ჟუჩენკოვების სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟუჩენკოვების სახლი
Дом Жученковых
მდებარეობა სტაროჩერკასკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი მოსკოვური ბაროკო
თარიღდება XVIII საუკუნე
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100652000

ჟუჩენკოვების სახლი (რუს. Дом Жученковых) — უძველესი სახლი სოფელ სტაროჩერკასკში, აქსაის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. XVIII საუკუნის საცხოვრებელი არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში. წარმოადგენს ე. წ. სახლ-ციხესიმაგრეს. მეორე სართულის ფანჯრებში ჩასმულია გისოსები. პირველი სართულის ფანჯრები ზომით ბევრად მცირეა ვიდრე მეორე სართულისა და აქვს ციხესიმაგრის სათოფურების ფორმა. სახლში იდგა ჰოლანდიური ღუმელი, გაფორმებული ფერადი ფილებით, ამჟამად ღუმელი არ შემონახულა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟუჩენკოვებიდან პირველმა პეტრე ეფრემის ძე ჟუჩენკოვმა ნოღაის თავადისგან იყიდა მიწის ნაკვეთი და გადმოცემით სწორედ ამ ადგილზე დააარსა ჩერკასკი. შემდეგ სახლი იყო მდიდარი კაზაკური ოჯახის წარმომადგენლების, სტეფანე და თევდორე ჟუჩენკოვების კუთვნილება.

სახლი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 1671 წელს მოსკოვში გაგზავნამდე მასში გაასამართლეს სტეფანე რაზინი. XIX საუკუნეში სახლის მფლობელი იყო პეტრე ჟუჩენკოვი.

მომდევნო საუკუნეში სახლში მდებარეობდა ქალაქის პოლიცია, რომელსაც ეს სახლი ეკავა რევოლუციამდე. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ შენობაში განთავსდა სასოფლო საბჭო. ამჟამად ჟუჩენკოვების სახლში განთავსებულია სტაროჩერკასკის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ერთ-ერთი ექსპოზიცია.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი აგებულია XVIII საუკუნის კაზაკური არქიტექტურის სტილში. თავისი არსებობის მანძილზე სახლი რამდენიმეჯერ გადააკეთეს. იგი ორსართულიანია, დგას მაღალ ფუნდამენტზე. თუკი გაზაფხულზე დონი ადიდდებოდა მოსახლეები ცხოვრობდნენ მეორე სართულზე, მოაჯირზე კი მიბმული იყო ნავი.

გარედან სახლი ციხესიმაგრეს ჰგავს. მის ფანჯრებში ჩასმულია გისოსები. სახლის კედლები საკმაოდ სქელია, მეორე სართულის ხის აივანი დგას აგურის სვეტებზე. სახლი აგებულია ე. წ. მოსკოვური ბაროკოს სტილში.

სახლის შიგნით იდგა XVIII საუკუნის ღუმელი ჰოლანდიური ფილებით გაფორმებული. ამჟამად ღუმელი აღარ არსებობს. სახლში შემონახულია ყოფა-ცხოვრების ტრადიციული საგნები, რომლებიც დაკავშირებულია ჟუჩენკოვების ოჯახის ისტორიასთან და დონელი კაზაკების ცხოვრებასთან. ასეთი სახლი ჩერკასკში იყო სულ 28.

სახლს გარს ერტყა გალავანი და შემოსასვლელში ყოველთვის იდგა არმიის კაპიტანი, რათა თავდასხმებისაგან დაეცვა შენობა. ზოგჯერ ასეთი დაცვა არასაიმედო იყო: მსგავსი სახლიდან 1708 წელს გაიტაცეს კაზაკთა სამხედრო ატამანი კონდრატე ბულავინი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]