ლეჩხუმელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეჩხუმი

ლეჩხუმელები, სკვიმნებიქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ ისტორიული ლეჩხუმის, დღევანდელი ცაგერის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარე ცხენისწყლის შუა დინებაზე, აგრეთვე მის მიმდებარე რაჭისა და იმერეთის სოფლებში. კულტურისა და ყოფის თავისებურებებით ლეჩხუმელები ახლოს არიან რაჭისა და მთიანი იმერეთის მოსახლეობასთან, საუბრობენ ქართული ენის ლეჩხუმურ დიალექტზე. წარსულში მათი ძირითადი საქმიანობა იყო მემინდვრეობა (სიმინდის და ხორბლის მოყვანა) და მევენახეობა.

წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ე. თაყაიშვილის მოსაზრებით, ლეჩხუმელები გაქართველებული (გაიმერელებული) სვანებია,[1] რომელთა გაქართველება VIII საუკუნის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო.[2]

ლეჩხუმს და მის მცხოვრებლებს პირველად ისტორიულ წყაროებში იხსენიებს პროკოპი კესარიელი (VI ს). იგი რეგიონს უწოდებს სკვიმნიას ხოლო იქ მცხოვრებ ტომს სკვიმნებს. ყველაზე უფრო გავრცელებული მოსაზრებით სახელმწოდება უკავშირდება „თევზს“. ამ პერიოდში ლეჩხუმს მართავს ეგრისის მეფის ვასალი ერისთავი. შემდგომმში ამ თანამდებობას ეწოდა — ლეჩხუმის თავი.

დემოგრაფიის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცაგერი. პანორამა

ლეჩხუმში ადამიანის ცხოვრების კვალი ნეოლითიდანაა დამოწმებული. არქეოლოგიური მონაპოვრებით ძალზე კარგადაა წარმოდგენილი გვიან ბრინჯაოს ხანა. ჩვენი წელთაღრიცხვის VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი ლეჩხუმს სკვიმნიის სახელით მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ იგი „მჭიდროდ დასახლებული მხარეა“.

მონღოლთა მიერ ჩატარებული აღწერის ცნობების საფუძველზე, არაპირდაპირი გზით გამოანგარიშების მიხედვით, მე-13 საუკუნის ლეჩხუმში დაახლოებით 4050 კომლი ყოფილა. თუ ჩავთვლით, რომ საშუალოდ კომლში 5 სული ცხოვრობდა (იმ პერიოდისათვის ასე იყო მიჩნეული), გამოდის რომ იმ დროისათვის ლეჩხუმში 20-25 ათასი კაცი იყო.

საქართველოში, მე-13 საუკუნიდან მნიშვნელოვნად მცირდება მოსახლეობის რიცხვი მთელ საქართველოში. ამ მხრივ გამონაკლისს ლეჩხუმი წარმოადგენს, სადაც, პროფესორ კაკაბაძის გაანგარიშებით, კომლთა რაოდენობა XVI საუკუნის შუა წლებშიც დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც XIII საუკუნეში იყო.

ხელშესახები ცნობები მოიპოვება XVIII საუკუნის II ნახევრის ლეჩხუმის მოსახლეობის შესახებ. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის იანოვსკის ცნობით, სამეგრელოს სამთავროში 1770 წელს 100 ათასი სული ცხოვრობდა, მათგან სალაშქროდ გამოდიოდა 6 ათასი მეომარი. ამათგან 2 ათასი ლეჩხუმიდან (ლეჩხუმი იმ დროს სამეგრელოს სამთავროში შედიოდა), ანუ სამეგრელოს ლაშქრის ერთი მესამედი (დაახლოებით 20-25 ათასი მცხოვრებიდან), ლეჩხუმიდან ყოფილა, ამასვე ადასტურებს მოგზაური გულდენშტედტი. ის აღნიშნავს, რომ მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ლეჩხუმში დაახლოებით 20 ათას სულზე მეტი მცხოვრებია.

მე-19 საუკუნის, მტრების შემოსევის შეწყვეტამ და ეკონომიკური მდგომარეობის გარკვეულად გაუმჯობესებამ როგორც საერთოდ, ასევე ლეჩხუმშიც ხელი შეუწყო მოსახლეობის ბუნებრივ მატებას. 1897 წლის მოსახლეობის აღწერის მასალების მიხედვით (ლეჩხუმის მაზრაში სვანეთიც შედიოდა) , სულ მაზრაში ცხოვრობდა 47779 კაცი. აქედან ლეჩხუმელი - 31806, სვანი - 15359, ებრაელი - 441, რუსი - 23, სომეხი - 91, თათარი - 7, ოსი - 9, ქურთი - 6, დანარჩენი - 10.ზემოთ მოტანილი მონაცემებით კარგად ჩანს ლეჩხუმის მოსახლეობის სტაბილურობა მე-13 საუკუნიდან ვიდრე მე-19 საუკუნის დამდეგამდე, რასაც ხელი შეუწყო ამ კუთხის გეოგრაფიულმა მდგომარეობამ. ლეჩხუმი ძნელად მისასვლელი მხარე იყო და ამდენად, ადგილობრივი მოსახლეობა ნაკლებად განიცდიდა მტრისაგან რბევას, ამასთან, უნდა ვივარაუდოთ, რომ ძნელბედობის დროს ბარის მოსახლეობა თავს აფარებდა ლეჩხუმს და ზოგჯერ ფუძნდებოდა კდიეც აქ. ამის გამო ლეჩხუმის მოსახლეობის რიცხვი არ მცირდებოდა.

1900 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებით ლეჩხუმის მაზრაში, რომელშიც ზემო და ქვემო სვანეთიც შედიოდა, სულ ცხოვრობდა 51643 კაცი. მაზრა დაყოფილი იყო საბოქაულოებად:

1) ალპანის საბოქაულო (ცენტრი სოფელი აჭარა), რომელშიც იმ დროს ცხოვრობდა 20431 კაცი, მოიცავდა სოფლის საზოგადოებებს: ალპანის - 2329 კაცით, დერჩის - 3643 კაცით, დეხვირის - 2932 კაცით, ნაკურალეშის - 3643 კაცით, ჭყვიშის - 2935 კაცით.

2) ცაგერის საბოქაულო (ცენტრი ცაგერი) 19521 მცხოვრებით, მათ შორის ზუბი - 3220, ოყურეში - 2921, ლაშხეთი - 2613, ლენტეხი - 2243, ორბელი - 3224 და ჩოლური - 1046 მცხოვრებით.

3) ზემო სვანეთის საბოქაულოში (ცენტრი მუჟალი) სულ ცხოვრობდა 11690 კაცი.

ირკვევა, რომ 1900 წელს ლეჩხუმის მაზრაში 51642 მცხოვრებიდან, საკუთრივ ლეჩხუმის ტერიტორიაზე, ე.ი. დიდ ლეჩხუმში, ჭყვიშისა და დერჩის საზოგადოებების ჩათვლით, ცხოვრობდა 34050 კაცი, ზემო და ქვემო სვანეთში 17593 კაცი, დღევანდელი ცაგერის რაიონის საზღვრებში კი იმ დროისათვის - 28183 მცხოვრები.

ზემოთ მოტანილი მონაცემებიდან ჩანს, რომ ორ საუკუნეზე ნაკლებ დროში (1801-1989 წწ) საქართველოს მოსახელობა გაიზარდა დაახლოებით შვიდჯერ, ამას ვერ ვიტყვით საქართველოს მთიან რაიონებზე და კერძოდ ლეჩხუმზე. აქ, პირიქით, იმავე დროში მოსახლეობა დაახლოებით ორჯერ შემცირდა. ამის ერთ- ერთი მიზეზი იყო ის, რომ ამ პატარა რაიონიდან მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს 7000 ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთა ნახევარზე მეტი შინ ვერ დაბრუნდა. ამასთან, მიმდინარეობდა ადგილობრივი მცხოვრებთა მასიური გადასვლა მთიდან ბარში და სოფლიდან ქალაქად მუდვივ საცხოვრებლად, ძირითადად დაუსაქმებლობის გამო.

 ლეჩხუმში რიგი სოფლები დაცალა და ზოგან მთლიანად გააუქმა ეგრეთ წოდებულმა გეგმიანმა გადასახლებამ ბოლნისსა და აფხაზეთში. ამას დაემატა ბოლო წლებში სტიქიური უბედურების გამო რაიონის ფარგლებიდან მცხოვრებთა გასვლა. შედეგები ასეთია: 1989 წლის აღწერის მონაცემებით ლეჩხუმში მუდმივ მცხოვრებთა რაოდენობამ შეადგინა 17547 ადამიანი. აქედან ქალია 9513, მამაკაცი კი - 8034.

2014 წლის აღწერის მიხედვით საკუთრივ ლეჩხუმში ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარების ათეული ასე გამოიყურება: კოპალიანი, სილაგაძე, ახვლედიანი, ხეცურიანი, მუშკუდიანი, ჩაკვეტაძე, ყურაშვილი, ბურჯალიანი, ბენდელიანი და სვანაძე.

დღესდღეობით ლეჩხუმი დეპოპულაციას განცდის. მოსახლეობის უმრავლესობა ძირითადად დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში მიდის სამუშაოდ და საცხოვრელად. 2014 წლის აღწერის მონაცემებით ცაგერის მუნიციპალიტეტში ამჟამად ცხოვრობს 10850 ადამიანი.

მხარის ეტიმოლოგია და მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ლეჩხუმის“ ეტიმოლოგიის ირგვლივ რამდენიმე მოსაზრებაა. მათ შორის აღსანიშნავია ორი: პირველი მათგანი ლეჩხუმის მეგრული „ჩხუმის“ (თევზის) დახმარებით, მეორე სვანური „ცხუმის“ (რცხილის) გამოყენებით ხსნის.

მე-6 საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი ლეჩხუმს სკვიმნიის სახელით მოიხსენიებს, რაც მის ბიზანტიურ შესატყვისს წარმოადგენს.

