მშრალი ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მშრალი ხიდი, 2007

მშრალი ხიდი (ყოფილი მიხეილის მცირე ხიდი) — ხიდი ქალაქ თბილისში. მშრალი ხიდი ცნობილია თავისი „საბროკერო ბირჟით“, ძველმანების ბაზრობითა და სურათების გამოფენა–გაყიდვით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ადგილზე ხიდის აგება 1830-იან წლებში გადაწყდა, რათა გადაეჭრათ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ახლად აღმოცენებულ უბნებთან (ჩუღურეთი, კუკია, გერმანელთა დასახლება) დაკავშირების პრობლემა. შემუშავდა კაპიტალური ხიდის პროექტი. სამუშაო უნდა დაფინანსებულიყო ხიდის იჯარით გაცემით, მაგრამ საჯარო ვაჭრობა არ შედგა მსურველთა გამოუცხადებლობის გამო. მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა სამხედრო მიზნებს მოხმარდა. კაპიტალური ხიდის ნაცვლად 1840-იან წლებში ამ ადგილზე მესანგრეები აშენებდნენ დროებით ხის ხიდებს, რომელსაც რეგულარულად იტაცებდა ადიდებული მდინარე.

1840-იან წლებში მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის დავალებით არქიტექტორმა ჯოვანი სკუდიერიმ შეადგინა ხიდის ახალი პროექტი. ნაგებობა ორი, დიდი და მცირე ხიდებისაგან შედგებოდა, მტკვრის ძირითად კალაპოტსა და მის მარჯვენა ტოტზე. მშენებლობა 1848 წელს დაიწყო, თუმცა რამდენიმეჯერ შეფერხდა, იცვლებოდნენ მოიჯარადეები. 1848 წლის 26 ნოემბერს ვორონცოვმა საზეიმო ვითარებაში ჩაუყარა საძირკველი ახალი ხიდის ბურჯებს. 1849 წელს მდინარემ წაიღო ხის ხიდი. სკუდიერიმ მხოლოდ მტკვრის მარჯვენა ტოტზე ერთმალიანი ხიდის აგება მოასწრო, ის 1851 წელს ტაძრის მშენებლობისას დაიღუპა.

თავიდან მას „მიხეილის მცირე ხიდი“ ერქვა, მოგვიანებით ეწოდა „ნიკოლოზის ხიდი“. თლილი ქვით ამოყვანილი ხიდის ქვეშ XX ს-ის 30-იანი წლებამდე მტკვრის ტოტი მიედინებოდა, რომელიც ორბელიანთა, მოგვიანებით კი მადათოვის კუთვნილ კუნძულს გამოყოფდა. ორი ხიდის შესაერთებლად ადგილი რომ აეწიათ, კუნძულის შესაბამის ნაწილში უზარმაზარი მიწაყრილი გაკეთდა. სანაპიროს გზის გაყვანამდე გაჩნდა ახალი ქუჩა, რომლის გაყოლებაზე დაიდგა სავაჭრო დუქნები და ფარდულები. 1930-იან წლებში ტოტის დაშრობის გამო კუნძული გაქრა, ხიდი კი შემორჩა და მას „მშრალი ხიდი" დაერქვა.

"მშრალი ხიდი", მტკვრის დინებით ქვეშ, XIX ს. ბოლო

ქვის თაღოვანი ხიდის მალის სიგრძეა 32 მ (ამ მხრივ ის ერთ-ერთი უდიდესი იყო რუსეთის იმპერიაში), სავალი ნაწილის სიგანე - 11 მ. ხიდს დღემდე თითქმის უცვლელად აქვს შენარჩუნებული პირვანდელი სახე. მშრალი ხიდი განუყოფელია მტკვრის მარჯვენა ნაპირის მიმდებარე განაშენიანებისგან. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია ხიდის თავში, ერთმანეთის პირდაპირ მდგომი ორი ნაგებობა - ყოფილი სასტუმროები „გრანდ-ოტელი" და „ლონდონი". კლასიცისტური ელემენტების მქონე შენობები ხის და რკინის აივნებით არის შემკული. საყურადღებოა სასტუმრო „ლონდონის" მთავარი ფოიეს სივრცითი გადაწყვეტა და არქიტექტურული მორთულობა. მშრალი ხიდის პარაპეტზე გაკრულია სამახსოვრო დაფა ჯოვანი სკუდიერის სახელით - წარწერით ქართულ და იტალიურ ენებზე. მოკლე ქუჩას, რომელიც ხიდს ალექსანდრეს ბაღთან აკავშირებს, 2006 წელს „იტალიის ქუჩა“ ეწოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სარალიძე, ა., „თბილისის ხიდები“, გვ. 14-17, „ტფილისის ჰამქარი“, თბილისი, 2012
  • "საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი", 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 4866