აინუს ტომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აინუ

აინუს ტომის ხალხი, 1902 წლის ფოტო
საერთო მოსახლეობა
25 000 - 200 000
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
იაპონიის დროშა იაპონია 25,000–200,000
დროშა: რუსეთი რუსეთი

109[1]–1,000

კამჩატკის მხარე: 94 -900[1]
ენები აინუს ენა, იაპონური ენა, რუსული ენა
რელიგიები ანიმიზმი, ათეიზმი, ბუდიზმი, ქრისტიანობა

აინუ — ადამიანთა ჯგუფი შორეულ აღმოსავლეთში. ამ ხალხის სახელწოდება აინუს ენაზე „ადამიანს“, „ხალხს“ ნიშნავს [2][3]. ისინი მისდევენ ნადირობას, თევზაობასა და მიწათმოქმედებას. ეს ხალხი მეზობელი იაპონელებისგან, კორეელებისა და ჩინელებისგან, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში მიწათმოქმედებით იყვნენ დაკავებული, მხოლოდ ნადირობითა და შემგროვებლობით არ განსხვავდებოდნენ[4]. აინუ იყო პირველი ხალხი, რომელიც დასახლდა იაპონიის ტერიტორიაზე[5].

აინუს კულტურას მრავალი სახესხვაობა აქვს. ჰოკაიდოსა და სახალინის აინუ ცხოვრობენ, შესაბამისად, ჰოკაიდოსა და სახალინის ჩრდილოეთ ნაწილში. რაც შეეხება კურილიის აინუს, ზოგი იყენებს ამ ტერმინს მხოლოდ იმ აინუს აღსანიშნავად, რომელთაც ოკუპირებული აქვთ კურილიის ცენტრალური და ჩრდილოეთ კუნძულები და მათთან არ მოიაზრებენ იმ აინუს, რომლებიც ცხოვრობდნენ სამხრეთით და რომელთა ცხოვრების წესი ჰოკაიდოს მოსახლეობის მსგავსია. სხვები კი ამ ტერმინს კურილიის კუნძულზე მცხოვრებთა გამოსახატად იყენებს[3].

წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აინუს ხალხების გავრცელების არეალი

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ აინუ ჯომონის ხალხის შთამომავალია. ჯომონის ხალხი იაპონიაში ჯომონის პერიოდში ცხოვრობდა[6]. ერთ-ერთი იუკარი „უპოპო“ ამბობს, რომ „აინუ ამ ადგილას ცხოვრობდა 100 000 წლით ადრე, სანამ მზის შვილები მოვიდოდნენ“[7]. შედარებით გვიანდელი კვლევების მიხედვით შეიძლება იმის თქმაც, რომ აინუს კულტურა ოხოტსკის კულტურიდან წარმოიშვა საცუმონთან ერთად (ძველი კულტურა, რომელიც ჯომონის პერიოდში გამოეყო იაპონიის ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვა კულტურებს)[6].

იამატოს შთამომავლებისგან განსხვავებით, ნამდვილ აინუს უფრო ღია ფერის კანი და სხეულზე უფრო ხშირი თმა ახასიათებთ. მრავალი ადრეული კვლევის შედეგად ანთროპოლოგები ასკვნიდნენ, რომ აინუ ევროპული წარმოშობისანი იყვენ, თუმცა დნმ-ის მოგვიანებით ჩატარებულმა ტესტმა ეს ვარაუდი არ დაასტურა.

კავალი-სფორზა აინუს ჩრდილო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ აზიის გენეტიკურ ჯგუფში განიხილავს[8]

ანთროპოლოგი იოსებ პოველი (ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტი) ეთანხმება ბრეის, ჰანთსა და ტერნერს და აინუს განიხილავს ადრეული ჯომონის ხალხის შთამომავალ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პოპულაციად[9].

1893 წელს ანთროპოლოგმა არნოლდ ჰენრი სევეჯ ლენდორმა აინუ აღწერა, როგორც ევროპელების მსგავსი თვალის ჭრილის მქონე ხალხი, დიდი და წინ წამოწეული წარბის ხაზით, დიდი ყურებით, ჭარბი თმიანობით, ოდნავ შებრტყელებული კეხიანი ცხვირით, ფართო ნესტოებით, ყვრიმალის გამოკვეთილი ძვლებით, დიდი პირითა და სქელი ტუჩებით.

აინუს მონღოლოიდურ წარმოშობას ადასტურებს ომოტო, რომელმაც აინუ მონღოლოიდებს თითის ანაბეჭდებისა და დენტალური მორფოლოგიის საფუძველზე მიაკუთვნა[8].  

აინუს ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აინუს ენაზე დღესდღეობით დაახლოებით 100 ადამიანი ლაპარაკობს. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ეს რიცხვი მხოლოდ 15-ს აღწევს. ეს ენა ოფიციალურადაა აღიარებული გადაშენების პირას მყოფ ენად. ყოველდღიურ საუბარში იგი თითქმის აღარ გამოიყენება და თანდათან მხოლოდ ენათმეცნიერების ინტერესის ობიექტი ხდება[10].

იმისდა მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი ცდილობდა იაპონურისა და აინუს მსგავსების დამტკიცებას, თანამედროვე მეცნიერები უარყოფენ ამ მსგავსებას. მათი თქმით, იაპონურისგან ამ ენას მხოლოდ რამდენიმე სიტყვა აქვს აღებული, რაც ამ ორ ხალხს შორის სავაჭრო ურთიერთობის შედეგია.

დღეს აღიარებულია, რომ აინუ არ ენათესავება არცერთ ენას[11].

აინუს ენას არ გააჩნია დამწერლობის სისტემა და ისტორიულად იწერებოდა ან იაპონური კანათი ან რუსული კირილიცათი. დღეს ის ჩაიწერება იაპონური კატაკანათი ან ლათინური ასოებით. იაპონური დამწერლობით ჩაწერამ აინუს ენის დეგრადირება გამოიწვია, რადგან იაპონური დამწერლობა მარცვლოვანი ტიპის ენაა და მიმდევრობით ორი თანხმოვნის ჩაწერა თითქმის შეუძლებელია. მაგალითად, სიტყვა „კორ“ (ზმნა „ჭერა“) იაპონური დამწერლობის გავლენის გამო ახლა გამოითქმება, როგორც „კორო“.

აინუს ენას ჰქონდა დიალექტები, თუმცა არსებობდა ენის ყველასთვის გასაგები ვარიანტიც - „კლასიკური“ აინუ, რომლითაც ყვებოდნენ იუკარს[12]

დასახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მე-20 საუკუნეში აინუს დასახლებებში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე სახალინის კუნძულის აინუს დასახლებები წარმოადგენდნენ სეზონურ საცხოვრისებს. მაგალითად, ზამთარში ისინი აშენებდნენ ნახევრად-მიწისქვეშა მაღაროიან სახლებს.

აინუს დასახლებები, ჩვეულებრივ, იდგა სანაპიროებზე. სახლები ნაპირის პარალელურად ერთ მწკრივში იყო განლაგებული.

კურილიის აინუები უფრო ხშირად იცვლიდნენ დასახლებებს. მათგან განსხვავებით ჰოკაიდო მუდმივ საცხოვრებელს წარმოადგენდა. დასახლება მდებარეობდა მდინარის პირას. მდინარე მდიდარი იყო თევზით,  რაც უჩვეულო იყო მონადირეებისა და შემგროვებელთათვის.

აინუს დასახლებები ძირითადად მცირე ზომისა იყო. დასახლებაში, ჩვეულებრივ, ხუთამდე ოჯახი ცხოვრობდა. გამონაკლისი იყო ჰაიდაკო-ტოკაჩი ჰოკაიდოს რაიონიდან - ყველაზე მჭიდრო დასახლება აინუს მიწებზე. მათ ჰქონდათ ყველაზე უხვი ბუნებრივი რესურსები, რაც მოსახლეობის რაოდენობაზეც აისახებოდა. განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი დასახლება მდებარეობდა სარუს მდინარესთან, სადაც რამდენიმე ცხოვრობდა. ოცდაათი ოჯახი, უფრო მეტი ვიდრე ნახევარი დასახლება ხეობაში[3].

საქმიანობა და მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აინუს ტომის წარმომადგენლები

აინუ ძირითადად ნადირობითა და შემგროვებლობით ირჩენდნენ თავს, მაგრამ თევზი, რომელსაც მოიპოვებდნენ ზღვიდან, ტბიდან და მდინარეებიდან, უმრავლესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკვები იყო. აინუ მამაკაცი თევზაობდა და ნადირობდა. ქალები აგროვებდნენ მცენარეებს და ზამთრისთვის ინახავდნენ საკვებს. დიდ ცხოველებზე, როგორებიცაა - დათვი და ირემი, ძირითადად ინდივიდუალურად ნადირობდნენ, ზოგჯერ ერთობლივად. ერთობლივი ნადირობა უმეტესად ჰოკაიდოზე მცხოვრები აინუისთვის იყო დამახასიათებელი. ისინი სანადიროდ იყენებდნენ: მშვილდ-ისარს, შუბს და სხვადასხვა სახის მახეებს. ნადირობის ტექნიკის მხრივ ჰოკაიდოელი აინუები დანარჩენებთან შედარებით გაცილებით განვითარებულები იყვნენ. ისინი იყენებდნენ გაწვრთნილ ძაღლებს, აკონიტსა და შხამს, რაც იმის გარანტიას იძლეოდა, რომ დაჭრილი ცხოველი ახლოს დაეცემოდა. აინუს ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკვები იყო დიდი თევზები, როგორიცაა კალმახი და ორაგული. თევზაობისას ისინი შუბისწვერებს, ბადეებსა და ანკესებს იყენებდნენ[2] [5][3] .

