ვალეს ღვთისმშობლის ეკლესიის წარწერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედისიმედის წარწერა ვალეს ეკლესიაში

ვალეს ღვთისმშობლის ეკლესიის წარწერა1561-1564 წლებში შესრულებული ქტიტორული წარწერა ვალეს ღვთისმშობლის ეკლესიაზე.

არა მარტო სამცხის, არამედ მთელი ქართული ეპიგრაფიკის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი ლაპიდარული წარწერაა ათაბაგ ქაიხოსრო II-ის (1545-1573) თანამეცხედრის, იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის (1410-1565) ასულის დედისიმიდის წარწერა, ამოკვეთილი სამ კოლონად, შესაბამისად 12, 16 და 17 (სულ 45) სტრიქონად ვალის ტაძრის სამხრეთი ბოძის სამხრეთ და აღმოსავლეთ გვერდებზე. იგი ქართულ ეპიგრაფიკაში საკმაოდ ცნობილი ძეგლია, გამოქვეყნებულია რამდენიმეჯერ ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე. მართალია, უთარიღოა, მაგრამ ტექსტში დასახელებული მრავალი ისტორიული პირის მოღვაწეობის დროის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ დათარიღებულია 1561-1564 წლებით, რაც ყველას მიერ გაზიარებულია.

წარწერა შინაარსით მრავალრიცხოვან პირთა მოსახსენებელია, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი, თუმცა, მასში დედისიმედის მიერ ეკლესიის მეორედ აშენებაზეცაა აღნიშნული.

წმიდა ნებითა ღმრთისაჲთა მე, ღმრთივგვირგვინოსნის იესეიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატოანისა, ქართველთ მეფეთ-მეფის კონსტანტინეს შვილის-შვილმან, მეფის ბაგრატის ასულმან, ათაბაგ-ამირსპასალარის სახლის რძალმან, დედისიმედმან, მეორედ აღვაშენე წმინდაჲ ესე ეკლესია შენ, ცათა მობაძვისა ვალისა ღმრთისმშობელისა, რაჲთა მცველ, მფარველ გუექმნა აქა და მერმესა მას საუკუნესა მე და თანამეცხედრესა ჩემსა ათაბაგსა ქაიხოსროს.

და ძენი ჩუანნი — ყუარყუარე, მზეჭაბუკ, მანუჩარ, თუალშუენიერი, ივანე და თამარი დღეგრძელობით დაიცვენ, ამინ. დასა მათსა ელენეს სასუფეველი დაუმკჳდრე.

მამასა ჩემსა, მეფესა ბაგრატს, თანამეცხედრესა მისსა, დედოფალს ელენეს, შეუნდოს ღმერთმან.

ძმასა ჩემსა ჰერაკლეს და აშოთანს შეუნდოს ღმერთმან.

დასა ჩემსა თეოდორას შეუნდოს ღმერთმან, ამენ.

ვახტანგ და ჰერაკლე დღეგრძელობით დაიცვენ, ამენ.

და ძმა ჩემი არჩილ, აგარიანთა მიერ წარტყვენილი და ცთუნებული, გამოიჴსენი და კუალად აგე პირველსავე პატივსა, ამენ.

წარწერის შესრულების დროს, ერთიანი საქართველო ახალი დაშლილია ცალკეულ სამეფო-სამთავროებად. ეს დაშლა იურიდიულად გაფორმდა დედისიმედის პაპის კონსტანტინე II-ის დროს. წარწერაში დედისიმედი მასაც იხსენიებს და თავის მამა ბაგრატს, რომელიც იმ დროს საქართველოს ერთი ნაწილის — იმერეთის მეფე იყო. დედისიმედი კონსტანტინეს მოიხსენიებს ქართველთა მეფეთ-მეფობით, ხოლო ბაგრატს არ ასახელებს თუ რისი მეფეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვალერი სილოგავა, „ვალეს ლაპიდარული ეპიგრაფიკა“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 136-137