ლეჩხუმის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო ნაწილში. კერძოდ, დასავლეთ კავკასიონის ქედის სამხრეთით მდებარე ლეჩხუმის, ეგრისისა და რაჭის ქედების თავშესაყარ ზონაში. ტერიტორია განფენილია ჩრდილო განედის 42° 28' და იმავე განედის 42° 31' შორის, აღმოსავლეთ გრძედის 42° 3' და იმავე გრძედის 42° 5' შორის. მხარე 1930 წლამდე მოიცავდა ძირითადად ახლანდელი ცაგერისა და დღევანდელი წყალტუბოსა და ამბროლაურის რაიონების ტერიტორიების ნაწილს. ლეჩხუმის დასავლეთით, სამეგრელოსაგან ასხის (ეგრისის ქედის ტოტი) მთის მასივი ჰყოფს, ჩრდილოეთით , სვანეთისაგან და ჩრდილო-აღმოსავლეთით რაჭისაგან-ლეჩხუმის ქედი. ძველს ლეჩხუმს ჩრ. აღმოსავლეთით რაჭისაგან ასკის წყალი გამოყოფდა. მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე საზღვარი თავშავის ქედის (რაჭის მთების ტოტი) სამხრეთ კალთებზე გადიოდა, სამხრეთით - იმერეთსა და ლეჩხუმს შორის საზღვარი მდინარე ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ მდებარე სერსა და ხვამლის მთის მასივზე.

საქართველოს სსრ ადმინისტრაციული დარაიონების პროცესში ლეჩხუმის ერთი ნაწილი - დერჩი, დღნორისა, მექვენა, ბეთქოულა, ლეხენდრისთავა, ჩორთისა, საჩხეულა, ჭაშლეთი, ონჭეიში წყალტუბოს რაიონს მიეკუთვნეს და დღეს იმერეთის მხარის შემადგენლობაშია, მეორე ნაწილი - ჭყვიში, ჭრებალო, ღვარდია, ჟოშხა, გენდუში, ქვიშორი - ამბროლაურის რაიონს.[3]

ცაგერის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთიდან - ამბროლაურის, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან - წყალტუბოს, სამხრეთ დასავლეთიდან და დასავლეთიდან - ხონისა და მარტვილის მუნიციპალიტეტები. ფართობი 800 კვ. კმ-ს შეადგენს.

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საშუალო სიმაღლის მთები ძირითდად იურული და ცარცული  ქვიშაქვებით, კირქვებითა  და პალეოგენურ-ნეოგენური ქანებისგანაა აგებული, ხოლო მდინარეთა ტერასები და ქვაბულის ფსკერები  ალუვიური ნაფენებით.

რელიეფურად ცაგერის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს ძირითადად საშუალო და დაბალი სიმაღლის ქედების, ქვაბულების და ღრმად ჩაჭრილი ვიწრო ხეობების მქონე ტერიტორიას. ჭარბობს ეროზიულ-დენუდირებული და კარსტული რელიეფი, ციცაბო და საშუალო დახრილობის მქონე ფერდობებით.

საქართველოში იშვიათად მოიძებნება ადგილი, სადაც შედარებით პატარა ტერიტორიაზე , იმდენად მრავალფეროვან, ბუნებრივ და ანთროპოგენურ ლანდშაფტურ სიმაღლეებს ვხვდებით, როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტში. მხარე განთავსებულია ერთიმეორისაგან წყალგამყოფებით, მკვეთრად გამიჯნული მდინარეების: რიონის, ცხენისწყლის, ლაჯანურის, ჯონოულის და ღვირიშის ხეობები. აქ ნახავთ ხვამლის, ასხის, საირმის,ჭიქელაშის კარსტულ საოცრ რელიეფის ფორმებს 200-250 მეტრი სიღრმის და რამდენიმე მეტრის სიგანის: ტვიშის, ორპირის, სარეწკელას, მურის და ღვირიშის კირქვებში განთავსებულ კანიონისებურ ვიწრობებს, უამრავ მინერალურ და წყაროს წყლებს, ჩანჩქერებს.

ლეჩხუმის თვალწარმტაცი ბუნების სურათები  საქართველოს მგოსანმა აკაკიმ თავის პოემაში  „რაჭა-ლეჩხუმი“ ასე აღწერა  – /ღმერთო რა ვნახე, სასიზმრო და საარაკო მხარეა, /თუ თვით ედემი არ არის, ედემის შესადარია/.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება კოლხეთის დაბალი და საშუალო მთის ტყის ლანდშაფტების ზონას, სამხრეთიდან და დასავლეთიდან მთების – ხვამლისა და ასხის მდებარეობა განაპირობებს, დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ადგილებთან შედარებით განსხვავებულ კომფორტულ მიკროკლიმატს. დაბალ ზონაში, ზღვის დონიდან 800 მეტრ სიმაღლეზე ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +11,40, იანვრის საშუალო – 00, ივლისის  საშუალო ტემპერატურა +220. ნალექების წლიური რაოდენობა 900-1000 მმ-ია.

მდინარეთა ტერასებზე ალუვიური ნიადაგებია, მთის კალთებზე სჭარბობს ტყის ყომრალი და კორდიან-კარბონატული, მთის ტყის ქვედა სარტყელში კი გაეწროებული წყლის ყომრალი და კარბონატული ნიადაგები. 1800 მ.ზემოთ სუბალპურ და ალპურ ზონაში მთა-მდელოს კორდიან-ტორფიანი ნიადაგებია.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია წაბლ-რცხილნარი, იელის ქვე ტყე, 800-1000 მეტრზე და მის ზემოთ ვხვდებით კოლხური ტიპის პოლდომინატურ ტყეებს. გავრცელებულია წაბლი, მუხა, რცხილა, ნეკერჩხალი, ცაცხვი. სიმაღლის მიხედვით შემდეგ მოდის ძირითადად წიფლარის ტევრი შქერის ქვეტყით და მუქწიწვოვანები-სოჭი და ნაძვი. 1800 მეტრის ზევით არის სუბალპური და ალპური მდელოები.

მთა-ხეობები მდიდარია სამკურნალო მცენარებით, ქვე ტყეში გვხვდება: მოცვი, ასკილი, ჯონჯოლი, ჩიტკაკალა, ციცაბარდა, მეფშალი, სურო, ძაღლყურძენა, ჭალებზე არის: ქაცვი, ეკალა, თხილი, ბალახოვნები: ჭინჭარი, მრავალძარღვა, ქვატკეცია, შავი ბალახა, ულეწავი, კულმუხა, სამყურა და სხვა.

ტყეში ბინადრობენ: დათვი, მგელი, მელა, ფოცხვერი, შველი, კვერნა, ციყვი, მაჩვი, მაღალ ზონაში არჩვი, მდინარე ლაჯანურის ხეობაში არის გარეული ღორი.

ლეჩხუმში ზომიერი სარტყელისათვის დამახასიათებელ მთის, ტყისა და ალპური ველის ყველა სახის ფრინველებს ვხვდებით, მდინარეები მდიდარია თევზით (კალმახი, წვერა,ნაფოტა, ღორჯო და სხვა).

უძველესი და ანტიკური ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეჩხუმის ისტორია პალეონითით-ნეოლოთით იწყება. აქ ადამიანის ცხოვრების კვალი (სოფლები: ნაკურალეში, ზუბი, ზედა ტვიში, დღნორისა) ქვის ხანიდან ჩანს, ადგილზე მოპოვებულია და ცაგერის ისტორიულ მუზეუმში დაცულია უამრავი  ქვისა და კაჟის სამეურნეო, საყოფაცხოვრებო და საბრძოლო ნივთები.

მხარის ტერიტორია მკვლევარების მიერ აღიარებულია გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის ერთ-ერთ მძლავრ მეტალურგიულ კერად. ადგილზე მოპოვებულია ბრინჯაოს ნივთაების 10 განძი. აგრეთვე ზოდები, წიდები, ნაღვენთები, ქურისა და კერამიკის ნაშთები და რაც მთავარია  ყალიბი. აქვეა მოპოვებული უძველესი და უიშვიათესი ქართული, კოლხური და სხვა ქვეყნების ნუმიზმატიკური ნიმუშები, სულ 1000-მდე ერთეული. (კოლხური თეთრი, კოლხური სტატერი, ალ.მაკედონელის, ლისიმახისა და სხვა). ყოველივე ეს დაცულია ცაგერის ისტორიულ მუზეუმში.

ამ პერიოდში მას იხსენიებენ როგორს სარკინეთს ან სკვიმნის.

საგულისხმოა, რომ უძველესი დროიდან შუა ლეჩხუმზე გადიოდა „თაკვერად“ წოდებული საქარავნო საერთაშოროისო გზა, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარე ქალაქს ფაზისს აკავშირებდა ჩრდილო კავკასიის ხალხებთან.

ხვამლის მთის ფგარშემო აღმოჩენილია გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის მეტალურგიის კერები. ხვამლის ქვაბები იყო მეფეთა განძსადები, პრომეთე აქ მიაჯაჭვეს კლდეზე, აქამდე  მოაღწიეს ჰერაკლემ და  ჰეფესტომ, ხვამლისკენ მოისწრაფოდნენ   არგონავტები, პრომეთეს სისხლით განაყოფიერებულ ნიადაგზე ამოსული მცენარეებით ამზადებდა წამლებს გრძნეული მედეა. ერთ ერთი მითური ინტერპრეტაციის თანახმად ჰერაკლეც სწორედ კეჩხუმში ხვალმზე ავიდა რათა პრომეთე გაეთავისუფლებინა.

შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხვამლის მთა

ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს საქართვლეოს სამეფოს შექმნის შემდეგ ადრეულ პერიოდში შეიქმნა თაკვერის საერისთაო, რომელშიც გაერთიანდა დღევანდელი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის ნაწილი-ცენტრი იყო ცაგერი, შემდგომში ამბროლაური. თაკვერს ერისთავი განაგებდა, თუმცა შემდგომში დავით აღმაშენებლის პერიოდიდან თაკვერი სვანეთის ერისთავს ემორჩილებოდა, შემდეგ ერთიანი ქართული სამეფოს დაშლამდე კი ხან დამოუკიდებელ საერისთაოდ ჩანს ხანაც სვანეთის გამგეობაში მყოფად.

