პეტრე მოციქული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტრე მოციქული
𐡔𐡌𐡏𐡅𐡍 𐡁𐡓 𐡉𐡅𐡍𐡄

წმ. პეტრე მოციქულის ხატი, რუსეთი, XV საუკუნე
დაიბადა ძვ. წ. 1[1]
Bethsaida, გალილეა, რომის იმპერია
გარდაიცვალა არაუადრეს 13 ოქტომბერი, 64 და არაუგვიანეს 68
Roma, იტალია, რომის იმპერია[2]
დასაფლავებულია სავარ. Vatican Necropolis
ხსენების დღე 29 ივნისი
მოღვაწეობა პრესვიტერი, fisher[3] [4] და Catholic bishop[2]
პერიოდი I საუკუნე[5]
მეუღლე wife of Saint Peter
ნათესავ(ებ)ი Saint Peter’s mother-in-law

პეტრე (ებრ. שמעון შიმონ — „მსმენელი“, ბერძ. Πέτρος პეტროს — „კლდე“) — ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, ასევე ცნობილია, როგორც შიმონ კაიფა, ბარ-იონა. ხსენების დღე - 29 ივნისი (12 ივლისი)

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა პეტრე მოციქული, ანდრია პირველწოდებულის ძმა, გამორჩეულია მოწაფეთა შორის, რადგან პავლესთან ერთად იგი პირველ-მოციქულია, ანუ თავი მოციქულთა. სანამ ქრისტეს შეუდგებოდა, მას სიმონი ერქვა, ხოლო პეტრე მას თვით უფალმა დაარქვა მისი მტკიცე რწმენისა და საღმრთო გულმოდგინებისათვის.

იგი იყო ძე იონასი, სიმონის ტომიდან, და დაიბადა გალილეის პატარა და ნაკლებად ცნობილ ქალაქ ბეთსაიდაში. ცოლად ჰყავდა წმინდა მოციქულ ბარნაბას ძმის - არისტობულეს ასული, რომლისაგანაც ქალ-ვაჟი ჰყავდა და სახლობდა კაპერნაუმში (1კორ.9:5, ლუკ.4:38). ცხოვრობდა წმინდად და იყო მართალი ღმერთის წინაშე, ოჯახს კი მებადურობით არჩენდა, რომელსაც თავის ძმასთან ერთად იქვე გალილეის ზღვაში მისდევდა. მისი ცხოვრების ნაწილი აღწერილია ახალი აღთქმის სახარებებსა და მოციქულთა საქმეში, ნაწილი კი წმინდა მამათა გადმოცემებში.

ცხოვრება აღწერილი წმინდა წერილში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადმოცემის თანახმად იესო ქრისტემ მოციქულთა შორის პირველს ანდრიას მოუწოდა, რომელიც იოანე ნათლისმცემელის მოწაფე იყო და სხვა დანარჩენის მსგავსად მესიის მოსვლისათვის ემზადებოდა. მოინათლა რა იესოც იორდანეში, ნათელი გადმოვიდა იესოზე მტრედის სახით. მაშინ იოანე მოუტრიალდა თავის მოწაფეებს და უთხრა:

ვიკიციტატა
„ესე არს ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი -(იოან. 1:29)

მეორე დღეს, დილით, ანდრია თავის ძმასთან - სიმონთან მივიდა და უთხრა: ჩვენ ვნახეთ მესია - ქრისტე და ისიც მიიყვანა იესოსთან. უფალმა შეხედა სიმონს და უთხრა:

ვიკიციტატა
„შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების „კლდე“ -(იოან. 1:42)

იმ დღეს განიმსჭვალა სიმონი უფლის სიყვარულით, თუმცა მოციქულად არჩევისთვის ჯერ დრო არ იყო მოსული. მას შემდეგ, რაც იოანე ნათლისმცემელი მხილებისათვის დაატუსაღეს, იესო მივიდა ანდრიასა და პეტრესთან და უთხრა მათ:

ვიკიციტატა
„მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას -(მათ. 4:18-20)

