პერსევსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „პერსევსი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. პერსევსი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პერსევსი (მრავალმნიშვნელოვანი).
პერსევსი
Περσεύς
პერსევსი
პერსევსი გორგონა მედუზას თავით,
მოქ. ანტონიო კანოვა.
წარმომავლობა
ძველბერძნული მითოლოგიის გმირი,
ზევსისა და არგოსის მეფის ქალიშვილ დანაეს ვაჟი.
იხ. აგრეთვე
ბერძენ გმირთა პლეადა

პერსევსი (ძვ. ბერძნ. Περσεύς) — ძველბერძნული მითოლოგიის გმირი, არგოსის მეფის, აკრისიოსის ქალიშვილის და ძველბერძნული პანთეონის მთავარი ღმერთის, ზევსის ვაჟი. გორგონა მედუზას მკვლელი და ანდრომედას გადამრჩენელი. ნახსენებია „ილიადაში“ (XIV 320).

პერსევსი არის ელინისტური ეპოსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი, იგი ასევე ითვლება ბერძენ გმირთა პლეადის ერთ-ერთ ყველაზე წარჩინებულ წევრად. პერსევზე მითის გავლენა იგრძნობა ასევე გამოჩენილი რუსი პოეტის, ალექსანდრე პუშკინის ნაწარმოებში „ზღაპარი მეფე სალტანისა“ (რუს. „Сказка о царе салтане“). პერსევსზე მითების უმრავლესობა მოთხრობილია ოვიდიუსის პოემაში „მეტამორფოზი“. ოვიდიუსის პოემის ინტერპრიტაციის მიხედვით არსებობს პერსევსზე მითის რემდენიმე ვარიანტი.

ეტიმოლოგია

სახელ პერსევსის ბუნდოვნებისა და მისი მფლობელის ლეგენდარული ხასიათის გამო, ბევრი ეტიმოლოგი გვერდს უვლის მის ახსნას, იმ მოსაზრებით რომ ის შეიძლება წინარებერძნული წარმოშობისა იყოს. თუმცა, სახელ პერსევსის, ასევე მისი ცოლისა და ნათესავების, მშობლიური ქალაქი ბერძნული იყო. არსებობს ვარაუდი, რომ სახელი შესულია ბერძნულში პროტო-ინდო-ევროპულიდან. ამასთან დაკავშირებით, რობერტ გრეივზი მხარს უჭერდა სახელის მხოლოდ ბერძნულ წარმოშობას.

პერსევსი უნდა წარმოდგებოდეს ძველბერძნული ზმნიდან - perthein-დან, რაც გაჩანაგებას, გაძარცვას, განადგურებას ნიშნავს, და რომლის ერთ-ერთი ფორმაც ჩანს ჰომეროსისეულ ეპიტეთებში. ბერძნულში, –εύς სუფიქსი როგორც წესი გამოიყენება არსებითი სახელის საწარმოებლად, ამ შემთხვევაში ზმნის ფუძე 'Περσ-დან. შესაბამისად მივიღეთ პერს-ეუს-ი, ანუ ქალაქების მძარცველი; მაშასადამე, ეს არის პროფესიით ჯარისკაცის, პირველი მიკენელი მეომრის მეტსახელი.

სიტყვა Περσ-ის წარმოშობა კიდევ უფრო ბუნდოვანია. ჯ. ბ. ჰოფმანი[1] ასახელებს შესაძლებელ ძირს, როგორიცაა *bher-, რომელიც წარმოდგება ლათინური სიტყვიდან ferio - დარტყმა. ეს, შეესაბამება ჯულიუს პოკორნის *bher-ს(3), „ფხაჭნა, ჭრა“. *bh- ბერძნულში გადმოდის როგორც ph-. ეს სირთულე, შეიძლება გადაიჭრას ასოთშეთანხმენა –th-ს დისიმილაციის ვარაუდით perthein-ში; ანუ მარტივად, ბერძნებმა არჩიეს არ ეთქვათ - *pherthein.

