ფი-ფენომენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფი-ფენომენი

ფი-ფენომენი — მოძრაობის შეგრძნება, რომელიც წარმოიქმნება სინათლის სტაციონარული წყაროების თანმიმდევრული ჩართვით, აგრეთვე თვით ამ მოძრაობის ფორმა. ფი-ფენომენი აღმოაჩინა მაქს ვერთჰაიმერმა 1910 წელს და აღწერა სტატიაში „მოძრაობის აღქმის ექსპერიმენტალური გამოკვლევები, რომელიც გამოქვეყნდა 1912 წელს. თავის ასისტენტებთან — ვოლფგანგ კელერთან და კურტ კოფკასთან ერთად — მან აღმოაჩინა, რომ სინათლის ორი წყარო, რომლებიც სხვადასხვა ინტერვალით ინთება, ადამიანის მიერ სხვადასხვანაირად აღიქმება:

ფენაკისტოსკოპი
  • თუ ჩართვებს შორის ინტერვალი საკმარისად მცირეა (60 მილიწამზე ნაკლები), მაშინ წყაროების ნათება აღიქმება როგორც ერთდროული;
  • თუ ინტერვალი დიდია (200 მილიწამზე მეტი) მაშინ ნათება აღიქმება როგორც თანმიმდევრული;
  • თუ ინტერვალი შეადგენს 60-დან 200-მდე მილიწამს, მაშინ წყაროების ნათება აღიქმება როგორც სინათლის უწყვეტი გადაადგილება.

ფი-ფენომენის დამახასიათებელი თავისებურება არის ის, რომ მოძრაობის აღქმა არ არის დამოკიდებული სინათლის წყაროების ფერზე, ზომაზე და სივრცობრივ ლოკალიზაციაზე.

ეს მოვლენა ეწინააღმდეგებოდა იმ დროს ფსიქოლოგიაში გაბატონებულ ვუნდტის თეორიას, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ცნობიერი განცდა წარმოადგენდა ელემენტარული შემადგენლების ერთობლიობას, ხოლო მოჩვენებითი მოძრაობის დაყოფა კი ასეთ შემადგენლებად შეუძლებელია. ითვლება, რომ ფი-ფენომენზე სტატიის გამოქვეყნებით დასაბამი მიეცა გეშტალტ-ფსიქოლოგიას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]