აქედან მოყოლებული, წმინდა პეტრე მოციქული იესო ქრისტეს შეუდგა და თავის ძმასთან და სხვა ახლად მოწოდებულ მოწაფეებთან ერთად აღარასოდეს განშორებია მას. უფალს გულწრფელობისა და უბრალოებისათვის უყვარდა პეტრე მოციქული; ერთხელ იგი სიმონის ღარიბულ სახლს ეწვია, სადაც ხელის შეხებით განკურნა მისი ციებ-ცხელებით სნეული სიდედრი. პეტრე მოციქული უშუალო მონაწილე და თვითმხილველი იყო უფლის მრავალი დიდი სასწაულის, რომლებიც ნათლად მოწმობდნენ, რომ იესო ქრისტე არის ძე ღმრთისა. ერთხელ უფალი ფილიპეს კესარიიდან მოვიდა (ეს ქალაქი იორდანეს სათავეში მდებარეობდა და აშენებული იყო ჰეროდე მეფის ძის ფილიპეს მიერ კეისარ ტიბერიოსის პატივსაცემად), ჰკითხა თავის მოწაფეებს:

ვიკიციტატა
„რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად? ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე იოვანე ნათლის-მცემელი, რომელთამე ელია და სხუათა იერემია გინა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი. ხოლო მან ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად? მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა მას: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიხცადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან. და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას -(მათ. 16;13-18)

ერთხელ როდესაც თავის მრავალრიცხოვან მოწაფეთა გუნდს ესაუბრებოდა საკუთარ სისხლითა და ხორცით მასთან ზიარებაზე, მრავალი მოწაფის გონებამ ვერ დაიტია მისი სიტყვები და განშორდა მას. ხოლო იესო მიუბრუნდა თორმეტ მოციქულს და ჰკითხა:

ვიკიციტატა
„ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსლვის? მიუგო მას სიმონ-პეტრე და ჰრქუა: უფალო, ვისა მივიდეთ ჩუენ? რამეთუ სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან შენ. და ჩუენ გურწმენა და გჳცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ -(იოან. 6;67-69)

სწორედ პეტრე მოციქული იყო ის ვინც აბობოქრებულ ზღვაში მოარულ უფალთან ფეხით შეხვედრა მოინდომა და სთხოვა უფალს:

ვიკიციტატა
„უფალო, უკეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა. ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესუჲსა. და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო მიჴსენ მე! და მეყსეულად განყო ჴელი იესუ და უპყრა მას და ჰრქუა: მცირედ-მორწმუნეო, რაჲსა შეორგულდი? და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას შინა, დაცხრა ქარი იგი. ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანის-სცეს მას და ეტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ -(მათ. 14;28-33)

უფლის სხვა ორ მოწაფესთან - იაკობთან და იოანესთან ერთად წმინდა პეტრე მოციქული ღირს იქმნა უფლის ფერისცვალების დიდება ეხილა თაბორის მთაზე. როდესაც მოახლოვდა უფლის ნებაყოფლობითი ვნებისა და ჯვარზე სიკვდილის დრო, წმინდა პეტრე მოციქულმა კვლავაც გამოამჟღავნა იესო ქრისტეს მიმართ ერთგულება და მაშინ, როდესაც იუდა ისკარიოტელმა გასცა უფალი, პეტრე ეცა ერთ-ერთ მათგანს და ყური მოკვეთა. მიუხედავად პეტრე მოციქულის ესოდენი სიყვარულისა, ღმერთმა მაინც დაუშვა მის მიერ უფლის სამგზის უარყოფა.

იუდას გამცემლობა და პეტრეს მიერ სამგზის უარყოფა
ვიკიციტატა
„ხოლო პეტრე ჯდა გარეშე ეზოსა შინა. მოუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა მას: და შენცა იყავ იესუჲს თანა, გალილეველისა. ხოლო მან უვარ-ყო წინაშე ყოველთასა და ჰრქუა: არა ვიცი, რასა იტყჳ. და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: ესეცა იყო იესუჲს თანა, ნაზარეველისა. და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და შემდგომად მცირედისა მოუჴდეს მუნ მდგომარენი იგი პეტრეს და ჰრქუეს მას: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამეთუ სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს შენ. მაშინ იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და მეყსეულად ქათამმან იყივლა. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა გარე და ტიროდა მწარედ -(მათ. 26;69-75)

წმინდა პეტრე მოციქულთაგან პირველი იყო ვისაც ეჩვენა მკვდრეთით აღმსდგარი უფალი.

