გამეტოგენეზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გამეტოგენეზი

გამეტოგენეზისასქესო უჯრედების ანუ გამეტების წარმოქმნის პროცესი. მრავალუჯრედიან ცხოველებში გამეტოგენეზი სპეციალურ ორგანოებში — გონადებში (საკვერცხე, სათესლე, ჰერმაფროდიტული სასქესო ჯირკვალი) ხდება.

სპერმატოგენეზი და გამეტოგენეზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპერმატოგენეზი (მამრობითი გამეტოგენეზი) და ოვოგენეზი (მდედრობითი გამეტოგენეზი) სამ ეტაპად მიმდინარეობს:

  1. პირველადი სასქესო უჯრედები გამეტოგონიები (სპერმატოგონიები და ოვოგონიები), რომლებიც ქრომოსომათა დიპლოიდურ ჯგუფს შეიცავენ, მრავალგზის იყოფიან მიტოზურად.
  2. გამეტოგონიები იზრდებიან, მწიფდებიან და გამეტოციტებად (სპერმატოციტებად ან ოვოციტებად) იქცევიან. ამავე პერიოდში ხდება მთავარი პროცესი — გამეტოციტები მეიოზურად იყოფიან და ამის შედეგად მიიღება ქრომოსომების განახევრებული (ჰაპლოიდური) რიცხვის შემცველი უჯრედები — სპერმატიდები ან ოვოტიდები.
  3. ყალიბდება სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი. კვერცხუჯრედს უჩნდება გარსები, სპერმატოზოიდებს კი — შოლტები, რომელთა საშუალებითაც ისინი მოძრაობენ. ზოგი ცხოველის სპერმატოზოიდს სხვა სამოძრაო საშუალებები აქვს.

მცენარეებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცენარეებში გამეტოგენეზი ჰაპლოიდურ უჯრედში — სპორაში იწყება, უმაღლეს მცენარეებში — მიკრო- და მაკროსპორაში. სპორებიდან ვითარდება მცენარის სქესობრივი თაობა — ჰაპლოიდური გამეტოფიტი, რომლის სასქესო ორგანოებში ანთერიდიუმსა და არქეგონიუმში გამეტოგენეზი მიტოზის გზით ხორციელდება. გამონაკლისია შიშველთესლოვნები და ფარულთესლოვენები, რომელთა სპერმატოგენეზი უშუალოდ მიკროსპორაში — მტვრის მარცვალში ხდება. უმდაბლესი და უმაღლესი სპოროვანი მცენარეების ანთერიდიუმში გამეტოგენეზი არის უჯრედის მრავალგზის გაყოფა, რის შედეგადაც მრავალი სპერმიუმი წარმოიქმნება; არქეგონიუმში კი ეს ერთი, ორი ან რამდენიმე კვერცხუჯრედის წარმოქმნის პროცესია. შიშველთესლოვნებისა და ფარულტესლოვნების მამრობითი გამეტოგენეზის დროს მტვრის უჯრედის ბირთვი მიტოზურად იყოფა გენერაციულ და ვეგეტატიურ უჯრედებად, შემდეგ გენერაციული ბირთვი კიდევ იყოფა მიტოზურად და წარმოიქმნება ორი სპერმატოზოიდი. გაყოფა სამტვერე მილში, ბუტკოს სვეტში ჩაზრდის დროს ხდება; ამავე მცენარეების მდედრობითი გამეტოგენეზის დროს რვა ბირთვიან ჩანასახოვან პარკში მიტოზის გზით გამოცალკევდება ერთი კვერცხუჯრედი.

ამრიგად, ცხოველური გამეტოგენეზი გულისხმობს დიპლოიდური უჯრედების გარდაქმნას ჰაპლოიდურ გამეტებად, მცენარეული გამეტოგენეზი კი — გამეტების წარმოქმნას ჰაპლოიდუი უჯრედებისგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]