ავთანდილ ქუთათელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავთანდილ ქუთათელაძე

ავთანდილ ქრისტეფორეს ძე ქუთათელაძე (დ. 24 აგვისტო, 1947, თბილისი — გ. 27 ოქტომბერი, 2016) — ქართველი მხატვარი, ოქრომჭედელი, გრაფიკოსი, ქართველი ოქრომჭედლების - ძმები ქუთათელაძეების - უმცროსი ძმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1965 წელს დაამთავრა თბილისის მე-8-ე საშუალო სკოლა.

1970-1975 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ხის, ლითონისა და სხვა მასალის მხატვრული დამუშავების განყოფილებაზე. მისი პედაგოგები იყვნენ მისი ძმა მ. ქუთათელაძე, ნ. კანდელაკი, დ.მიქატაძე, დ. ციციშვილი, ნ. ერგემლიძე, ზ. პეტუაშვილი. სადიპლომო ნამუშევარი იყო „ძველი ქართული სარიტუალო სასმისები“ (ყარყარა).

სკოლის ასაკიდანვე ეზიარა ჭედურ ხელოვნებას. ძმებთან ერთად მუშაობდა XII საუკუნის ოქრომჭედლობის სტილში. ითვლება, რომ მათ ერთად აღადგინეს ძველი ოსტატების მივიწყებული ხელოვნება და დაუღალავი შრომისა და მხატვრული ნიჭის წყალობით მას ახალი სიცოცხლე შესძინეს.

ავთანდილი უკვე 1966 წლიდან ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის სახვითი ხელოვნების განყოფილების მიერ აყვანილი იქნა აღრიცხვაზე როგორც ხალხური ოსტატი.

მისი ნამუშევრები (ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, მხატვრული იარაღები, ჭურჭელი) დაცულია თბილისის, მოსკოვის, ყაბარდო-ბალკარეთის, იტალიის, აშშ-ის კერძო კოლექციებში და მუზეუმებში.

გარდა ოქრომჭედლობისა, მისი ნამუშევრებია: დეკორატიული პანოები (სასტუმრო „მოსკოვი“), მხატვრული ჭაღები (სასტუმრო „ვოსტოკი“) ინტერიერის გაფორმება ჟელეზნოვოდსკის და ჩერკესსკის კულტურის სასახლეებში; შადრევნები ჩერკესკში.

საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი 1981 წლიდან. ყოფილი სსრკ მხატვართა კავშირის წევრი 1981 წლიდან.

გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვი, ლენინგრადი, თბილისი (1966), მილანი, მონრეალი (1967), ბელგრადი, დორტმუნდი (1968), პარიზი, დრეზდენი (1970), ტალინი, ლვოვი, ნოვოსიბირსკი, ომსკი, ვილნიუსი, მოსკოვი (1971), ალჟირი, ბელგია, ბერლინი (1975), ჩეხოსლოვაკია (1976), იაპონია, კანადა, აშშ (1978), გფრ, იტალია (1979), საფრანგეთი, ლიტვა (1982).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში“, ნინო ზაალიშვილის საერთო რედაქციით, „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“, 2000