მურის ციხე.

ერთიანი ქართული სამეფოს დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა რაჭის საერისთაო, ლეჩხუმი კი უშუალოდ იმერეთის მეფის დომენი გახდა. ლეჩხუმი ყველაზე მცირე პოლიტიკური ერთეული იყო დასავლეთ საქართველოში. თუმცა აქ უამრავი ციხე-სიმაგრე არსებობდა და ომიანობისას დასავლეთის მესვეურნი მესვეურნი სწორედ მას აფარებდნენ თავს და აქ მაგრდებოდნენ მომძლავრებული მტრის წინააღმდეგ. შუა საუკუნეების ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით სწორედ ლეჩხუმში ხვალმში იყო ქართველ მეფეთა განძსაცავი. ასევე. ამავე პერიოდის ისტორიოგრაფიაში სიანტერესო მინიშნებაა გაკეთებული ასევე ხვამლთან დაკავშირებით „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხვამლის მთამ გადაარჩინოს“. ლეჩხუმის მმართველთა მთავარ ციხეებს ეწოდება მურის ციხეები. რიონის ხეობაში იმერეთიდან გამოსასვლელ გზას ეს ციხეები იცავდნენ. სამ კომპლექსად სიგრძეზე გაშლილი სიმაგრეთა სისტემის სახელები იყო- „დაუხვდი“, „ჰკა მაგას“ და „არ გაუშვა“. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმში თავი იჩინა მისწრაფებამ დამოუკიდებლობისაკენ, გაჩნდა თანამდებობა — ტიტული ლეჩხუმის თავი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმელი ძლიერი აზნაურები შეეცადნენ შეექმნათ ცალკე სათავადოები. ამ მხრივ გარკვეულ წარმატებას მიაღწია ინასარიძეთა საგვარეულომ. შემდგომში ლეჩხუმს მთლიანად ჩიქოვანთა ფეოდალური საგვარეულო დაეუფლა. 1714 წელს, მას შემდეგ, რაც ლეჩხუმს გამგებელი ბეჟან I დადიანი სამეგრელოს მთავარი გახდა, ლეჩხუმი სამეგრელოს სამთავროს ერთ ნაწილად იქცა, ამიერიდან მას დადიანების დანიშნული სარდალმოურავი განაგებდა. ოდიშის ეკონომიკასა და სამხედრო საქმეში ეს პატარა მხარე საკმაოდ დიდ როლს ასრულებდა. მას შეეძლო საკმაოდ ბევრი სამეურნეო პროდუქციის წარმოება, ხოლო ოდიშის ხუთი ათასიან მხედრობაში ორი ათასი მუდამ ლეჩხუმის ლაშქარს წარმოადგენდა. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე იმერეთის მეფე სოლომონ II შეეცადა ლეჩხუმის დამორჩილებას, მაგრამ უშედეგოდ. სამეგრელოს სამთავროს რუსეთის იმპერიაში შესვლია შემდეგ ლეჩხუმის ტერიტორიაზე შეიქმნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული — ლეჩხუმის მაზრა.ლეჩხუმი თვისი რთული და საინტერესო რელიეფით (მთები, ქვაბულები, ვიწრობები, გამოქვაბულები) თვით წარმოადგენს ბუნებრივ მიუვალ „ციხესიმაგრეს“, ამას ემატება 40 ერთეულზე მეტი ადამიანის მიერ აგებული ციხე-სიმაგრე და ციხე-კოშკი, ამ შესაძლებლობებით საქართველოს ბარში მტერთაგან დევნილ სამეფო და სამთავრო ოჯახებს თავშესაფრად და სამეფო განძის დასაცავად ის დიდ სამსახურს უწევდა. თავისი სიძველითა და  გრანდიოზულობით. აღსანიშნავია: დეხვირის, მურის, ზუბის, ორბელის, უწვაშის ადრე ფეოდალური ხანის ციხესიმაგრეები. სარეწკელას, ორპირის, ორხვის და სხვა თითქმის მიუვალი მღვიმეები, გამოყენებული იყო ბერ-მონაზვნების საცხოვრებლად.

დადიანების მეორე დინასტია (1715-1868 წწ) მთლიანად ლეჩხუმური წაროშობის იყო. ჩიქვანების საგვარეულო სწორედ ლეჩხუმიდან დამკვიდრდა ძველი დადიანების სასახლებში.

ვახუშტი ბატონიშვილი თავის საქართველოს აღწერაში ლეჩხუმელთა შესახებ ამბობს: «მოსახლენი არიან აზნაურნი და გლეხნი, კაცნი მუნებურ მებრძოლნი, მხნენი, შემართებულნი, ტანადნი, ჰაეროვანნი, პურადნი, მორჩილნი უფალთა თვისთა».

XIX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეჩხუმის მაზრა

დასავლეთ საქართველოში რუსეთის მმართველობა შემოიღეს 1810 წლის თებერვლიდან. 1811 წლის აპრილში იმერეთი გამოცხადდა ოლქად. შემდეგ გადაკეთდა გუბერნიად. მასში შედიოდნენ იმერეთის და რაჭის მაზრები. 1867 წელს გაუქმდა სამეგრელოს სამთავროს დამოუკიდებლობა და იგი შეუერთდა ქუთაისის გუბერნიას. ლეჩხუმიც გამოცხადდა სამაზრო ერთეულად (მასში შედიოდა ზემო და ქვემო სვანეთი) და ისიც შევიდა ქუთაისის საგუბერნატოროში. ახლად შექმნილი მაზრის ფართობი 4636 კვ.კმ–ს შეადგენდა, ხოლო მოსახლეობა 37000 მცხოვრებს.

თავის მხრივ ლეჩხუმ–სვანეთის მაზრა დაყოფილი იყო ალპანის, ცაგერისა და სვანეთის საბოქაულოებად. საბოქაულოს განაგებდა მაზრის უფროსის მიერ დანიშნული ბოქაული. საბოქაულო დაყოფილი იყო საზოგადოებებად. მაზრაში სულ 24 საზოგადოება იყო. სასოფლო საზოგადოებას მართავდა მამასახლისი,რომელსაც გლეხობის თვალის ასახვევად, მეფის ხელისუფლება არჩეულ პირად თვლიდა, სინამდვილეში კი მამასახლისი ბოქაულის მიერ ინიშნებოდა და სოფილის საზოგადოებაში პოლიციური ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს წარმომადგენელი იყო.

ლეჩხუმის სამაზრო ცენტრი გახდა ლაილაში.მურიდან ლაილაშს იქნა გადატანილი ადმინისტრაცია, სასამართლო,პოლიცია,დაბა სწრაფად გაიზარდა, აშენდა სახელოსნოები, სავაჭრო დუქნები, გაჩნდა რამდენიმე წვრილი საწარმო.

მე–19 საუკუნის 60–იან წლებში ლაილაშს იყო 125 კომლი 903 მცხოვრებით. სამაზრო ცენტრად გამოხადებიდან მალე იქ მოსახლეობის რიცხვმა სამი ათასს გადააჭარბა, ლაილაშს გაჩაღდა ვაჭრობა და ხელოსნობა, რასაც ძირითადად იქ მცხოვრები ებრაელები და სომხები წარმართავდნენ. ბაზრობაზე მოდიოდნენ მეზობელი კუთხეებიდან – რაჭველები, სვანები, იმერლები, გადმოდიოდნენ ოსები და ყარაჩაელებიც კი. იმ დროიდან ცხენისწყლის ხეობის და რიონ–ლაჯანურის ხეობის მცხოვრებ თავადაზნაურობას და ინტელიგენციას შორის იწყება გაუთავებელი დავა სამაზრო ცენტრის ლაილაშიდან ცაგერში გადმოტანის შესახებ.

მოპოვებული მასალების მიხედვით, ლეჩხუმის საზოგადოება აღნიშნული საკითხის გამო სამ ჯგუფად გაყოფილა. პირველ ჯგუფს მიეკუთვნებოდა დერჩის, მექვენის, ალპანის, ლაილაშისა და ჭყვიშის სასოფლო საზოგადოებანი, რომლებიც მაზრის ცენტრის ლაილაშში დატოვებას მოითხოვდნენ. აღნიშნულ საზოგადოებათა უმრავლესობა რიონის ხეობაშია განლაგებული.

მეორე ჯგუფი მოითხოვდა მაზრის ცენტრად ცაგერის აღიარებას. ამ ჯგუფში შედიოდნენ ცხენისწყლის ხეობის სოფლები, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ ოყურეშის, ზუბის, ლუხვანოს, დეხვირისა და ცაგერის სასოფლო საზოგადოებებში.

მესამე ჯგუფი უმცირესობაში იყო მოქცეული. მათი აზრით, მაზრის ცენტრი სოფელ ახალჭალას (ორბელი) უნდა დაფუძნებულიყო. ამ წინადადებას მიემხრენ მდინარე ლაჯანურის ხეობის სოფლები, რომლებიც ორბელის საზოგადოებაში იყვნენ გაერთიანებული.

რევოლუციამდელი პრესის ფურცლებიდან ირკვევა, რომ ლეჩხუმის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრის შერჩევის საკითხი მწვავე კამათს იწვევდა მოსახლეობაში. ამიტომ მისი საბოლოო გადაწყვეტა წლების მანძილზე ჭიანურდებოდა.

