მეხური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეხური — ქართული ჰიმნოგრაფიული ტერმინი, აღნიშნავს ახალი წესით დაწერილ (ან თარგმნილ) და მელოდიასთან შეწყობილ საგალობლებს. მეხურის ხმარება დადასტურებულია X-XI საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში „მეხურნი ძლისპირნი“, „დასდებელნი აღდომისანი მეხურნი“, „გალობანი მეხურნი“ (მიქაელ მოდრეკილის „იადგარი“). „მეხურნი ღმრთისმშობლისანი“ (გიორგი მთაწმიდლის ივნისის თვის „თვენის“ ანდერძი), „ მეხური იადგარი“ (მელქისედეკ კათალიკოსის სიგელი).

მკვლევართა ერთი ჯგუფი (მ. ჯანაშვილი, ნ. მარი, გ. ჟორდანია, ვ. გვახარია) მეხურს ეთნიკურ, ხოლო მეორე ჯგუფი (პ. კარბელაშვილი, კ. კეკელიძე, ჟ. ტიბო, ლ. ჯღამაია, ო. ჩიჯავაძე, ე. მეტრეველი) - მუსიკალურ ტერმინად მიიჩნევდა. ბოლო დროს გამოვლენილმა ახალმა წყაროებმა (გიორგი მთაწმიდელის ივნისის და სექტემბრის თვეთა „თვენის“ ანდერძები) დაადასტურეს, რომ მეხური მუსიკალური ტერმინია და დაკავშირებულია მეორე ტერმინთან მეხელი. ეს ტერმინები ქართული ჰიმნოგრაფიის გარკვეულ ეტაპზე ძველი ტიპის „წყობილი სიტყვით“ დაწერილი საგალობლები შეიცვალა ახალი ტიპის „საგალობელთა მარცვლედით“ ანუ რიტმული პროზით დაწერილი საგალობლებით.

ბიზანტიურ ჰიმნოგრაფიაში რიტმული პროზის ანუ ბიზანტიური სასულიერო ლექსის გავრცელება დაკავშირებული იყო იოანე დამასკელის მიერ ჩატარებულ რეფორმასთან და გულისხმობდა გალობაში ძლისპირ-ტროპართა რიტმულ-მელოდიური შესატყვისობის დაცვას და მელოდიის ფიქსაციას ტექსტებზე, რაც X საუკუნის დამდეგიდან განხორციელდა ნევმების (ნიშნების) მეშვეობით. ქართულ ჰიმნოგრაფიაში, რომელიც კვალდაკვალ მისდევდა ბიზანტიურ ჰიმნოგრაფიის განვითარებას, აგრეთვე დაიწყო ახალი საზომით დაწერილი ბერძნული საგალობლების თარგმნა, ძველი თარგმნების გადამუშავება და ამავე საზომებით ორიგინალური საგალობლების წერა. მელოდიათა ფიქსაციისათვის შემუშავდა ორიგინალური ნევმური სისტემა, რომელიც გრაფიკულად განსხვავდება ყველა არსებული სისტემისაგან. ეს სამუშაო თხოულობდა ბიზანტიურ სასულიერო ლექსისა და მუსიკის თეორიის კარგ ცოდნას, გიორგი მთაწმიდელის სიტყვებით, „დასდებლის მეცნიერების“ ცოდნას.

კორნელი კეკელიძის ვარაუდით, მეხური წარმოებული უნდა იყოს ბერძნული — echos-დან, რაც ხმას ნიშნავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • მეტრეველი ე., „მეხელისა“ და „მეხურის“ გაგებისათვის, კრ.: შოთა რუსთაველი, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი, თბ., 1966, თბ., 1966;
  • ჯღამაია ც., „მეხურისა“ და „მეხელის“ შესახებ, „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივი მეცნიერული განყოფილების მოამბე“, 1962, № 3;
  • მეტრეველი ე., ქსე, ტ. 6, გვ. 654-655, თბ., 1983