ცხოველთა მოშინაურების ტრადიცია პოპულარობით სახალინელ აინუებში სარგებლობდა. მათ გამოყავდათ ძლიერი ტვირთმზიდი ძაღლები. მათ კასტრირებას უკეთებდნენ, რათა ძაღლებს ძალა შეენახათ ციგების ტარებისთვის. რთული ზამთრის პერიოდში ციგა ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსპორტი იყო.

ჰოკაიდოელ აინუებში მემცენარეობა უფრო იყო განვითარებული, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ იაპონიის მთავრობა მიწათმოქმედების განვითარებას დაიწყებდა[4][3].  

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აინუ მამაკაცი

2007 წლისთვის ჰოკაიდოზე დაახლოებით 18000 აინუ ცხოვრობდა. მაგრამ წარსულში მათი პოპულაცია გაცილებით მეტი იყო. ეს ხალხი ჰოკაიდოს გარდა, სულ ცოტა, სამხრეთ სახალინზე, კურილიის კუნძულებზე, ჰონშიუს ჩრდილოეთ ნაწილსა და მეზობელ კუნძულებზე ცხოვრობდა[3].

მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვა ტერიტორიაზე ცხოვრობენ აინუს სახელწოდებით ხალხი მოიხსენიებს იაპონიის მკვიდრ მოსახლეობას. ისინი იაპონელებთან ერთად ამ ტერიტორიაზე საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ[13].

თანამედროვე აინუ ცხოვრობენ თითქმის ისე, როგორც იაპონელები, მაგრამ ძველ დროში აინუების საქმიანობა და გარეგნობაც მკვეთრად განსხვავდებოდა იაპონელებისაგან: აინუს ჰქონდათ ხვეული თმა და ღია ფერის კანი; კაცები იზრდიდნენ წვერს;  ქალები სახეზე ტატუებს იხატავდნენ; იაპონელებს კი ჰქონდათ სწორი თმა და შედარებით მუქი ფერის კანი; იაპონელი მამაკაცები ძირითადად არ იზრდიდნენ სახეზე თმას.

წლების განმავლობაში ბევრი აინუ ქორწინდებოდა იაპონელებზე და მათი შვილები ყოველთვის არ ჰგავდნენ აინუს.

თანამედროვე ეპოქაში ძალიან იშვიათია წმინდა სისხლის აინუ, თუმცა ზოგი აინუ ჯერ კიდევ ჰგავს თავის წინაპარს.

აინუს უმრავლესობა ცხოვრობს ჰოკაიდოზე, იაპონიის ოთხი კუნძულის უკიდურეს ჩრდილოეთში. აინუ ამ კუნძულს „აინუ მოშირს“ ეძახდნენ, რაც „ადამიანების მშვიდობიან მიწას“ ან „აინუს სამშობლოს“ ნიშნავს. მათი მცირე ნაწილი ჰონშიუს ჩრდილოეთ ნაწილშიც ცხოვრობდა ისევე, როგორც კურილიის კუნძულებსა და სახალინზე, რომელიც ამჟამად რუსეთს ეკუთვნის.

ძნელია, გავიგოთ, თუ რამდენი აინუ ცხოვრობს იაპონიაში. იმის გამო, რომ აინუს ძალიან უსამართლოდ ექცეოდნენ, მათ უმრავლესობას არ სურს თავისი წარმომავლობის გამოაშკარავება. საერთაშორისო ორგანიზაცია Cultural Survivor-ის თანახმად, იაპონიაში ცხოვრობს დაახლოებით 200000 აინუ, მაგრამ იაპონიის მთავრობის ცნობით, იაპონიაში მცხოვრები აინუს რიცხვი მხოლოდ 25 000-ია. უკანასკნელი მონაცემი 1986 წლის აღრიცხვიდანაა. აინუს პოპულაციის ზუსტი რიცხვი კი დღემდე უცნობია[4][5]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აინუს საცხოვრებელი ტერიტორია წყალქვეშა ვულკანის მწვერვალებია. ვულკანური აქტივობის გამო მიწა აქ ძალიან არასტაბილურია. ხშირია მიწისძვრები და ცუნამი.

ჰოკაიდოს აღმოსავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე. დასავლეთით არის იაპონიის ზღვა, ხოლო ჩრდილოეთით - ოხოტის ზღვა. ჰოკაიდოს ჰონშიუსგან გამოყოფს ცუგარუს სრუტე.

ტემპერატურა ჰოკაიდოზე განსხვავდება რეგიონების მიხედვით: კუნძულის დასავლეთ სანაპირო აღმოსავლეთ სანაპიროსთან შედარებით თბილია. ზამთარი აქ ცივი და თოვლიანია. ზოგიერთ რეგიონში ხშირია 6 მეტრი სიმაღლის თოვლიც. ცენტრალურ ჰოკაიდოზე საშუალო ტემპერატურა იანვარში მინუს 9 გრადუს ცელსიუსია. ჰოკაიდოზე ზაფხული გრილი და მშრალია. ყველაზე ცხელი თვეა აგვისტო, თუმცა ამ პერიოდშიც ცენტრალურ ჰოკაიდოზე საშუალო ტემპერატურა 21 გრადუსია.

ჰოკაიდოს ლანდშაფტი საკმაოდ მრავალფეროვანია. მცენარეებიდან გავრცელებულია წიწვოვანი ხეები. ეს ტერიტორია საკმაოდ მთაგორიანია. მთათა სისტემებს შორის ყველაზე ცნობილია დაისეცუძანი, რომელსაც ჰოკაიდოს სახურავსაც უწოდებენ ამ სისტემაში ყველაზე მაღალი მთის სიმაღლე თითქმის ორი კილომეტრია. მთათა სისტემის ნაციონალურ პარკში ჰოკაიდოს ყველაზე დიდი მწვერვალი 2,290 ასაჰიდაკე მდებარეობს[5].

სოციალური ორგანიზება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსად, აინუთა შორის, პოლიტიკური ორგანიზაციის გავლენა არ ვრცელდება დასახლების გარეთ. თუმცა იშვიათად ძალიან მცირე დასახლებები ერთიანდება უფრო დიდ პოლიტიკურ გაერთიანებად ან მიეკუთვნება პოლიტიკურად შედარებით დიდ დასახლებას. აინუს ხალხში არაა გავრცელებული ავტოკრატია. პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, გადაწყვეტილებების მიღებაში დასახლების უხუცესებიც მონაწილეობენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ფორმალიზებული იდეოლოგია კრძალავს ქალების მთავარ რელიგიურ აქტივობებში მონაწილეობას, არსებობს კულტურულად მართებული გზები ქალებისთვის არაფორმალიზებული ძალის გასავარჯიშებლად[4].

აინუს ტრადიციული საცხოვრებელი

საცხოვრებელი შენობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აინუს ტრადიციული სახლები პატარა ქოხები იყო, რომლებსაც ლერწმისგან აგებდნენ და ჩალით ხურავდნენ. აინუს სახლი არ იყო დაყოფილი ოთახებად და სახლის ცენტრში განლაგებული ბუხრისთვის, საკვამურის მაგივრად, სახურავზე პატარა ხვრელი იყო.ამ სახლებს ჰქონდათ მხოლოდ ერთი ფანჯარა აღმოსავლეთის მხარეს და ორი კარი. ისინი არ იყენებდნენ  ავეჯს, ისხდნენ იატაკზე, რომელზეც ხალიჩები იყო დაგებული[14].

ისტორიული და კულტურული ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აინუ არის მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც ტრადიციულად ცხოვრობდა ჰოკაიდოზე და გარშემო მყოფ რეგიონებში ჰონსიუ ჩრდილოეთში, სახალინისა და კურილიის კუნძულებზე.

ისტორიულად აღქმადი აინუს კულტურა დაიწყო შუა საუკუნეებში, დაახლოებით ჩვ.წ მე-12 როდესაც ჩამოყალიბდა მდიდარი კულტურა. ეს კულტურა იყო შედეგი იაპონიისა და ჩრდილო აღმოსავლეთ აზიის კომპლექსური ურთიერთობისა. 

აინუს უცხოელებთან კონტაქტს დიდი ისტორია აქვს. ყოველგვარი შეხება გარეშე ხალხთან, განსაკუთრებით იაპონელებთან, ძირეულად ცვლიდა მათ ცხოვრებას.   

სახალინის აინუს მოსახლეობა, რომელიც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მერყეობდა 1200-იდან 2400-ამდე, გადმოსახლდა ჰოკაიდოდან, სავარაუდოდ, პირველ ათასწლეულამდე. ისინი ეკონტაქტებოდნენ სახალინისა და ამურის მკვიდრ მოსახლეობას, გილიაკის, ოროკოსა და ნანაის ჩათვლით[4].

შესაძლებელია იმის თქმა, რომ პირველი ათასწლეულისათვის კუნძულზე გავლენა იქონია ჩინეთმა. 1263-1320 წლები ცნობილია მონღოლების კოლონიზაციის პერიოდად. სახალინზე აინუს ხალხი იბრძოდა 1308 წლამდე, მაგრამ საბოლოოდ დაემორჩილა იუანის დინასტიას. იუანი წარმოადგენდა მონღოლთა დინასტიას, რომელიც ჩინეთს მართავდა. აინუ მათ ხარკს უხდიდა. დროთა განმავლობაში მოხდა ხარკის სისტემის შერწყმა იაპონურ ჰოკაიდო აინუს ვაჭრობასთან. შედეგად, იაპონურ რკინის ნამუშევრებს იღებდნენ მანჩუები, ხოლო ჩინური ფარჩა და ბამბა იგზავნებოდა დასავლეთ იაპონიაში. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, მანჩუს კონტროლის შესუსტებამ სახალინზე გამოიწვია ხარკის სისტემის მოშლა. ამ დროისთვის იაპონელები და რუსები ერთმანეთს ეცილებოდნენ კუნძულზე კონტროლის მოპოვებისათვის. მათი მთავარი სამიზნე კუნძულის მდიდარი ბუნებრივი რესურსები იყო[3].