1880 წელს ლეჩხუმში ქუთაისის გუბერნატორი ჩასულა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა მაზრის ცენტრად სოფელი ცაგერი შეერჩია,მაგრამ მისთვის დიდი წინააღმდეგობა გაუწევიათ ლაჯანურისა და რიონის ხეობათა საზოგადოებებს და იძულებული გამხდარა საგანგებოდ შედგენილი პირობები წარედგინა მათთვის. მათგან ერთ–ერთი მუხლი იყო ლაილაშისა და ცაგერის განაშენიანების საკითხი. ამაზე მიუთითებს „ივერიაში“ დაბეჭდილი წერილის შინაარსი, რომელიც მოგვითხრობს იმ გარდაქმნების შესახებ, რაც ორმა მოწინააღმდეგე დაჯგუფებამ გაატარა თავიანთი ცენტრების – ცაგერისა და ლაილაშის გამშვენიერებისათვის. 80–იან წლებში ცაგერში გაუყვანიათ გზატკეცილები, გაუშენებიათ ბაღი, რომელიც დღესაც ამშვენებს ცაგერს და შემორჩენილი აქვს სახელად „ენკელის ბაღი“ ( ენკელი გვარია იმ დროს ლეჩხუმის მაზრის უფროსისა, რომლის თაოსნობითაც გაშენდა ბაღი). აუგიათ სავაჭრო დუქნები, უფრო ორგანიზებული სახე მიუციათ „იარმურკობისათვის“, რაც ტრადიციულად ეწყობოდა მურში და შემდეგ ცაგერში და სხვა. ასეთი სამუშაოები ჩატარებულა სოფელ ლაილაშსაც. კორესპონდენცია მთავრდებოდა ასეთი სიტყვებით: „ბოლოს ლაილაშში დარჩება მაზრის ცენტრი, თუ ცაგერში გადაიტანებენ, არ ვიცით. იმედის თვალით შევყურებთ მომავალს, როცა მოვესწრებით სამაზრო ცენტრად ცაგერის აღიარებას“.

ცაგერი

 სამაზრო ცენტრის ცაგერში გადმოტანის მომხრეთა შორის მოთავეები იყვნენ ნასპერელი მემამულე, მაზრის პოლიციის უფროსი, ქველმოქმედი პიროვნება ტარას ახვლედიანი, ცაგერელი მემამულე ალექსი მდივანი და იმ დროს პრესის აქტიური თანამშრომელი, მრავალი კორესპონდენციის ავტორი ყართლან ჩიქოვანი (ქაიხოსრო გელოვანთან ერთად ამ სამი პიროვნების აქტიური ზრუნვით გაიხსნა დაბა ლაილაშს ლეჩხუმის პირველი საერო–საქალაქო სასწავლებელი 1871 წელს). სამაზრო ცენტრის ლაილაშს დარჩენის მოთავე იყო უგანათლებულესი პიროვნება, პუბლიცისტი, თავადი ქაიხოსრო გელოვანი (მეორე).

ლაილაშს სამაზრო ცენტრის არსებობის მოწინააღმდეგეებს მთავარ არგუმენტად ჰქონდათ სოფელ ღუს (ლაილაშის მიმდებარე სოფელი) მეწყრული მოვლემების გამო სამაზრო ცენტრში მისასვლელი გზების ყოველთვის უვარგისობა.

1882 წელს „დროებაში“ გამოქვეყნდა უმაღლესი მთავრობის განკარგულება ქალაქად ცაგერის დატკიცების შესახებ. გაზეთ „დროებაში“ ვკითხულობთ: „4 თებერვალს ლეჩხუმის მაზრის უფროსმა გამოაცხადა უმაღლესი მთავრობის განკარგულება, რომ დღემდის ქალაქად წოდებული ლაილაში გაუქმდა და მის მაგივრად ქალაქად დამტკიცდა ცაგერი“. 1882 წელს ლეჩხუმის სამაზრო ცენტრი ლაილაშიდან ცაგერში იქნა გადმოტანილი. ლაილაშელების გულისწყრომა გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე შემდეგნაირად გამოხატა კორესპოდენტმა: „სანამ ლაილაში იყო სატახტო დაბა, სადაც წარმოებდა ლეჩხუმის თავი და თავი გამგებლობა, სანამ ლაილაშში მოთავსებული იყვნენ უმთავრესი სასამართლონი, მანამდის ლეჩხუმის ყოფა–ცხოვრება მიმდინარეობდა წყნარად, დინჯად და როგორც ზოგნი ამბობებ საბედნიეროდაც. მაგრამ ერთ–დღეს მოიქუფრა ლაილაშის ცა, ისე სქელის ღრუბლებით დაიფარა ბრწყინვალე მზე, რომ ერთი სხივი რა რის, ისიც კი არარსაიდან ანათებდა ამ არემარეს. ამავე დროს, სამაგიეროდ სოფელ ცაგერის მიდამო გამთბარი და განათებული იყო დიდებულის მზისაგან ისე რომ, ბერიკაცები თავის დღეში არ მოსწრებიან იმისთანა საკვირველს და საამურ სინათლეს. ის დრე იყო და ის დღე, ყველაფერმა იცვალა ფერი ლეჩხუმისათვის, რაც აქამდის აღმა მიდიოდა, იმას დაღმა მოჰყვა მიმდინარეობა, დამარცხებულ ლაილაშს სული უგუბდება, როდესაც ხედავს ცაგერის ბედნიერებას და ბედნიერი ცაგერი კი ფეხებს უბრაგუნებს უმისოდაც წელში მოწყვეტილ ლაილაშს“.

შემდგომი პერიოდის მასალებიდან ირკვევა, რომ რიონისა და ლაჯანურის ხეობების სასოფლო საზოგადოებების თავკაცებს ფარხმალი არ დაუყრიათ და იბრძოდნენ სამაზრო მმართველობის ორგანოების უკან – ლაილაშში დაბრუნებისათვის. როგორც ჩანს,ქუთაისის ახალი გუბერნატორი კიდევაც დაუთახნმებიათ ამაზე და სათანადო განკარგულება გაუცია მაზრის უფროსისადმი, რომ ცაგერში გადატანილი სამაზრო დაწესებულებები გადაეტანათ ისევ ლაილაშში. გუბერნატორის აღნიშნული განკარგულება არ შესრულებულა, იგი მალე გარდაიცვალა და მაზრის უფროსს უარი უთქვამს მის განხორციელებაზე.

ცაგერი საბოლოოდ დამტკიცდა სამაზრო ცენტრად, მიუხედავად ამისა უკმაყოფილების გამოძახილი კვლავ პოულობს ასახვას „ივერიის“ ფურცლებზე. თავადი ქაიხოსრო გელოვანი, რომელიც სამაზრო ცენტრის ცაგერში დაფუძნების მოწინააღმდეგე იყო, წერს: ყური არ უგდეს უმრავლესობის მოთხოვნებს, აღსრულდა უმცირებსობის სურვილი, სამაზრო ცენტრი ცაგერში წაიღეს. სამაზრო პოლიცია და სასამართლო ხალხისათვის არის დანიშნული, მაგრამ ლეჩხუმში ეს ასე არარის – ერთი–ორი რომ სარგებლობს ამ დაწესებულებით, ასი და ორასი მოკლებულია პოლიციის მფარველობას და მსაჯულთა სამართალდ სიშორის გამო.ამიტომ მაზრის სამმართველოსი და მომრიგებელი სამსჯავროს ცაგერში დაფუძნება შეუფერებელი ღონისძიება იყო.

რაჭა-ლეჩხუმის გლეხთა აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაჭა-ლეჩხუმის გლეხთა აჯანყება დაიწყო 1918 წელს მენშევიკთა ბატონობის წინააღმდეგ. აჯანყების უშუალო საბაბი გახდა სოფელ ლასურიაში მოწვეულ ყრილობაზე სამაზრო ერობის წარმომადგენელთა გამოუცხადებლობა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ცაგერის გამაგრების დაწყება. გლეხების ერთ-ერთმა რაზმმა, რომელსაც ი. სვანიძე მეთაურობდა, ხელთ იგდო ცაგერი და სამაზრო ხელისუფლება გააუქმა. მენშევიკურმა მთავრობამ ლეჩხუმში გვარდიელთა ეაზმი გაგზავნა ჯავშნოსანი ავტომობილის თანხლებით, მაგრამ ეს რაზმი გლეხებმა განაიარაღეს, ხოლო მისი მეთაური დ. დადეშქელიანი მოკლეს.

14 მარტს მთავრობამ ლეჩხუმის მაზრა კანონგარეშე გამოაცხადა. მენშევიკურმა გვარდიამ ჩაკეტა ლეჩხუმისაკენ მიმავალი ყველა გზა. აკრძალა ლეჩხუმში სურსათის შეტანა. ისედაც დამშეული მაზრა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ მთავრობის ამ ღონისძიებებმა გლეხობა ვერ გატეხა. 15 მარტს ლეჩხუმის მაზრის სოფლის საბჭოებმა საქართველოს მშრომელებს მოუწოდეს დახმარებოდნენ აჯანყებულებს საბჭოთა ხელისუფლებისათვის ბრძოლაში. საქართველოს სხვა კუთხეებშიც დაიწყო მოძრაობა. საყოველთაო გამოსვლის შიშით მთავრობამ ბოიკოტი კი მოხსნა ლეჩხუმს, მაგრამ გვარდიელთა ახალი რაზმები გაგზავნა იქ. უთანასწორო ბრძოლების შემდეგ მთავრობის ჯარის ნაწილებმა ცაგერი აიღეს. გლეხებს იარაღი არ დაუყრიათ და ცალკეული ჯგუფები ბრძოლას განაგრძობდნენ. ახალი ძალით იფეთქა აჯანყებამ რაჭაში. გლეხობამ მოითხოვა ადგილობრივი ხელისუფლების გადასვლა საბჭოების ხელში. აჯანყებულთა დასახმარებლად მივიდნენ სამეგრელოს გლეხთა რაზმი ალექსი გეგეჭკორის ხელმძღვანელობით. შეიქმნა სამეგრელო-რაჭა-ლეჩხუმის რევოლუციური შტაბი, რომელშიც 5 კაცი შედიოდა. შტაბის ბრძანებით ონელ ვაჭრებს ფული გადაახდევინეს და ეს თანხა მშრომელთა სურსათით მომარაგების საქმეს მოახმარეს. ამავე დროს ამბროლაურში რაიონულ ყრილობაზე აირჩიეს რაიონის ხელმძღვანელი ორგანოს აღმასრულებელი კომიტეტი. ვითარება გართულდა. აჯანყებულთა წინააღმდეგ გაიგზავნა გვარდიის ნაწილები, რომლებიც აჯანყებულებმა სოფელ ტვიშთან გაანადგურეს. ასევე დამარცხდა აჯანყებულთა წინააღმდეგ გაგზავნილი მეორე რაზმიც. გორგაღალასთან ბრძოლაში გლეხებმა მთავრობის ჯარს 15 კმ-ით უკან დაახევინეს. 2 კვირის უთანასწორო ბრძოლის შემდეგ, 23 აგვისტოს, აჯანყებულები დამარცხდნენ.