ვიკიციტატა
„და რამეთუ ეჩუენა კეფას და მერმე ათერთმეტთა მათ -(I კორ. 15;5)

მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა მიიღო წმინდა პეტრეს გულხურვალე სინანული; მისივე სამჯერ უარყოფა სამჯერადი აღიარებით წარხოცა და მიჰმადლა სულიწმინდის მადლი.

ვიკიციტატა
„სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს. ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი -(იოან. 21;15-19)

ქადაგება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც სულიწმინდით შეიმოსნენ მოციქულები, პეტრემ მრავალი მორწმუნე შეჰმატა ახლად დაარსებულ რელიგიას - ქრისტიანობას. (საქ. მოც. 2:14-41; 3:1-26; 4:4), აღასრულა მრავალი კურნება (საქ. მოც. 3:1-8; 9:32-34), აღადგინა მკვდრები (საქ. მოც. 9:36-42) და არათუ ხელები და სიტყვები ჰქონდა სასწაულმოქმედების ძალით შემოსილი, არამედ თვით ჩრდილიც კი კურნავდა მასთან მისულ სნეულებს (საქ. მოც. 5:15). ამის შემხედვარე ჰეროდე მეფემ დაიწყო ქრისტიანების დევნა და მოაკვლევინა იოანე ღვთისმეტყველის ძმა - იაკობ ალფესი. ესეც არ იკმარა და დააჭერინა თავად პეტრე მოციქულიც, დაადო ორი დიდი ხელბორკილი და საპყრობილეში ჩააგდო. ღამით დატყვევებულ პეტრეს ანგელოზი ეახლა და უთხრა:

წმინდა პეტრეს ხელბორკილები სან-პეტრო ინ ვინკოლი
ვიკიციტატა
„აღდეგ ადრე. და დასცჳვეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მოირტყ და შეისხენ სანდალნი შენნი. და მან ყო ეგრეთ. და ჰრქუა მას: შეიმოსე სამოსელი შენი და შემომიდეგ მე. და განვიდა და შეუდგა მას, და არა უწყოდა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი იყო ანგელოზისა მისგან; ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს. და ვითარ განვლეს მათ პირველი საჴუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თჳთ განეღო მათ. და ვითარცა განვლეს იგი, წარვლეს უბანი ერთი, და მეყსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი. და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაჲსა -(საქ. მოც. 12:1-11)

პეტრე მოციქულმა პირველმა იქადაგა წარმართებში, მანამდე სახარებას უქადაგებდნენ მხოლოდ იუდეველებს.

ვიკიციტატა
„და ხედვიდა ცათა განხუმულთა და გარდამომავალსა ჭურჭელსა რასმე, ვითარცა ტილოსა დიდსა ოთხთაგან კიდეთა ზე დამოკიდებულსა ზეცით ქუეყანად, რომელსა შინა იყო ყოველი ოთხფერჴი და ქუეწარმავალი და მჴეცი ქუეყანისაჲ და მფრინველნი ცისანი. და იყო ჴმაჲ მისა მიმართ: აღდეგ პეტრე, დაკალ და ჭამე. მიუგო პეტრე და ჰრქუა: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაჲ შესრულ არს პირსა ჩემსა. და მერმე კუალად მეორედ ჴმაჲ იყო მისა მიმართ და თქუა: რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს. ხოლო ესე იყო სამ გზის, და კუალად ამაღლდა ჭურჭელი იგი მუნვე ზეცად -(საქ. მოც. 10:11-16)