აინუ ძალიან დიდი ხანი შეადგენდა იაპონური საზოგადოების უმცირესობას. იყო ცრურწმენების, დისკრიმინაციისა და მატერიალური შეჭირვების მსხვერპლი[13][15]

სახალინელი აინუ

მოგვიანებით, აინუს ხალხმა საგრძნობლად გააუმჯობესა თავისი სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა იაპონურ საზოგადოებაში და, ამასთან ერთად, განამტკიცა თავისი კულტურული იდენტობა.

იაპონიის ცენტრალური მთავრობის ძალაუფლების ზრდასთან ერთად აინუ იდევნებოდა ჩრდილოეთით და ტოვებდა თავისი ტერიტორიის სამხრეთ ნაწილს.

აინუსა და იაპონიას შორის ვაჭრობა დაიწყო მეთოთხმეტე საუკუნის შუა პერიოდში. მეთექვსემეტე საუკუნისთვის მაცუმაეს კლანმა, რომელსაც გავლენა ჰქონდა ჰოკაიდოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონსა და მის შემოგარენზე, ვაჭრობის სისტემა იაპონელებისთვის აინუს ექსპლოატაციის საშუალებად აქცია. ამ ფაქტს დიდი პროტესტი მოჰყვა აინუს მხრიდან. პროტესტის ტალღაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აინუს ცნობილმა პოლიტიკოსმა შაკუშაინმა. 1660 წელს აინუმ სცადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ პროტესტი ჩაახშეს მაცუმაეს სამურაებმა და მოკლეს შაკუშაინი. საბოლოოდ პროტესტის ტალღა წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ აინუს ისტორიაში ყველაზე დიდ წინააღმდეგობად რჩება.

რუსეთის სამხრეთით ექსპანსიის საწინააღმდეგოდ იაპონელების ინტერესების დასაცავად 1779 წელს ჰოკაიდოზე მაცუმაეს ტერიტორიაზე ტოკუგავას შოგუნატის პირდაპირი კონტროლი დამყარდა. ადმინისტრაციული ერთეული შეიცვალა 1821 წელს მაცუმაეზე და შემდეგ - 1854 წელს ისევ შოგუნატზე. 

მრავალი ცვლილება მოჰყვა 1868 წელს მეიჯის მმართველობას. მეიჯის მმართველობის პერიოდში აინუს ხალხსა და იაპონელებს უფლება ჰქონდათ ჰოკაიდოზე ნებისმიერ ადგილას დასახლებულიყვნენ. კუნძულის ბუნებრივი რესურსების დასაუფლებლად იაპონელებისთვის ხელსაყრელი იყო მასობრივი ემიგრაცია ჰოკაიდოზე. რესურსების ექსპლუატაციის მიზნით უამრავი იაპონელი გაემგზავრა სამხრეთ სახალინზე. ამავდროულად, მთავრობა უზრუნველყოფდა ჰოკაიდოს აბორიგენი მოსახლეობის უსაფრთხოებას. აგრეთვე, აინუს მოსახლეობას იაპონურ სკოლებში სიარულს აიძულებდნენ. მოგვიანებით - 1883 წელს მათ გადასცეს მიწები და ხელი შეუწყვეს ამ ხალხში მიწათმოქმედების განვითარებას. ისინი გადაასახლეს მიწაზე, სადაც მიწათმოქმედების განვითარების შანსი გაცილებით დიდი იყო. ამ ნაბიჯმა მათ საზოგადოებაში დიდი ცვლილებები გამოიწვია.

1875 წელს სახალინის აინუ მოექცა რუსეთის კონტროლის ქვეშ, მაგრამ იაპონიამ ეს ტერიტორია 1905 წელს დაიბრუნა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ  სამხრეთ სახალინი ისევ საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო და აინუს დიდი ნაწილი ჰოკაიდოზე გადაასახლეს.

უცხოელებთან კონტაქტი ეკოლოგიურ ფაქტორებთან ერთად აინუს ცხოვრების წესსაც ცვლიდა. იმის გამო, რომ კურილიის კუნძულების მკვიდრ აინუს ხალხს კონტაქტი არ ჰქონდა რკინის მომპოვებელ კულტურებთან, ისინი აგრძელებდნენ ქვისა და ძვლების გამოყენებას მაშინ, როცა სახალინელ და ჰოკაიდოელ აინუებში მეტალის დამუშავების კულტურა უკვე დიდი ხნის განვითარებული იყო.

მეთვრამეტე სუკუნის ბოლოდან ზღვაში მონადირე რუსებმა და იაპონელებმა აინუს ხალხში გაავრცელეს მრავალი დაავადება, რამაც შეამცირა პოპულაცია.

1875 წელს კურილიის კუნძულები დაექვემდებარა იაპონიის მთავრობას, რომელიც ცდილობდა აინუს დაცვას, თუმცა უშედეგოდ - ამ ტერიტორიაზე უკანასკნელი მაცხოვრებელი გარდაიცვალა[3].

მამი აოიამა აინუს ისტორიას ორ პერიოდად ყოფს. პირველი პერიოდი მოიცავს ტოკუგავას ერას, როდესაც აინუს გააჩნდა მეტნაკლები ავტონომია.მეორე პერიოდი მოიცავს ტოკუგავას შემდგომ პერიოდს, როდესაც აინუ მოექცა იაპონიის მზარდი გავლენის ქვეშ[4].

თანამედროვე ეპოქის დასაწყისში აინუ აგრძელებდა თავის ტრადიციულ საქმიანობას, მაგრამ მათი სავაჭრო აქტივობები შეზღუდული იყო იაპონიის სავაჭრო სადგურებზე მუშაობით. აინუს საცხოვრებელი ადრე წარმოადგენდა ადგილს, სადაც ისინი მხოლოდ თავისთვის შრომობდნენ, ხოლო თანამედროვე ეპოქის დასაწყისში მათი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გადასახადების გადახდა გახდა. ამ ცვლილებების შედეგად აინუმ დაკარგა ავტონომია საქმიანობაში. მათი ცხოვრების წესს ახლა უკვე  დამქირავებლები წყვეტდნენ, რამაც მასობრივი მიგრაცია გამოიწვია, რადგან ზედმეტი ნადირობის, თევზაობისა და მიწის გაუკონტროლებელი დამუშავების შედეგად მზარდი მოსახლეობა რესურსების ნაკლებობას განიცდიდა.

აინუს ხალხმა საბოლოო ტრანსფორმაცია განიცადა მაშინ, როდესაც იაპონელებმა აიძულეს, მიეტოვებინათ ტრადიციული საქმიანობა და ემუშავათ სულ სხვა სფეროებში. ამ ცვლილებამ გამოიწვია ასიმილაცია რუსეთისა და დასავლეთის გავლენით. საქმიანობაში ასეთი დრამატული ცვლილებების შედეგად აინუ გახდა სიღარიბის მსხვერპლი[3][4].

პოლარდი, კრონენბერგი და საკელარიოუ ამბობენ, რომ აინუ კარგი მაგალითია ოკუპაციური აპართეიდისა[15]. 2009 წელს საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩნდა ხელოვანი და აქტივისტი კოჯი იუკი კამუი-ნომის ცერემონიაზე, რომელიც ტარდებოდა შირეტოკოში, ჰოკაიდოს აღმოსავლეთში. ცერემონიის დროს იუკიმ ბოდიში მოუხადა კამუის იაპონურად და თქვა, რომ ძალიან წუხდა, რადგან არ საუბრობდა აინუს ენაზე. ხელოვანი ამბობს, რომ საკუთარი წარსულის გაგება გადაწყვიტა შვილის გამო, რომელიც ამაყობდა იმით, რომ იყო აინუ. იგი ამბობს, რომ არც ისე შორეულ წარსულში აინუების დისკრიმინაციის გამო ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი მათი კულტურის შესახებ[16], თუმცა იაპონურ საზოგადოებაში აინუს კულტურის გავრცელება დაიწყო ჯერ კიდევ 1920-იან წლებში.  ამის კარგი მაგალითია იუკიე ჩირი, რომელმაც დაიწყო იუკარის თარგმნა და გამოცემა. ამ ტექსტების გამოცემა ნიშნავდა იმას, რომ აინუს მდიდარი მსოფლმხედველობა შეიძლებოდა გადაეცათ იაპონელებისა და სხვა ხალხისთვის[17]. იუკარი ახლა მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად ეპიკური პოეზიისა. ამასთან ერთად, ბოლო წლებში იზრდება ინტერესი ამ, გადაშენების პირას მყოფი, ხალხის მიმართ[3]. 2007 წელს გაერომ გამოსცა დეკლარაცია, რომელიც იცავს ამ ხალხის უფლებებს, ასევე ჩამოყალიბდა ამგვარი ხალხის სპეციალური სამიტი[13][15][18].   2012 წლის 21 იანვარს დაარსდა აინუს პოლიტიკური პარტია. მას შემდეგ, რაც 2011 წლის 30 ოქტომბერს აინუ აქტივისტების ჯგუფმა ჰოკიდოზე გამოაცხადა, რომ აინუს საკუთარი პარტია ეყოლებოდა. „ჰოკაიდოს აინუს ასოციაციამ“ ცნობილი გახადა, რომ აინუს ყოფილი ლიდერის, კაიანო შიგერუს შვილი - კაიანო შირო -  სათავეში ჩაუდგებოდა პარტიას. პარტიის მიზანია იაპონიაში ჩამოყალიბდეს მულტიეთნიკური და მულტიკულტურული საზოგადოება, რომელშიც აინუ აღარ იქნება დისკრიმინაციის მსხვერპლი. აინუ დღემდე ცდილობს, რომ აღადგინოს თავისი ეთნიკური იდენტობა და თავი გააცნოს მსოფლიოს[13][15][19].

