რკინადეფიციტური ანემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერითროციტები

რკინადეფიციტური ანემია — ორგანიზმში რკინის დეფიციტი, რაც სხვადასხვა სასიცოცხლო ფუნქციის დაქვეითებას განაპირობებს. რკინადეფიციტური ანემია საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა (ანემიათა დაახლოებით 90% რკინადეფიციტური ხასიათისაა).

რკინადეფიციტური ანემია უპირატესად ზამთარსა და გაზაფხულზე ვიტარდება, როდესაც საკვები ღარიბია ვიტამინებიტა და მიკროელემენტებით.

რკინადეფიციტური ანემიის გამომწვევი მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სისხლდენა (მენსტრუალური სისხლდენა, სისხლდენა ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავიდან, ბუასილის კვანძებიდან)
  • რკინის შეწოვის დაქვეითება (კოლიტი, ჰიპო- ან ანაციდური გასტრიტი)
  • რკინის დაძლიერებული ხარჯვა (ორსულობა, ძლიერი ფსიქიკური და გონებრივი დატვირთვა, გარდატეხის ასაკი)
  • არასრულფასოვანი კვება

განვითარების მექანიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რკინა შედის ჰემოგლობინის შემადგენლობაში. ერითროციტები ქსოვილებსა და უჯრედებს ჰემოგლობინის საშუალებით ჟანგბადით ამარაგებენ, რკინის ნაკლებობა კი ჰემოგლობინის დეფიციტს განაპირობებს, რის შედეგადაც უჯრედების ჟანგბადით მომარაგება ფერხდება.

რკინა ასევე მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში, სისხლძარღვთა კედლების, კუნთებისა და სხვა ორგანოების შენებაში. ამიტომ მისი ნაკლებობა სხვადასხვა უარყოფით შედეგს იწვევს.

ორგანიზმი რკინას არ გამოიმუშავებს, ის ორგანიზმში მხოლოდ გარემოდან საკვების საშუალებით ხვდება. ზოგიერთი საკვები პროდუქტი (მაგალითად, ხორცი) ორვალენტიან, ორგანიზმისთვის იოლად ასათვისებელ რკინას შეიცავს, ხოლო სხვა სახეობის საკვები (მაგალითად, ხილი და ბოსტნეული) სამვალენტიანი რკინითაა გაჯერებული. სამვალენტიანი რკინა ადამიანის ორგანიზმში დამატებით ცვლილებებს განიცდის- ორვალენტიანად გარდაიქმნება- და ორგანიზმი მას მხოლოდ ამის შემდეგ შეითვისებს.

ქალებს მამაკაცებზე ორჯერ მეტი რკინა ესაჭიროებათ. ქალის ორგანიზმი მენსტრუალური სისხლდენისა და ორსულობის გამო რკინას გაცილებით მეტი ინტენსივობით კარგავს. შედეგად, რკინადეფიციტური ანემია უმეტესად მდედრობით სქესს უვითარდება.

ანემიის შემთხვევაში ხშირია მცირეწლოვან ბავშვებსა და მოზარდებში. სისხლწარმოქმნაზე დიდ გავლენას ახდენს სასქესო ჰორმონები. მამაკაცური ჰორმონი (ანდროგენი) აძლიერებს ორგანიზმის მიერ რკინის შეწოვას, ხოლო ქალის ჰორმონი (ესტროგენი), პირიქით, აფერხებს მას. გარდა ამისა, ორგანიზმს ზრდის პერიოდში დიდი რაოდენობით რკინა ესაჭიროება, ამიტომ ე.წ. გარდატეხის ასაკში გოგონებში ხშირად ვითარდება ანემია.

კლინიკური სურათი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რკინადეფიციტური ანემიის დროს აღინიშნება: საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, თავის ტკივილი, თავბრუდახვევა, იშვიათად- გულის წასვლა, უძილობა, მეხსიერების დაქვეითება.

ანემიური ადამიანი ფერმკრთალია. დაავადებისთვის დამახასიათებელია კანის სიმშრალე, კანზე (უპირატესად, ტუჩის კუთხეში) ნახეთქების გაჩენა, ფრჩხილების მტვრევადობა, მომატებული თმის ცვენა, კუნთებსა და მთელ სხეულში სისუსტის შეგრძნება. ხშირად- გემოს შეგრძნების გაუკუღმართება: მოსწონთ ბენზინის, საპნის, ნავთის სუნი, ცარცის ან მიწის ჭამის სურვილი უჩნდებათ.

რკინადეფიციტური ანემიის თანამდევი მოვლენებია: არტერიული წნევის დაქვეითება, გულისცემის გახშირება, შეშუპების განვითარება.

ხშირად ანემია სრულიდ შეუმჩნევლად, ყოველგვარი გამოვლენის გარეშე მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში ანემიის არსებობა მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზით ირკვევა.

დიაგნოსტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანმრთელი ადამიანის სისხლში ჰემოგლობინის შემცველობა 120-160 გ/ლ-ია. მაჩვენებელი 120 გ/ლ-ზე, ანუ 72 ერთეულზე, დაბალია, ეს უკვე ანემიაა.

დაავადების მსუბუქი ფორმის არსებობისას ჰემოგლობინის რაოდენობა 90-110 გ/ლ-ია, საშუალო სიმძიმის შემთხვევაში- 80-89 გ/ლ, ხოლო მაჩვენებლის დაცემა 80გ/ლ-ზე ქვემოთ მძიმე ანემიაზე მიუთითებს. ანემიის ზუსტი დახასიათებისათვის უნდა განისაზღვროსს: ერიტროციტების რაოდენობა, ფორმა, ზომა და ა.შ.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რკინის პრეპარატების მიღებისას რკინის შემცველობა ორგანიზმში, როგორც წესი, მკურნალობის მესამე კვირას მატულობს, ნორმას კი მეცხრე-მეათე კვირაზე აღწევს. ადამიანი თავს უკეთ გრძნობს, თუმცაღა მკურნალობის შეწყვეტა დაუშვებელია. კურსი (დაახლოებით 3 თვე) ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი. რკინადეფიციტური ანემია ადეკვატური და დროული თერააპიის შედეგად იოლად იკურნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია, თბ., 2015

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]