ფარიბურზ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარიბურზ I

ფარიბურზ I-ის ვერცხლის დირჰამის მონეტა, აზერბაიჯანის ისტორიის ეროვნული მუზეუმი, ბაქო
შირვანშაჰი
მმართ. დასაწყისი: 1063
მმართ. დასასრული: 1096
წინამორბედი: სალარი
მემკვიდრე: მანუჩაჰრ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 1096, შემახა
შვილები: მანუჩაჰრ II;
აფრიდუნ I
დინასტია: ქესრანიდები
მამა: სალარი
რელიგია: სუნიზმი

ფარიბურზ იბნ სალარი (სპარს. فریبرز بن سالار), აგრეთვე ცნობილი როგორც ფარიბურზ I (فریبرز; დ. ? — გ. 1096, შემახა) — შირვანის მე-16 დამოუკიდებელი შაჰი 1063-1096 წლებში, ქესრანიდების დინასტიიდან.

იგი ითვლება დიპლომატიური უნარების მქონე მმართველად, რომლის სამეფოც მუღანის ვაკიდან კუმიკამდე და ალანიამდე იყო გადაჭიმული[1].

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კავკასიის და მისი შემოგარენის რუკა

დაპირისპირება შედადიანებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1063 წლის 20 თებერვალს, ფარიბურზ I-ის მამა — შირვანშაჰი სალარი გარდაიცვალა. ამის შემდეგ, შირვანის მომდევნო მმართველი ფარიბურზი გახდა. სალარის მმართველობამდე, სამეფოს დიდი ნაწილი უკვე მისი კონტროლის ქვეშ იყო მოქცეული[2]. 1063 წლის მარტში, შედადიანმა მმართველმა — აბუ ლ-ასვარ შავურ I-მა დაიპყრო მისი სამფლობელოები, აიღო ქუილამიანის ციხე და შემდეგ არანში დაბრუნდა. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, იგი შირვანში დაბრუნდა და დაარბია. შირვანელები, რომლებიც მის წინააღმდეგ იბრძოდნენ, აბუ ლ-ასვარ შავურ I-მა დაამარცხა, მათი ძირითადი ნაწილი დაატყვევა და მათი ქონება მიითვისა. შემდეგ, შედადიანმა მმართველმა შირვანის დედაქალაქზე — შემახაზე გაილაშქრა[2].

შემახაში, მან ხალხის ქონება მიითვისა, დაატყვევა სალარის მეუღლე და შემდეგ, არანში დაბრუნდა. ამავე წლის ივლისში, შავური ისევ დაბრუნდა შირვანში, სადაც, სოფლები, ნათესები და შირვანელთა სახლები გაანადგურა. ფარიბურზ I-მა, რომელიც მოქმედებისთვის უძლური იყო, საკუთარი შვილი — აფრიდუნ I დახმარების სათხოვნელად სარირის მმართველთან გაგზავნა. სარირის მმართველმა მის მოთხოვნას თავი აარიდა და არ დააკმაყოფილა, სამი თვის შემდეგ კი — აფრიდუნი შირვანში დაბრუნდა[2]. 1064 წლის იანვარში, აბუ ლ-ასვარ შავურ I შირვანში მეოთხედ შეიჭრა, სადაც აიღო რამდენიმე ქალაქი და შირვანშაჰ ფარიბურზს 40 000 დინარის გადახდა აიძულა. 1064 წლის ივნისში (ან ივლისში), შავურმა დამატებითი 40 000 დინარის სანაცვლოდ, შირვანშაჰს ქუილამიანის ციხე დაუბრუნა[2].

საომარი მოქმედებები დერბენტის მოსახლეობასთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1065 წელს, დერბენტის მაცხოვრებლები აჯანყდნენ და დერბენტის ჰაშმიდი მმართველი — მანსურ იბნ აბდ-ალ მალიქი მოკლეს. თუმცა, ამბოხებულთა საუბედუროდ, გარდაცვლილი ფარიბურზ იბნ სალარის ბიძაშვილი იყო. მანსურის მკვლელობის შემდეგ, შირვანშაჰი განრისხდა და საკუთარი არმია დერბენტისკენ დაძრა. შურისძიების მიზნით, მან გაანადგურა ქალაქის გარშემო არსებული მრავალი სოფელი. თავდაპირველად, ბრძოლა ხიდზე მიმდინარეობდა, რომელიც ამბოხებულთა ხოცვა-ჟლეტვით დასრულდა. ამის შემდეგ, ფარიბურზმა დერბენტი გაძარცვა და შირვანში დაბრუნდა[3].

