ამფიონი და ძეთოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამფიონი (მრავალმნიშვნელოვანი).
ამფიონი და ძეთოსი. რომი, პალაცო სპადა.

ამფიონი (ძვ. ბერძნ. Ἀμφίων) და ძეთოსი (ძვ. ბერძნ. Ζήθος) — ბერძნულ მითოლოგიაში ზევსის და ანტიოპეს ტყუპი შვილები.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიოპეს მამა ნიქტევსი და ბიძა ლიკოსი ევბეიდან იყვნენ გაქცეულები და თებეში გაბატონდნენ. იქ ანტიოპე ზევსმა შეიყვარა, ფეხმძიმე ასულის ხილვაზე მამა ლამის შეიშალა, ასულს მოკვლით დაემუქრა. შეშინებული ანტიოპე სიკიონს გაიქცა, მეფე ეპოპევსს მისთხოვდა. ნიქტევსი დარდმა გადაიტანა. მისი ანდერძის მიხედვით, ლიკოსმა ეპოპევსი მოკლა, ანტიოპე წამოიყვანა, გზაში შობილი ამფიონი და ძეთოსი გადაყარა და ანტიოპე დილეგში ჩააგდო, სადაც თვით ლიკოსი და მისი ავი დედოფალი — დირკე აწამებდნენ.

ძეთოსი და ამფიონი კი კეთილმა მწყემსმა გაზარდა. როცა ეს „თეთრბედაურებიანი ბეოტიელი დიოსკურები“[1] დავაჟკაცდნენ, „ქალაქთა დამაარსებელნი“ გახდნენ და საარაკო ღონით გამოირჩეოდნენ. უწინარეს ყოვლისა, უცნობი დედის ძებნა დაიწყეს.

თებეს მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთხელ თებეში გამართულ დიონისეს დღესასწაულზე მოხვდნენ. აქ იყო დედოფალი დირკე, მეფე ლიკოსის მეუღლე, რომელმაც ანტიოპე (მული) თავიდანვე შეიძულა და ყოველნაირად ტანჯავდა. ბოროტმა დედოფალმა ახლაც ბრძანა მოეყვანათ ანტიოპე და მძვინვარე ველური ხარის (თუ კამეჩის) რქებზე დაეკრათ. გამზრდელმა მწყემსმა ძმებს გაუმხილა, განწირული ქალი დედათქვენიაო. შეძრწუნებულმა გმირებმა დედა იქვე გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ველური ხარის რქებზე დირკე დააკვრეს. მათვე მოკლეს ტირანი ლიკოსი და დაიწყეს თებეს გამაგრება. ამფიონს თებეს დამაარსებელს უწოდებდნენ,[2] მაგრამ თებე დიდი ხნით ადრეც არსებობდა, ძმებმა ის გაამაგრეს და ძლიერ ქალაქ-სიმაგრედ აქციეს.[3] ჰომეროსი ანტიოპეს ასოპოსის ასულს უწოდებს. მისი პოემის მიხედვით, ძმები სულ სხვადასხვა ხასიათის არიან. ძეთოსი ძალუმი ბუმბერაზია, ტლანქი და საქმიანი, ფიცხი და პირდაპირი, მწყემსი, მონადირე და მიწათმოქმედი; ამფიონი კი სწორუპოვარი ოსტატი იყო კითარაზე დაკვრისა, თანაც მომაჯადოებელი ხმა ჰქონდა. ამიტომ ჰერმესმა ციური ქნარი აჩუქა. ამ ქნარის ღვთაებრივ სიმთა ჟღერაზე ქვები თავისთავად მოგორავდნენ და ქალაქის კედლებზე ლაგდებოდნენ (მათ ეხმარებოდათ ზევსის და მერას ძე — ლოკროსი). ასე შემოავლეს თებეს ზღუდე-გალავანი.

წარუმატებლობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამფიონმა სიპილოსის (ან ლიდიის, ფრიგიის) მეფის ტანტალოსის ასული — ნიობე შეირთო და ბედნიერიც იყო, შვიდ-შვიდი ქალ-ვაჟის მამა, მაგრამ როცა ნიობეს ქედმაღლობით განრისხებულმა აპოლონმა და არტემიდემ შვილები დაუხოცეს, დარდისაგან თავი ჩამოიხრჩო, ჰიგინის ცნობით კი შვილების დახოცვით სასოწარკეთილი მეფე აპოლონის ტაძარს დაესხა თავს და ისიც აპოლონმა განგმირა ისრით. ამავე ცნობას გვაძლევს ოვიდიუსი.[4]

ხელოვნებაში და ლიტერატურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვიანდელი მწერლები ძმათა განსხვავებულ ხასიათებში სიმბოლურ გააზრებას ხედავენ: ძეთოსი პრაქტიკოსია, ამფიონი კი — მეოცნებე პოეტი. ხალხი თაყვანს სცემდა „თეთრბედაურებიან დიოსკურებს“, ცის კაბადონზე მოციმციმე „ტყუპებს“.

პავსანიას ცნობით, ამფიონი ზევსის შვილი იყო, ძეთოსი — მოკვდავი ადამიანისა (კასტორის და პოლიდევკეს მსგავსად). ერთი ვერსიით, ნიობეს შვილებთან ერთად აპოლონმა ამფიონეც მოკლა, ან მთელი ოჯახი ჭირმა იმსხვერპლა (აპოლონის ისარს ჭირის მოფენის უნარის აქვს).[5]

1546 წელს კარაკალას თერმებში იპოვეს ხელოვნების ნიმუში „ფარნეზეს ხარად“ წოდებული მარმარილოს ჯგუფი, რაც ასახავს ძმების მთავარ გმირობას: ველურ ხარს დასაგლეჯად აბამენ რქებზე დედოფალ დირკეს. ქანდაკება შექმნილია ძვ. წ. II საუკუნეში, მისი ავტორები არიან აპოლონიოსი და ტავრისკი. „ფარნეზეს ხარი“ ფარნეზეს გვარის ოჯახმა შეიძინა და მათი გალერეის სახელი მიეკუთვნა ამ ჯგუფურ ქანდაკს, რაც ახლა ნეაპოლის ევროვნულ მუზეუმშია. ხელოვნების მეორე ნიმუშია რელიეფური სურათი, რომელზეც ამფიონს ქნარი უჭირავს, ძეთოსი კი ზის და უსმენს.[6]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აკაკი გელოვანი, „მითოლოგიური ლექსიკონი“, გვ. 51-52. თბილისი, 1983

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ევრიპ. ფინიკიელი ქალები, 609
  2. ი. დვორეცკის ლექსიკონი, 1, 108 და სხვა
  3. ჰომ. ოდ. 11, 260
  4. მეტ. 6, 271
  5. აპოლოდ. 1, 9, 9-10; 3, 5, 5-7
  6. ჰიგ. 7