Ainu Art Project[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

“აინუ არტ პროჯექტი“  2000 წელს ჩამოაყალიბა ახალგაზრდა აინუთა ჯგუფმა,რომლებიც პირველად, 200 წლის შემდეგ აგებდნენ ტრადიციულ გემს - ოტაომასიპს. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ მეგობრები და ოჯახის წევრები. ჯგუფში ახლა 23 წევრია და მათი მიზანია თავიანთი ტრადიციული კულტურის აღდგენა და ამ კულტურის თანამედროვე ვარიაციების შესწავლა. „აინუ არტ პროჯექტი“ მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში და მსოფლიოს აცნობს აინუს ტრადიციულ ცეკვას, სიმღერასა და ვიზუალურ ხელოვნებას. ჯგუფის ლიდერია კოჯი იუკი, რომელიც ცეკვავს, მღერის და ხის გრავიურებზე მუშაობს. 2011 წლის დეკემბერში ტოკიოს მოცარტის გალერეაში გაიხსნა კოჯი იუკის ხის გრავიურების გამოფენა[16][20][21]

რელიგია და გამოხატული კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აინუს ტრადიციული სახის მოხატულობა

აინუს ტომს, ტრადიციულად, სწამთ ანიმიზმის. ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერს ბუნებაში აქვს სული და ამ მოვლენას  მოიხსენიებენ, როგორც კამუის. არსებობს კამუის კლასიფიკაციაც. მათგან ყველაზე მნიშვნელოვნია: კამუი ფუჩი – ჯანმრთელობის ქალღმერთი, კიმ-უნ კამუი – დათვებისა და მთების ღმერთი და რეპუნ კამუი – ზღვის თევზისა და ზღვის ცხოველების ღმერთი[22].

აინუს ხალხს არ ჰყავს სასულიერო პირები, მათ ნაცვლად საჭირო რელიგიურ ცერემონიას ბელადი ატარებს. უფრო მასშტაბურ რელიგიურ რიტუალებს კი, როგორიცაა იომანტე, ატარებს კოტანი (სოფლის საზოგადოება). რიტუალები რამდენიმე დღე გრძელდება[3]

რელიგიური რწმენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აინუს ტომის ცხოვრება, მათი რელიგიური განზომილების გარეშე ძალიან დამახინჯდება, რადგანაც რელიგია არის მათი ცხოვრების პერსპექტივა. ამგვარად, მათ სწამთ, რომ საჭმლის ნარჩენი და გატეხილი ნივთები უნდა განადგურდეს. ის ხელმძღვანელობს აინუს სამყაროს სპეციალური კლასიფიკაციით, რომელიც მოდის რელიგიიდან და კოსმოლოგიური პრინციპიდან. რასაც ჩვენ ეკონომიკურ საქმეებს ვუწოდებთ, აინუსთვის არის რელიგიური – მიწისა და წყლის ანიმიზმი, რაც მათთვის არის ღვთაებრივი.

აინუს რწმენის სისტემაში მნიშვნელოვანი კონსტრუქციაა სული, რომელიც უმეტესობას აქვს მათ სამყაროში. რწმენის მიხედვით, სული ხდება აღქმადი, როცა ის პატრონის სხეულს ტოვებს. მაგალითად, როცა მას სძინავს, სული ათავისუფლებს საკუთარ თავს მძინარე სხეულისგან და მოგზაურობს იქაც კი, სადაც ფიზიკურად არასოდეს ყოფილა. ანალოგიურად, გარდაცვლილი პირი შეიძლება გამოჩნდეს ვინმეს სიზმარში, რადგან გარდაცვლილის სულს შეუძლია, მკვდართა სამყაროდან ცოცხალთა სამყაროში იმოგზაუროს. შამანური პროცესების განმავლობაში, შამანის სული ტოვებს თავის სხეულს და მიდის მკვდართა სამყაროში, რათა დააბრუნოს მკვდარი ადამიანის სული. ამით მას შეუძლია ადამიანი გააცოცხლოს.

სულს აქვს ძალა, დასაჯოს ისინი, ვინც მას უსამართლოდ მოექცა. ღვთაებების კამუისგან განსხვავებით, სულებს აქვთ ძალა, დასაჯონ ან დაასაჩუქრონ თავიანთი ნებით. ზოგ მეცნიერს სჯერა, რომ აინუმ ბუნება გაუთანაბრა ღვთაებას. სხვებს სჯერათ, რომ მხოლოდ სამყაროს ნაწილია ღვთაებრივი. აინუ მიიჩნევს, რომ ყველა სული ღვთიურად გამოიყურება, ზუსტად ისე, როგორც ადამიანები ვიზუალურად, და ფიქრობენ, რომ ისინი ცხოვრობენ, როგორც ადამიანები, თავიანთ ღვთაებრივ სამყაროში. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი აინუს რელიგიაში. სულიერი ღვთაებები თავს ინიღბავენ, როცა აინუს სამყაროში ჩამოდიან და მოაქვთ ხორცი და ბეწვი, როგორც საჩუქარი, აინუსთვის, ზუსტად ისე, როგორც აინუს სტუმრებს მოაქვთ ყოველთვის საჩუქრები.

რეგიონთა უმეტესობაში ჯანმრთელობის ქალღმერთს (ცეცხლი) თითქმის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც დათვს. მას „ბებია ბუდისაც“ ეძახიან. ის აინუს სამყაროში ჯანმრთელობის განსხეულებაა. სხვა მნიშვნელოვანი ღვთაებები არიან: მელია, ბუ (დასახლების ღვთაება), ბეჭდები და ზღვისა და მიწის სხვა ცხოველები და ფრინველები. ღვთაებების  მნიშვნელობა ყოველთვის იცვლება რეგიონიდან რეგიონამდე. ამას დამატებული – ქალღმერთები მზისა და მთვარის (ზოგ რეგიონში მზე და მთვარე ასახავს ორ სახეს ერთი ღვთაებისა), დრაკონი ღვთაება ცისა, ღვთაება  სახლისა, ღვთაება ნუსასი, ღვთაება ტყისა, ღვთაება ამინდისა და კიდევ სხვები.

აინუს მითოლოგიაში დომინირებს დათვი. ზოგადად, ისინი მათ მიიჩნევენ კეთილისმსურველ ცხოველებად, თუმცა არსებობს ზღაპრები არაუშიზე (მონსტრ დათვზე).  არსებობდა მუდმივი რიტუალიც, რომელსაც სოფლის ყველა ის მცხოვრები ატარებდა, ვისაც კი შეეძლო, ცოცხლად დაეჭირა ბელი. რიტუალისთვის ბელს ერთი წლის განმავლობაში ამზადებდნენ: აჭმევდნენ და უფრთხილდებოდნენ. მერე იწყებოდა დათვის ცერემონია, სადაც მას ესროდნენ ისრებს და კლავდნენ. მის ხორცს ჭამდნენ, რათა დათვის სული გაეთავისუფლებინათ და მას შესძლებოდა, კამუის სამყაროში დაბრუნებულიყო. მათ სწამდათ, რომ როცა სული კიმ-უნში  – კამუის სახლში მივიდოდა, ის ღვთისმოსაობით გადაუხდიდა ადამიანებს მათი მსახურების გამო.

კიმ-უნის მითი გასაგებს ხდის დათვის შესახებ მნიშვნელოვან რიტუალს. ერთ დღეს ღმერთ დათვს ყვავმა უთხრა, რომ მისი ცოლი კამუის სამყაროდან ადამიანების სოფლისკენ წავიდა და აღარ დაბრუნდა. ის სახლში გაიქცა, ბავშვი აიყვანა და ადამიანების სოფელში წავიდა. იქ მას ღმერთებზე მონადირე კამუის მოგზაური შეხვდა, რომელმაც ჯანმრთელობის ქალღმერთთან  კამუი ფუჩისთან დაპატიჟა. სანამ ისინი ლაპარაკობდნენ, მელამ ის მოაჯადოვა და კამუი მოგზაურმა გათიშა. ღმერთმა დათვმა ხის ტოტზე გაიღვიძა და დაინახა ბებერი დათვის სხეული, რომელიც ქვემოთ ეგდო, და პატარა ბელი, რომელიც იქვე თამაშობდა. ის უყურებდა, როგორ ეთაყვანებოდა ადამიანი მკვდარ დათვს, სწირავდა ღვინოსა და საჭმელს. მერე ადამიანმა წაიღო დათვის ხორცი და წაიყვანა ბელი თავის სოფელში, სადაც ბელს სხვერპლშეწირვის რიტუალი ჩაუტარეს. დათვი ღმერთი თავის ცოლსაც პოულობს. ის იჯდა ღუმელის გვერდზე. ღმერთმა დათვმა და მისმა ცოლმა რამდენიმე დღე გაატარეს მათთან ერთად „ქეიფში“, სადაც დანარჩენი კამუიც დააპურეს. ბელი კი ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა და კიდევ მოიტანა ღვინო და საჭმელი, რის გამოც კიდევ „იქეიფეს“ ღმერთებმა.

ბოროტ სულებსა და დემონებს ჰქვიათ ოიაში, ვან კამუი (ბოროტი ღვთაება) და ასე შემდეგ. ბოროტი სულები განეკუთვნებიან არსებების მეორე ჯგუფს, რომლებიც ადამიანებზე უფრო ძლიერები არიან. ისინი ავარჯიშებენ თავიანთ გამანადგურებელ ძალებს უბედურების გამოწვევით, როგორიც არის ეპიდემიები. ზოგი მათგანი ჩვეულებრივია, ან, როგორც განმარტავენ, პატიოსანი დემონები, მაშინ როდესაც დანარჩენები ჩვეულებრივი დემონები ხდებიან. მაგალითად, თუ სულს უსამართლოდ მოეპყრობიან, პატრონის სიკვდილის მერე ის დემონად გადაიქცევა. აინუ დიდ ყურადღებას უთმობს ბოროტ სულებსა და დემონებს, რელიგიური წესების შეცნობითა და ეგზორცისტული რიტუალების ჩატარებით. ადამიანების დემონებთან ბრძოლა ვრცელი თემატიკაა მათ ეპიკურ პოემებში. ამ თემას ქვემოთ ისევ შევეხებით.