აფხაზეთის გადასახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კომპარტიის მდივანმა ლავრენტი ბერიამ 1934 წელს დაიწყო რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთ-სამეგრელოს ცალკეული მხარეებიდან მოსახლეობის კომპაქტური ჩასახლება აფხაზეთის ტერიტორიაზე მისი სრული ათვისების და მხარის დემოგრაფიული ცვლილებებსთვის. ამ პერიოდში აფხაზეთში ფეხი ძიერად მოიკიდა ქართული წარმოშობის მოსახლეობამ და თანდათან გაქრა დომინანტი ბერძნულ-ჩრდილოკავკასიური ელემენტები. გადასახლებებს მოყვა ლეჩხუმის დემოგრაფიული შემცირება. თუმცა აფხაზეთში დამკვიდრდა საკმაოდ ძლიერი და მრავალრიცხოვანი ლეჩხუმური დასახლებები.

აფხაზეთის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის ომში ბევრი ლეჩხუმელი იბრძოდა. განსაკუთრებით კოპალიანები, ბენდელიანები, მუშკუდიანები. გუმისთის ფრონტზე გამაგრებული ბატალიონებიდან ყველაზე ცნობილის და აგნგარიშგასაწევი I ბატალიონის უმრავლესობას ლეჩხუმელები შეადგნედნენ (განსაკუთრებით კოპალიანები). ესენი ძირითადად იყვნენ ადგილობრივი სამხედროები და მოხალისეები ვინც ბერიას გადასახლების შემდეგ ან მანამდე ნებაყოფლობით გადასახლებულთა შრთამომავლები იყვნენ. მათ განსკაუთრებულ როლი მიუძღვით ორ ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძლის მოგერიებაში მათ შორის ცნობილი მარტის ბრძოლები და ტამიშის სპეცოპერაციის მოგერიება.

დღევანდელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეს ლეჩხუმი დეპოპულაციას განიცდის. მხარეში არაა შექმნილი სათანადო საარსებო პირობები და სმაუშაო ადგილები იმისათვის რომ ადამიანმა შეძლოს მატერიალური კეთილდღეობის მიღება. თუმცა ბოლო პერიოდში შეინიშნება პროგრესი კულტურული განვითარების მხრივ. ლეჩხუმში დღეს ძირითადად მწარმოებელ ბრენდად ქცეულია მეღვნეობა და ღვინის საწარმოები.

უსახელოური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უსახელოური არის ლეჩხუმური წითელყურძნიანი ვაზის ჯიში. მარცვალი მუქი წითელია, რბილობი წვნიანი და ტკბილია. ყურძენი მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებში. მოსავლიანობა 50—70 ც/ჰა. უსახელოურისგან მზადდება მაღალი ღირსების ნახევრად ტკბილი და სუფრის ღვინოსაქართველოში უსახელოური კულტივირებულია ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბისა და სოფელ ოყურეშის მიდამოებში (სახელი შეერქვა ცაგერის რაიონოს სოფელ უსახელოდან). ესაჭიროება სპეციალური მინერალებით გაჯერებული ნიადაგი რაც საქართველოში ძლაიან მცირეა და მისი უმეტესობა ლეჩხუმის ტერიტორიაზეა თავმოყრილი. ეს არის მსოფლიოში ერთ ერთი სუაკეთესო ღვინის ბრენდი, უნიკალური თვისებებით და ასევე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული. უსახლელოურის მტევნები გამოსახულია ლეჩხუმის დროშაზეც.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეჩხუმი. ხვამლის მთა.

უძველესი დოიდან ლეჩხუმის ტერიტორიაზე მოსახლე ტომები (სკვიმნები, მათი წინაპრები) თაყვანს სცემდნენ ციურ მნათობებს. მთავარი სალოცავი იყო ხვამლის მთა, ლეჩხუმლებბში ასევე გავრცელებულია პრომეთეს თაყვანისცემა, რომელიც ადგილობრივი ლეგენდის თანახმად ხვამლზეა მიჯაჭვული. ყოველ ბუნნიობას მზის ამოსვლისას მისი დანახვაა შესაძლებელი. ლეჩხუმურ თქმულებაში პრომეთე თითქმის ითავისუფლებს თავს მაგრამ ელვა ქუხილის ღმერთის მიერ გამწესებული მჭედლები, რომლებიიც ხმალის მთის ქვემოთ ცხოვრობენ გრდემლზე აახლებენ მუშაობას და ჯაჭვებიც მყისვე იკვრება უწიდებურად. ლეჩხუმელები ხვამლის მხიედვით ასევე საზღვრავდნენ ამინდიანობას (დღემდე ასეა და საკმაოდ ზუსტიც) ამიტომ ხვალმს როგორც ელვა ქუხილის და ამინდის ღმერთის სამყოფელს ისე ეთაყვანებოდნენ. ასროლოგთა თქმით ხვამლის მთის სიგრძეზე თორმეტივე ზოდიაქოს თანავარსკვლავედის განლაგების დანახვა შეძება ამიტომაც მასე მეორენაირად „ვარსკვლავთმრიცხველსაც“ უწოდებენ. ლეჩხუმელთა შორის გავრცელებული ღვთაება იყო ასევე ოჩო-კოჩი.

ლეჩხუმში  ქრისტიანობა VI-VII საუკუნეებიდან დამკვიდრდა. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის 30-მდე ნანგრევი და ძლიერ დაზიანებული და უკვე აღდგენილი და ახლად აშენებული 35-მდე ეკლესია-მონასტერი. აქედან სიძველით გამოირჩევა მურის წმიდა მაქსიმეს (ადრე არსენის) (VI-VIIსს), გვესოს ღმრთისშობლის (IX-XI სს), ცაგერის ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი (X-XI სს), ლაბეჭინის წმიდა გიორგის (X-XI სს), გონის წმიდა გიორგის (X-XI სს), ხვამლის წმიდა გიორგის  (XII-XIIIსს),  დერჩის იოანე ნათლისმცემლის  ( XI ს), ცხეთის წმიდა გიორგის (XVIII ს) ეკლესია მონასტრები. მათ შორის მთავარია წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახლეობის მამათა მონასტერი. წმ. მაქსიმე ითვლება მთლეი ლეჩხუმის მფარველად. მისი წმინდა ძვლები აღოაჩინეს ამავე ეკლესიის საძირკველში 2014 წელს.

დასახლების ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ისტორიულად ჩამოყალიბდა დასახლების სამი ტიპი: მთური - ფერდობზე შეფენილი სახლების მცირე რაოდენობა, მჭიდრო მსხვილი დასახლებული პუნქტი აღმოსავლეთ საქართველოში, საკარმიდამო ტიპის დასახლება დასავლეთ საქართველოში. დასახლების ამ ტიპებს შეეფარდება საცხოვრებელ ნაგებობათა სახეობები: მთური, დარბაზული და კოლხური.

საქართველოს მთიანეთის საცხოვრებელი ნაგებობა წარმოადგენს 2-4-სართულიან ქვის ნაგებობას, აგებულს მშრალი წყობითა და დუღაბით. საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი განლაგებულია ვერტიკალურ სიბრტყეზე და ჩაკეტილი კომპლექსის სახით წარმოგვიდგება. ლეჩხუმში ორი სახის სამოსახლოებია. მთისწინეთში შედარებით სწორედ მთიანეთის მსგავსი საცხოვრებელი კარმიდამოებია, დაბლობში კი კოლხური ტიპის ოდები ან ოდას მსგავსი შედარებით დიდი სახლები ე.წ. „კოცოლზე“.

ციხე-კოშკების სიმრავლეს ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილი. „ლეჩხუმის მოსახლეები, აზნაურნი და გლეხნი, რამეთუ არ არის მოსახლე, რომელს არს ედგას ციხე-კოშკი ქვითკირისა, შენობანი ყოველივე ქვითკირისანი” (XVIIIს).

რიგ სოფლებში ასევე გავრცელებულია ე.წ. „ფახა“ და „ძელურები“. თუმცა მათი უმეტესობა დღესდღეობით მხოლოდ დროებითი საცხოვრებლებია.

სამოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩოხა და დამახასიათებელი აღკაზმულობა.

შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ლეჩხუმელი მამაკაცის ეროვნული სამოსის ძირითადი ტიპი ჩოხა-ახალუხის კომპლექსია, ვერცხლისთავიანი ან შავთავიანი მასრებითა და ვერცხლისქარქაშიანი ან შავქარქაშიანი ხანჯლით გაწყობილი. ჩოხების ფერებში ჭარბობს შავი და თეთრი. ასევე ზოგიერთ სოფელში გავრცელებული იყო რაჭვული ჩოხა, მეგრული ყაბალახი და იმერული თავსაკრავი.

თუმცა უკვე XIX საუკუნის ბოლოდან და XX საუკუნის დასაწყისიდან ტანსაცმლის ძირითად მასალად ფაბრიკული ქსოვილების გამოყენებამ დააკნინა შინამრეწველობა და კუსტარული შინარეწვა, რამაც ზეგავლენა მოახდინა ქართული ჩაცმულობის ტრადიციულ ფორმებზე. საქართველოში გავრცელება დაიწყო ევროპულმა მოდამ. სოფლის მოსახლეობა ჩოხას რუსულ მაზარაზე ცვლის, მაღალი კლასის წარმომადგენლები - ევროპულ ფრაკებსა და კოსტიუმებზე.