გრეივზი აძლევს Περσε-ს დამატებით მნიშვნელობას, რომელიც ასევეა გამოყენებული სიკვდილის ქალღმერთ პერსეფონეში. ჯონ ჩედვიკი „მიკენური საბერძნეთის დოკუმენტების“ მეორე გამოცემაში ქალღმერთის შესახებ ვარაუდობს სახელის ფუძეს „პე-რე-“ (*82 პილოსის დაფა Tn 316), ექსპერიმენტულად აღდგენილი როგორც *Preswa:

სახარბიელოა ნახვა...კლასიკური პერსე-სი...ოკეანუსის ქალიშვილისა...; მაგრამ, ამის იდენტიფიცირება სახელ „პერსეფონესის“ პირველ ნაწილთან, მხოლოდ ვარაუდია.

ბერძნული ხალხური ეტიმოლოგია სახელ პერსევსს აკავშირებს სპარსელ ხალხთან, რომელთაც მაშინ „პერსაის“ ეძახდნენ. თუმცა ადგილობრივ სახელში, ყოველთვის ერია ასო-ბგერა „ა“ (ფარსი). ჰეროდოტე[2] მოგვითხრობს, რომ სპარსელებს ეს სახელი ეწოდათ, პერსევსის უფროსი ვაჟის, პერსესის გამო. რა თქმა უნდა ეს ამბავი იცოდნენ სპარესელებმაც[3] და სწორედ ამის გამოყენებით აპირებდა ქსერქსე არგოსელების მოსყიდვას საბერძნეთთან ომის დროს, თუმცა არაფერი გამოუვიდა.

ცირუს გორდონმა (ცნობილი თავისი გაბედული თეორიებით), წამოაყენა ვარაუდი,[4] რომ პერსევსი არის სემიტური სახელი, „პ-რ-ს“-სგან წარმოშობილი, რაც ნიშნავს „ჭრას“. თუმცა, რაიმე კავშირი ძველბერძნებსა და სემიტებს შორის შეუძლებელი იყო, თვითონ ბერძნები იგებდნენ „პერსეუსს“ როგორც გამაანადგურებელს, სავარაუდოდ „პ-რ-ს“-ეც ამასვე ნიშნავდა.

პერსევსის დაბადება

არგოლისის სახელგანთქმულმა მეფემ აბასმა ცოლად ითხოვა აგლაე და ტყუპი ვაჟი შეეძინა: აკრისიოსი და პროიტოსი. სანამ პატარები იყვნენ ერთთავად კინკლაობდნენ და როდესაც წამოიზარდნენ, ერთმანეთის დაუძინებელი მტრები გახდნენ. აბასმა სიკვდილის წინ თავისი სამეფო ორივე შვილს დაუტოვა და დაუბარა - ერთად ემართათ. მაგრამ ძმები ასე არ იქცეოდნენ. მათ შორის შუღლი უფრო გამწვავდა, როდესაც აკრისიოსმა შეიტყო, რომ პროიტოსს შეეცდინა მისი ქალიშვილი დანაე და მასთან სასიყვარულო სარეცელი გაეზიარებინა. ავის მქმნელი ძმა გაიქცა ლიკიაში, სადაც შეირთო იქაური მეფის, იობატოსის ქალიშვილი ანტეა. შემდეგ ლიკიის ჯარს ჩაუდგა სათავეში და მამისეული ტახტის დაპატრონება გადაწყვიტა. სისხლისმღვრელი ბრძოლა გაიმართა, მაგრამ ვერც ერთმა მოიპოვა გამარჯვება. საბოლოოდ შეთანხმდნენ და სამეფო ორ ნაწილად გაყვეს: აკრისიოს ერგო არგოსი და მისი შემოგარენი, ხოლო პროიტოსს – ტირანსი, მიდია და არგოლისის სანაპიროები.