გარკვეული ხნის შემდეგ, ფარიბურზ I დერბენტში დაბრუნდა და ქალაქის დარბევა დაიწყო. ეს შეტევა დერბენტის მაცხოვრებელთათვის იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ისინი იძულებულნი იყვნენ გაეთავისუფლებინათ შირვანშაჰის მამიდა (სალარის და) — შამქუია და გადაეხადათ ხარკი. ამის შემდეგ, დერბენტის მმართველმა სარირის მმართველისგან დახმარება ითხოვა, რაც მიიღო კიდეც. დერბენტის მმართველი სარირელებთან და საკუთარ არმიასთან ერთად შაბრანისთვის ალყაში მოსაცევად გაემართა, მაგრამ ფარიბურზ I-მა დაამარცხა და დაატყვევა[3]. დერბენტის მოსახლეობა საბოლოოდ დამორჩილდა შირვანშაჰს. 1066 წლის 30 იანვარს, ფარიბურზ იბნ სალარმა საკუთარი შვილი — აფრიდუნ I ქალაქის მმართველად დანიშნა[3].

კონფლიქტი თურქებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარიბურზ I-ს მალე პრობლემები შეექმნა თურქებთან, რომლებმაც დაარბიეს მისი სამფლობელოები და ქურთების ტერიტორიები. შირვანშაჰმა სცადა თურქების გაძევება ხარკის გადახდით, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა: თურქთა მხედარმთავარი ყარა-თეღინი მეორედ ჩავიდა შირვანში, ფარიბურზის ბიძასთან (სალარის ძმა) — მამლან იბნ იაზიდთან ერთად. ყარა-თეღინმა შემახას ალყა შემოარტყა, გაძარცვა მისი შემოგარენი და გაანადგურა. ეს სიტუაცია შირვანშაჰისთვის მეტად მძიმე აღმოჩნდა, რადგან იგი იძულებული იყო მწარმოებლები მასკატში გაეგზავნა[4].

ამასობაში, ყარა-თეღინმა განაახლა შირვანის დარბევა: გაანადგურა მრავალი სოფელი და ქალაქი, გაიტაცა ქალები და ბავშვები. შემდეგ, მან კიდევ ერთხელ შემოარტყა ალყა შემახას. ფარიბურზ I-სთვის ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა მაშინ, როდესაც 2 000 თურქისგან შემდგარი არმია შირვანში ჩავიდა, როგორც ყარა-თეღინის დამატებითი საბრძოლო ძალა. არმიის მოლაშქრეებმა შირვანშაჰის მოტყუება სცადეს და წერილი გაუგზავნეს, სადაც ეწერა:

ვიკიციტატა
„სულთანმა ჩვენ თქვენს დასახმარებლად და ყარა-თეღინის აქედან გასაყვანად გამოგვგზავნა.“

შემდეგ, მათ ყარა-თეღინი დააპატიმრეს და ფარიბურზს უხმეს, რათა მოტყუებით შეეპყროთ, მაგრამ შირვანშაჰი მიხვდა მათ ჩანაფიქრს და არ წავიდა[5]. თურქებმა გაათავისუფლეს დაპატიმრებული მხედარმთავარი და მამლანმა განაგრძო შემახას ალყაში მოქცევა. ამასობაში, ფარიბურზ I-მა ფარულად გაუგზავნა შიკრიკი სელჩუკი მმართველის — ალფ-არსლანის ხაზინადარს, რომელიც ყარა-თეღინის მბრძანებელი იყო და თურქებს, რომლებიც უკვე დათარეშობდნენ კავკასიაში.

შიკრიკმა ხაზინადარს 6 000 დინარი შესთავაზა, მამლანის მკვლელობის სანაცვლოდ. ხაზინადარმა მამლან იბნ იაზიდი დღესასწაულზე მიიწვია. ნადიმის განმავლობაში, მამლანი დათვრა და წასვლის წინ ფარიბურზის გამოგზავნილმა სამმა ჩასაფრებულმა მოხელემ — ლაშქარსითანმა, შად-თექინმა და ნამდარ იბნ მუზაფარმა მოკლეს იგი. ამის შემდეგ, თურქებმა უკან დაიხიეს და საკუთარ ტერიტორიებზე დაბრუნდნენ. ფარიბურზ I კი იძულებული იყო, მათთვის ყოველწლიურად — 30 000 დინარის ოდენობის ხარკი ეხადა[6].