სოციალური ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულად საქართველოში ჩამოყალიბდა დიდი პატრიარქალური ოჯახი, ერთობის სახლი, ერთ ჭერქვეშ მცხოვრები, დაუყოფელი რამდენიმე თაობა. დიდ ოჯახს განაგებდა უფროსი მამაკაცი, რომელიც სათავეში უდგა შთამომავლობას და რომლის სახელსაც ატარებდა ოჯახი. ის იყო მთელი ოჯახისათვის საერთო გეზის მიმცემი ყველა საკითხში, პასუხისმგებელი, ფლობდა ხაზინის (ქისის) შენახვის, სხვა სამუშაოებით ნაშოვნი ფულის ცენტრალიზაციისა და ხარჯვის უფლებას, ოჯახს შიგნით იყო მოსამართლე და განმსჯელი. სოფლის ყრილობაზე, სადაც სოფლისათვის საერთო საკითხებზე მსჯელობდნენ, ოჯახს წარმოადგენდა უფროსი მამაკაცი: სახლის უფროსი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ადგილობრივი დიალექტური ფორმით წარმოითქმის (პაპა, სახლიკაცი, სახლის დიდი და ა.შ) რაჭასა და ლეჩხუმში კი მას ბაბუა ეწოდება. უხუცესი მამაკაცის ძალაუფლებისა და ავტორიტეტის გამომხატველია საპატიო სკამ-სავარძელი - სვანური „საკურცხილ“, მთის რაჭული „საკარცხულ“, მთიულური „საუფროსო სკამი“, მოხეური „სამარტო სკამი“, როგორც ოჯახის უფროსის რიტუალური და სოციალური ყოფის გარკვეული ატრიბუტი. ლეჩხუმში რაჭვული ტიპი იყო გავრცელებული

ოჯახის შიდა საქმეებს, ძირითადად, სამეურნეო საკითხებს განაგებდა უხუცესი ქალი, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმში ეწოდება ბებია (სხვ. კუთხეებში უფროსი ქალი, ბები, დედაკაცი და ა.შ). მას ევალებოდა პურის ცხობა, მთელი წლის მოსავლის განაწილება-გაყიდვა, ოჯახის დანარჩენ ქალთა შორის სამუშაოს განაწილება და სხვ. ოჯახის დედასთან ინახებოდა სკივრებისა და ბეღლებისგასაღებების ასხმულა - ოჯახის შიდა სამეურნეო საქმიანობის სიმბოლო. ქალი დედა ოჯახის ერთიანობის, სითბოს, სიმ-ყუდროვის გამომხატველი და ოჯახის ბურჯი იყო.

ამგვარი წყობილება გაგრძელდა მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებამდე თუმცა ზოგიერთ სოფელში იგი დღემდე გვხვდება.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხვამლის მასივი; წმ. მაქსიმე აღმსარებლის წმინდა ნაწილები და მისი სახელობის მონასტერი მურში და მისსავე სახელობის გრანდიოზული მშენებარე ტაძარი ქ.ცაგერში; ცაგერის ვარლამ მახარობლიძის სახელობის ისტორიული მუზეუმი; ცხეთა-დეხვირის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მუზეუმი „ღია ცის ქვეშ“; პოეზიის მარად უჭკნობი შედევრების ავტორის ლადო ასათიანის, ომში დაღუპული პოეტის სევერიან ისიანის, საინჟინრო ჯარების მარშლის არჩილ გელოვანის მემორიალური მუზეუმები; ქალაქ ცაგერის სურათების გალერეა; მწვანე თეატრი, ე. ბენდელიანის საოჯახო მუზეუმი. მრავალ-ეთნიკური (ქართველები, ებრაელები, სომხები, ოსები, ქურთები, რუსები,..) მთის სოფელი ლაილაში, სადაც არის მართლმადიდებელი, სომხური ეკლესიები და მე-7 საუკუნის ებრაული სინაგოგა; მურის ციხეები ცაგერთან ახლოს, ორბელის ციხე-კომპლექსი, დეხვირის ციხე, ლასურიაშის საეკლესიო- სამონასტრო კომპლექსი, ლაჯანურ ჰესი მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე უნიკალური ჰესი, მდინარე ლაჯანურის ზემო წელი – ძუღურის და ლაშიჭალის იშვიათი სამკურნალო მინერალური წყლები, სოფ. სპათაგორის არჩილ გელოვანის მემორიალური მუზეუმი, საირმის საოცარი კასტრული „სვეტები“, ტვიშის თავდაცვითი სამხედრო ნამგოგები (დაახლ. XIIIს.), უძველესი ნასოფლარი გონი-შემდგომში ამავე სახელწოდების ადრე შუასაუკუნეების წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, საინტერესო არქიტექტურული ნაგებობა. მასში არსებული კანკელი გამოირჩევა უაღრესად საინტერესო მაღალმსტერილურობით; ღვირიშის ხეობა- ამავე სახელწოდების თვალწარმტაცი ჩანჩქერით; ოყურეშში „უსახელაურის“ უნიკალური ვაზის ჯიშის ადგილი; სოფ. ზუბის ქვის ხანის ნასახლარი, წმ. გიორგის სახელობის მოქმედი ეკლესია დაანტიკური პერიოდის ზუბის ციხე;

ცნობილი ლეჩხუმელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იასონ გელოვანი — ლეჩხუმის თავადი XIX საუკუნის შუა წლებში. ლეჩხუმის ცენტრის ლაილაშიდან ცაგერში გადატანის ერთ ერთი მთავარი ინიციატორი; შემდგომში სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი;

ტარასი ახვლედიანი — XIX საუკუნის ლეჩხუმის მაზრის ყველაზე ცნობილი და გავნენიანი პოლიცმეისტერი. ლაილაშიდან ცაგერში ლეჩხუმის ცენტრის გადატანის ერთ ერთი ინიციატორი;

  • არჩილ გელოვანი — საბჭოთა სამხედრო მშენებლობის ისტორიაში საინჟინრო ჯარების პირველი მარშალი
  • გიორგი ახვლედიანი — ქართველი ენათმეცნიერი. თსუ-ის პროფესორი. ერთ ერთი დამფუძნებელი (1918 წ.) აკადემიკოსი. აშშ-ს ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი.
  • მიხეილ ჩიქოვანი — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი, ქართული ფოლკლორის პოპულარიზატორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი. ფოლკლორის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრი
  • გია ახვლედიანი — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
  • ვახტანგ ჭაბუკიანი — ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი, საბალეტო ცეკვების მსოფლიო ვარსკვლავი.
  • ზურაბ კოპალიანი — მსოფლიო ჰიდროლოგთა ჯგუფის წევრი რომელმაც მიიღო ნობელის პრემია.
  • გრიგოლ დადიანი — სამეგრელოს სამთავროს დადიანების მეორე დინასტიის, ანუ გადადიანებული ლეჩხუმლების ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, წარმატებული სამხედრო პირი, ინფანტერიის გენერალი.
  • ვლადიმერ უგრეხელიძე — ცნობილი ქართველი კალათბურთელი სუპერვარსკვლავი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. ოლიმპიადის ვერცხლის მედლის პრიოზიორი.
  • ნუგზარ ასათიანი — სსრკ-ს ჩემპიონი, ევროპის ჩემიონი, მსოფლიოს ჩემიონი და ოლიმიური ჩემპიონი ფარიკაობაში.
  • ვახტანგ ქარსელაძე — ქართული საჭადრაკო სკოლის დამაარსებელი. ნონა გაფრინდაშვილის ამსწავლებელი.
  • დიმიტრი კოპალიანი — ქუთაისის მერი 2013-2014 წწ. მოღვაწეობს აშშ-ში. ჟენერალ მოტორსის მმართველი საბჭოს გენერალური დირექტორი.

ლეჩხუმური გვარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აკობიძე – ზუბი, ისუნდერი, ნასპერი, ორბელი, ოყურეში, მახურა, ცაგერი
  • ალავიძე – ალპანა, ზოგიში, ლასხანა, ლაცორია, ლაჯანა, ლესინდი, ორბელი, საირმე, სურმუში, ტვიში, ცაგერი
  • ამბროლიანი – მახურა, ცაგერი
  • არდანიანი – მახაში, სანორჩი
  • ასათიანი - აღვი, ბარდნალა, დეხვირი, ზუბი, ისუნდერი, ლაილაში, ლარჩვალი, ლასურიაში, მახაში, ნასპერი, ორხვი, სანორჩი, ქორენიში, ცაგერი, ტვიში, წიფერჩი, ჭალისთავი, ხოჯი
  • ასამბიანი – დეხვირი
  • ახვლედიანი – ალპანა, აღვი, გაგულეჩი, გვესო, დეხვირი, ზოგიში, თაბორი, კენაში, ლაილაში, ლასხანა, ლაცორია, ლაჯანა, ლესინდი, მახაში, ნასპერი, ორბელი, ოყურეში, სანორჩი, სპათაგორი, ტვიში, უცხერი, ქორენიში, ღვირიში, ჩქუმი, ჩხუტელი, ცაგერი, წიფერჩი, ხოჯი


  • ბანძელაძე – ტვიში,ორხვი,მექვენა,დერჩი...
  • ბაკურაძე – სურმუში
  • ბახსოლიანი – ლაჯანა, ორბელი, ღუ, ჩხუტელი, ცაგერი
  • ბენდელიანი – ალპანა, აღვი, ბარდნალა, გვესო, დეხვირი, ზარაგულა, ზუბი, ლარჩვალი, ლასურიაში, ლაძგვერია, ლუხვანო, მახაში, ნასპერი, ორბელი, ოყურეში, ქულბაქი, ჩქუმი, ჩხუტელი, ცაგერი, წიფერჩი, ჭალისთავი
  • ბურჯალიანი – ალპანა, გვესო, ლაილაში, ლასურიაში, ლასხანა, ლაცორია, ლაჯანა, ორბელი, საირმე, უცხერი, ღვირიში, ჩხუტელი, ცაგერი, წილამიერი, წიფერჩი, ჭალისთავი, ხოჯი