აკრისიოსს გვარის გამაგრძელებელი არ ჰყავდა და ამიტომ მისანთან მივიდა. ორაკულმა უთხრა, რომ გვარის გამგრძელებელი არ ეყოლებოდა, მაგრამ მის ქალიშვილს დანაეს გაუჩნდებოდა ვაჟი, რომელიც მას მოკლავდა. აკრისიოსს შეეშინდა და თავისი ერთადერთი ქალიშვილი სპილენძის მაღალ კოშკში გამოკეტა, სადაც შეღწევა შეუძლებელი იყო. ზევსს შეუყვარდა დანაე და ოქროს წვიმის სახით შეაღწია კოშკში. დანაეს ზევსისაგან ვაჟი შეეძინა. ეს რომ აკრისიოსმა გაიგო, შვილი და შვილიშვილი სკივრში ჩასვა და ზღვაში გაუშვა. ისინი ერთმა მეთევზემ გადაარჩინა და მეფე პოლიდექტესს მიჰგვარა, რომლის კარზეც გაიზარდა პერსევსი.

ბერძნული მითოლოგია
ღმერთები
გმირები
სხვები


პერსევსი სერიფოსზე

მეფე პოლიდექტესს დანაე გულში ჩაუვარდა და მისი ცოლად შერთვა გადაწყვიტა, მაგრამ ქალმა უარყო მისი სიყვარული, რადგან უხეში მეფე მას არ იზიდავდა. პოლიდექტესი ყველანაირად ცდილობდა დანაესგან თანხმობის მიღებას. როდესაც პერსევსი გაიზარდა, მეფე მიხვდა, რომ თავის განზრახვას ასრულება არ ეწერა, ამიტომ მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. მან ხალხი მოიწვია, წვეულება გამართა და განაცხადა, რომ ოინომაოსის ქალიშვილის ჰიპოდამეას შერთვას აპირებდა. ხოლო საცოლის წინაშე საკადრისი ურვადით რომ წარმდგარიყო, თითოეული სტუმრისგან საქორწინო საჩუქრად თითო ცხენს ითხოვდა. პირველად ამ თხოვნით პერსევსს მიმართა, რომ მისგან პირობა ჩამოერთმია. მას ეგონა რომ არაფრისმქონე პერსევსი, რადგანაც პირობას ვერ შეასრულებდა, კუნძულიდან გაიქცეოდა. პერსევსს ჯერ უარი აღმოხდა, მაგრამ მერე ჩაფიქრდა და ხელმწიფეს ასე უთხრა:

ვიკიციტატა
„თუ შენ მართლა გადაწყვიტე, დაეხსნა დედაჩემს, თუ ჰიპოდამეას ცოლად შერთვას აპირებ, ცხენი კი არა, გორგონა მედუზას მოკვეთილი თავი რომ მთხოვო, იმასაც გაგიჩენ!“

მეფემაც, თითქოს სიტყვაზე დაიჭირაო, ასე მიაგება:

ვიკიციტატა
„ეს კი მართლაც ჩინებული საჩუქარი იქნება!“

პერსევსი კლავს გორგონა მედუზას

დანაპრების შესასრულებლად პერსევს რთული გზა ჰქონდა გასავლელი. მას გაუძნელდებოდა გორგონა მედუზასთვის თავის მოკვეთა და მისი წამოღება. ეს ურჩხული თავის დებთან, სთენოსა და ევრიალესთან ერთად ჰიპერბორეელთა შორეულ მხარეში ცხოვრობდა. სამივე და ამაზრზენი სანახავი იყო, თავზე თმის ნაცვლად გველები ესხათ, წაწვეტებულ დაღრჭენილ კბილებს შორის საზარელი გრძელი ენები გამოსჩროდათ, სპილენძის ვეება ხელები და ალესილი ჭანგები ერთ წამში გაფლეთას უქადდა ყველას, ვინც მათ გაეკარებოდა. ამასთან, მათ დანახვაზე ყველა ქვად იქცეოდა.