გიორგის ძის აჯანყება და განვითარებული მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1067 წლის მარტში, გიორგის უცნობი ძე ფარიბურზის წინააღმდეგ აჯანყდა და დასქარათ ალ-ჰუსეინის ციხე აიღო, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, იგი კახეთ-ჰერეთის მეფეს — აღსართან I-ს დაუთმო[7]. შირვანშაჰმა ციხის დასაბრუნებლად გაილაშქრა, მაგრამ ვერ შეძლო და შემახაში დაბრუნდა[8]. ამავე წლის განმავლობაში, ყარა-თეღინი კიდევ ერთხელ ჩავიდა შირვანში, მაგრამ ამჯერად მშვიდობიანი მისიით — მან ფარიბურზ იბნ სალარის ბიძის — ქუბადის ასული შეირთო ცოლად. 1067 წლის ივნისში, ლაშქარსითანი ქაბალასთან ახლოს მოკლეს, ხოლო ოქტომბერში, ფარიბურზ I-ის მამიდა — შამქუია გარდაიცვალა.

უთანხმოება ალფ-არსლანთან, ყუმის დაპყრობა და გუზდაჰამის ღალატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1067 წლის მიწურულს, სელჩუკი მმართველი ალფ-არსლანი არანში ჩავიდა, სადაც მას ფარიბურზი ელოდებოდა. 1068 წელს, შირვანშაჰი მას ერთ-ერთ ლაშქრობაში დაეხმარა. როცა ფარიბურზ I შირვანში დაბრუნდა, ლაშქარსითანის მკვლელობისთვის შურის საძიებლად, მან ყუმზე გაილაშქრა და ქალაქი გაძარცვა[9]. გარკვეული ხნის შემდეგ, როცა ალფ-არსლანი ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ მოწყობილი ლაშქრობებიდან დაბრუნდა, დერბენტის მოსახლეობამ მასთან გააპროტესტა ფარიბურზის მიერ მათი რამდენიმე წინამძღოლის დატყვევება. ალფ-არსლანმა შირვანშაჰს მათი გათავისუფლება უბრძანა. ფარიბურზ იბნ სალარმა მისი ბრძანება შეასრულა, მაგრამ ალფ-არსლანმა იგი მაინც დააპატიმრა. ამასობაში, ყარა-თეღინი შემახადან მასკატში გაიქცა, მაგრამ იგი იქ მოკლეს. გარდა ამისა, შირვანშაჰის ძმა, გუზდაჰამი ლეზგისტანში გაიქცა და თან წაიღო ის ხარკი, რომელიც ფარიბურზს ალფ-არსლანისთვის უნდა გადაეხადა. რამდენიმე დღის შემდეგ, დიდი რაოდენობის თანხის სანაცვლოდ, შირვანშაჰი გაათავისუფლეს და შირვანში დააბრუნეს[9]. 1068 წლის ივლისში, აფრიდუნ I-მა დერბენტი დატოვა და შირვანში დაბრუნდა.

გარკვეული ხნის შემდეგ, ფარიბურზ იბნ სალარმა აღმოაჩინა, რომ გუზდაჰამმა, რომელმაც ალფ-არსლანისთვის გადასახდელი ხარკი წაიღო, ლეზგისტანი დატოვა და დერბენტში ჩავიდა, სადაც თავშესაფარი ქალაქის მეთაურებისგან მიიღო. ნოემბრისთვის, შირვანშაჰმა არმია მოამზადა და დერბენტისკენ დაიძრა. რამდენიმე საათის განმავლობაში, ბრძოლა ქალაქთან ახლოს მინმდინარეობდა, მაგრამ ვერც ერთმა მხარემ შეძლო მოწინააღმდეგის დამარცხება. ფარიბურზ I საკუთარ ბანაკში დაბნრუნდა, გუზდაჰამის მხარდამჭერები კი — ქალაქში.

ცოტა ხნის შემდეგ, შირვანშაჰმა ისევ შეუტია გუზდაჰამს და მის მხარდამჭერებს. ბრძოლის განმავლობაში, დერბენტის მმართველი ფარიბურზს შეუერთდა. შირვანშაჰის ძალებმა თითქმის მოახერხა გუზდაჰამის ძალების მოგერიება, მაგრამ მოწინააღმდეგეთა არმიის ზოგიერთი წევრის გამბედაობის გამო, ფარიბურზი ბრძოლაში დამარცხდა. თუმცა, მოგვიანებით, დერბენტის მმართველმა მოახერხა დერბენტის ზოგიერთი ტერიტორიის და შემდეგ მთელი ქალაქის ალყაში მოცევა იმ დროს, როცა გუზდაჰამი ლეზგისტანში გაიქცა[10]. ფარიბურზ I, აფრიდუნთან ერთად დერბენტში ჩავიდა, მაგრამ 4 დღის შემდეგ, შირვანში დაბრუნდა, აფრიდუნი კი — მეორედ დაინიშნა ქალაქის მმართველად[9].