  • გაბიძაშვილი – ზოგიში, ორხვი, ტვიში, ქორენიში
  • გასვიანი – აღვი, გვესო, დეხვირი, ლასურიაში, ლასხანა, ლუხვანო, მახაში, უცხერი, ქულბაქი, ჩქუმი, ჩხუტელი, ცაგერი
  • გვიდიანი – ლუხვანო, ორბელი, ცაგერი, ჩხუტელი
  • გვიშიანი – დეხვირი, კურცობი, ლაილაში, ლასხანა, ლაცორია, ლაჯანა, ორბელი, ორხვი, უცხერი, ღვირიში, ჩხუტელი, ცაგერი, ცხუკუშერი
  • გზობავა – ალპანა, ლაილაში, ორბელი, ჩხუტელი, ცაგერი
  • გიორგბელიძე – ცაგერი, ოყურეში
  • გოლეთიანი – ალპანა, აღვი, გაგულეჩი, გვესო, დეხვირი, ზოგიში, ლაჯანა, ლესინდი, მახაში, ნაკურალეში, ნასპერი, ორბელი, ოყურეში, საირმე, სურმუში, უცხერი, ქორენიში, ღვირიში, ცაგერი, ხოჯი
  • გორეზიანი – ორხვი, ტვიში
  • გუგავა – აღვი, გვესო, თაბორი, ლასურიაში, ლასხანა, ლაცორია, მახაში, ნასპერი, ორბელი, სურმუში, ღვირიში, ჩხუტელი, ცაგერი, წიფერჩი, ჭალისთავი
  • გურგუჩიანი – ალპანა, ბარდნალა, თაბორი, ლაილაში, ლასურიაში, ორბელი, ორხვი, საირმე, სპათაგორი, უცხერი, ჩხუტელი, ცაგერი

  • დავითულიანი – გაგულეჩი, გვესო, დუხვანო, ზუბი, თაბორი, ისუნდერი, კურცობი, ლაილაში, ლაჯანა, ლუხვანო, მახაში, ნასპერი, ორბელი, საირმე, სპათაგორი, ქულბაქი, ღუ, ჩქუმი, ჩხუტელი, ცაგერა, ცაგერი, წიფერჩი, ჭალისთავი

  • ერბელიძე – ალპანა, ლაილაში, ტვიში
  • ეფაძე – ოყურეში, ჩხუტელი

  • ზალკალიანი (ზალკანიანი)– ალპანა, ცაგერა, ცაგერი

  • თაგვაძე – აღვი, ლასურიაში, ლუხვანო, ნასპერი, ცაგერი, ჭალისთავი
  • თოთაძე – გაგულეჩი, სანორჩი, უცხერი, ცაგერი
  • თუთისანი – ბარდნალა, გვესო, ზუბი, ლასხანა, ლუხვანო, ოყურეში, სპათაგორი, ჩქუმი, ცაგერი, წილამიერი, წიფერჩი, ჭალისთავი

  • კაბოსნიძე – ალპანა, ზოგიში, საირმე, ცაგერი
  • კაკიტაძე – ზოგიში, ორხვი, საირმე
  • კანაჩაძე – ლაილაში, ლასურიაში
  • კაჭკაჭიშვილი – ცაგერი, ლაილაში
  • კვენეტაძე – გაგულეჩი, კურცობი, ლასურიაში, ლაჯანა, ორბელი, ცაგერი
  • კვირიკაშვილი – ალპანა , აღვი, გვესო, დეხვირი, ლარჩვალი, ლაჯანა, მახაში, ორბელი, ჩხუტელი, ცაგერი
  • კოპალიანი – აღვი, ბარდნალა, გვესო, დეხვირი, ზარაგულა, ზუბი, თაბორი, ლუხვანო, მახაში, ნასპერი, ოფიტარა, ოყურეში, ტვიში, ქულბაქი, ჩქუმი, ჩხუტელი, ცაგერი, წიფერჩი, ჭალისთავი
  • კუხალაშვილი- ცაგერი,ისუნდერი

  • ლაკვეხელიანი – ზარაგულა, ზოგიში, ლასხანა, ლაჯანა, ორბელი, სპათაგორი, ღვირიში
  • ლაჭყეპიანი – დეხვირი, ლასხანა, საირმე, ტვიში, ცაგერი
  • ლეთოდიანი – აღვი, ბარდნალა, გვესო, დეხვირი, დუხვანო, ზუბი, ლაჯანა, ლუხვანო, მახაში, ორბელი, ოყურეში, ქულბაქი, ჩქუმი, ჩხუტელი, ცაგერი, ჭალისთავი
  • ლეშკაშელი – ალპანა, გაგულეჩი, ლაილაში, ლაჯანა, ორბელი, სპათაგორი, ღვირიში, ღუ, ჩხუტელი, ცაგერი, ჭალისთავი
  • ლობჟანიძე - ალპანა, ცაგერი, ჭალისთავი
  • ლომთაძე- დღნორის•ა

  • მამარდაშვილი – ოყურეში, აღვი, ზუბი, ისუნდერი, ლასურიაში, ლუხვანო, მახაში, მახურა, ოფიტარა, ჩქუმი, ჩხუტელი, ცაგერი, წიფერჩი
  • მანდარია – აღვი, ბარდნალა, ზუბი, ისუნდერი, ლარჩვალი, მახაში, მახურა, ოყურეში, ღვირიში, ჩხუტელი, ცაგერი
  • მეგრელი – ალპანა, ზოგიში, ლაჯანა, ორბელი, ორხვი, ოყურეში, სპათაგორი, ჩხუტელი, ცაგერი, წილამიერი
  • მეიფარიანი – დეხვირი, ოყურეში, ცაგერი, წიფერჩი
  • მეშველიანი – აღვი, ბარდნალა, ზუბი, ლასურიაში, ლასხანა, ლაჯანა, მახაში, ოფიტარა, ოყურეში, ჩქუმი, ჩხუტელი, ცაგერი, წიფერჩი
  • მიშველიანი – ცაგერი
  • მურცხვალაძე – ბარდნალა, გვესო, ზუბი, ლაილაში, ლასურიაში, ლასხანა, ლაცორია, ორბელი, ქორენიში, ჩხუტელი, ცაგერი, ჭალისთავი
  • მუშკუდიანი – ოყურეში, აღვი, ბარდნალა, დეხვირი, ზუბი, ისუნდერი, ლარჩვალი, ლასურიაში, ლესინდი, ლუხვანო, მახაში, მახურა, ოკიტარა, ორბელი, ორხვი, ოფიტარა,საირმე, სპათაგორი, სურმუში, ტვიში, ქულბაქი, ჩქუმი, ჩხუტელი, ცაგერი, ცხუკუშერი, ჭალისთავი

  • ნემსწვერიძე (ნემსიწვერიძე) – ალპანა, ბარდნალა, ზუბი, ლაილაში, ლაჯანა, ლეშკედა, ლუხვანო, ორბელი, ორხვი, სპათაგორი, უცხერი, ტვიში, ქორენიში, ქულბაქი, ცაგერი, წიფერჩი, ჭალისთავი

  • ომანიძე – ზუბი
  • ომონაძე – ჩქუმი

  • ჟორჟოლიანი - ცაგერი, უცხერი, ჭალისთავი

  • სადილიანი – ზოგიში, თაბორი, ლაილაში, ლასურიაში, ლაჯანა, ცაგერი
  • საღინაძე – ალპანა, აღვი, ბარდნალა, გვესო, დუხვანო, ზუბი, ისუნდერი, ლასურიაში, ლაცორია, ლაჯანა, ლუხვანო, მახაში, ოყურეში, ჩხუტელი, ცაგერი, წიფერჩი, ჭალისთავი
  • სვანიძე – ალპანა, აღვი, გვესო, დეხვირი, ზოგიში, ზუბი, ლაილაში, ლარჩვალი, ლასურიაში, ლაჯანა, მახაში, ნაკურალეში, ნასპერი, ორბელი, საირმე, სანორჩი, სურმუში, ტვიში, ქორენიში, ქულბაქი, ჩქუმი, ჩხუტელი, ცაგერი, ცხუკუშერი
  • სივსივა – ორბელი, ცაგერი
  • სილაგაძე – ალპანა, აღვი, გაგულეჩი, გვესო, დეხვირი, ზოგიში, ლასურიაში, ლასხანა, ლაცორია, ლაჯანა, ლესინდი, ლეშკედა, ლუხვანო, მახაში, ნასპერი, ორბელი, ოყურეში, საირმე, სანორჩი, სპათაგორი, ტვიში, ღვირიში, ღუ, ჩხუტელი, ცაგერი, წილამიერი, წიფერჩი, ჭალისთავი, ხოჯი

  • ურთმელიძე – ალპანა, გაგულეჩი, თაბორი, ლაჯანა, ორბელი, სპათაგორი, ცაგერი, ჭალისთავი, ხოჯი
  • უჩაძე – გაგულეჩი, სპათაგორი, უცხერი, ცაგერი, ჭალისთავი, ხოჯი

  • ფოჩიანი - აღვი, ხოჯი

  • ქარსელაძე - ალპანა, ბარდნალა, გვესო, ზუბი, თაბორი, ლაილაში, ლასხანა, ლაჯანა, ლესინდი, ოყურეში, სურმუში, ჩხუტელი, ცაგერი, ჭალისთავი, ხოჯი
  • ქვარიანი - ლაცორია, ორხვი, ტვიში, ქორენიში, ცაგერი
  • ქლიბაძე - გვესო, ლაცორია, ლაჯანა, ლესინდი, ორბელი, ოყურეში, ცაგერი, წილამიერი
  • ქომეთიანი – ალპანა, ბარდნალა, ლასურიაში, ლესინდი, ნაკურალეში, ოფიტარა, ოყურეში, სანორჩი, ქულბაქი, ღვირიში, ცაგერი, ცხუკუშერი, წიფერჩი, ჭალისთავი
  • ქურასპედიანი – ცაგერი, წიფერჩი

