აგლუტინაცია (ბიოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგლუტინაცია.

აგლუტინაცია (ლათ. agglutination) ანუ შეწებება — სხვადასხვა ნაწილაკების - სისხლის ფორმიანი ელემენტების (განსაკუთრებით წითელი ბურთულების - ერითროციტების), სისხლში შეწონილი ბაქტერიების და სხვათა გუნდებად შეწებებას და დალექვას. აგლუტინაციას იწვევს განსაკუთრებული ნივთიერებები - აგლუტინინები (სპეციფიკური ანტისხეულები), რომლებიც გროვდება ადამიანისა და ცხოველის სისხლში ინფექციურ დაავადებათა და იმუნიზაციის შედეგად. აგლუტინაციის რეაქციას დიდი მნიშვნელობა აქვს მრავალი ინფექციური დაავადების (მუცლის ტიფი, ბრუცელოზი და სხვა) დიაგნოსტიკისათვის, სისხლის ჯგუფების დასადგენად, მიკრობთა სახეობებისა და ტიპების დიფერენცირებისათვის და სხვა[1].

აგლუტინაციის რეაქცია ხდება სამ შემთხვევაში, როდესაც:

  1. ბაქტერიული ან სისხლის წითელი უჯრედები შეეწებება ანტისხეულებთან ან გარკვეული მოლეკულებთან რთული კომპლექსის წარმოქმნით.
  2. ხსნადი ნაწილაკები შეკავშირდებიან უფრო დიდ მასებად და შემდგომ ხდება მათი პრეციპიტაცია.
  3. ალერგიული რეაქციის დროს, როდესაც უჯრედები შეკავშირდებიან უცხო ნივთიერებების - ანტიგენების საწინააღმდეგოდ.

აგლუტინაცია ჰემატოლოგიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰემაგლუტინაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავადმყოფის სისხლის ტიპის დადგენა: „სერაფოლის“ ბარათი გვიჩვენებს, რომ სისხლი მიეკუთვნება A ჯგუფს.

ჰემაგლუტინაცია არის სისხლის წითელი უჯრედების - ერითროციტების - შეწებება. ასეთ შემთხვევაში აგლუტინაციის გამომწვევ ნივთიერებას - აგლუტინინს ეწოდება ჰემაგლუტინინი.

სისხლის შეთავსებაზე ანალიზის დროს, თუ დონორისა და რეციპიენტის სისხლის სინჯების ერთდროული ინკუბაციისას ადგილი ექნება აგლუტინაციის რეაქციას, ამბობენ, რომ დონორის სისხლი შეუთავსებელია პაციენტის სისხლთან.

ლეიკოაგლუტინაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეიკოაგლუტინაცია აგლუტინაციის ის სახეა, როდესაც „შეწებდება“ სისხლის თეთრი უჯრედები - ლეიკოციტები, მისი გამომწვევებია ლეიკოაგლუტინინი და ფიტოჰემაგლუტინინი (PHA-L, PHA-E).

აგლუტინაცია მიკრობიოლოგიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგლუტინაციის რეაქცია გამოიყენება სპეციფიკური ბაქტერიული აგენტის იდენტიფიცირებისათვის. ეს არის მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური მეთოდი, ვინაიდან „ნაწილაკების შეწებება“ სწრაფად ხდება და იოლად განსახორციელებელი ანალიზია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1896 წელს, ორმა ბაქტერიოლოგმა, ჰერბერტ ედვარდ დურჰამმა (?-1945) და მაქს ვონ გრუბერმა (1853-1927), აღმოაჩინეს სპეციფიკური აგლუტინაციის მოვლენა, რასაც ეწოდა გრუბერ-დურჰამის რეაქცია. გრუბერმა შემოიღო ტერმინი აგლუტინინი (ლათინურიდან ნაწარმოები სიტყვა), ეს შეიძლება ყფილიყო ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც გამოიწვევდა უჯრედების აგლუტინაციას - „შეწებებას“.

გრუბერისა და დურჰამის 1896 წლის აღმოჩენას პრაქტიკული გამოყენება მოუძებნა ფრანგმა ექიმმა ფერნანდ ვიალმა (1862-1929). მან აგლუტინაციის რეაქიცის საფუძველზე შეძლო მუცლის ტიფის დიაგნოსტირება. ვიდალმა აღმოაჩინა, რომ მუცლის ტიფის გამომწვევის მატარებელი ადამიანის სისხლის შრატი იწვევდა მუუცლის ტიფის ბაქტერიების აგლუტინაციას. მაშინ როცა, ჯანმრთელი ადამიანისშრატი იგივე რეაქციას არ იწვევდა. ეს იყო სეროდიაგნოსტიკის პირველი შემთხვევა - ვიდალის ტესტი.

1900 წელს ავსტრიელმა ექიმმა კარლ ლანდშტინერმა აგლუტინაციის რეაქციას სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოყენება მოუძებნა და სისხლის შეთავსების ტესტი ჩაატარა. ამ ტესტით მან დასაბამი დაუდო სეროლოგიის განვითარებასა და სისხლის გადასხმის უსაფრთხო და წარმატებულ განხორციელებას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რ. დგებუაძე, ა. აბესაძე: მოკლე სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი 1988, გამომც. "განათლება", თბილისი