XIII საუკუნეებში
საქართველო XIII საუკუნეში
საქართველო XIV საუკუნეში
საქართველო XV საუკუნეში
საქართველო XVI საუკუნეში
საქართველო XVII საუკუნეში
საქართველო XVIII საუკუნეში
საქართველო XIX საუკუნეში
საქართველო XX საუკუნეში
საქართველო XXI საუკუნეში
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართველო IV საუკუნეში ― IV საუკუნე საქართველოში აღინიშნა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებით. ამავე საუკუნეში შეუქცევადი გახდა საქართველოს ტერიტორიაზე ფეოდალლური ურთიერთობების ჩამოყალიბება.

IV საუკუნეში იბერიის სამეფოს საზღვრები შემცირებული იყო. ის ვრცელდებოდა აღმოსავლეთით ბერდუჯის მდინარემდე, სადაც ციხე–ქალაქი ხუნანი მდებარეობდა. იბერიაში არ შედიოდა კამბეჩოვანი და ჰერეთი, ხოლო დასავლეთით ტაო და სპერი. სახელმწიფო იყოფოდა ხევეად, რომლებიც ერთიანდებოდნენ საერისთავოებში. დედაქალაქი იყო მცხეთა.

III საუკუნის ბოლოს, 299 წელს, რომის იმპერიასა და სასანიანთა იმპერიას შორის დაიდო ნიზიბისის ზავი. ირანმა რომს დაუთმო 5 სომხური პროვინცია შუამდინარეთში და ცნო რომის პროტექტორატი დიდ სომხეთსა და იბერიაზე. დიდი სომხეთის ტახტზე იმპერატორ დიოკლეტიანეს ხელდასმით ავიდა თრდატ III. რომის იმპერატორისგან იღებდა სამეფო ნიშნებს ქართლის მეფეც.

ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა ნინო
მირიან მეფე

წმინდა ნინომ ქრისტიანობა საქართველოში IV საუკუნეში იქადაგა. წარმოშობით ის რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციიდან, კაბადოკიიდან იყო. წმინდა ნინო საქართველოში ფარავნის ტბის მხირდან შევიდა, იქედან ურბნისში არმაზობაზე მოზეიმე ხალხს შეუერთდა მცხეთაში ჩავიდა. აქ მან ნახა კერპების მსახური მეფე მირიან III. „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით წმინდა ნინომ ლოცვით სთხოვა ღმერთს კერპების დამსხვრევა და ღმერთმა მისი ლოცვა შეისმინა. მან გააქრისტიანა დედოფალი ნანა და მეფე მირიანი. ახლადგაქრისტიანებულმა მირიან მეფემ 326 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. წმინდა ნინომ მცხეთაში, წმინდა სიდონიას დაკრძალვის ადგილას ააგებინა სვეტიცხოველი. ქართლში ეკლესიის პირველი მამამთავარი გახდა იოანე, რომელიც ქართლში ორ მღვდელთან და სამ დიაკონთან ერთად კონსტანტინე იმპერატომა გაგზავნა. წმინდა ნინომ და იოანემ ქრისტიანობა ქართლის მთიანეთსა და კახეთში იქადაგეს. კახეთში, ბოდბეში გარდაიცვალა წმინდა ნინო.

საქართველო IV საუკუნის II ნახევარში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაზიკის სამეფო IV საუკუნეში

ნიზიბისის ზავი IV საუკუნის 30-იან წლებამდე არ დარღვეულა რომს აკმაყოფილებდა არსებული მდგომარეობა, რადგან გაქრისტიანებულ ქართლს მოკავშირედ მიიჩნევდა. მცირეწლოვანი სასანიდი შაჰი შაპურ II კი აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვერ ახორციელებდა. 325 წელს რომის იმპერიის დედაქალაქად კონსტანტინოპოლი გამოცხადდა. ამან რომის აღმოსავლური პოლიტიკა გაააქტიურა.

338 წელს შაპურ II-მ წამოიწყო ომი რომის წინააღმდეგ, რომელიც 25 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 363 წელს დადებული ზავის მიხედვით რომმა საბოლოოდ დაუთმო ირანს ხუთი პროვინცია, მათ შორის სომხეთი. ირანმა მოახერხა კავკასიის ალბანეთის დამორჩილება. სომხეთში შესულ ირანს ქართლის სამეფო დაუპირისპირდა. ირანელები ქართლში შეიჭრნენ, გადააყენეს რომის მოკავშირე მეფე საურმაგ II და მის ნაცვლად გაამეფეს ვარაზ-ბაკური. 373 წელს მცირე ხნით რომმა და ირანმა ქართლი გაიყვეს, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირი რომს, ხოლო მარცხენა ნაპირი ირანს ერგო. ეს დაყოფა მცირე ხანს გაგრძელდა. ირანმა ქართლზე კონტროლი დაამყარა და იქ ირანელი მოხელე პიტიახში დანიშნა. ქართლს ირანის სასარგებლოდ ხარკი დაეკისრა. 380-იან წლებში იმპერატორმა თეოდოსიუს I–მა აღადგინა რომის კონტროლი იბერიაზე. 387 წელს ქართლის სამეფო კვლავ ორად გაიყო.

დასავლეთ საქართველო IV საუკუნეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ პერიოდისთვის ეგრისის სამეფოში ქრისტიანობა უკვე კარგად იყო გავრცელებული. 325 წელს ქალაქ ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე. ქრიტიანობა მწიგნობრული რელიგია იყო. მისმა დამკვიდრებამ საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ ქრისტიანულ კულტურას და მწერლობას. დასავლეთ საქართველოში ლაზთა მეფეებმა დაიმორჩილეს აფშილები, სანიგები და აბაზგები, ქართლს წაართვეს არგვეთი და ფაქტობრივად დაიკავეს მთელი დასავლეთ საქართველო. ამ სამეფოს ბიზანტიელი ისტორიკოსები ლაზიკას, ხოლო ქართველები ეგრისს უწოდებდნენ. ეგრისი ფორმალურად ინარჩუნებდა რომისადმი მორჩილებას, იცავდა კავკასიონის გადმოსასვლელებს, რაც საკუთრივ ეგრისის ინტერესებშიც შედიოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]