კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალიფორნიის ოქროს ველები

კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელება (ინგლ. California Gold Rush; 1848-1855) დაიწყო 1848 წლის 24 იანვარს ჯეიმზ უილსონ მარშალის მიერ სატერის ტყისმჭრელ დასახლებაში, კოლონა, კალიფორნია, ოქროს აღმოჩენისას, მდინარე ამერიკან-რივერზე. ამ ამბის გავრცელებამ კალიფორნიაში აშშ-ის სხვა შტატებიდან და საზღვარგარეთიდან დაახ. 300 ათასი ადამიანის ჩამოსვლა გამოიწვია.

ეს ადრეული ოქროსმაძიებლები, რომლებსაც "ორმოცდაცხრიანებს" უწოდებდნენ, კალიფორნიაში აფრიანი გემებითა და დახურული ვაგონებით ჩამოვიდნენ კონტინენტის ყველა ნაწილიდან. ხშირად მათ მგზავრობა რთულ პირობებში უხდებოდათ. ადრეული ოქროსმაძიებლები ამერიკელები იყვნენ, მაგრამ შემდგომში ოქროს ციებ-ცხელებამ ათობით ათასი ადამიანი მოიზიდა ლათინური ამერიკიდან, ევროპიდან, ავსტრალიიდან და აზიიდან. თავდაპირველად ოქრო მდინარეების ნაკადებიდან და მათი ფსკერიდან ამოჰქონდათ უბრალო საცერით. მოგვიანებით ოქროს მოპოვების უფრო რთული მეთოდები გაჩნდა. თავდაპირველმა მაძიებლებმა მილიარდობით დღევანდელი დოლარის საფასურის ოქრო მოიპოვეს, რომლის წყალობით ზოგიერთმა არნახული სიმდიდრის დაგროვება შეძლო. თუმცა ბევრი ოქროსმაძიებელი ისეთივე ღარიბი დარჩა, როგორც ჩამოსვლამდე იყო.

ოქროს ციებ-ცხელების შედეგი მნიშვნელოვანი იყო. სან-ფრანცისკო მომთაბარეთა მცირე დასახლებიდან დიდ ქალაქად იქცა, მოკირწყლული ქუჩებით, ეკლესიებით, სკოლებით და სამთავრობო დაწესებულებებით. მრავალი ქალაქი აშენდა მთელს კალიფორნიაში. შეიქმნა კანონთა სისტემა და მთავრობა, რის გამოც კალიფორნია 1850 წელს აშშ-ის შტატად გამოცხადდა. ტრანსპორტის ახალი მეთოდები განვითარდა - აშენდა რკინიგზა და ორთქლმავლის რეგულარული მიმოსვლა დაიწყო. სოფლის მეურნეობა, კალიფორნიის შემდეგი მთავარი განვითარების სფერო, ფართოდ გავრცელდა მთელ შტატში. მიუხედავად ამისა, ოქროს ცხელებას უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა: ადგილობრივ ინდიელებს ავიწროებდნენ და ტრადიციული საცხოვრებელი ადგილებიდან ასახლებდნენ, ამასთან, ოქროს მოპოვება არემარეს ეკოლოგიურ საშიშროებას უქმნიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]