ღვთაებები  პირდაპირ არ ებრძვიან დემონებს, არამედ, ეხმარებიან აინუს მათთან ბრძოლაში. ოღონდ, ერთი პირობით - აინუმ შემდეგ მათ თაყვანი უნდა სცენ[3][17][23]

რელიგიური პრაქტიკოსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შამანი არ არის მხოლოდ მამრი. სახალინის აინუს შამანები შესამჩნევად განსხვავებულები არიან ჰოკაიდოს აინუს შამანებისგან. სახალინის აინუს სიმბოლური სტრუქტურა შამანისტური რიტუალების  შესახებ საჭმლის კეთების პროცესია. ეს ის როლია, რომელიც ქალისთვისაა განკუთვნილი აინუს კულტურაში. საჭმლის მზადება არის მზრუნველობის სიმბოლო. შამანი ძალიან დაფასებულია სახალინის აინუებში და ღრმად პატივცემული პიროვნებაა საზოგადოებაში, მიუხედავად სქესისა. შამანები შეიძლება გახდენ დასახლებების ლიდერებიც. შამანი ატარებს წინასწარმეტყველებისა და საოცრების რიტუალებს. რიტუალების უმეტესობა ტარდება იმისთვის, რომ დასვან დიაგნოზი და გამოიწვიონ ილუზია. როცა შამანში სული ჩასახლდება, ის ტრანსში ვარდება და სული ლაპარაკობს მისი პირით. ეს ყველაფერი კი კეთდება საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, როგორიცაა ავადმყოფობის მიზეზის დადგენა, ან დაკარგული ნივთის ადგილმდებარეობის მიგნება[3].

ჰოკაიდოს აინუში, შამანი არ არის ისეთი ღრმად პატივცემული, როგორც ქალები, რომლებსაც უფრო დაბალი სოციალური სტატუსი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. ჰოკაიდოს აინუს შამანებიც ვარდებიან ტრანსში. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ მამრი შამანს ღვთაებების დალოცვაში დაეხმარა. იმის მიუხედავად, რომ შამანს შეუძლია, დიაგნოზი დასვას, გამოჯანმრთელების პროცესს საკუთარ თავზე მაინც უფროსი მამრები იღებენ. თუმცა, სანამ რამე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათ კონსულტაცია ჯერ შამანთან უნდა გაიარონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პოლიტიკურად ძლიერ მამრებსაც არ შეუძლიათ ომის გამოცხადება შამანთან კონსულტაციის გარეშე, ინტეგრირებული კულტურული მექანიზმი რომ დაბალანსდეს, ოფიციალური და არაოფიციალური ძალაა საჭირო[4].

ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი იყო ის, რომელიც სახლში იმყოფებოდა და ერქვა ცეცხლის ღმერთი. ყველა სახლს ჰქონდა ცეცხლის ორმო, სადაც  საკვებთან დაკავშირებული ძირითადი რიტუალები ტარდებოდა.

აინუს ტომებს აქვთ ცერემონიები, რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს ტარდება, ეს ძირითადად იმისთვის სჭირდებათ, რომ სულები გაგზავნონ უკან. აქვთ, ასევე, რელიგიური ცერემონია წინაპრებისთვის, კიდევ – ცერემონია იმ დროისთვის, როცა ახალი სახლის მშენებლობას დაამთავრებენ, და ცერემონია, როცა წლის პირველ თევზაობას იწყებენ ორაგულზე. სულების უკან გაგზავნის ცერემონია ყველაზე ხშირია ზემოთ ჩამოთვლილთაგან. სულს ატანენ ძვირფასეულობას და აგზავნიან უკან, ღმერთებთან. ცერემონია ტარდება „იომატო“ „ჰოპუნირე“ და „ივაკტე“, რომლისგანაც „იომატოში“ ყველაზე მნიშვნელოვანია პატარა ბელების სულების გაგზავნა. „იომატოს“ ნახვა შესაძლებელი იყო იანვარსა და თებერვალს შორის, როცა დადებული თოვლი მძიმე იყო. ერთიდან 2 წლამდე დათვის ბელებს, რომლებსაც ჰიბერნაციის დროს იჭერენ, უკან, ღვთაებრივ სამყაროში აგზავნიან, ბრწყინვალე ქეიფის შეთავაზებით.

„ივაკტე“ ტომს, ასევე, აქვს ცერემონია იმისთვის, რომ სულებთან გაგზავნოს პირველადი დახმარების საშუალებები, კიდევ ფესტივალთან დაკავშირებული ნივთები, რომელთა გამოყენებაც შეუძლებელია სიძველის ან დაზიანების გამო. ისინი, ასევე, უკან აგზავნიან პატარა ცხოველების სულებს, მაგალითად, კურდღლების. ცეცხლის ღმერთს ძირითადად ღვინოს სთავაზობდნენ, როგორც შესაწირს[3][5][23].

ცხოვრების წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აინუს ძირითადი საქმიანობა მოიცავდა: ფურაჟირებას, რაც გულისხმობდა მგზავრობასა და რესურსების მოძიებას; მასალის ტრანსპორტირებას; ხორცის დამუშავებას; ვაჭრობას; საქონლის გაცვლას.

ამგვარი საქმიანობა არ გულისხმობს, რომ აინუს მხოლოდ გადარჩენაზე ზრუნავდა. ეს მეტყველებს აინუს ბუნებასთან კავშირზე. აინუს ცხოვრება ძირითადად დამოკიდებული იყო ბუნებაზე. აინუიმ კარგად იცოდა როგორ გამოეყენებინა ბუნება თავის სასარგებლოდ. ისინი ამზადებდნენ ნივთებს, რომლებიც გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც მოითხოვდა ღრმა ცოდნას. ამიტომაც აინუს სალაპარაკო ენა მდიდარია ბუნებასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიით[2].

ნადირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აინუ ნადირობდნენ გვიან შემოდგომიდან ადრე ზაფხულამდე. ამის ერთ - ერთი მიზეზი ის იყო რომ გვიანდელ შემოდგომას მცენარეების შეგროვება, თევზაობა და სხვა აქტივობები წყდებოდა და მონადირეებიც ადვილად შოულობდნენ ნადავლს მინდვრებსა და მთებში, სადაც მცენარეული საფარი თითქმის აღარ იყო. ყოველ სოფელს ჰქონდა თავისი სანადირო მიწა. მკაცრად ისჯებოდა სხვის მიწაზე გადასვლაც კი. აინუ ნადირობდნენ დათვზე, ეძოს ირემზე, კურდღელზე, მელიაზე, ტანუკიზე და სხვა ცხოველებზე. ეძოს ირმები თითქმის ისეთივე მნიშვნელოვნები იყვნენ როგორც ორაგული. ფრინველებიდან ისინი ყველაზე ხშირად ნადირობდნენ ფსოვსა და ყორანზე. ფსოვზე ისინი ნადირობდნენ მათი კუდის ბუმბულის გამო: ისინი ამ ბუმბულს იაპონელებზე ყიდდნენ. ისრებისთვის საწამლავს აკანიტის ფესვიდან იღებდნენ და მას „სურკუს“ უწოდებდნენ. სურკუს რეცეპტი ოჯახის საიდუმლო იყო და სხვადასხვა იყო ყოველ მათგანში. ისინი ნადირობდნენ ჯგუფებად ძაღლებით. როდესაც ისინი მიდიოდნენ სანადიროდ კამუის და სახლის მცველ ღმერთს კარგ ნადავლს სთხოვდნენ, ხოლო მთის ღმერთს - უსაფრთხო მგზავრობას[2][3][5]

ორაგული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღსანიშნავია ორაგულის როლი აინუს მსოფლმხედველობაში. ეს იყო სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვები და კამუის საჩუქარი. სანამ დადგებოდა ორაგულის გამრავლების დრო, კოტანის საზოგადოება აწესებდა მკაცრ ტაბუს, რათა მნდინარეებში შეენარჩუნებინა წყლის სისუფთავე. მდინარეს ნაპირზე ამოსულ ბუჩქებს ჭრიდნენ და, რაც მთავარია, წყლის სუფთად შენარჩუნებისათვის კრძალავდნენ ტანსაცმლის მდინარეში გარეცხვას. როდესაც ორაგულები გამოჩნდებოდნენ, მამაკაცები ერიდებოდნენ მდინარის სიახლოვეს ხმამაღალ საუბარს, რაც გულისხმობდა თევზის ღვთაების პატივისცემას ისევე, როგორც თევზებისთვის კომფორტის უზრუნველყოფას[4][5].

ქალისა და კაცის როლი აინუს საზოგადოებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აინუს ენაზე ზამთარს ეწოდება „კაცის სეზონი“, ზაფხულს - „ქალის სეზონი“. ეს არის სქესის მიხედვით საქმიანობის გადანაწილების სიმბოლური გამოხატულება.  

მამაკაცები ძირითადად დაკავებულები იყვნენ ნადირობით, თევზაობითა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ხელსაწყოების დამზადებით. ქალები დაკავებულები იყვნენ შემგროვლებლობით, უვლიდნენ ბავშვებსა და ოჯახს, ასევე ინახავდნენ და ამზადებდნენ საჭმელს, ტანსაცმელს, კალათებსა და ხალიჩებს. შემოდგომაზე ქალები ინახავდნენ ორაგულს, რომელსაც კაცები იჭერდნენ. ზამთარში რომ არ გაფუჭებულიყო, თევზს ბოლავდნენ და ამარილებდნენ. კოტანი რელიგიურ ცერემონიებს ატარებდა ისე, რომ მამაკაცები აკეთებდნენ სარიტუალო ნივთებს, ხოლო ქალები ამზადებდნენ საჭმელსა და ღვინოს. მას შემდეგ, რაც უხუცესი მამაკაცები ლოცვას აღავლენდნენ, ქალები სიმღერასა და ცეკვას იწყებდნენ[4].

