ურბნისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ურბნისი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ურბნისი

ურბნისის მონასტერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი ურბნისი
კოორდინატები 42°00′45″ ჩ. გ. 43°58′51″ ა. გ. / 42.01250° ჩ. გ. 43.98083° ა. გ. / 42.01250; 43.98083
ცენტრის სიმაღლე 640
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1109[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (99,5 %)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ოფიციალური საიტი http://www.urbnis-ruisi.ge:
ურბნისი — საქართველო
ურბნისი
ურბნისი — შიდა ქართლი
ურბნისი
ურბნისი — ქარელის მუნიციპალიტეტი
ურბნისი

ურბნისისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 640 მეტრი, ქარელიდან 10 კილომეტრი. სოფელში დგას V-VI საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკა ურბნისის სიონი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1109 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1334 668 666
2014[1] 1109 537 572

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი გაშენებულია ანტიკური და ადრინდელი შუა საუკუნეების ურბნისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე. ურბნისის მიდამოების ათვისება ადამიანმა ძვ.წ. III ათასწლეულიდან დაიწყო. ამ დროის ძეგლებიდან არქეოლოგიურად შესწავლილია ქვაცხელები, რომელიც მდებარეობს ნაქალაქარიდან აღმოსავლეთით 2 კილომეტრზე და ხიზანაანთ გორა — უშუალოდ ნაქალაქარზე.

დიდი დასახლების კვალი შეიმჩნევა ძვ.წ. II-I ათასწლეულის მიჯნაზეც. ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანიდან სავარაუდოა სამოსახლოთა გაერთიანება და მჭიდრო დასახლების აღმოცენება ხიზანაანთ გორის ირგვლივ, რაც შეიძლება ძველი ქალაქის პირველსახედ მივიჩნიოთ.

ხიდი მდინარე მტკვარზე ურბნისში

ქართულ წერილობით წყაროებში. ძვ წ. IV საუკუნისთვის ურბნისი ქალაქად მოიხსენიება. ამ დროიდან ის შიდა ქართლის სხვა ქალაქურ დასახლებებთან ერთად აქ გამავალი სავაჭრო გზის მეშვეობით მჭიდროდ ყოფილა დაკავშირებული გარე სამყაროსთან. დაახლოებით ძვ.წ. III საუკუნეში ქალაქი უცხოელ დამპყრობლებს გაუნადგურებიათ. ნაქალაქარზე აღმოჩენილია ნახანძრალისა და ნაცრის სქელი ფენა, სადაც გადამწვარ ნასახლარებში სხვა ნივთებთან ერთად სატყორცნი მრგვალი ქვებიცაა აღმოჩენილი. ახალი წელთაღრიცხვის პირველივე საუკუნეებიდან ურბნისში საქალაქო მეურნეობის დიდი აღმავლობა შეინიშნება. ამ პერიოდის არქეოლოგიური მასალა უფრო მრავალფეროვანია, განსაკუთრებით გამოირჩევა ქალაქის სამაროვანზე აღმოჩენილი მასალა. ფერადი ქვებით შემკული დიდი რაოდენობის საბეჭდავები, ძვირფასი ლითონის ნაწარმი, მინის ჭურჭელი, მონეტები და სხვ. მიგვანიშნებს ქალაქის მცხოვრებთა კულტურულ დონესა და მეურნეობის ისეთ სახეებზე, რომლებიც ქალაქებისათვის იყო დამახასიათებელი.

ანტიკურ ხანაში ურბნისი აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა. მნიშვნელოვან სატრანსპორტო გზაზე მდებარეობამ ხელი შეუწყო მის სწრაფ ზრდა-დაწინაურებას. გაცხოველებულ ვაჭრობაზე მიუთითებს მრავალი უცხო წარმოების საქონელი და მონეტები, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს. ამ დროის ქალაქში, რომელიც უბნებად ყოფილა დასახლებული, მოქმედებდა „ცეცხლთა, ქვათა და ძელთა“ თაყვანისმცემელთა წარმართული ტაძარი, რომელსაც დიდი მრევლი ჰყავდა. ქალაქი ყოფილა ებრაელთა სამლოცველო (ბაგინი), აბანო და სხვა მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობანი. ქალაქი შემოზღუდული იყო მტკიცე გალავნით. მისი წყლის მომარაგებისათვის გაყვანილი იყო კერამიკული წყალსადენი.