ქალღმერთმა ათენამ უჩინრად მოუსმინა პერსევსისა და მეფის საუბარს და გადაწყვიტა, ახალგაზრდა ჭაბუკს მფარველად მოვლინებოდა. მით უმეტეს, რომ თავად გორგონა მედუზას დაუძინებელი მტერი იყო. თავდაპირველად მან პერსევსი წაიყვანა კუნძულ სამოსზე, სადაც სამივე დის გამოსახულება იდგა, რათა მედუზა დებისაგან განესხვავებინა, რადგან სამივე და ერთმანეთს საოცრად ჰგავდა. ასევე, ათენამ გააფრთხილა ჭაბუკი, რომ მედუზასათვის პირდაპირ არ შეეხედა, თორემ იმწამსვე ქვად იქცეოდა. და თავის დასაცავად თავისი სარკესავით მბზინავი ფარი აჩუქა. ჰერმესმა კი პერსევს უძღვნა თავისი ანდამატის ნამგალი და ასწავლა გორგონა მედუზას წინააღმდეგ მისი გამოყენება. ამის გარდა პერსევსს კიდევ ესაჭიროებოდა ფრთიანი სანდლები, უჩინმაჩინის ქუდი და ჯადოსნური აბგა, რომელშიც მედუზას მოკვეთილი თავი უნდა ჩაედო. ეს ყველაფერი ჰადესის საკუთრება იყო, რასაც სტიქსელი ნიმფები ინახავდნენ, მაგრამ გმირს ნიმფების ადგილსამყოფელს ვერავინ მიასწავლიდა. მათი ადგილსამყოფელი იცოდნენ მხოლოდ გორგონების დებმა გრაიებმა.

სამივე დას ერთი საზიარო თვალი ჰქონდათ, რომელსაც რიგრიგობით ხმარობდნენ. ვისაც ხილული თვალი ეპყრა, იმას დაჰყავდა თავისი ორი უსინათლო და. შემდეგ, ის ამ თვალს მეორეს გადასცემდა, მეორე – მესამეს და ასე გრძელდებოდა. ჰერმესმა პერსევსი იქვე ჩაასაფრა. თვალის გადაცემისას, იმ ერთადერთ მომენტში, როდესაც სამივე და ვერ ხედავდა, ჰერმესი სამალავიდან გადმოხტა და ეს საუნჯე წაართვა დებს. უმწეო და შეწუხებულმა გრაიებმა პერსევს ვედრება დაუწყეს და აღუთქვეს, რომ თუ თვალს დაუბრუნებდა, ყველაფერს შეუსრულებდნენ. მაშინ ჭაბუკმა სტიქსელი ნიმფების ადგილსამყოფელის გამხელა მოსთხოვა. მათაც სხვა გზა არ ჰქონდათ და თვალის სანაცვლოდ პირობა შეუსრულეს. პერსევსი იმ წამსვე იქ გაჩნდა, საჭირო ნივთები წამოიღო და გაფრინდა ჰიპერბორეელთა ქვეყანაში.

