ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტერი

ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი ყუროს ქედის ფონზე

ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტერი — საქართველო
ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°39′29″ ჩ. გ. 44°39′33″ ა. გ. / 42.65806° ჩ. გ. 44.65917° ა. გ. / 42.65806; 44.65917
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა
თარიღდება 2003
დეტალები

ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტერი — მამათა მონასტერი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდიდან აღმოსავლეთით, ელიას მთაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მ სიმაღლეზე. სამონასტრო კომპლექსში შედის ორი შედარებით მცირე ეკლესია, — ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი, მშენებარე ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის ტაძარი, სამრეკლო, კელია და სატრაპეზო. ეზოში ბერების სენაკებია განთავსებული. მონასტრის ტერიტორიიდან იშლება ხედი მყინვარწვერისკენ, გერგეტის სამებისაკენ, ყუროსკენ, ქაბარჯინასკენ და დარიალის ხეობისაკენ.[1]

ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი აშენდა სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსის პეტრეს (ცაავა) ლოცვა-კურთხევით 2003 წელს. 2005 წლის 2 აგვისტოს მეუფე პეტრემ აკურთხა ტაძრის ტრაპეზი და აღავლინა საზეიმო წირვა. ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი წარმოადგენს მცირე ზომის ბაზილიკას. ტაძრის კანკელი არის ხის, აღმოსავლეთის კარზე ამოკვეთილია ხარების სცენა, ჩრდილო და სამხრეთ კარზე მთავარანგელოზები და მახარობლები. კანკელი გაფორმებულია ორნამენტებით. ხეზე კვეთა შეასრულეს ბიძინა ჯანუკაშვილმა და ძმებმა ზურაბ და ჯემალ სუჯაშვილებმა. 2006 წელს მეუფე პეტრემ აკურთხა მამათა მონასტრად და აშენდა მამებისთვის საცხოვრებელი სახლი. წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დადგენილ იქნა მღვდელ-მონაზონი ეგნატე (ჭიჭინაძე). 2013 წელს აშენდა სამრეკლო, რომლის პირველ სართულზე განთავსებულია მონასტრის ბიბლიოთეკა. 2013 წელს ტაძრის წინ ეზოში ბუნებრივად დადებულ ქვაზე დამაგრდა ქვის ჯვარი, რომელზეც ამოკვეთილია ჯვარცმა.[2]

2014 წელს ტაძარი მოიხატა ხატმწერ ბერიკა კბილაშვილის მიერ. 2016 წელს მონასტრის წინა ფასადზე აშენდა გალავანი. 2016 წლის 21 ოქტომბერს სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოს იეგუდიელის (ტაბატაძე) ლოცვა-კურთხევით ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტერის წინამძღვარმა იღუმენმა ეგნატემ (ჭიჭინაძე) ელიას მთაზე აკურთხა წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის ტაძრის საძირკველი. ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტერი შედგება 6 წევრისაგან: წინამძღვარი იღუმენი ეგნატე (ჭიჭინაძე), ბერ-დიაკონი სერაფიმე (ასათიანი), ბერ-დიაკონი კონსტანტინე (ლურსმანაშვილი), ბერი იოანე (ასათიანი), ბერი გიორგი-იოანე (ქუცნიაშვილი), მორჩილი გიორგი (ჟორჟოლიანი).[2]

მონასტრის გალავნის გარეთ დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ მხარეს, ფიქალი ქვისგან ნაგები ოთხკუთხა ფორმის ნიში დგას. მთავარი ფასადი დასავლეთითაა პირმიქცეული და სასანთლე აქვს დატანილი. ნიშის თახჩაში წმინდა ელია წინასწარმეტყველის ქვის ხატია დასვენებული. ჩვენი წინაპრები, წმინდა ელიას დარ-ავდარს ევედრებოდნენ.[2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს რუკა // ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
  2. 2.0 2.1 2.2 სოფიო ბიწაძე, რელიგიური დღესასწაულები ხევში, თბილისი, 2015