ქართულ წერილობით წყაროებში ურბნისი დაკავშირებულია ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს სახელთან. ქართლში მოსული ნინო ურბნისში ერთ თვეს გაჩერებულა, მერე კი სალოცავად მიმავალ ურბნელებს გაჰყოლია მცხეთაში. IV საუკუნიდან, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ურბნისის ცხოვრებაში ძირფესვიანი გარდატეხა მოხდა. წარმართული ტაძრის ადგილზე აშენდა ქრისტიანული ეკლესია, ბზარი გაუჩნდა საქალაქო მეურნეობას, დაქვეითდა ვაჭრობა. სამაგიეროდ განვითარდა სოფლის მეურნეობის დარგები, ამის გამოა, რომ IV-VII საუკუნეების ფენებში მრავლად არის ნაპოვნი სასოფლო-სამეურნეო ნაგებობები და ნივთები (მრავალი ქვევრი, რამდენიმე მარანი, ბეღელი, სადაც დიდი რაოდენობით იყო ხორბალი და სხვ.).

წარწერები ურბნისის ეკლესიაზე
მრგლოვანი წარწერა
მრგლოვანი და მხედრული წარწერები

სოციალ-ეკონომიკური და იდეოლოგიური ცვლილებები დაეტყო დაკრძალვისა და ნივთიერი კულტურის წარმოების წესს. გაიმარჯვა ქრისტიანულმა რიტუალმა. მიცვალებულებს კრძალავდენენ ქრისტიანული წესით (გულაღმა, გაშოტილად). თანდათან გაქრა ნივთების ჩატანების ტრადიცია და VI საუკუნიდან გვაქვს სრულიად უინვენტარო სამარხები. დაქვეითდა კერამიკული ნაწარმის ხარისხი. V-VI საუკუნეების მიჯნაზე ურბნისმა კიდევ ერთი ნგრევა-აწიოკება განიცადა. გათხრების დროს აღმოჩნდა დანგრეული შენობები, დალეწილი ჭურჭელი და გადაბუგული კარ-მიდამოები. მიუხედავად იმ დიდი ცვლილებებისა, რომელიც ურბნისის ცხოვრებაში ჩანს, IV-VIII საუკუნეში ქალაქის ეკონომიური და კულტურული დონე კვლავ მაღალი იყო. დამადასტურებელია ურბნისის ბაზილიკა, რომელშიც შემონახულია V საუკუნის ქართული წარწერა. გათხრებით დადასტურდა კიდევ 2 ამავდროული დაქარაგმებული მოკლე წარწერა ერთი დოქზე და ერთიც დოქის პირზე (სე, ქჭე). VI-VII სს. მიჯნაზე ქალაქი შემოზღუდეს განიერი ალიზის გალავნით, რომელშიც ყოველ 50 მეტრში კოშკი იყო ჩაშენებული. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სამხრეთ-დასავლეთის კუთხის კოშკი, რომლის გეგმაში 6 ოთახი გაირჩევა. მათი განლაგება გარკვევით გააზრებულია. შუა ღერძზე მცირე ტალანი და გრძელი დარბაზია, სხვა ოთახები სიმეტრიულადაა განლაგებული. გადახურვა ბრტყელი იყო. ბანს საბრძოლო ფუნქცია ჰქონდა. ასეთ თავდაცვით ნაგებობებს საკმაოდ ძლიერი და მრავალრიცხოვანი გარნიზონი დასჭირდებოდა.

წერილობითი ცნობებით, VIII საუკუნის 30-იან წწ. ურბნისი არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ გაანადგურა. ეს ცნობა დადასტურდა არქეოლოგიური გათხრების დროს. არაბთა სისასტიკეზე მიუთითებს დანგრეული სახლები, გადაბუგული გალავან-კოშკები, დალეწილი ჭურჭელი და სხვა. ამ დროს ურბნისმა, როგორც ქალაქმა, შეწყვიტა არსებობა და შემდეგ იგი ქართლის რიგით სოფლად იქცა. ასევე მოაღწია ჩვენამდე.

ურბნისი ძველი ქართული კულტურის კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები ვლასი ურბნელი (XVI ს.), ევდემოენ რატიშვილი გნოლისთავის ძე (1623-1710 წწ.), ნიკოლოზ ხერხეულიძე (XVIII ს.) და სხვა. ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერთაგან უმნიშვნელოვანესია ურბნისის სახარება (X ს. გადამწერი იოანელი ტატანელი).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II