კუნძულზე პერსევსმა თვალი მოკრა მძინარე დებს. ისინი ისე გავდნენ ერთმანეთს, რომ მათ შორის მედუზა ვერ ამოიცნო. აქაც ჰერმესი დაეხმარა და განაპირას მწოლიარეზე მიანიშნა. პერსევსმა ათენასეული ფარი ისე დაიჭირა, რომ გორგონა მედუზას სახე ზედ არეკლილიყო, ჰერმესის ნამგალი მოუქნია და სიცოცხლეს გამოასალმა. მედუზას თავწაჭრილი სხეულიდან ამოხტნენ ფრთიანი ცხენი პეგასი და ბუმბერაზი ქრისაორი. პერსევსმა სწრაფად დაავლო ხელი გორგონა მედუზას თავს და აბგაში ჩადო. ამ დროს გამოეღვიძათ მედუზას დებსაც და დის მკვლელს დაუწყეს ძებნა, მაგრამ პერსევსმა უჩინმაჩინის ქუდი დაიხურა, ფრთიანი სანდლები ჩაიცვა და იქაურობას გაეცალა. როდესაც ლიბიას გადაუფრინა მედუზას მოჭრილი თავიდან სისხლმა იწვეთა და მიწას დიდ წითელ ლაქად დააჩნდა. ამ სისხლიდან იშვნენ შხამიანი გველები, ყოველგვარმა ცოცხალმა არსებამ ის არემარე მიატოვა და გორგონა მედუზას სისხლიდან აღმოცენებულმა გველებმა ლიბია უდაბნოდ აქციეს.

პერსევსი და ატლასი

ჰიპერბორეელთა შორეული მხარიდან წამოსულმა პერსევსმა მრავალ ქვეყანას გადაუფრინა და ბოლოს დაეშვა ტიტან იაპეტოსის ვაჟის, ატლასის საუფლოში. აქ ერთ-ერთ ბაღში, რომელსაც ჰესპერიდების ბაღი ერქვა, ოქროსფოთლებიანი და ოქროსტოტებიანი ხე იდგა, რომელიც ოქროს ვაშლებს ისხამდა. ამ გასაოცარ ხეს ატლასი თვალისჩინივით უფრთხილდებოდა და განსსაკუთრებით მას შემდეგ რაც ქალღმერთმა თემისმა უწინასწარმეტყველა, რომ მის ვაშლებს ზევსის ერთ-ერთი ვაჟი დაისაკუთრებდა. ატლასმა ბაღს უზარმაზარი გალავანი შემოავლო, მცველად ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი დაუყენა და იმ დღიდან ყველა გამვლელს ეჭვის თვალით უყურებდა. ხოდა როდესაც მგზავრობით დაქანცული პერსევსი ატლასს მიადგა და ღამის გასათევი სთხოვა, ისიც გაუმჟღავნა, რომ ზევსის ვაჟი იყო და თავისი გმირობის ამბავიც მოუყვა, ატლასს ეჭვიც აღარ შეპარვია იმაში, რომ ეს ჭაბუკი მისი ვაშლების მოსატაცებლად იყო მოსული. მან პერსევსს მასპინძლობაზე ცივი უარი განუცხადა და თან ამის მიზეზიც აუხსნა. პერსევსმა გაბრაზება არ შეიმჩნია და ატლასს უთხრა, რომ მისთვის ძღვენი ჰქონდა მოტანილი. აბგიდან მედუზა გორგონას თავი ამოიღო და სახეში მიუშვირა. იმწამსვე, გოლიათი ატლასი უზარმაზარ მთად იქცა, თმა-წვერი ხშირ ფოთლოვან ტყეებად გადაებურდა, ხელ-ფეხი ფრიალო კლდეებად ექცა, თავი – მთის მწვერვალად, რომელიც ცას მიებჯინა. მას შემდეგ ატლასს ცის თაღი თავითა და მხრებით უჭირავს.