დერბენტის დაკარგვა, მალიქ-შაჰთან შეთანხმება, შედადიანების და შირვანელების ალიანსი და არღარის შირვანში შეჭრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალიქ-შაჰის მმართველობის დროს მოჭრილი მონეტები

1071 წლის ნოემბერში, ალფ-არსლანმა საკუთარი მონა — იაღმა დერბენტის მმართველად დანიშნა. როდესაც იაღმა ქალაქში ჩავიდა და წაიკითხა წერილი, რომლის მიხედვითაც, იგი სელჩუკმა მმართველმა დერბენტის მმართველად დანიშნა, ფარიბურზს არაფრის გაკეთება არ შეეძლო. საკუთარი ვაჟი და მოხელეები ქალაქგარეთ გაგზავნა. იაღმამ შირვანშაჰს მასკატის დათმობა მოსთხოვა, რაც მალე შესრულდა. ამავე წელს, გუზდაჰამი შეკში გარდაიცვალა და შემახაში დაკრძალეს[10]. 1072 წელს, ფარიბურზმა ალიანსი შექმნა აბუ ლ-ასვარ შავურ I-ის შვილთან — ფადლონ იბნ შავურთან. მათ ერთად აიღეს მალუღის ციხე, რომელიც ადრე აღსართან I-მა აიღო[10]. 15 დეკემბერს, ალფ-არსლანი გარდაიცვალა და მცირეხნიანი დინასტიური ომის შემდეგ, სელჩუკი მმართველი მისი შვილი — მალიქ-შაჰ I გახდა.

1074 წელს, თურკ მეომართა ძალა თურქი მთავარსარდლის — არღარის მეთაურობით შირვანში ჩავიდა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მალიქ-შაჰმა მას შირვანი უბოძა, როგორც მისი სამფლობელოს ნაწილი. მიუხედავად ამისა, ფარიბურზ იბნ სალარმა იგი საჩუქრებით და ფულით დააკმაყოფილა და მშვიდობა დაამყარა. მოულოდნელად, შირვანშაჰმა დააპატიმრა იგი, მაგრამ გადაწყვეტილება მალე შეცვალა — მალიქ-შაჰის შიშით. მან გაათავისუფლა არღარი და კვლავ დაასაჩუქრა[11]. არღარმა მოჩვენებითად იმოქმედა და ფარიბურზი დაარწმუნა, რომ მას დაპატიმრება აპატია, შემდეგ კი — არმია მოამზადა, შირვანი დაიპყრო და მისი ქალაქები გაძარცვა და გაანადგურა, თუმცა, იგი მალიქ-შაჰმა აიძულა, რომ აღედგინა ის, რაც გაანადგურა, რაც მან 1075 წელს შეასრულა. ამავე წლის განმავლობაში, შირვანშაჰმა ლეზგისტანის ძირითადი ტერიტორია დაიპყრო[11].

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარიბურზ I გარდაიცვალა 1096 წელს. მისი გარდაცვალების შემდეგ, მომდევნო შირვანშაჰი მისი შვილი — მანუჩაჰრ II გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფარიბურზ იბნ სალარი მმართველობის უკანასკნელ პერიოდში სელჩუკთა ვასალი იყო, მან მაინც მოახერხა მონეტების მოჭრა საკუთარ სახელზე[12]. შუა საუკუნეების სპარსელი მწერლის — ხაკანი შირვანის მიხედვით, იგი პირველი შირვანშაჰი იყო, რომელმაც გაგზავნა პილიგრიმები მექაში[13].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Minorsky 1958, p. 68.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Minorsky 1958, p. 34.
  3. 3.0 3.1 3.2 Minorsky 1958, pp. 34–35.
  4. Minorsky 1958, pp. 35–36.
  5. Minorsky 1958, p. 36.
  6. Minorsky 1958, pp. 36–37.
  7. Minorsky 1958, pp. 84–85.
  8. Minorsky 1958, p. 37.
  9. 9.0 9.1 9.2 Minorsky 1958, p. 38.
  10. 10.0 10.1 10.2 Minorsky 1958, p. 39.
  11. 11.0 11.1 Minorsky 1958, p. 40.
  12. Пaxoмoв. Moнeтныe клaды, вып.VИI. c.l 12
  13. Khaqani, "Kulliyati-Khaqani", "Madh to Ismataddin"
ფარიბურზ I
დაიბადა: უცნობია გარდაიცვალა: 1096
წინამორბედი:
სალარი
შირვანშაჰი
1063-1096
შემდეგი:
მანუჩაჰრ II