სქესი აინუს საზოგადოების ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ასაკიც. მათ ჯეროდათ, რომ რაც უფრო ასაკოვანი იყო ადამიანი, მით უფრო ახლოს იყო ის სულებთან. ასაკოვანი მამაკაცები ძალიან დიდ როლს თამაშობდნენ ცერემონიებში მაშინ, როცა ასაკოვანი ქალები უვლიდნენ დათვის ბელებს, რომლებსაც კამუიდ მიიჩნევდნენ[17][4].

აინუს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ჯგუფურ მუშაობასაც, მაგალითად, დასახლების ყველა წევრი მონაწილეობდა სახლის მშენებლობაში[3][2].

ცერემონიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აინუს მდიდარ და კომპლექსურ რელიგიურ ცერემონიებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი (ჰოკაიდოელ და სახალინელ აინუებს შორისაც), ალბათ, დათვის ცერემონიაა. აინუს ხალხისთვის დათვი მათი უმაღლესი ღვთაების მიწიერი სახეა. აინუსთვის დათვის ცერემონია დათვის „პანაშვიდია“. ეს ცერემონია მიზნად ისახავს დათვის სულის უკან, მთებში გაგზავნას ისე, რომ მისი სული სხვა დათვად გარდაისახოს და ხელახლა ეწვიოს აინუს ხალხს საჩუქრებით, როგორიცაა ხორცი და ბეწვი.

დათვის ცერემონია აერთიანებს ღრმად რელიგიურ ელემენტებსა და ზეიმს, რომელიც ითვალისწინებს: სმას, ჭამას, სიმღერასა და ცეკვას. ყველა მონაწილე იცვამს თავის საუკეთესო ტანსაცმელსა და მოსართავებს. პატივს მიაგებს სახლის ღვთაებასაც, მაგრამ ყურადღება გამახვილებულია მთის ღვთაებაზე, რომელმაც, მათი რწმენით, გამოუგზავნა დათვი საჩუქრად.

დათვის ცერემონია, სულ ცოტა, 2 წელი გრძელდება. სახალინელ აინუებში მთავარ ცერემონიას ნაკლებად რთული პროცესი მოყვება, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდება.

მას შემდეგ, რაც დათვს გამოიყვანენ „დათვის სახლიდან“, რომელიც მდებარეობს სახლის სამხრეთ-დასავლეთით, მას კლავენ. სახალინელი აინუები დათვს ორი წვეტიანი ისრით, ხოლო ჰოკაიდოელები დათვის სასიკვდილოდ ბასრი ისრებით მოკვლამდე ბლაგვპირიან ისრებს იყენებენ. შემდეგ ისინი მჭიდროდ აბამენ მკვდარ ან მომაკვდავ დათვს ორ მორს შორის. უფროსი მამაკაცები ატყავებენ და ტყავს სალოცავის წინ კიდებენ განძთან ერთად. სალოცავთან ტრაპეზის შემდეგ მათ დანაწევრებული დათვი წმინდა ნიშით სახლში შეაქვთ და აგრძელებენ ქეიფს. ჰოკაიდოელ აინუებში ცერემონია მთავრდება, როდესაც დათვის თავს მოათავსებენ ხის სვეტზე, რომელზეც ამოკვეთილია რიტუალური გამოსახულებები (მათ „ინავი“ ეწოდება). უფროსი აინუ აღავლენს დასამშვიდობებელ ლოცვას და ისარს ცის აღმოსავლეთისკენ ისვრის. ეს ქმედება ღვთაების უსაფრთხოდ გამგზავრების სიმბოლოა. სახალინელი აინუებს მთაში განთავსებულ წმინდა ადგილზე მიაქვთ დათვის თავის ქალა, რომელშიც ათავსებენ: სარიტუალო ბურბუშელას, ძვლებს, თვალებს და თუ ეს დათვი მამრია, მის სასქესო ორგანოს. ისინი ასევე მსხვერპლად წირავენ ორ საგულდაგულოდ შერჩეულ ძაღლს. ეს ძაღლები ითვლებიან დათვი ღვთაებების მოსამსახურეებად და შიკრიკებად.

მიუხედავად იმისა, რომ ეს რიტუალი ხალხის თვალში ძალიან სასტიკია, ის იმის ნიშანია, რომ აინუები განსაკუთრებულ პატივს სცემენ ღვთაებას.

დათვის ცერემონია ერთდროულად რელიგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათისაა. რიტუალის ხელმძღვანელი ყველაზე ხშირად პოლიტიკური ლიდერია. ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა დასახლებებიდან იკრიბება ხალხი. ხალხი ერთმანეთს სთავაზობს საჩუქრებს.

დათვის ცერემონიაში ასახულია აინუების რწმენა იმისა, რომ მამაკაცები უფრო ახლოს არიან ღვთაებებთან, ვიდრე ქალები. ცერემონიებს ატარებენ უფროსი მამაკაცები, ხოლო ქალებმა უნდა დატოვონ სარიტუალო ადგილი, როდესაც დათვს კლავენ და ატყავებენ[3].

აინუს სჯეროდათ, რომ სულები ცხოვრობენ ყველაფერში, რაც ადამიანის გარშემოა, მაგ.: ცხოველებში, მცენარეებსა თუ სხვადასხვა საგნებში.

არსებები, რომელთა კონტროლიც ადამიანს არ შეეძლო, კამუიდ იწოდებოდა. არსებობდა ბუნების, ცეცხლის, წყლისა და მზის კამუი. ცხოველის კამუი იყო, მაგალითად, დათვი და ბუ, ნივთების კამუი - ნავი და ქოთანი, წინაპრების - კეთილი სულები, რომლებიც იცავდნენ ადამიანებს. მათ ადამიანთათვის მოჰქონდათ საჭმელი და სხვა სიკეთეები. იყვნენ ცუდი კამუებიც, მაგალითად, შიმშილის ან დაავადებებისა, როგორიცაა, ყვავილი.

აინუ მიმართავდა კამუი-ნომის ლოცვას, როდესაც დაცვა სჭირდებოდა, ან უბრალოდ მადლობის გადახდა უნდოდა კეთილი სულებისთვის.

კამუი-ნომი მოიცავდა როგორც ყოველდღიურ ლოცვებს, ისე სპეციალურ ცერემონიებს, როგორიცაა იომანტე ან დათვის ფესტივალი. იომანტეს ცერემონიის დროს დათვებსა და სხვა ცხოველებს ხოცავდნენ და მათ სულებს აგზავნიდნენ უკან, კამუის მიწაზე. ჩვეულებრივი კამუი-ნომი ტარდებოდა რეგულარულად სახლისა და ცეცხლის სულებისა და მთის სულებისთვის, სანამ ისინი მთებში არ წავიდოდნენ. შედარებით დიდ ცერემონიებს, როგორიცაა იომანტე, ატარებდა კოტანი (სოფლის საზოგადოება) და გრძელდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ ცერემონიებზე პატიჟებდნენ ხალხს სხვადასხვა დასახლებებიდანაც. დათვის ცერემონიიდან მამიაოიამას აზრით, ჩანს, რომ  აინუს მსოფლმხედველობა ეყრდნობოდა სულების მიმართ მადლიერების გრძნობას, პატივისცემასა და შიშს, ამავდროულად ურთიერთობებს. კამუის შორის ეს ურთიერთდამოკიდებულება გულისხმობდა იმას, რომ ადამიანებსა და კამუის ერთმანეთი სჭირდებოდათ, ე.ი. აინუს მსოფლხედველობა ყურადღებას ამახვილებდა სიმბიოზზე[2][4][24]

აინუს ქორწილი

ნათესაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არის რამდენიმე ძირითადი თვისება სოციოპოლიტიკური ორგანიზების, რომელსაც იზიარებდა აინუს უმეტესობა, თუმცა რეგიონები მცირედ განსხვავდებოდა.

აინუს უმეტესობაში ჩვეულებრივი სოციალური მოვლენაა ნუკლეარული ოჯახი, ანუ ოჯახი, სადაც მშობლები და ერთი შვილია, თუმცა უფრო დიდი ოჯახებიცაა დაფიქსირებული.

აინუს დასახლებების უმრავლესობაში მამრები დაკავშირებულები არიან  საერთო მამრი წინაპარით. მათ კოლექტიურ მფლობელობაში ჰქონდათ სანადირო მიწა ან მდინარე კარგი თევზით. ზოგი მეცნიერი ხაზს უსვამს, რომ სარუს მდინარესთან მცხოვრები აინუს მდედრები, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ სხვა მდედრი წინაპარით, წარმოადგენენ კორპორატიულ ჯგუფს. ჯგუფის ზუსტი დანიშნულება გაურკვეველია.

აინუს წევრებს, რომლებიც მდინარე სარუს სანაპიროებზე არიან დასახლებული ეკრძალებათ  დაქორწინება დედის მხრიდან ბიძაშვილთან ან დეიდაშვილთან. აინუს ჯგუფთა უმეტესობაში მამრი პოლიგამიურია[3].

 ფოლკლორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აინუს მსოფლმხედველობა გამოიხატება რიტუალებითა და ყოველდღიური საქმიანობით, როგორიცაა, მაგალითად, უსარგებლო ნივთების თავიდან მოშორება. მაგრამ არაფერია ამ კულტურაში იმდენად არტიკულირებული, როგორც ზეპირი ტრადიცია, რომელსაც ბერძნულსაც კი ადარებენ. აინუსთვის, ზეპირმეტყვლება პირველადი წყაროა მათი ღვთაებების შესახებ ცოდნისა. აინუს ზეპირმეტყველება, სულ ცოტა, ამ ტრადიციის 27 ჟანრს მოიცავს. აინუში ეს ჟანრები ორ კატეგორიად იყოფა: პოეზია (ლირიკული ან ეპიკური), რომელსაც ან მღერიან ან რიტუალებისას წარმოთქვამენ, და ნარატიული პროზა. მაშინ, როდესაც პროზა ბევრ ჟანრში მესამე პირშია გადმოცემული, უმრავლესობაში მაინც პირველ პირში თხრობას ენიჭება უპირატესობა. ამ შემთხვევაში ამბის მთავარი გმირი თავის სათქმელს ნარატორ-მომღერლის პირით გადმოსცემს. მითური და ჰეროიკული ეპიკური სახის ამბები ძალიან გრძელი და კომპლექსურია. რამდენიმე ჰეროიკულ ეპოსს 15 000 სტროფიც კი აქვს. მითოლოგიური ეპოსები ეხება ღვთაებებს და მათ ქცევებს, ხოლო ჰეროიკული ეპოსები მოგვითხრობს გმირის შესახებ, რომელიც ღვთაებების დავალებითა და დახმარებით, ებრძოდა დემონებს, რათა გადაერჩინა აინუ და აინუს ხალხს დაუდო სათავე. ჰოკაიდოს აინუსთვის, ეს გმირი ღვთაებათა სამყაროდან - ციდან - მოევლინა ადამიანთა ქვეყანას და აინუს ასწავლა, თუ როგორ ეცხოვრათ. მან მათ ასწავლა: თევზაობა, ნადირობა, რიტუალები და სახელმწიფოს მოწყობა. ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ბრძოლები, რომლებშიც მონაწილეობდა ეს გმირი ის ბრძოლებია, რომლებიც გადაიხადა აინუს ხალხმა მტრების შემოსევისას[3]

აინუს ზეპირმეტყველების ნიმუშია „კამუი იუკარი“. იუკარი ერთ-ერთია იმ მრავალ ჟანრთაგან აინუს ზეპირმეტყველების. იუკარი რითმულია და გადმოცემულია პირველ პირში სიმღერით. თუმცა, ზეპირმეტყველების სხვა ჟანრებთან შედარებით კამუი იუკარი უფრო მოკლეა და ძირითადად რამდენიმე ასეულ ფრაზას მოიცავს.

კამუი იუკარში სულების სამყაროდან მოსული არსებები თავიანთ ამბავს ყვებიან. ეს არსებები ძირითადად ბუნების ფენომენებია, უფრო ხშირად ცხოველები, მაგრამ  ვხვდებით მცენარეებს, ჭექა ქუხილს, ცეცხლს და  ა.შ . იუკარის ყველა გმირს აერთიანებს ერთი რამ: აინუს მსოფლმხედველობაში ყოველ მათგანს აქვს ძალა, რომელიც ადამიანებს აღემატება.

ჩვენს დროში იუკარის ყველაზე ცნობილი მთხრობელი 20-იან წლებში მოღვაწე ჩირი იუკიეა. იგი თავისუფლად საუბრობდა აინუს ენაზე, ამიტომაც კარგად ახსოვდა ბავშვობაში მოსმენილი ყველა საგალობელი. მისთვის ნებისმიერი კამუი იუკარი არ იყო სტატიკური, დამახსოვრებული ტექსტი. მისი აზრით, ეს არის ცოცხალი, ზეპირი ტრადიცია და იგი შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ ვინ და როდის ყვება მას. ყველა კამუი იუკარს გასდევს რეფრენი, რომელიც უნიკალურია და მის მიხედვით განასხვავებენ მას სხვა ამ ჟანრის საგალობლისგან. ამ რეფრენს საკეჰე ეწოდება.

ყველა სხვა მთხრობელის მსგავსად, ჩირი იუკარს ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად ყვებოდა. მის ადრეულ ჩანაწერებსა და აინუ შინ’იოშუს აქვთ ერთი პატარა განმასხვავებელი ნიშანი. მელიებისთვის იგი სხვადასხვა ტერმინოლოგიას იყენებს. ადრეულ ჩანაწერებში იგი მელიას მოიხსენიებს როგორც „ჩირონნუპ“, მაგრამ აინუ შინ’იოშუში მელია არის აღნიშნული სიტყვით „შიტუნპე“. შიტუნპე აინუს ენაში მელიის აღმნიშვნელი,შედარებით უცნობი სიტყვაა. არ არის ცნობილი არიან თუ არა ჩირონნუპ და შიტუნპე ერთი და იგივე ცხოველი. ზოგადად მიჩნეულია,რომ შიტუნპეთი აღნიშნავენ შავ მელიას, მაგრამ ზუსტად ცნობილი ეს არ არის. ითვლება, რომ ამ კითხვაზე პასუხი მესამე კამუი იუკარში - „მელიას საგალობელი“, რომელიც ჩირი იუკიემ ჩაწერა და 1920-იან წლებში შეიტანა თავის კოლექციაში „აინუ შინ’იოშუ“. ეს იუკარი მიმოიხილავს აინუს მელიებისადმი დამოკიდებულებას და მათ ურთიერთობას. იუკარში ასევე ნახსენებია, რომ  მისი გმირი - შავი მელია (შიტუნპე) განსხვავებული და უფრო ძლიერი საწყისისაა, ვიდრე წითელი მელია (ჩირონნუპ).

მესამე კამუი იუკარის გმირი შიტუნპე ჩუმი და მოქნილი არსებაა, რომელიც თავის თავში შეიცავს „ბოროტ საწყისს“ (აინუს ენაზე „ვენ პური“). მის ბოროტ საწყისს აღვიძებს გმირი, ოკიკირმუი, რომელიც ორ მეგობართან ერთად თევზაობს. მელია თავისი „დემონური“ კივილითა, რომელიც აღწერილია, როგორც მაგარი ჯოხების მტვრევის ხმა, და მზერით იხმობს ბოროტ სულს, რომელიც იწვევს ცუდ ამინდს. ამოვარდნილი ქარიშხალი კლავს გმირის მეგობრებს. ოკიკირმუი ცდილობს მელიაში ეს ბოროტების საწყისი ჩაახშოს. მისი მცდელობა წარმატებით სრულდება. იუკარის ბოლოს მელია სხვა მელიებს ასწავლის, თუ როგორ მოიშორონ თავიანთი ბოროტი საწყისი. იუკიე ჩირი მიიჩნევს, რომ ეს იუკარი მოგვითხრობს აინუს სწრაფვას სამყაროსეული ბალანსისკენ.

1982 წელს დონალდ ფილიპიმ თარგმნა 33 კამუი იუკარი და რამდენიმე ოინა, რის შედეგადაც ინგლისურენოვანმა საზოგადოებამ გაიცნო აინუს ზეპირმეტყველების ყველაზე ცნობილი ნიმუშები. ამის შემდეგ გაჩნდა ინტერესი აინუს ფოლკლორის მიმართ: დაიწყო იუკარების თარგმნა ინგლისურსა და სხვა ენებზე. ბევრი მეცნიერი თვლის რომ კამუი იუკარი საუკეთესოდ წარმოაჩენს აინუს მსოფლმხედველობას.

შეუძლებელია ვთქვათ ზუსტად რამდენი წლისაა კამუი იუკარი. დონალდ ფილიპის ცნობით, აინუს უმეტესობა კამუი იუკარის წარმოშობის პერიოდად მეათე-მეთექვსმეტე საუკუნეებს მიიჩნევს. ამ ერას ის „შუა აინუს პერიოდს“ უწოდებს. იგი ასევე თვლის რომ რამდენიმე კამუი იუკარი უფრო ძველიცაა.

ლინგვისტი და ეთნოგრაფი ჩირი მაშიჰო გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ფილოლოგიურ და არქეოლოგიურ წყაროებზე დაყრდნობით, კამუი იუკარი ძველად ტარდებოდა როგორც კოსტუმირებული საცეკვაო დრამა. მთხრობელი განასახიერებდა არა მარტო ხმას, არამედ კამუის გარეგნობასა და მოძრაობებსაც. იგი ფიქრობს რომ ეს სარიტუალო წარმოდგენები ტარდებოდა ადგილებში, რომლებიც, აინუს აზრით, კამუისთან იყო დაკავშირებული, მაგალითად, ოკეანისპირა კლდეები ორკა კამუისთვის.

ასეთ კოსტუმირებულ პერფორმანსში ქალებიც მონაწილეობდნენ. აინუს სწამდათ, რომ ქალებიც იყვნენ კამუისა და ადამიანების სამყაროს შორის შამანური მედიატორები.

საგალობლებს ასრულებდნენ განსაკუთრებული შემთხვევებისას, მაგალითად მაშინ, როცა სათევზაოდ ან სანადიროდ მიდიოდნენ.

სხვა მხრივ, ჩირი იუკიეს აზრით, იუკარი იმითაა საინტერესო, რომ მოგვითხრობს ნადირობის შედეგად ცხოველების შესახებ დაგროვილ ცოდნაზე. ყველა ცხოველთან დაკავშირებული იუკარი მოგვითხრობს ამა თუ იმ ცხოველის ბუნებაზე, მოძრაობებსა და ხმებზე, რომელსაც ის გამოსცემს (მაგალითად, მელიის ხმა მოხსენიებულია, როგორც „პაუ პაუ“)[17]

ხელოვნება და ჩაცმულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აინუს ეროვნული სამოსი

ესთეტიკური სილამაზით გამოირჩევა აინუს ხეზე კვეთა, კალათების წვნა, ქარგვა და მუსიკა. ტრადიციულად, ეს საქმიანობა მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ჰოკაიდოელი აინუს სამოსი მზადდებოდა მცენარეული ბოჭკოსგან, სახალინელები - ცხოველების ტყავსა და ბეწვს ანიჭებდნენ უპირატესობას, ხოლო კურილიის კუნძულებზე მცხოვრები აინუ თავიანთ სამოსს ცხოველების ტყავისა და ბეწვის გარდა ფრინველის ბუმბულს უმაგრებდნენ[3]. აინუს აქვს თავისი ტრადიციული სამოსი - მანტია, რომელსაც „ატტუსი“ ეწოდება (ხანდახან „ატტუშიც“). ატტუსის რამდენიმე სტილი არსებობს. ეს ძირითადად არის მოკლე მანტია სწორი სახელოებით, რომელსაც წელზე ქამრით იკრავდნენ. სახელოების სიგრძის ორი ვარიანტი არსებობს. ისინი მთავრდებოდა ან ხელის მტევანთან, ან იდაყვთან. ამ სამოსს აინუ ნაციონალური ორნამენტებით რთავდა.