პერსევსი ებრძვის ურჩხულს ანდრომედას გამოსახსნელად

ანდრომედას ხსნა

ლეგენდის თანახმად, პერსევსმა გადაუფრინა ეთიოპიას, კეფევსის სამეფოს და ზღვისკენ გადმოწვდილ ერთ ქარაფზე მიჯაჭვული ნახევრადშიშველი ასული დაინახა. ფრენის გაგრძელება აღარ ისურვა და მასთან მივიდა. ის იყო ანდრომედა, კეფევსისა და კასიოპეას ასული, რომელიც კლდეზე მიეჯაჭვათ და ზღვის ურჩხულის შესაჭმელად გაემეტებინათ. ანდრომედას დედას კასიოპეას დაექადნა, ამქვეყნად ყველაზე ლამაზი ვარ და ზღვის მშვენიერ ნერეიდებსაც ვჯობივარო. განაწყენებულ ნერეიდებს ზღვის მეუფე პოსეიდონისთვის შეეჩივლათ ეს ამბავი. პოსეიდონმაც გადაწყვიტა კასიოპეას დასჯა. მან წყლიდან საშინელი ურჩხული ამოუშვა, რომელიც ირგვლივ ყველაფერს ანადგურებდა. შეწუხებულიყო ხალხი ურჩხულის შიშით გარეთ ვერ გადიოდა. მეფემ რჩევის საკითხავად მისანს მიმართა. მისანმა უთხრა: „შენი მშვენიერი ასული მსხვერპლად შესწირე ურჩხულს და მაშინღა დაიცხრობს ზღვის მეუფე რისხვას!“. ეს რომ ხალხს გაეგო, შევარდნილიყო მეფის სასახლეში, გამოეყვანა მისი ასული და კლდეზე მიეჯაჭვა ურჩხულის შესაჭმელად.

ქალი შიშით გაჰყურებდა ზღვას, საიდანაც ურჩხული უნდა ამოსულიყო. სწორედ ამ დროს მოვიდა პერსევსი. მან გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ეხსნა საბრალო ასული, რომელიც ასე მწარედ ისჯებოდა დედის შეცოდების გამო. მან კეფევს და კასიოპეას სიტყვა ჩამოართვა, რომ თუკი მათ ქალიშვილს სიკვდილისგან იხსნიდა, ცოლად უნდა მიეცათ. თუმცა ანდრომედას მშობლებს უკვე ჰყავდათ ქალიშვილისთვის საქმრო შერჩეული, მაინც ეხვეოდნენ და ემუდარებოდნენ, რომ მათი ქალიშვილი გადაერჩინა და ჯილდოდ, მის ცოლობას პირდებოდნენ. ამ დროს ზღვიდან ხმაური შემოისმა და ნაპირისკენ საზარელი არსება გაექანა. პერსევსმა ფრთიანი სანდლები ამოიცვა და ჰაერში აიჭრა. ურჩხულმა პერსევსის ვეება ჩრდილს მოჰკრა თვალი და მისკენ გაემართა. ამით ისარგებლა გმირმა და ურჩხულს ზურგში ჩასცა მახვილი. ურჩხული ქარაფეფს მიაწყდა. პერსევსი უფრო ზევით აიჭრა, რომ ურჩხული ვეღარ მისწვდომოდა, დრო იხელთა და მახვილი შიგ ხახაში ჩასცა. გმირი მიწაზე დაეშვა და ყოველი შემთხვევისთვის, ბუჩქში გადანახულ მედუზას თავს მიაშურა, რომ ჩანთაში ჩაემალა, სანამ ვინმე ნახავდა. სიხარულით გულანთებული ანდრომედა პერსევსს გულში ჩაეკრა, მისი მშობლებიც მადლობდნენ ჭაბუკს. პერსევსმა მადლობის ნიშნად სამსხვერპლოები აღუმართა ჰერმესს, ათენასა და ზევსს. პირველ სამსხვერპლოზე მოზვერი დაკლა, მეორეზე – ფური და მესამეზე – ხარი. შემდეგ კი სასახლისკენ გასწიეს და დაპირებული ქორწილი გადაიხადეს.

