სემანგები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალაიზიელი სემანგი მამაკაცი

სემანგები თვითსახელწოდება — მენიკი, მენდი, მონიკი, ნგოკი. მალაკის ნახევარკუნძული შიდა უბნებში მცხოვრები ხალხი. ეწევიან მომთაბარე ცხოვრებას. ინარჩუნებენ თვითმყოფად პრიმიტიულ კულტურას მიუხედავად იმისა, რომ ხშირად განიცდიდნენ მალაიელთა ზეგავლენას. რაოდენობა — 8 ათასი ადამიანი. ენა — სემანგური, მიეკუთვნებიან ავსტროაზიური ენების მალაკურ ჯგუფს. ესმით მალაიური. ინარჩუნებენ ტრადიციულ რწმენა-წარმოდგენებს.

იყოფიან 6 ჯგუფად: ჯაჰაი, ბატეკი, მენდრიკი, ლანოჰი, კენტაკი, კენსიუ.

წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესენი არიან მალაკის ნახევარკუნძულის უძველესი მოსახლეობა, რომლებიც განდევნილ იქნენ მალაიელთა და სენოიელთა მიერ შიდა რაიონებიდან უღრან ტყეებში. ენობრივად მათ ენათესავებიან ქჰმერები, მონები, ვიეტები, მიონგები, სედანგები და სხვა ავსტროაზიური ენათა ოჯახის ხალხები. ანთროპოლოგიურად ისინი წარმოადგენენ ნეგრიტოსების ტიპს და სამხრეთ აზიის ისეთ ხალხების, როგორიცაა ანდამანელები, აეტა და სხვა. სენოიელებთან და ჯაკუნელებთან ერთად ისინი შეადგენენ მალაიზიის აბორიგენთა ჯგუფს მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა რასობრივ ტიპებს მიეკუთვნებიან. მათ შორის სემანგები ყველაზე მცირერიცხოვანია.

მალაიელები მათ უწოდებენ «ორანგ ასლს» (თარგმანში — აბორიგენი ადამიანი), «ორანგ ხუტანს» (ტყის ხალხი), «ორანგ დალამს» (შიდა რაიონების ხალხი), «ორანგ ბუკიტს» (ბორცვების ხალხი), «ორანგ ულუს» (მდინარის სათავეების ხალხი).

მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოხეტიალე ცხოვრების წესის გამო, სემანგები ეწევიან შემგროვებლობას, მეთევზეობასა და ნადირობას. მხოლოდ მე-20 საუკუნეში მათი ნაწილი გადავიდა ბინადარი ცხოვრების წესზე და ხელი მიჰყო მიწათმოქმედებას. ამუშავებენ ბამბუკს, მალაიელებთან ცვლიან ძვირფასმერქნიან ხეებსა და ცვილს ბრინჯზე და რკინაზე, ვაჭრობენ სუვენირებით. არსებობს შრომის დანაწილება. მამაკაცები მისდევენ ნადირობას, ქალები — შემგროვებლობას. ქალები, ასევე, ამზადებენ საკვებს, ზოგჯერ დასაქმებული არიან მალაიელებთან მოსავლის აღებაზე.

საცხოვრებელი — პალმის ფოთლების ქოხი, შალაში. იგება ბამბუკის სამი ბოძისგან, რომლებიც გადაბმულია ხვიარა მცენარეებით და დაფარულია პალმის ფოთლებით. ასეთი შალაში გათვლილია მხოლოდ ერთ პატარა ოჯახზე. ზოგჯერ ცხოვრობენ გამოქვაბულებში ან აშენებენ ფაცხებს ხეებზე. რაც უფრო უახლოვდებიან თანამედროვე ყოფას, მით უფრო მეტად აგებენ მალაიური ტიპის სახლებს.

სამოსი — მამაკაცებს თეძოს სახვევი, ქალებს ლუბას ან როტანგის ქვედატანები და წინსაფარი. დღეისათვის მიღებულია სამოსად მალაიური ტიპის სარონგები. სხეულზე იკეთებენ ტატუირებას, იხატავენ, კბილებს ილესავენ ნაცრით და ა.შ.

