რომანოზი (ერისთავი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერისთავი (მრავალმნიშვნელოვანი).

რომანოზი (რომანი) ერისთავი (ერისკაცობაში — რევაზ გიორგის ძე ერისთავი; გ. 30 იანვარი, 1753) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი.

გიორგი არაგვის ერისთავის ვაჟი. 1700-იანი წლებში ბერად აღიკვეცა დავითგარეჯაში; 1720 წლიდან მის საგვარეულო სასახლეში ანანურში ინახებოდა წმ. ნინოს „ჯვარი ვაზისა“. 1722 რუსეთში გაემგზავრა; გზად მთიელებმა გაძარცვეს. რუსეთში პენსია დაუნიშნეს, მაგრამ ხელმოკლედ ცხოვრობდა. 1723 წელს იყო შუამავალი ქართლის მეფე ვახტანგ VI-სა და რუსეთის იმპერატორ პეტრე I-ს შორის. 1725 საქართველოში დაბრუნდა; ცხოვრობდა თბილისში, იმხანად გამეფებული პოლიტიკური ქაოსის პირობებში ცდილობდა დახმარებოდა ეკლესია-მონასტრებს, კავშირი ჰქონდა ვახტანგ VI-ის მომხრე შეთქმულებთან. 1729 კვლავ რუსეთში გაემგზავრა, მაგრამ 1730 წ. სამშობლოში დაბრუნდა და ანანურის არქიმანდრიტი გახდა. 1731 სამთავისისა და გორის მიტროპოლიტად აირჩიეს, მაგრამ ოსმალებმა გორიდან გააძევეს და რომანოზი კვლავ ანანურში დაბრუნდა, 1732 წელს კი რუსეთში წავიდა. ვახტანგ მეფის შუამდგომლობით რუსეთის მთავრობამ რომანოზის საეკლესიო წოდებები აღიარა და ღვთისმსახურების უფლება მისცა. 1734 მოსკოვში, „პრესნიაზე“, თავის სასახლესთან ააგო ხის ეკლესია, სადაც მსახურება ქართულ ენაზე ხდებოდა. 1738 საქართველოში დაბრუნდა; 1739 წელს ანანური აიღო და გადაწვა შანშე ქსნის ერისთავმა. რომანოზი ჯერ იმერეთში, შემდეგ ყიზლარში გაიქცა. საბოლოოდ, 1741 წელს, რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო და მოსკოვში დასახლდა. 1749 მძიმედ ავადმყოფმა რომანოზმა საქართველოში დაბრუნდება ითხოვა; რუსეთის სინოდმა ჯერ უარი უთხრა, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა. 1752 კვლავ რუსეთში გაემგზავრა; თან წაიღო წმ. ნინოს ჯვარი, რომელიც თავის სიძეს (დის ქმარს) ბაქარს გადასცა. ყიზლარში ყოფნისას რუსეთის მთავრობის სახელზე მოამზადა მოხსენება საქართველოში შექმნილი სიტუაციის თაობაზე. მოსკოვში მიმავალი რომანოზი გზად, ჩერნი იარში, გარდაიცვალა. დაკრძალულია ასტრახანის მიძინების ტაძარში.

რომანოზმა გადაწერა არაერთი საეკლესიო წიგნი, შექმნა ჰიმნების კრებული. მის მიერ შეკვეთილი ბევრი ხელნაწერი გარეჯის მონასტერს შესწირა. სავარაუდოდ, მონაწილეონდა მოსკოვში ქართული ბიბლიის დაბეჭდვაში (1744).

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]