პერსევსი ქვად აქცევს ფინევსა და მის ჯარისკაცებს

პერსევსი და ფინევსი

ქორწილში ერთადერთი კასიოპეა იყო მოწყენილი. მას პერსევსის სიძეობა მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა და სიძედაც ის ერჩია ვისზედაც ქალიშვილი ადრე იყო დანიშნული. ამ დროს შემოისმა მეომართა ფეხის ხმა და იარაღის ჩხარუნი. თურმე ფინევსს, ანდრომედას უწინდელ საქმროს, გაეგო საცოლის გათხოვების ამბავი და საბრძოლველად შეჭურვილი რაზმის თანხლებით წასულიყო ქორწილის ჩასაშლელად. გაბრაზებული ფინევსი ემუქრებოდა პერსევსს, რომ მისი აღსასრულის დღე იყო დამდგარი და მას ვერაფერი იხსნიდა. კასიოპეამ ფინევსის მხარე დაიჭირა, ხოლო მეფე კი სხვაგვარად მოიქცა, მან ახლად მოსულს სიტყვა შეაწყვეტინა და იმაში დაადანაშაულა, რომ მან მაშინ არაფერი იღონა, როდესაც მისი საცოლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ფინევსს ამის საპასუხოდ არაფერი ჰქონდა სათქმელი. ის საქმის განსასჯელად არც იყო მოსული, მხოლოდ ბრაზი და ზიზღი ამოძრავებდა. მან სიტყვის უთქმელად შუბი სტყორცნა გმირს და მან კი მარჯვედ აიცდინა ნასროლი. გაიმართა სასტიკი ბრძოლა. პერსევსმა ფინევსის მრავალი მეომარი სიცოცხლეს გამოასალმა. ისინი ყოველი მხრიდან გარს შემოეხვივნენ პერსევს და ცდილობდნენ ძალის ერთიანობა გამოეყენებინათ მის წინააღმდეგ. ახლა კი მიხვდა გმირი, რომ მისი ერთადერთი ხსნა გორგონა მედუზას თავის გამოყენება იყო. თავის ყველა მომხრეს შეტრიალება უბრძანა და აბგიდან მედუზას თავი ამოიღო. ვინც კი მას თვალებში შეხედა, უმალ მარმარილოს ქანდაკებად იქცა. და ასე ერთმანეთის მიყოლებით ჩალაგდნენ მარმარილოს მწკრივებად. ეს რომ ფინევსმა ნახა მუხლებზე დაემხო და პერსევს ემუდარებოდა, არ მოეკლა. პერსევსმა ღიმილით უთხრა: „ნუ გეშინია, მახვილით არ შეგეხები, ამიერიდან ასე დაჩოქილი იქნები მუდამ“, და გორგონა მედუზას თავი სახეში შეაფეთა.

პერსევსის დაბრუნება სერიფოსზე და აკრისიოსის სიკვდილი

იმ ავბედითი ქორწილის შემდეგ, პერსევსი კეფევსის სამეფოში დიდხანს აღარ გაჩერებულა. ის, ანდრომედასთან ერთად სერიფოსზე დაბრუნდა. ხომალდიდან გადმოსვლისთანავე დედის ამბავი იკითხა და გაიგო, რომ პოლიდექტესს ჰიპოდამეას ცოლად შერთვა არც კი უფიქრია და ისევ დანაეს ხელში ჩაგდებას ლამობდა. ქალი თავის დასახსნელად ზევსის ტაძარს შეეფარა და იქიდან აღარ გამოდიოდა. გაბრაზებული პერსევსი პოლიდექტესის სასახლისკენ გაეშურა. როდესაც დარბაზში შევიდა, ნახა რომ მეფე თავის მეგობრებთან ერთად ღრეობდა. მისი შესვლა ვერავინ შეამჩნია, რადგან მეფეს პერსევსი უკვე მკვდარი ეგონა. მას ვერ წარმოედგინა, რომ გორგონა მედუზას კლანჭებს ვინმე გადაურჩებოდა. პერსევსი მეფეს წარუდგა და მოახსენა, რომ მისი დავალება შეასრულა. მეფემ და მისმა მეგობრებმა მისი მონაყოლი ტრაბახად მიიჩნიეს და სიცილი დააყარეს. პერსევსი ისედაც გაცეცხლებული იყო, ასეთმა დახვედრამ კი რისხვა გაუათკეცა, იგი დასწვდა მედუზას თავს და მეფეს შესძახა:„რაკი არ გჯერა,აჰა, შენი თვალით დარწმუნდი!“ და როდესაც მეფე ქანდაკებად იქცა, წამსვე სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. პერსევსმა არც დანარჩენი სტუმრები დაინდო და მათაც მეფის ბედი გაიზიარეს.