საზოგადოება შედგება ეგზოგამიური ჯგუფებისაგან, რომლებიც ფლობენ ტერიტორიას და სხვა ქონებას. ნათესაური ურთიერთობა ორმხრივია. ტომის უფროსი მამაკაცია, ხშირად შამანი. დასახლება შედგება 5-10 შალაშისგან. ერთ შალაშს ერთი პატარა ოჯახი ფლობს. მთელი დასახლება, ჩვეულებრივ, ერთი დიდი ოჯახია ე.ი. 3 თაობა - ქმარი, ცოლი, მათი დაქორწინებული შვილები და შვილიშვილები. შალაში შეიძლება დაიდგას რიგებში ან წრეზე.

სულიერი კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სემანგებში განვითარებულია ანიმიზმი, შამანიზმი და მითოლოგია. ჰყავთ მკურნალი-შამანები (ბ-ლიანი, ხალა). რწმენის თანახმად, მათ შეუძლიათ შევიდნენ ვეფხვში, ესაუბრონ სულებს, აგრეთვე, ბალახებით განკურნონ ადამიანი. სჯერათ, რომ გარდაცვლილთა სულები მიდიან სადღაც დასავლეთში, თუმცა შეუძლიათ დაბრუნდნენ ფრინველების სახით და აშინებენ ცოცხლებს. განიცდიან შიშს და ცრურწმენას ქარიშხლის წინაშე.

მთავრი ღვთაებაა კარეი, მრისხანე, ბოროტი სული - ელვისა და ჭექა-ქუხილის ღმერთი და ტა პედნი - სამყაროს შემქმნელი. მისი სინონიმებია — კეტო, მოლტეკი, ანგლაი, პლე. მისი მეუღლეა — მანოი. ზოგჯერ ტა პედნი ითვლება კარეის უფროს ძმად, ზოგჯერ კი ერთი და იგივე პირად და სამყაროს სემქმნელის როლს მათ შორის მკვეთრად არ მიჯნავენ.

კულტურული გმირი — ტა პიაგო და ტა ტანგოი, ქმარი და ცოლი. თავდაპირველად ისინი ყოფილან ნაყოფიერი ხეები. შემდეგ ასწავლეს ადამიანებს ნადირობა, მოსართვების დამზადება. ტა ტანგოიმ ასწავლა ქალებს ყოფილიყვნენ მიმზიდველნი (დაემზადებინათ მორთულობები და დაეტანათ მათზე ორნამენტები).

ბატუ რიბნი — წმინდა მთა. ასეთი სახელწოდების რეალური მთა მდებარეობს ტაილანდისა და მალაიზიის საზღვარზე. ზოგიერთი ტომი წმინდა მთას თვლის ე.წ. „გურონგ ბერაპად“ ანუ ბრინჯის მთად, პირველი ადამიანის საარსებო გარემოდ. არსებობს კეთილი სულების „ზენოების“ რწმენა, რომლებიც ყვავილებში ცხოვრობენ.

სემანგების რწმენა-წარმოდგენები შეისწავლეს ვოგან სტიფენსმა (1891—1892), უილიამ სკიტმა (1899—1900), ეთნოგრაფმა პაულ შებესტმა (1925).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია «მსოფლიოს ხალხები და რელიგიები», რედ. ვ. ა. ტიშკოვი. მ., 1998.
  • ბ. ე. ლექსიკონი «მითოლოგია», რედ. ე. მ. მეტელინსკი. მ., 1998.
  • ბიჩკოვი ს. ბ. მალაიზიის მწვანე ბორცვები. მ., 1979.
  • პოგადაევი, ვიქტორ ალექსანდრეს ძე «აბორიგენები მალაიზიაში: ინტეგრაცია თუ ასიმილაცია?» — ჟურნალი «აზია და აფრიკა დღეს». მოსკოვი: რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, 2008, № 2, 36—40.
  • კატალოგი «მსოფლიოს ენები და დიალექტები». მ., 1982.
  • ტოკარევი ს. ა. რელიგია მსოფლიოს ხალხთა ისტორიაში. მ., 1976.
  • ინდონეზიის, მალაიზიის და ფილიპინების მცირე ხალხები. მ.: «მეცნიერება», 1982.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]