  • ღურჭუმელიძე – ლაილაში, ცაგერი

  • ყანთელაძე – ცაგერი [ქუთაისი, წყალტუბო]
  • ყვირილიანი – ალპანა, დეხვირი, ლასხანა, ლაჯანა, ტვიში, ჩხუტელი, ცაგერი, წილამიერი
  • ყურაშვილი – ალპანა, აღვი, გვესო, დეხვირი, ზუბი, ისუნდერი, ლასურიაში, ლაცორია, ლახეფა, ლაჯანა, ლესინდი, მახაში, ნაკურალეში, ორბელი, ოყურეში, სანორჩი, სურმუში, ტვიში, ღვირიში, ცაგერი, ცხუკუშერი, წიფერჩი

  • შკუბულიანი – აღვი, ლესინდი, ჩქუმი, ცაგერი, წიფერჩი, ჭალისთავი

  • ჩაკვეტაძე – აღვი, ბარდნალა, გვესო, დეხვირი, ზარაგულა, ზუბი, ისუნდერი, ლახეფა, ლაჯანა, ლუხვანო, მახაში, მახურა, ნაკურალეში, ორბელი, ორხვი, ოყურეში, ტვიში, ქორენიში, ქულბაქი, ჩქუმი, ჩხუტელი, ცაგერი, ცხუკუშერი, წიფერჩი, ხოჯი
  • ჩარკვიანი – აღვი, ბარდნალა, გვესო, ზუბი, თაბორი, ლაილაში, ლარჩვალი, ლასხანა, მახაში, ნასპერი, ოყურეში, სურმუში, უცხერი, ჩქუმი, ჩხუტელი, ცაგერი, წიფერჩი, ჭალისთავი
  • ჩაფრავა – ჩხუტელი, ცაგერი, ჭალისთავი
  • ჩაჩხიანი – ალპანა, ზოგიში, ლაილაში, ლაჯანა, ორბელი, სურმუში, ღუ, ცაგერი, ჭალისთავი
  • ჩორგოლიანი – ალპანა, ზუბი, ლაილაში, ლაცორია, ლაჯანა, მახაში, სურმუში, ღუ, ცაგერა, ცაგერი
  • ჩხეტიანი – ალპანა, აღვი, გვესო, დეხვირი, ზუბი, ლაილაში, ლასურიაში, ლაჯანა, ლეშკედა, ლუხვანო, მახაში, ნაკურალეში, ნასპერი, ორბელი, ოყურეში, სანორჩი, სპათაგორი, ღვირიში, ჩხუტელი, ცაგერა, ცაგერი, ცხუკუშერი
  • ჩიქოვანი - გვესო,ცაგერი,ქვედა ცაგერი,ნაკურალეში,უცხერი,ცხუკუშერი

  • ცვარიანი – გვესო, ცაგერი, წიფერჩი, ჭალისთავი

  • ჭაბუკიანი – ალპანა, აღვი, ბარდნალა, დეხვირი, ლასურიაში, ლასხანა, ლაცორია, ლაჯანა, ლესინდი, ლუხვანო, მახაში, ნაკურალეში, ნასპერი, ორბელი, ოყურეში, ქულბაქი, ღვირიში, ჩხუტელი, ცაგერი, წილამიერი
  • ჭიღვარია – ზარაგულა, ლასხანა, მახაში, ორბელი, ჩხუტელი, ცაგერი

  • ხაბულიანი – ბარდნალა, დეხვირი, ლუხვანო, ორბელი, ოყურეში, ჩქუმი, ჩხუტელი, ცაგერი, წიფერჩი, ჭალისთავი
  • ხეცურიანი – ალპანა, აღვი, ბარდნალა, გაგულეჩი, გვესო, დეხვირი, ზოგიში, ისუნდერი, ლაილაში, ლარჩვალი, ლასურიაში, ლაცორია, ლაჯანა, ლეშკედა, ლუხვანო, *მახაში, ნასპერი, ორბელი, სანორჩი, სურმუში, უცხერი, ქორენიში, ღვირიში, ჩქუმი, ჩხუტელი, ცაგერა, ცაგერი, ცხუკუშერი, წიფერჩი, ხოჯი, ოყურეში
  • ხვადაგიანი – ალპანა, აღვი, გვესო, ზოგიში, ზუბი, ლაილაში, ლასურიაში, ლაცორია, ლაჯანა, მახაში, ნასპერი, ორბელი, ქორენიში, ღვირიში, ჩხუტელი, ცაგერა, ცაგერი
  • ხუბუკელაშვილი – თაბორი, ლაცორია, ორბელი, საირმე, სურმუში, უცხერი, ცაგერი
  • ხუციძე – ალპანა, ლასურიაში, ლაჯანა, ორბელი, საირმე, ტვიში, ჩხუტელი, ცაგერი

  • ჯანაძე – ალპანა, ზოგიში, ლაჯანა, ტვიში, უცხერი, ჩხუტელი
  • ჯიაძე – აღვი, ლასხანა, ლუხვანო, მახაში, ნასურიაში, ოყურეში, ჩხუტელი, წიფერჩი, ცაგერი
  • ჯიდოშვილი – ცაგერი
  • ჯილესაშვილი – საირმე[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
  • ბერაძე თ., ქსე, ტ. 6, გვ. 208, თბ., 1983
  • მარიამ ლორთქიფანიძე, ოთარ ჯაფარიძე, დავით მუსხელიშვილი, როინ მეტრეველი, „საქართველოს ისტორია“ ოთხ ტომად. უძველესი დროიდან ახ. წ. XX საუკუნემდე. გამომცემლობა პალიტრა L. თბილისი. 2012 წ.
  • დავით კოპალიანი "ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან" უძველესი დროიდან დღემდე. ქუთაისი. 2002წ.
  • გიორგობიანი ა., გმირული ბრძოლების დაუვიწყარი დღეები, თბ., 1967;
  • კიკვიძე ა., რაჭა. რევოლუციური წარსული და აწმყო, თბ., 1976;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 6, თბ., 1972;
  • დღვილავა მ., კოჭლანაზაშვილი რ., ქსე, ტ. 8, გვ. 312, თბ., 1984
  • რ. რამიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 184, თბ., 1986 წელი.
  • ალავიძე მ., ლეჩხუმური ზეპირსიტყვიერება, თბილისი, საბჭოთა მწერალი, 1951
  • ბაგრატიონი ვ., საქართველოს ატლასი (XVIIIს), თბილისი, 1997, გვ.96.
  • ბატონიშვილი ი., კალმასობა, ტ.2, ტფილისი, 1948.
  • ბერიძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ.1, თბილისი, 1983.
  • ბერძენიშვილი დ., ბანძელაძე ი., სურამელაშვილი მ., ჭურღულია ლ., ლეჩხუმი,  თბილისი, მეცნიერება, 1983.
  • გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, თბილისი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1962, ტ.1.
  • დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, თბილისი, საქ.სსრ. მეცნიერება, 1962.
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბილისი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1941.
  • ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბილისი, მეცნიერება, 1973.
  • ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988.
  • ზაქარაია პ., ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე, თბილისი, 2002.
  • ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები, ციხესიმაგრეები, ციხე- დარბაზები, ციხე- გალავნები, კოშკები, თბილისი, ციცინათელა, 2004.
  • ზაქარაია პ., ჭაქვინჯა, თბილისი, მეცნიერება, 1980.
  • თაყაიშვილი ექ., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937.
  • თოფჩიშვილი რ., ლეჩხუმური გვარსახელები, თბილისი, საქართველო, 1993.
  • იოსელიანი ხ., საქართველოს ციხე-სიმაგრეები და საფორტიფიკაციო ქსელი, თბილის, 2009.
  • კაკაბაძე ს., დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ.1, ტფილისი, 1921.
  • კაკაბაძე ს., მასალები იმერეთის სახელმწიფოებრივი მდგომარეობის შესახებმე-17 ს., „საისტორიო მოამბე“, I, 1925.
  • კოპალიანი დავით, ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან, ქუთაისი, „მანდარიას სტამბა“,  2002.
  • კოპალიანი დ., ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან, წ.3, 2015 წ.
  • კოპალიანი ნ., დიმიტრი ერმაკოვი, ლეჩხუმი ფოტო-ალბომი, ქუთაისი, ხომლი ენ, 2010 წ.
  • მაკალათია ს., კავთურას ხეობა, თბილისი, ნაკადული, 1960.
  • მაკალათია ს., საბძოლო და თავდაცვითი ნაგებობანი საქართველოს მთიანეთში, თბილისი, 1945.
  • მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბილისი, სარი, 2006.
  • მამარდაშვილი გ., ლეჩხუმის სამხედრო-პოლიტიკური ისტორიიდან, თბილისი, უნივერსალი, 2006.
  • მუმლაძე მ., ლეჩხუმის არქეოლოგიური შესწავლის ისტორიიდან, ძიებანი, 2004, N13-14,  გვ.160-164.
  • მუშკუდიანი ქ., ლეჩხუმის ისტორიიდან, ქუთაისი, მოწამეთა, 2001.
  • მწიგნობრობა ქართული, ტ.12, წ.1, თბილისი, ციცინათელა, 2011.
  • საარქივო მასალა, საქართველოს ეროვნული არქივის ბოჭორიძე გ. პირადი ფონდი 1753, საქმე 124.
  • საქართველოს სტიქიით დაზიანებული ძეგლები, თბილისი, 1991.
  • სულავა ნ., მთიანი კოლხეთი ანტიკურ ხანაში, თბილისი, მეცნიერება, 1996.
  • ყაუხჩიშვილი ს, გეორგიკა, ტ.2, ტფილისი, 1934.
  • ჩიტაია გ., ლეჩხუმის ექსპედციის მოკლე ანგარიში, საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე, ტ.12, 1944, გვ.259-268.
  • ხეცურიანი ნ., ლეჩხუმის საფორტიფიკაციო ნაგებობების მნიშვნელობისათვის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები, 2003, N7, გვ.138-149.
  • ხეცურიანი ნ., ლეჩხუმი XVI-XIX საუკუნეებში, თბილისი, 2005.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თაყაიშვილი, ე. (1937). არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, გვ. 84. 
  2. მუსხელიშვილი, დ. (1980). საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები : ნაწილი II. თბილისი : მეცნიერება, გვ. 146. 
  3. ქვემო რაჭა - კარიბჭე.GE
  4. lechxumi.piczo.com