ჭაბუკმა სტიქსელ ნიმფებს დაუბრუნა ჰადესის ნივთები: უჩინმაჩინის ქუდი, ჯადოსნური აბგა და ფრთიანი სანდლები; გორგონა მედუზას თავი კი ათენას გადასცა, რომელმაც ის თავის ფარზე დაიმაგრა.

პერსევსმა სერიფოსის მმართველობა დიქტისს ჩააბარა, რომელმაც ერთხელ უკვე იხსნა ის და დედამისი სიკვდილისგან. თვითონ კი ანდრომედასთან და დანაესთან ერთად არგოსისკენ გასწია. აკრისიოსმა, რომ შეიტყო პერსევსის დაბრუნება, არგოსიდან შორს გადაიხვეწა. პერსევსი კი არგოსის მეფე გახდა.

მართალია, აკრისიოსი განერიდა, იმას ვისი ხელითაც სიკვდილი ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები, მაგრამ თავის წერას მაინც ვერ ასცდა: ერთხელაც ტევტამიდოსმა, რომლის სამეფოსაც აკრისიოსმა თავი შეაფარა, თამაშობა-შეჯიბრებები გამართა. მათში პერსევსიც მონაწილეობდა და მისგან გატყორცნილი დისკო შემთხვევით მოხვდა პაპამისს და იმსხვერპლა. პერსევსი ძალიან დაღონდა, მან აკრისიოსი დიდი პატივით დაკრძალა ათენას ტაძარში. ამ შემთხვევის შემდეგ, არგოსში გმირი ვეღარ გაჩერდა და მან თავისი სამეფო გაუცვალა თავის ნათესავს, ტირინსის მეფეს, პროიტოსის ძეს, მეგაპენთესს. პერსევსს მიეწერა ქალაქ მიკენის დაარსება, რომლის უშველებელი კედლები, ისევე როგორც ტირინსისა, გოლიათი კიკლოპების ხელით იყო აშენებული.


პერსევსი
პერსევსი და ანდრომედა. რუბენსის ნამუშევარი
პერსევსი და ანდრომედა. მიგნარდის ნამუშევარი
პერსევსი და ანდრომედა
პერსევსი მედუზას თავით

პერსევსის შთამომავლობა

პერსევსსა და ანდრომედას შვიდი შვილი ჰყავდათ: ექვსი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. ჯერ კიდევ ელადაში დაბრუნებამდე მათ ეყოლათ პერსესი, სპარსელთა მამამთავარი. შემდეგ მიკენში ეყოლათ ალკეოსი, სთენელოსი, ჰელეიოსი, მესტორი, ელექტრიონი და გორგოფონე. ამრიგად პერსეიდებში ჰერაკლესა და მის მტერს ევრისთევსს შორის ახლო ნათესაური კავშირია.

თანამედროვეობაში გაჟღერებული პერსევსი

ლიტერატურა

  • (რუსული) Мифы народов мира. М., 1991-92. В 2 т. Т.2. С.304-305, Любкер Ф. Реальный словарь классических древностей. М., 2001. В 3 т. Т.3. С.53

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Hofmann, «Etymologisches Wörterbuch des Griechischen (Munich)» 1950. (ინგლისური)
  2. Herodotus, vii.61(ინგლისური)
  3. Herodotus vii.150 (ინგლისური)
  4. Forgotten Scripts, Basic Books, 1982, ISBN 0-465-02484-X, Chapter 7. (ინგლისური)
მითოლოგიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მითოლოგიაზე.