ცხოვრება აღწერილი წმ. სვიმეონ მეტაფრასის მიერ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მისიონერული მოგზაურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იერუსალიმიდან წმინდა პეტრე სტრატონიის ქალაქ კესარიაში მივიდა, სადაც თავის მხლებელ ხუცესთაგან ერთ-ერთი ეპისკოპოსად დაუდგინა იქაურ ქრისტიანებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ფინიკიის ქალაქ სიდონში მრავალი სნეული განკურნა და ეპისკოპოსიც დაადგინა, პეტრე მოციქული ქალაქ ბერიტში ჩავიდა და აქაც დაასხა ხელი ღირსეულ კაცს. შემდეგ ფინიკიის ქალაქ ბიბლოსში ქადაგებდა ღვთის სიტყვას, იქიდან კი იმავე მხარის ქალაქ ტრიპოლიში ჩავიდა, სადაც ერთი გონიერი მორწმუნის - მარსონეს სახლში მკვიდრობდა, რომელსაც ასევე დაასხა ხელი და ეპისკოპოსად დაუდგინა იქაურ ხალხს. ტრიპოლიდან პეტრე მოციქული ორთოსიაში ჩავიდა, შემდეგ კი კუნძული არადოსი, ქალაქი ვალანეა, პონტოს სამეფო და ლაოდიკია მოვლო სახარების ქადაგებით, სადაც დაადგინა ეპისკოპოსად ღირსეული ადამიანი. ლაოდიკიიდან სირიის ქალაქ ანტიოქიაში ჩავიდა, სადაც სიმონ მოგვი ემალებოდა რომაელ მხედრებს, რომელთაც იმპერატორ კლავიდიუსისაგან მისი შეპყრობა და რომში ჩაყვანა ჰქონდათ ნაბრძანები. პეტრე მოციქულის ჩასვლისთანავე სიმონ მოგვი იუდეაში გაიქცა. აქ პეტრე მოციქულმა რამდენიმე კაცს ეპისკოპოსად დაასხა ხელი: მარკიანეს - სიცილიის ქალაქ სირაკუზასთვის და პანკრატეს - ქალაქ ტავრომენიისათვის. ანტიოქიიდან წმინდა პეტრე მოციქული კაბადოკიის ქალაქ ტინიანში ჩავიდა, აქედან კი გალატიის ქალაქ ანკვირს ეწვია. ანკვირში მან დააფუძნა ეკლესია და დაადგინა ეპისკოპოსი და გაემართა პონტოს სინოპში, იქიდან კი ამავე მხარის შუაგულში მდებარე ქალაქ ამასიაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. შემდეგ მოიარა მცირეაზიის სხვა ქალაქებიც: განგრა, ჰონორიადა, ნიკომედია და ბოლოს ქალაქ ნიკეაში გაჩერდა. აქ მან დააფუძნა ეკლესია და გაემართა იერუსალიმისაკენ. გზად გაიარა: პისიუსტი, კაბადოკია, სირია, ანტიოქია და ბოლოს ჩავიდა იერუსალიმში, სადაც შეხვდა წმინდა პავლეს.

მეორე მისიონერული მოგზაურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღესასწაულების შემდეგ პეტრე კვლავ ბრუნდება ანტიოქიაში, სადაც ევოდი დაადგინა ეპისკოპოსად. შემდეგ ფრიგიის ქალაქ სინადში ქადაგებდა ღვთის სიტყვას, აქედან კი ნიკომედიაში ჩავიდა, სადაც ეპისკოპოსად წმინდა პროხორეს დაასხა ხელი. ჰელესპონტის ქალაქ ილონში ჩასულმა პეტრე მოციქულმა ეპისკოპოსად კორნილიოს ასისთავი დაადგინა და შემდეგ კვლავ იერუსალიმში დაბრუნდა, სადაც მას თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და უთხრა:

ვიკიციტატა
„აღდეგ, პეტრე და დასავლეთს წადი! იმის დროც დადგა რომ იგიც განათლდეს შენი ქადაგებით. მე კი შენთან ვიქნები და შეგეწევი!“

მესამე მისიონერული მოგზაურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმ დროისათვის რომაელებს შეეპყროთ სიმონ მოგვი, რომელიც დასასჯელად რომში ჩაიყვანეს. რომში მან თავისი გრძნეულებით მრავალი ხალხი მოხიბლა და იმის მაგივრად, რომ დაესაჯათ, ღმერთადაც კი აღიარებდნენ მას. თავისი ხილვის შემდეგ პეტრე მოციქული ადგა და რომისაკენ გაემართა. გაემართა ჯერ ანტიოქიაში, სადაც წმინდა პავლე მოინახულა, სადაც ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი ურბანს; ადრიატიის ქალაქ ლევკიის ეპისკოპოსად - ეპაფროდიტეს; აპელიოსს, პოლიკარპე სმირნელის ძმას - სმირნის ეპისკოპოსად; ფიგელაოსს კი - ეფესოს ეპისკოპოსად. მოგვიანებით ფიგელაოსი განდრკა სარწმუნოებისაგან და სიმონ მოგვს თანაეზიარა. ანტიოქიიდან პეტრე მოციქული მაკედონიაში ჩავიდა, სადაც ასევე დაასხა ხელი ოლიმპს - ფილიპელთა ეპისკოპოსად, იასონს - თესალონიკელ ეპისკოპოსად, სილას - კორინთელთა ეპისკოპოსად, იროდიონს - პატრიას ეპისკოპოსად. შემდგომ სიცილიისკენ ხომალდით გაეშურა და ქალაქ ტავრომენიაში ვინმე მაქსიმ დააყენა ეპისკოპოსად, იქიდან კი რომში ჩავიდა.

დაპირისპირება სიმონ მოგვთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომში ჩასულმა მოციქულმა დაიწყო ქრისტიანობის გავრცელება, რომლის შემხედვარე სიმონ მოგვი შურით აივსო და მის წინააღმდეგ გამოემართა. არაერთხელ ეცადა სიმონ მოგვი პეტრე მოციქულის ჩამოშორებას, ხან სიტყვით, ხან ცრუ-სასწაულებით, მაგრამ ვერაფერს გახდა. რომში მცხოვრები ხალხი, რომელიც დაბრმავებული იყო სიმონ მოგვის სასწაულთმოქმედებით, გვერდს ვერ უვლიდა პეტრე მოციქულის პიროვნებას და მის სულიერ უპირატესობას. ერთხელაც, როდესაც პეტრე მოციქული მიხვდა რომ შორიდან პაექრობით არაფერი გამოვიდოდა გადაწყვიტა სახლში ხლებოდა სიმონ მოგვს. სახლთან მას მრავალი ადამიანი დახვდა, რომლებმაც გზა გადაუღობეს და უთხრეს, რომ გასცლოდა სიმონ მოგვის სახლს, თორემ სახლის დარაჯი აუცილებლად მოკლავდა, თუკი მას ბოროტი განზრახვა ექნებოდა და მიუთითეს დიდ შავ ძაღლზე. პეტრე მოციქული მიუბრუნდა ძაღლს და უთხრა: წადი და გადაეცი სიმონს: პეტრეა მოსული, ქრისტეს მოციქული, და შენთან შემოსვლა სურსო! ძაღლი შევიდა სახლში და ყველას გასაგონად ადამიანური ხმით მოახსენა მოციქულის მისვლის შესახებ. ყველა განცვიფრდა .განსაკუთრებით კი მას შემდეგ, როდესაც სიმონმა ძაღლი გამოუშვა და დააბარა, შემოვიდეს პეტრეო. პეტრეს სახლში შესვლისთანავე სიმონმა მრავალი ჯადოქრობა გამოიყენა, თუმცა პეტრე მოციქულმა ყველა მათგანს სძლია. სიმონი კი მაინც განაგრძობდა მისნობას. ერთხელაც რომში ერთ კეთილშობილ ქვრივ დედაკაცს შვილი გარდაეცვალა, მრავალი მოდიოდა მის სანუგეშოდ. მათგან ზოგი პეტრესთან და ზოგი კი სიმონთან მისვლას ურჩევდა. ჭაბუკის დასაფლავების დროს უამრავი ხალხი შეიკრიბა, რომ საბოლოოდ გადაეწყვიტათ, ვისი მოძღვრება ეღიარებინათ. თავდაპირველად სიმონ მოგვი ადგა და თქვა, თუ მე გავაცოცხლებ მიცვალებულს, მაშინ პეტრე უნდა მოკლათო, რაზეც ხალხი დათანხმდა. სიმონმა თავისი გრძნეულებით მხოლოდ ის შესძლო, რომ მიცვალებულმა თავი გააქნია, გახელებული ხალხი ეცა პეტრე მოციქულს მოსაკლავად. წმინდა პეტრემ თქვა, მოიცადეთ, თუ ცოცხალია, ადგეს და გაიაროსო. მიცვალებულმა არ გაიარა, ხალხმა სიმონი დაიჭირა და მოსაკლავად მოამზადა. მაშინ ადგა პეტრე მოციქული, აღაპყრო მაღლა ხელები და თქვა: ჭაბუკო აღდეგ! შენ განგკურნავს და მკვდრეთით აღგადგინებს უფალი ჩემი იესო ქრისტე! ჭაბუკი უმალ ადგა და ჩაუვარდა პეტრე მოციქულს ფეხებში. ამის შემდეგ ხალხმა იწამა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალაქიდან გააძევა სიმონი. ასე გრძელდებოდა, სანამ იმპერატორ კლავდიუსის მემკვიდრე - ნერონი არ ავიდა ტახტზე. ნერონმა, რომელსაც დადებითი წარმოდგენა შეუქმნეს სიმონ მოგვზე, დააბრუნა იგი ქალაქში. სიმონი არც ახლა ისვენებდა, მრავალი ფუჭი სასწაული მოახდინა, რომლებიც წმინდა პეტრემ ამხილა და გამოაშკარავა და ბოლოს, როდესაც სიმონი ვეღარაფერს გახდა, გადაწყვიტა ისეთი სასწაული მოეხდინა, რომ საბოლოოდ დაეპყრო ხალხის გულები. გამოაცხადა, ზეცად ავმაღლდებიო. ამისათვის სიმონი ავიდა ყველაზე მაღალ შენობაზე, გაიკეთა დაფნის გვირგვინი და იქიდან ეშმაკების ძალით დაიწყო ფრენა. ამის შემხედვარე მოციქულმა პეტრემ გულმხურვალედ ილოცა და მაღლა აფრენილ სიმონს გამოაცალა ეშმაკებზე დასაყრდენი ძალა. სიმონ მოგვი ტყვიასავით გამოექანა და დაებერტყა მიწაზე, მას დიდხანს არ უცოცხლია -მეორე დღეს ტანჯვით ამოხდა სული.

პეტრე მოციქულმა დამოძღვრა და გააძლიერა მორწმუნეები რწმენაში და 99ესპანეთი|ესპანეთში]]გაეშურა .ეპისკოპოსად კი ლინე აკურთხა. ესპანეთში იქაური იბერიის უძველეს ქალაქ ტარაკონში ჩავიდა, სადაც ეპისკოპოსად ეპაფროდიტე (არა 70 მოციქულთაგანი) დაადგინა. შემდეგ სირმიანში ქადაგებდა, სადაც ეპისკოპოსად ეფენეტე დაადგინა. შემდეგ გასცურა აფრიკისკენ და ჩავიდა კართაგენში, სადაც ეპისკოპოსად კრისკენტი აკურთხა. შემდეგ ეგვიპტეს მიაშურა და აკურთხა ეპისკოპოსად: შვიდკარიბჭოვან თებეში - რუფე, ალექსანდრიაში - მარკოზ მახარებელი და დაბრუნდა იერუსალიმში ღვთისმშობლის მიძინებასთან დაკავშირებით.

მეოთხე მისიონერული მოგზაურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იერუსალიმიდან პეტრე მოციქული ეგვიპტისაკენ გაემართა, მოვლო აფრიკა და ისევ რომში ჩავიდა, საიდანაც მედიოლანში გადავიდა, შემდეგ ფოტიკინში. წმინდა პეტრემ იქადაგა ასევე ბრიტანეთშიც, სადაც არაერთი წელი დაჰყო, აქაც დააარსა ეკლესია და მოღვაწეობდა, ვიდრე არ გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა:

ვიკიციტატა
„პეტრე! მოახლოვდა ამა ქვეყნიდან შენი განსვლის დღეც! შენ რომს უნდა ჩახვიდე, სადაც ჯვარზე სიკვდილს დაითმენ და ღირსეულ საზღაურს მიიღებ უფალ იესო ქრისტესაგან!“

ნერონის ზეობის მეთორმეტე წელს იგი რომში ჩამოვიდა და ეპისკოპოსად კლიმენტი დაადგინა.

