ყარაყურთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყარაყურთი
მდედრი შავი ყარაყურთი
მდედრი შავი ყარაყურთი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  ობობასნაირნი
რიგი:  ობობები
ქვერიგი:  უმაღლესი ობობები
ოჯახი:  Theridiidae
გვარი:  Latrodectus
სახეობა:  ყარაყურთი
ლათინური სახელი
Latrodectus tredecimguttatus
სინონიმები
ყარაყურთი
ევროპული შავი ქვრივი
ხმელთაშუაზღვიური შავი ქვრივი...

ყარაყურთი (თურქ. karakurt, „შავი მწერი“, ლათ. Latrodectus tredecimguttatus), ასევე ევროპული შავი ქვრივი, ან ხმელთაშუაზღვის შავი ქვრივი — შხამიანი ობობა ობობასნაირთა კლასისა. დედალი ხავერდოვანი შავია, ზოგჯერ ბოლოში ღია წითელი ლაქები აყრია. მისი სხეულის სიგრძე 10-20მმ აღწევს. თითქმის ბურთისებრი მუცელი აქვს. მამლის სიგრძეა 7-10 მმ, წაგრძელებული მუცელი და თეთრი არშიით შემოფარგლული წითელი ლაქები აქვს. უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოში, ხშირად ველის ზონაშიც (შუა აზია, ყირიმისა დ კავკასიის ველი) ბინადრობს. საქართველოში ყარაყურთი გავრცელებულია ქართლში - კვერნაკისა და კრწანისის ველზე. ელდარისა და შირაქის საძოვრებზე. თბილისში - ბოტანიკური ბაღის სამხრეთ ფერდობზე, ასპინძაში (ხიზაბავრა, სარო). ნაპოვნია 1200მ სიმაღლეზე. ბუდეს იკეთებს აბლაბუდისაგან. პარკებში დებს კვერცხებს, საიდანაც იჩეკებიან ობობები. იკვებებიან მწერებით. ყარაყუთის შხამი მომაკვდინებელია როგორც ადამიანისათვის, ისე სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისათვის.

ყარაყურთი გავრცელებულია შუა აზიაში, ყირიმსა და კავკასიაში. ობობა ძლიერ შხამიანია. ადამიანისათვის საშიშია მხოლოდ მდედრი. უმეტესად ბინადრობს მშრალ, გაშლილ ადგილებში, ღია სტეპებში - ველებსა და უდაბნოთა ოაზისების მახლობლად. ქსელს აბამს მცენარეებს შორის ან იშვიათად მღრღნელების ბუდეებში. მამალი ყარაყურთის თითქმის ბურთისებრი სხეულის დიამეტრი 1 სანტიმეტრია, მდედრისა კი 1,5 (11-13 მმ). ყარაყურთი შავადაა შეფერილი, დედლის მუცლის ბოლო ზოგჯერ მკვეთრი წითელი, ყვითელი ან მოწითალო-სტაფილოსფერი ფერისაა. ყარაყურთის მტერია ბზიკი, ზღარბი, მათი კვერცხები ისრისება ცხვრების მიერ.

გამრავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამრი შავი ყარაყურთი

განაყოფიერების შემდგომ მამრი კვდება, მდედრი კი ამზადებს 5-12 აბრეშუმის პარკს, სადაც თავმოყრილია რამდენიმე ასობით კვერცხი. ახლადდაბადებულ ობობებს უკვე გააჩნიათ შხამიანი ჯირკვლები.

შხამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ობობა სახლდება სტეპებში, ადამიანებთან ახლოს - სარდაფებში, საპირფარეშოებში. ზაფხულში დედალი ხელსაყრელი ადგილის მოსაძებნად ორჯერ მოგზაურობს, თანაც ღამით. ამ დროს იგი შეიძლება ადამიანის ბინაში და უფრო მეტიც, საწოლშიც კი შეძვრეს. თუ ადამიანი ყარაყურთს შიშველ ფეხს დააბიჯებს, ან საწოლში სხეულით შეეხება, აგრესიული ობობა მას უკბენს. კბენა განსაკუთვრებით მტკივნეული არაა, თუმცა მალე ტკივილი საგრძნობი ხდება მთელს სხეულში, განსაკუთვრებით კი წელსა და ფეხებში, შემდგომ დაკბენილი გრძნობას კარგავს და ზოგჯერ კვდება კიდეც. დაკბენილი ადამიანი ჩვეულებრივ 2-3 კვირის შემდგომ იწყებს გამოჯანმრთელებას. ყარაყურთის კბენით ხშირად იხოცებიან აქლემები და ცხენები. სამაგიეროდ, ღორებს და ცხვრებს მისი კბენა ვერ ვნებთ, ამიტომ ცხვრის ფარები და ღორის კოლტები ხშირად გაყავთ საძოვრებზე, რათა ყარაყურთების ბუდეები გათელონ. ობობას ყბები ბოლოვდება მოძრავი ბრჭყალებით, რომელთა წვეროებშიც შხამიანი ჯირკვლების სადინარები იხსნება. შხამის შემადგენლობაში შედის ნეიროტოქსინები და ფერმენტები. მათი ნაკბენისადმი ძლიერ მგრძნობიარეა მღრღნელები, ცხენები, აქლემები, ხარი. ნაკლებად მგრძნობიარეა ზღარბი, ძაღლი, ღამურა, რეპტილიები, ცხვარი და ღორი.

ნიშნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კბენის დროს იგრძნობა მწვავე ტკივილი, რაც 15-20 წუთის შემდგომ ვრცელდება მთელს სხეულზე. ტკივილები აუტანელია მუცლის, წელის, გულმკერდის არეში. მუცლის პრესი იჭიმება. დამახასიათებელია ქოშინი, გულის ფრიალი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პირღებინება, ოფლიანობა, ეგზოფტალმი. ვითარდება ბრონქოსპაზმი: მოხრჩობის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება; წყდება შარდის გამოყოფა. შედეგად ვითარდება გონების დაბინდვა, ბოდვები. ცნობილია ადამიანისა და ცხოველების სიკვდილის შემთხვევები.

პსდ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაკბენ ადგილას ასანთის ღერი უნდა დავიდოთ. ასანთის ტემპერატურა საკმარისია იმისათვის, რომ შხამი დაშალოს. ყარაყურთის მიერ დაკბენილებს განსაკუთრებული შრატის მეშვეობით მკურნალობენ. სამკურნალოდ გამოიყენება შრატი, რომელიც მისივე შხამისაგან მიიღება. ეფექტურია კბენიდან 2-3 წუთში ნაკბენი ადგილის მოწვა ანთებული ასანთის ღერით. ობობის შხამიანი ეშვები ადამიანის კანში 0,5 მმ სიღრმეზე აღწევენ.[წყარო არ არის მითითებული 596 დღე]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მხეიძე თ., ქსე, ტ. 10, გვ. 628, თბ., 1986
  • Ядовитые животные и растения СССР, 1990 წ., გვ. 44

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]