ოსმოსური წნევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოსმოსური წნევა. მარჯვენა დიაგრამაზე სითხის სვეტების სიმაღლეებს შორის განსხვავება ოსმოსური წნევის შედეგია. ამ სვეტის წნევა კი ოსმოსურ წნევას უდრის

ოსმოსური წნევა (იგივე ტურგორი) — ძალა, რომელიც ოსმოსის დროს ნახევრადგამტარ მემბრანაზე მოქმედებს და მიმართულია უფრო კონცენტრირებული სხნარიდან უფრო განზავებულისკენ. იგი ტოლია იმ წნევისა, რომლითაც უნდა ვიმოქმედოთ კონცენტრირებულ ხსნარზე, რათა მასში სითხის გადასვლა შეჩერდეს.

ოსმოსური წნევა საკმაოდ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. მაგალითად, ოსმოსური წნევის საშუალებით მცენარე ფესვებით მიწიდან წყალს იწოვს და მცენარის წვენი ფესვებიდან ხის წვერამდე ადის. მცენარის წვენი გლუკოზას შეიცავს, ოსმოსის საშუალებით მას ფესვებიდან წყალი ემატება, მისი მოცულობა მატულობს და ხის კენწეროს აღწევს. თუკი კონცენტრირებული ხსნარი დახურულ სივრცეში იმყოფება, მაგალითად სისხლის უჯრედში, მაშინ ოსმოტურმა წნევამ შეიძლება ამ უჯრედის გასკდომა გამოიწვიოს.

ოსმოსური წნევის გავლენა ერითროციტებზე.

სწორედ ამიტომ წამლები, რომლებიც სისხლში შეჰყავთ, იზოტონურ ხსნარში მზადდება, რომელიც ზუსტად იმდენ ნატრიუმის ქლორიდს (სუფრის მარილს) შეიცავს, რომ უჯრედის ციტოპლაზმის ოსმოსური წნევა გააწონასწოროს. წამლებში მარილის კონცენტრაცია თუ უფრო დაბალი იქნა, ოსმოსურ წნევათა სხვაობა წარმოიშობა, რომლის შედეგად სისხლის უჯრედებში წყლის შესვლა მოხდება, რაც მათ გასკდომას გამოიწვევს. და პირიქით: თუ სისხლში დიდი რაოდენობით ნატრიუმის ქლორიდს შევიყვანთ, სისხლის უჯრედებიდან წყალი გამოიდევნება და ისინი მოიჭმუჭნება.

ხსნარის ოსმოსური წნევა მასში გახსნილ ნივთიერებათა რაოდენობაზეა დამოკიდებული, და არა მათ ქიმიურ თვისებებზე. რაც უფრო კონცენტრირებულია ხსნარი, მით მეტია მისი ოსმოსური წნევა. ეს წესი, რომელსაც ოსმოსური წნევის კანონი ჰქვია, გამოიხატება მარტივი ფორმულით, რომელიც ძალიან ჰგავს იდეალური აირის კანონს.

ოსმოსური წნევის კანონის გამოყენება შეიძლება მოცემული ნივთიერების მოლეკულური მასის გამოსათვლელად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]