მოწამეობრივი აღსასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა პეტრეს ჯვარცმა და წმინდა პავლეს თავისკვეთა
ეკლესია „უფალო, სად მიხვალ“ (Domine, Quo Vadis), რომელიც აღმართეს ქრისტეს გამოცხადების ადგილზე. რომი, იტალია

იმ დროს ნერონი დიდების ზენიტში იმყოფებოდა, მას ჰყავდა მრავალი ხარჭა, რომელთა შორის ორი თავისი მშვენიერებით და გონიერებით გამოირჩეოდა.მათ მიიღეს პეტრე მოციქულის სიტყვები და მოინათლნენ, ჩაიკეტნენ და დაიწყეს ღირსეული ცხოვრება. ნერონმა გაიგო ამის შესახებ და დაიწყო ქრისტიანთა დევნა, მათ შორის პეტრე მოციქულს სდევნიდა განსაკუთრებით. წმინდა პეტრე მოციქულს მისმა მეგობრებმა ურჩიეს, გასცლოდა რომს, ნერონის მრისხანებას რომ არიდებოდა. იგი კი მტკიცედ უარობდა, თუმცა ბოლოს სრულიად ეკლესიის თხოვნით მოუწია რომის დატოვება. ღამით, როდესაც ქალაქის გალავანს მიუახლოვდა და უნდა გასულიყო კარიბჭეში, შეეგება მაცხოვარი. მოციქული ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა:

ვიკიციტატა
„- ვიდრე ხვალ, უფალო?
- რომს მივალ, რათა კვლავ ჯვარს ვეცვა!
- მიუგო უფალმა და უხილავი შეიქმნა.“

ამ შეხვედრამ სრულიად შეცვალა პეტრე მოციქულის აზრები და ქრისტესთვის საწამებლად კვლავ შებრუნდა ქალაქში, სადაც ის შეიპყრეს. მის გვერდით ასევე აღმოჩნდენ კლიმენტი, იროდიონი, ოლიმპი და სხვა მარავალნი. რომაელმა მსაჯულმა კლიმენტი - გაათავისუფლა როგორც ხელმწიფის ნათესავი, წმინდა პეტრეს, როგორც არარომაელს, ჯვარზე სიკვდილი მიესაჯა, ხოლო ყველა დანარჩენს კი - მახვილით თავისმოკვეთა. პეტრე მოციქულმა ღირსად არ მიიჩნია თავი, რომ უფლის მსგავსად ჯვარცმულიყო და ითხოვა თავდაყირა გაეკრათ ჯვარზე.მოწამეობრივად აღსრულებული პეტრე მოციქულის ცხედარი ეპისკოპოსმა კლიმენტიმ გამოსთხოვა რომაელ მეომრებს, ჯვრიდან გარდამოხსნა და სხვა წამებულ ქრისტიანებთან ერთად დიდი პატივით მიაბარა მიწას.

ასე აღესრულა ქრისტეს მოციქულთა თავი წმინდა პეტრე, †67 წლის 29 ივნისს.

წმინდა ნაწილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრე მოციქულის წმინდა ნაწილების ადგილსამყოფელთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა:

  • ერთნი ამტკიცებენ, რომ წმ. პეტრე დასაფლავებულია რომში. გადმოცემით პირველი ბაზილიკა კონსტანტინეს მიერ აიგო წმ. პეტრეს დასაფლავების ადგილას, მოგვიანებით იმ ადგილას ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარი ააგეს. 1939-1949 წლებში ტაძრის ქვეშ ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომელმაც დაადასტურა ძველი სასაფლაოს არსებობა. 1952 წელს გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ I-II საუკუნეებში ამ სასაფლაოს ერთ-ერთი საფლავი განსაკუთრებით თაყვანიცემებოდა. შემდგომი სამუშაოები ჩატარდა იტალიელი არქეოლოგის - მარგარიტა გუარდუჩის მიერ. 1964 წელს მან გამოუშვა წიგნი „წმინდა პეტრეს რელიქვია ვატიკანის ბაზილიკის ქვეშ“ (იტალ. Reliquie Di Pietro Sotto La Confossione della Basílica Vaticana), რომელშიც ამ საფლავის პეტრე მოციქულთან კავშირის ალბათობას მაქსიმუმამდე ზრდიდა. 1968 წელს რომის პაპმა პავლე VI განაცხადა, რომ მეცნიერთა გამოკვლევებიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პეტრე მოციქულის წმიდა ნაწილები ნაპოვნია.
  • მეორე, კრიტიკულად განწყობილი ჯგუფი კი პირიქით ამტკიცებს, რომ პეტრე მოციქული რომში არც ყოფილა და არც იქ არის დასაფლავებული.

სხვადასხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულთა ცხოვრება“ - რედ. ბ. ხარაიშვილი, თბილისი 2008 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
-----
რომის პაპი

33 - 67
შემდეგი:
ლინუსი