კაცები ატარებდნენ გვირგვინს, სახელად „საპანპე“, როცა ესწრებოდნენ მნიშვნელოვან ცერემონიებს. „საპანპე“ მზადდებოდა ხის ბოჭკოსა და ნახევრად გათლილი ხისგან. გვირგვინის ცენტრში გამოსახული იყო კამუის ფიგურები, გარშემო სხვა ორნამენტებით. ორნამენტებითვე იყო შემკული ემუში - ხმალი, რომელსაც ატარებდნენ კაცები ცერემონიების დროს.

ქალებს ეცვათ მეტანპუში - მოქარგული თავთასმა - და ატარებდნენ მინკარის, სპეციალურ საყურეს (მეტალის რგოლი ბურთით). თავიდან მეტანპუშის და მინკარის კაცები ატარებდნენ, თუმცა ახლა ქალებს აცვიათ. ასევე ძველი დოკუმენტები მეტყველებს, რომ კაცებს ეცვათ წინსაფარი - მაიდარი, თუმცა ამითაც ახლა მხოლოდ ქალები იმოსებიან. ქალები ასევე ატარებენ სამაჯურს - ტეკუნკანს, ისევე, როგორც ყელსაბამს - რეკუტუნპეს და კამასაის (შიტოკის), რომელიც კეთდებოდა შუშის ბურთებისგან. აინუ ამ ბურთებს  აზიის სხვა ქვეყნებისა და მაცუმაეს კლანისგან ყიდულობდა[25][26].

იკუ-ნიში / იკუ-პაშუი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აინუს ტრადიციული ორნამენტი

იკუ-ნიში პატარა ხის ნივთია, რომელზეც ამოკვეთილია ორნამენტები. სახალინელი აინუ მას უწოდებენ იკუ-ნიშის ან იკუ-ნის, ხოლო ჰოკაიდოელები - იკუ-პაშუის. „იკუ“ აინუს ენაზე დალევას ნიშნავს, „ნი“ - ხეს. ამ ნივთებს, ტრადიციულად, ლოცვის დროს იყენებენ და სწამთ, რომ იკუ-ნიში მედიატორია ადამიანებისა და კამუის სამყაროებს შორის. ამ ჯოხებზე ასხამენ ცოტაოდენ საკეს და სთავაზობენ ღმერთებს.

არსებობს ორი ტიპის იკუ-პაშუი: ყველაზე გავრცელებული ტიპის იკუ-ნიშის ქაღალდის საჭრელი დანის ფორმა აქვს. მეორე ტიპს „სახალინურსაც“ უწოდებენ. ის ფორმით ხის ტოტს ჰგავს. იკუ-ნიშის ამზადებენ კაცები და ეს პროცესი რამდენიმე დღე გრძელდება. იკუ-ნიში ბოლოში წაწვეტებულია, რასაც პაშუი-კეში ეწოდება. რიტუალის დროს საკეს სწორედ ამ წაწვეტებული ბოლოთი იღებენ.

იკუ-ნიშის საშუალო სიგრძე 30 სანტიმეტრია. სიგანე - 3 სანტიმეტრი. ამ ჯოხებს ამზადებენ უმაღლესი ხარისხის ხისგან. მოუზეს ოსამუ ბაბა წერს, რომ ჰოკაიდოზე, სახალინისგან განსხვავებით, ხშირად ხედავდა ბამბუკის იკუ-პაშუის.

ორნამენტები, რომლითაც აინუ რთავენ იკუ-პაშუის, ძირითადად, აბსტრაქტული გამოსახულებებია, თუმცა ვხვდებით იკუ-პაშუის ცხოველების გამოსახულებითაც [27]

აინუ პოპ-კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყველაზე ცნობილი აინუ პერსონაჟი უსუი ჰოროკეუ (ჰოროჰორო) და მისი და პირიკა არიან ანიმე „Shaman king“-დან. ამ ანიმეში ასევე არიან აინუს მითოლოგიური პერსონაჟები, პატარა სულები რომლებსაც კორო-პოკ-გურუ ეწოდებათ. ანიმეში პერსონაჟები გამოსახულები არიან აინუს ტრადიციული სამოსით. ასევე ნაჩვენებია ამ ხალხის თანამედროვე მდგომარეობა.
  • აინუ პერსონაჟს ვხვდებით „სამურაი ჩამპლუშიც“ მისი სახელია ოკურუ და აინუს ტრადიციულ სამოსს ატარებს.
  • აინუ გვხდება ფილმშიც - „კამუის ხანჯალი“. ფილმის მთავარი პერსონაჟი ჯირო ნახევრად აინუა, რომელსაც სურს მეტი გაიგოს თავის წინაპრებზე. ფილმი კარგად წარმოაჩენს იაპონელების უარყოფით დამოკიდებულებას აინუს მიმართ.
  • ოსამუ ტეძუკა იაპონელი მანგაკაა, რომლის შემოქმედებაშიც ძალიან ბევრ აინუ პერსონაჟს შევხვდებით.
  • აინუ გვხვდება „გიბლის“ ანიმაციებშიც. ჰაიაო მიაძაკის „პრინცესა მონონოკეში“ აშიტაკა და მისი ხალხი აინუდ არიან წარმოჩენილი. მიაძაკის სახელს უკავშირდება მისი სოლო ნამუშევარი „იუკის მზე“. მთავარი პერსონაჟის, იუკის, საუკეთესო მეგობარი რიუუტა აინუა. იუკი ასევე ხვდება კაცს, აკარუპას, რომელიც ასევე აინუა.
  • აინუ პერსონაჟებს მხოლოდ იაპონელების შემოქმედებაში არ ვხვდებით. „მარველის“ კომიქსში „big hero 6” ერთ - ერთი მთავარი პერსონაჟი , ფრედი, წარმოშობით აინუა.[28]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Russian Census 2010 დაარქივებული 2020-05-13 საიტზე Wayback Machine. :_ Population by ethnicity დაარქივებული 2013-12-04 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Watson Mark K. (2014). Japan's Ainu, Minority in Tokyo: Diasporic Indigenity and urban politics. Routledge
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 3.11 3.12 3.13 3.14 3.15 3.16 3.17 3.18 3.19 Ohnuki-Tierney, E. (2009). Culture Summary: Ainu. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ab06-000
  4. 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 4.10 4.11 Aoyama Mami (2012). Indigenous Ainu Occupational Identities and the Natural Environment in Hokkaido. AJohn Wiley and Sons
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 Poisson Barbara Aoki (2002). The Ainu of Japan. Lerner Publications Company
  6. 6.0 6.1 Donald, Denoon, Hudson, Mark (2001). Multicultural Japan: Palaeolithic to Postmodern. Cambridge University Press
  7. Sjoberg Katarina V. (1993). The Return of the Ainu: Cultural Mobilization and the Practice of Ethnicity in Japan, Studies in Anthropology and History. Harwood Academy Publishing
  8. 8.0 8.1 Cavalli Sforza, L. L., Menozzi P., Piazza A. (1994). The History and Geography of Human Genes. Princeton University Press
  9. Powell Joseph F., Rose Jerome C. (2011). Repost on the Osteological Assesment of the Kennewick Man Skeleton. Kennewick
  10. Maher J. C. (2001). Akor-Itak - Our Language, Your Language: Ainu in Japan. Multilingual Matters
  11. Masayoshi Shibatan (1990). The Language of Japan. Cambridge University Press
  12. Omniglot (2009). Ainu.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 Weiner Michael (2009). Japan's Minorities: Illusion of Homogenity. Routledge
  14. Munro Neil G. (1996), Ainu Creed and Cult. Routledge
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 Siddle Richard (2010). The Limits of Citizenship in Japan: Multiculturalism, Ingineous Rights and the Ainu. Online Publishing
  16. 16.0 16.1 https://voices.no/index.php/voices/article/view/555/416[მკვდარი ბმული]
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 Strong Sarah M. (2009). The Most Revered of Foxes: Knowledge of Animals and Animal Power in an Ainu Kamui Yukar. Asian Ethnology
  18. Levin Mark A. (2000 - 2001). Essential Commodities and Racial Justice: Using Constitutional Protection of Japan's Indigenous Ainu People to Inform Understandings of the United States and Japan. N.Y.U. Journal of International Law and Politics
  19. Siddle Richard (2010). An epoch-making event? The 1997 Ainu Cultural Promotion Act and its impact. Online Publishing
  20. http://site.uit.no/ainu/ainu-art-project/
  21. http://www.gettyimages.com/pictures/koji-yuki-indigenous-ainu-and-woodblock-artist-shows-his-news-photo-82652762
  22. Ashkenazy, Michael (2003). Handbook of Japanese Mythology. Santa Barbara
  23. 23.0 23.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-24. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  24. Hiwasaki, Lisa (2000). Ethnic Tourism in Hokkaido and the Shaping of Ainu Identity.  Pacific Affairs, University of British Columbia
  25. Coote, Jeremy (2007). Mana: Ornament and Adornment from the Pacific. Journal of Museum Ethnography
  26. Huang Ren (2001). Art of ornament-in-lines and primitive worship──A comparison between culture of ornament-in-lines of Hezhen nationality and culture of ornament-in-lines of Ainu nationality. Institute of Literature, Heilonjiang Provincial Academy of Social Sciences,China, Yokohama National University, Yokohama, Japan
  27. Baba, Moses O. (1949). Iku-Nishi of the Saghalien Ainu. The Journal of the Royal Anthropological Institute of Great Britain and Ireland
  28. http://myanimelist.net/
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: